Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სავალუტო ფონდის მისიის სამუშაო შეხვედრები დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკურ-პოლიტიკური დისკუსია ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ირგვლივ განვითარდა.

ის, რომ დენი საქართველოში გაძვირდებოდა, იმთავითვე იყო ცნობილი, თუმცა, საბოლოოდ, ყველასთვის გაუგებარი დარჩა ის სქემა, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ განსაზღვრა ახალი ტარიფი და მით უფრო გაუგებარი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები და ქმედებები მრავალსაფეხურიანი ტარიფისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ.

გაძვირებული ელექტროენერგია რომ ოპოზიციის ახალ საპროტესტო ტალღას მისცემდა იმპულსს, ეს თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ მთავრობის გაუგებარმა პოზიციამ და გამოკვეთილმა არაკომპეტენტურობამ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტებიც კი დააფიქრა. რაც მთავარია, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა ტარიფის შემადგენელი და ის, თუ რამდენად ობიექტური იყო სემეკი, როდესაც რუსულ ენერგოგამანაწილებელ კომპანიას განაცხადი დაუკმაყოფილა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ ქვეყნის ენერგეტიკის დიდ ნაწილს სწორედ რუსული - პოლიტიკურად ანგაჟირებული - კაპიტალი აკონტროლებს. ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მეზობელი რუსეთი წმინდა პოლიტიკური ნიშნით იყენებს ჩვენ მიმართ ეკონომიკურ ბერკეტებს, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ენერგეტიკაში გამოტანილია ძალიან ბევრი ობიექტი გასაყიდად. ვინ იყიდის, თქვენ რა გგონიათ? ჩვენს ქვეყანაში ნორმალური კაპიტალი, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, სამწუხაროდ, არ მოდის, იმიტომ რომ პოლიტიკური რისკი, საინვესტიციო გარემო ისეთია, რომ ნორმალური, არაპოლიტიკურად მოტივირებული, არაჭუჭყიანი კაპიტალი ამ ქვეყანაში არ მოდის. აქედან გამომდინარე, ისევ რუსები იყიდიან. აი, რომ წაიღებენ ამ ქვეყნის საკონტროლო პაკეტს რუსები, მერე ჩვენ გინდა ხელისუფლების ცვლაზე ვისაუბროთ და გინდა სხვა რამეზე, უკვე აღარაფერს აზრი აღარ ექნება.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება ბევრისათვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვის შემდეგ. სხვათა შორის, ამ თემაზე კვირის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზეც იყო საუბარი. მისია თბილისს 12 მაისს ეწვია და პირველი შეხვედრები ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროში გამართა. შეხვედრებზე „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მიმდინარეობა განიხილებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა პარამეტრი შეასრულა და ამასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შენიშვნა არ გააჩნიათ.

გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეისწავლის საქართველოში წარმოებული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციის აკრძალვის საკითხს. საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, აღნიშნულ ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შეაფერხებს მაქსიმუმ 1, ხოლო მინიმუმ 0.5 პროცენტით.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ღვინისა და მინერალური წყლების ბიზნესის დასაფინანსებლად გაცემულია დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კრედიტები, რაც საკრედიტო პორტფელის მთლიანი მოცულობის 3,7 პროცენტს შეადგენს. “ამდენად, საქართველოში წარმოებული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციის აკრძალვა საბანკო სისტემაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს“, აცხადებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი.

რომან გოცირიძე ასევე შეეხო რუსულ პრესაში გავრცელებულ აზრს საქართველოში ოფიციალური საბანკო გადარიცხვების შეჩერების შესახებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამგვარი მუქარის რეალიზაციას თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების პირობებში აბსურდულად მიიჩნევს.

[რომან გოცირიძის ხმა] “საბანკო გადარიცხვების შეჩერება ისევე შეუძლებელია, როგორც ვერც ერთ ქვეყანში ვერ შეაჩერებ ინტერნეტით მომსახურებას.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში 19 მაისამდე დარჩება. ამ ხნის მანძილზე მისია „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მეოთხე შუალედური მიმოხილვის დოკუმენტის მოსამზადებლად საქართველოში მიმდინარე მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას შეისწავლის.

შუალედური მიმოხილვის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო მეხუთე ტრანშის, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის, გამოყოფის საკითხს განიხილავს.
XS
SM
MD
LG