Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული პრესა მოულოდნელად უფრო მრავალფეროვანი გამოდგა, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე.

ჩვენ შევეცდებით, ფართო თემატური პანორამიდან მცირე მოზაიკა მაინც შემოგთავაზოთ.

ასე მაგალითად, გაზეთ ”ახალი ვერსიიდან” შეიტყობდით, რომ თბილისის დინამოს, ანუ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს, ახალი მეპატრონე ჰყავს - ბიზნესმენი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, აგარის შაქრის ქარხნის მფლობელი გოჩა ძასოხოვი. ძასოხოვის ხელშია სტადიონის აქციათა საკონტროლო პაკეტი - 51%. სტადიონიდან მალე გაისტუმრებენ ავეჯით მოვაჭრეებს. ძველი სკამების აყრა უკვე დაიწყო. მალე დაასრულებენ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასაც. ახალი მფლობელის განზრახვაა, სტადიონზე სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის თანამედროვე დონის დარბაზები მოეწყოს, აგრეთვე განთავსდეს ოფისები და სპორტული სავაჭრო ცენტრები. სტადიონის განახლებაში უკვე ჩაიდო 10 მილიონი ლარის ინვესტიცია.

გაზეთი ”რეზონანსი” კი ვარაუდობდა, რომ დენის გაძვირება საქართველოში ცხოვრებას გაუსაძლისს გახდის. ვითარების შესამსუბუქებლად დაწესდება დიფერენცირებული ტარიფი, რომელიც სამი კატეგორიის მიხედვით დაიყოფა, წერს ”რეზონანსი”. კატეგორიები ელექტროენერგიის ხარჯვის კვალად განისაზღვრება. მთავრობა ბიუჯეტიდან გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას გეგმავს. ”ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ნაკლები უნდა გადაიხადოს. უკიდურესად გაჭირვებულ ფენებს ტარიფის ზრდა საერთოდ არ შეეხება,” - წაიკითხავდით გაზეთში.

გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” კი შეგეძლოთ გენახათ საგულისხმო ინფორმაცია. აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ სოხუმის ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს უარი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დევნილთა დაბრუნების შესახებ. უბრალოდ, აზუსტებს შამბა, ”აფხაზეთის სხვა რაიონებში დევნილთა დაბრუნების განხილვის დრო ჯერ არ დამდგარა. თემის განხილვას მხარეთა შორის ნდობის აღდგენა თუ დააჩქარებს.” - შამბას ეს სიტყვები მოჰყვა რამდენიმე დღით ადრე ასევე ფაქტობრივი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას, რომ დევნილები მხოლოდ გალის რაიონში შეიძლება დაბრუნდნენ.

კიდევ ერთი ციტატა, ამჯერად სხვა გაზეთიდან: ”ქართული დიპლომატია ნულის დონეზეა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის სპიკერმა რუსეთის დუმის 100 წლისთავის ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას. ბურჯანაძე მიპატიჟებული იყო არა კომივოიაჟორად, დილერად ან ჭკუის დამრიგებლად, არამედ სტუმრად ზეიმზე, სადაც არ არის მიღებული კონფრონტაციული გამოსვლები. სპიკერმა მილოცვას დიდაქტიკა არჩია და დაიმსახურა კიდეც ბრახუნი, სტვენა და საპროტესტო ტაში, რითაც უფრო გააუარესა საქართველო-რუსეთის კატასტროფულად გაფუჭებული ურთიერთობა,” - ასე წერდა გაზეთი ”ახალი თაობა”.

ახლა შევეხოთ შაბათის, 29 აპრილის, ქართულ პრესასაც. ”ალია” მიმოიხილავს ცვლილებებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. პუბლიკაციიდან შეიტყობთ, რომ პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების გამო გამართულ სასამართლო პროცესებს პროკურორები აღარ დაესწრებიან. სასჯელის მოხდის ადგილებში შეიქმნება კომისიები, ისინი დაკომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით - ძირითადად, პედაგოგებითა და ფსიქოლოგებით. სწორედ ეს კომისიები განსაზღვრავენ, საზოგადოებისათვის სახიფათოა თუ არა პატიმარი პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტში. აქვე წაიკითხავთ, რომ ხორციელდება დანაშაულის დიფერენციაცია: მაგალითად, ბინის ქურდსა და სარდაფის ქურდს თუ აქამდე ერთნაირ სასჯელს უფარდებდნენ, ცვლილებების შემდეგ პირველი დანაშაული უფრო დამძიმდება. დიფერენცირება შეეხება ძარცვასა და ყაჩაღობასაც. სისხლის სამართლის პროცესებზე პროკურორი ვეღარ მოითხოვს კონკრეტული ვადის მისჯას: მას მოუწევს ამტკიცოს, რომ პირი დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს კონკრეტული მუხლით. სასჯელის ზომას კი მხოლოდ მოსამართლე განსაზღვრავს ყოველგვარი კარნახის გარეშე,” - წერს ”ალია”.

გაზეთ “24 საათს” კი ამჯერად ციტატების გარეშე წარვადგენ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მას შაბათ-კვირის ახალი დამატება აქვს: უიკენდი. აქ წაიკითხავთ ინტერვიუს ჩინეთის ღვინის ბაზარზე გასულ პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ქართველ ბიზნესმენთან, დავით ზოდელავასთან, ნახავთ მასალას ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის საბჭოთა კავშირში მოგზაურობაზე, გაეცნობით სიახლეებს მედიცინისა და ავტომობილების წარმოების სფეროდან. გაზეთში დაბეჭდილია აგრეთვე თარგმნილი და ორიგინალური ნარკვევები თანამედროვე კულტურის თაობაზე თუ კულტურის ისტორიის შესახებ.
XS
SM
MD
LG