Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სრულად ამოქმედდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სრულად ამოქმედდა. თურქეთის პორტ ჯეიჰანის ნავთობტერმინალში პირველი ტანკერი იტვირთება, რომელიც აზერბაიჯანულ ნავთობს

დასავლეთში გაიტანს. ნავთობსადენის გახსნის საზეიმო ცერემონიალი კი, რომელსაც, სავარაუდოდ, 16 ქვეყნის ლიდერი დაესწრება, თურქეთში გაიმართება 13 ივლისს. დღეს მინდა საქართველოსთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ამოქმედების მნიშვნელობის შესახებ გესაუბროთ.

თურქეთის პორტ ჯეიჰანში აზერბაიჯანული ნავთობით პირველი ტანკერის ჩატვირთვა დაიწყო, რითაც ”საუკუნის პროექტი” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ოფიციალურად ამოქმედდა. ნავთობსადენით კასპიის ზღვის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან აზერბაიჯანული ნავთობი, საქართველოს გავლით, თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანის ტერმინალში, იტვირთება, საიდანაც ტანკერებით დასავლეთის ქვეყნებში იქნება ტრანსპორტირებული.

”საუკუნის პროექტს”, გარდა წმინდა ეკონომიკური სარგებლისა, იმთავითვე ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან ნავთობსადენი მსოფლიო რუკაზე ჩვენი როლის წარმოჩენისა და ენერგეტიკული და, შესაბამისად, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტიად ითვლება. მის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასულ წელს მილსადენში პირველი ნავთობის გაშვების აღსანიშნავად აზერბაიჯანში გამართულ საზეიმო ცერიმონიალზეც საუბრობდა. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ერზერუმის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა საქართველოსთვის არანაკლებ წარმატებულ ბიზნესპროექტად იქცევა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მყარ საფუძვლებს შექმნის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვართ ერთი რეგიონი, ჩვენ ვართ ერთი ეკონომიკა, ჩვენ ვართ ერთი ურთიერთგადახლართული კომპლექსი. რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს ნავთობსადენი? ეკონომიკურად ეს ნიშნავს მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მაგრამ ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა, პირველ რიგში, არის პოლიტიკური – საქართველოს მნიშვნელობა იზრდება მსოფლიო რუკაზე და ამ რეგიონში. მომავალ წელს ჩვენ მივიღებთ გაზსადენს და გაზსადენის მნიშვნელობა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან გაზსადენი ასევე ნიშნავს საქართველოს რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.“

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1767 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 248 კილომეტრი გადის. ნავთობსადენის ძირითადი კომპანიის ”ბრიტიშ პეტროლიუმის” მონაცემებით, ”საუკუნის პროექტის” ღირებულებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონი ტონა იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობა ზოგადად კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ეს მის საწყის ეტაპზე იყო ნავარაუდევი. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გათვალისწინებით, ნოღაიდელი ვარაუდობს, რომ დამატებითი მოცულობის ნედლი ნავთობის მიწოდებას ერთგვარი მასტაბილიზებელი როლიც ეკისრება.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „პროექტის მნიშვნელობა გაცილებით უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, იმიტომ რომ დამატებითი 1 მილიონი ბარელი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე შეიტანს გარკვეულ სტაბილურობას ნავთობის ფასებში, რომელიც დღეს არის ძალიან მაღალი.“

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებას მსოფლიოს 16 ქვეყნის ლიდერი 13 ივლისს თურქეთში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე პომპეზურად აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG