Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მთავრობამ ეროვნული სტადიონი 25 წლით გაასხვისა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის მერიამ ეროვნული სტადიონის მის საკუთრებაში არსებული აქციების საკონტროლო პაკეტის 25-წლიან მართვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა.

”დინამო ინვესტი” საქართველოს მთავარი სპორტული არენის მართვის უფლების მოპოვების ერთადერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა. რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს გამარჯვებულმა კომპანიამ და რას ითვალისწინებს ტენდერის პირობები?

თბილისის მერიამ ეროვნული სტადიონის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე მარტში გამოცხადებული ტენდერი დაასრულა. წინასწარი მოლოდინის მიუხედავად, ქვეყნის მთავარი სპორტული არენის საკონტროლო პაკეტის 25 წლით მართვის სურვილი მხოლოდ ერთმა და ისიც თითქმის უცნობმა კომპანია ”დინამო ინვესტმა” გამოთქვა. ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ალაფიშვილი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი განაცხადი იღებდა მონაწილეობას:

[ლევან ალაფიშვილის ხმა] “ერთადერთობა არ ნიშნავს უპირობო გამარჯვებას, იმიტომ რომ თუკი საკონკურსო პირობებს არ შეესაბამება წარმოდგენილი განაცხადი, შეიძლება კონკურსი არშემდგარად გამოცხადდეს. ასე რომ, პრობლემა არ არის არც იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მონაწილეობს და შეიძლება ითქვას, რომ იგია გამარჯვებული და მეორე, რომ კონკურსი გამოცხადდეს არშემდგარად.” (სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ერთადერთმა მსურველმა ”დინამო ინვესტმა” ქალაქის მთავრობის მოთხოვნები დააკმაყოფილა და ტენდერში გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. მერიაში ამ კომპანიის შესახებ მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ იგი საქართველოშია რეგისტრირებული. სავარაუდოდ, იგი სწორედ ამ კონკურსისათვის შეიქმნა. მანამდე ეროვნული სტადიონის მიმართ თავის ინტერესს არ მალავდა საფეხბურთო კლუბ თბილისის ”დინამოს” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი, თუმცა თავის დროზე მან სტადიონის მფობელებთან – ქალაქის მერიასთან, სპორტსაზოგადოება ”დინამოსა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ბოლო წლების განმავლობაში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპორტული ნაგებობა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, უბადრუკად გამოიყურება. იმის გამო, რომ იგი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტებს აღარ შეესაბამება, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს და საფეხბურთო კლუბებს ოფიციალური შეხვედრების გასამართად ”ლოკომოტივის” სტადიონის გამოყენება უწევთ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არც ეს არენა აღმოჩნდა საერთაშორისო სტანდარტის. შესაბამისად, სრულიად რეალური იყო ქართველ გულშემატკივრებს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებებით ტკბობის შესაძლებლობა მოჰკლებოდათ. ალბათ, ამით აიხსნება თბილისის მერიის გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული აქციების 25 წლით გასხვისების თაობაზე. ამ შემთხვევაში, გულშემატკივრისათვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ დგას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უკან, მათთვის მთავარია სტადიონმა ძველი დიდება დაიბრუნოს. ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე ”დიდი ფეხბურთის” დაბრუნების პერსპექტივას გულშემატკივრებთან ერთად სიხარულით ხვდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გოკა გაბაშვილი:

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”ეს არის, მართლაც, ჩვენი და გულშემატკივრების დიდი ხნის ოცნება, რომ ნორმალურ, კარგ, განათებულ, მოვლილ, კარგ მინდორზე და კარგ მოედანზე, ბოლომდე დაყენებული ინდივიდუალური სკამებით, კარგი ტაბლოებით და ა.შ., გვქონდეს ”დინამოს” სტადიონი.” (სტილი დაცულია)

სატენდერო პირობების თანახმად, ”დინამო ინვესტმა” სტადიონის რეკონსტრუქციაში 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს, მათ შორის 5 მილიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში უნდა იქნეს დაბანდებული. ეს თანხა ეროვნულ სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოხმარდება – უნდა ჩატარდეს გასამაგრებელი სამუშაოები, გადაწყდეს განათების და ტაბლოს პრობლემა და, რაც მთავარია, უნდა დასრულდეს ინდივიდუალური სკამების მონტაჟი. პირველი რიგის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ინვესტორმა 2 სექტემბრამდე უნდა მოასწროს, რათა ქვეყნის მთავარმა სპორტულმა არენამ ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრას ღირსეულად უმასპინძლოს.
XS
SM
MD
LG