Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღეებში რუსი ჟურნალისტების ინტერესი საქართველოს მიმართ ერთიორად გაიზარდა, რაც


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეებში რუსი ჟურნალისტების ინტერესი საქართველოს მიმართ ერთიორად გაიზარდა, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ გახლავთ. ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე

გაყიდვის აკრძალვამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე დისკუსიისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ახლა, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი საინფორმაციო საბაბი გაჩნდა - საქართველო აცხადებს, რომ ვეღარ ხედავს დსთ-ში დარჩენის მიზანს. როგორ აღიქვეს ეს განცხადება რუსეთში?

”უკრაინა და საქართველო არ გამორიცხავენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებას,” - წერს 6 მაისის გაზეთი ”ვედომოსტი”, რომლის ცნობითაც, ამის თაობაზე ერთდროულად რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. უფრო ადრე კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსის სამიტზე დაუფარავად თქვა, რომ საქართველო ამ გაერთიანების დატოვებისთვის ემზადება. თუმცა, ”ვედომოსტის” აზრით, საქმე განცხადებების იქით არ წავა. და აი, რატომ. როგორც გაზეთს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მინისტრთა კაბინეტში ბორის ბესპალიმ, მართალია, უკრაინა უკმაყოფილოა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეფექტურობით, არც რუსეთის ქცევა იყო მაინცდამაინც გასაგები ბოლო ერთი წლის მანძილზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დრო ჯერ არ დამდგარა. ბესპალის განმარტებით, უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებები მხოლოდ იმას მოწმობს, რომ უკრაინა ყველა შესაძლებლობას იხილავს, - წერს “ვედომოსტი”, რომელიც ამავე საკითხზე უკრაინელი პოლიტილოგის ვიქტორ ნებოჟენკოს მოსაზრებასაც იმოწმებს. ნებოჟენკოს აზრით, მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლის შემდეგ, პოლიტიკურ ძალებს ასეთ სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება გაუჭირდებათ.
”დემოკრატიის ღვინო” - ასეთი სათაურით აქვეყნებს 6 მაისის გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” სტატიას საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან შესაძლო გასვლის შესახებ. გაზეთის აზრით, თანამეგობრობის დატოვება საქართველოს პრეზიდენტის იდე ფიქსია, რადგან მისთვის რუსეთი, როგორც მტრის ხატი, აკვიატებად იქცა.
გაზეთის თხოვნით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ორი წევრის გასვლის შესაძლებლობას კომენტარი გაუკეთა ღია პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანმა ექსპერტმა ევგენი პეტრენკომ, რომლის აზრითაც, იგივე უკრაინა თანამეგობრობის დატოვებით არაფერს დაკარგავს, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ოფიციალურად არც კია რეგისტრირებული. ”სხვა საკითხია, რა პროცესებს გამოიწვევს ასეთი გადაწყვეტილება თავად უკრაინაში,” - ამბობს რუსი ექსპერტი და განმარტავს, რომ ვიქტორ იუშჩენკოსთვის, რომელმაც მყარი კურსი აიღო თავისი მოწინააღმდეგის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ელექტორატის მისამხრობად, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება მომგებიანი არ უნდა იყოს.
და კიდევ ერთი საკითხი, რომლის მიმართაც რუსეთის პრესა ინტერესს არ კარგავს, ”ბორჯომის” საკითხია. როგორც იცით, ამ სასმელის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა, რუსეთის სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა. ინტერნეტგამოცემა ”გაზეტას” ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ოპტიმისტურად შეხვდნენ მინერალური წყლის სხვა მწარმოებლები, რომლებიც გამოთავისუფლებული ნიშის დასაკავებლად ემზადებიან. 6 მაისის გაზეთ ”ტრუდის” ცნობით კი, აკრძალვების მიუხედავად, “ბორჯომის” შეძენა მოსკოვში კვლავაც შეიძლება. ოღონდ, გაზეთის ვარაუდით, მალე მაღაზიების დახლებიდან ნამდვილი “ბორჯომი” გაქრება და მის ადგილს ფალსიფიცირებული “ბორჯომი” დაიკავებს, რომელსაც სულაც არ ამზადებენ მაინცდამაინც საქართველოში.
XS
SM
MD
LG