Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამს რუსეთში დსთ-ის ალტერნატივად აღიქვამენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სუამის თემა წამყვანი გახლდათ რუსეთის მედიაში. ამ რეგიონული ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულება რუსულ საზოგადოებაში არ შეცვლილა

- რუსეთში სუამს დღემდე დსთ-ის ალტერნატივად აღიქვამენ. რას ელიან მოსკოვის პოლიტიკურ სპექტრში კიევში დაწყებული სამიტისგან?

”ვის წინააღმდეგ იმეგობრებს სუამი” - ამ სათაურით აქვეყნებს დღევანდელი გაზეთი ”ტრუდი” ექსპერტთა მოსაზრებებს კიევში დაწყებული სუამის სამიტის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი დარწმუნებულია, რომ სუამი დსთ-ის დაშლის მიზნით შეიქმნა ამ 10 წლის წინ აშშ-ის ინიციატივით და რომ დღესდღეობით თავად ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს - საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას - საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ რეგიონული ორგანიზაციის მიზნებსა და პერსპეტივაზე. როგორც ”ტრუდს” განუცხადა მარკოვმა, შემთხვევითი არ უნდა იყოს კიევისა და თბილისის სურვილი, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალები უკრაინულით გაზავდეს. ”თავისდაუნებურად ჩნდება კითხვა: ვის წინააღმდეგ აპირებენ სუამის წევრი სახელმწიფოები მეგობრობას?” - ამბობს რუსი პოლიტოლოგი.
მოსკოვის ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი დავით ბერიტაშვილი კი ამბობს, მეზობელ სახელმწიფოებს შორის დღეს არსებული ურთიერთობები არანორმალურიაო. ” რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გაცილებით ღრმა ტრადიციები აქვს, ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებთან შედარებით. მაგალითად რუსულ დიპლომატიას დავასახელებ. ვფიქრობ, რომ სწორედ რუსეთმა უნდა მისცეს ტონი მეზობლებს ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით. და კიდევ ერთს ვიტყვი - კორექტული არა მგონია, რომ იმ სპეციალისტებმა, ვინც საქართველოს პრობლემატიკაზე მუშაობს, ქართული ენა არ იციან. წარმოგიდგენიათ არაბისტი, არაბული რომ არ იცოდეს, ან შექსპირის შემოქმედების მკვლევარი, ინგლისურად რომ არ ლაპარაკობდეს? ასეთი მიდგომა უსიამოვნოა ჩვენთვის, ვინც კონფრონტაციის წინააღმდეგია,” - განუცხადა დავით ბერიტაშვილმა გაზეთ ”ტრუდს”.

დღევანდელი გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა” აქვეყნებს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის კონსტანტინ ზატულინის სტატიას, სათაურით ” იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ჩვენთვის მოიცალა”. ზატულინს შემთხვევითად არ მიაჩნია, რომ ჩერნოგორიაში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და კიევის სუამის სამიტი დროში ერთმანეთს დაემთხვა. ” სუამი - ეს უცხო სიმსივნეა დამოუკიდებელ სახელწმიფოთა თანამეგობრობის სხეულზე, რომელსაც პერიოდულად აშშ აცოცხლებს მრავალმილიონიანი ინექციებით,” - წერს ზატულინი და კითხულობს, თუ ჩერნოგორიას აქვს დამოუკიდებლობის უფლება, რატომ არა აქვს ასეთივე უფლება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთსო. მისივე მტკიცებით, “სუამის წევრ სახელმწიფოებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - სიძულვილი რუსეთის მიმართ. და ეს მაშინ, როცა სწორედ რუსეთის ბაზარზე საღდებოდა ამ ქვეყნებში შექმნილი არცთუ ხარისხიანი პროდუქცია, გასტარბაიტები კი სწორედ რუსეთში ნაშოვნი ფულით ინახავდნენ ოჯახებს. სტატიის დასკვნა ასეთია: თუ სუამის წევრი სახელმწიფოები თავს არაკომფორტულად გრძნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, თავისი ღვინით, მეტალითა და მიგრანტებით გეზი ამერიკის, პოლონეთისა და რუმინეთისკენ აიღონ. ერთია გაუგებარი - რუსეთის საწინააღმდეგო ამ ხრიკების შემდეგ, როგორ შეუძლია ვაშინგტონს რუსეთის პარტნიორობის იმედად ყოფნა.”
XS
SM
MD
LG