Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ძირითადი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ქვეყნის რეგიონალური განვითარებისათვის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ცდილობს. თითქმის ყველა ეს პროექტი ცენტრიდან

განხორციელებული ტრანსფერებით იქნება რეალიზებული. საინვესტიციო თანხების ოდენობა რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. სოლიდური კაპიტალდაბანდების მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ადგილობრივი ბიზნესი არ დადგა ფეხზე და მუდმივი სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, რეგიონების ეკონომიკური აღორძინება მხოლოდ ცენტრიდან გადმორიცხული თანხებით გაძნელდება. მინდა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს მთავრობა რეგიონებში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მონიტორინგს იწყებს. ამისათვის პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ყველა უწყებას სთხოვს რეგიონში საინვესტიციო პროექტები მათი განხორციელების ადგილზე შეისწავლოს.

საინვესტიციო პროექტები სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდება და იგი, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით,
ჯანდაცვის სფეროსთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, განათლებისთვის - 30 მილიონი, ხოლო გზების მშენებლობაზე 200 მილიონი გამოიყოფა. მთავრობა პროექტების მიმდინარეობას ივნისის ბოლოს სპეციალურ სხდომაზე შეაჯამებს. სოლიდური კაპიტალდაბანდებების მიუხედავად, ყველა ის პროექტი, რომელზეც პრემიერი საუბრობს, ცენტრალური ხელისუფლების მზრუნველობის სფეროს განეკუთვნება და თანხებიც ცენტრალიზებულად წარიმართება. მათი წარმატებული რეალიზაცია, ბუნებრივია, ადგილობრივ მოსახლეობასაც მისცემს შვებას, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ სანამ რეგიონებში ბიზნესგარემო რადიკალურად არ შეიცვლება და მეწარმეებს სტიმული არ გაუჩნდებათ, უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების პრობლემას ფედერალური მნიშვნელობის პროექტები ნაკლებად მოხსნის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წამომადგენელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა თითქმის მთლიანად დედაქალაქშია კონცენტრირებული და რეგიონებში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] „დღევანდელი მდგომარეობა, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მთელი ეკონომიკა, რაც დღეს საქართველოში არსებობს - ფინანსური ნაკადების მოძრაობა, ეკონომიკური აქტივობა, ეს ყველაფერი, თითქმის 95 პროცენტი, ხდება თბილისში, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელთაც რეგიონებში ვერ იშოვეს სამსახური და დროთა განმავლობაში წამოვიდნენ იქიდან, თავისი დასაქმების ადგილი ნახეს თბილისში. ამდენად, თვითდასაქმებულთა ძირითადი ნაწილი, იმის გარდა, ვინც საზღვარგარეთ წავიდა, თავმოყრილია თბილისში. ამიტომ თბილისში იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი ნაწილი და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილიც შედის თბილისიდან.”(სტილი დაცულია)

ქვეყნის არათანაბარი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ირაკლი ლექვინაძეს არასწორი ფისკალური და საბიუჯეტო მოწყობა მიაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობა მოკლებულია შესაძლებლობას შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი და ადგილზე განახორციელოს საინვესტიციო თუ სოციალური პროექტები:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”თვითონ ხელისუფლებამ თვითმმართველობის ორგანოებს არ დაუტოვა არანაირი ფუნქცია. ადრე თუ გადასახადების გარკვეული ნაწილი რჩებოდა ადგილზე და ამით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჰქონდათ რაღაც შემოსავლები და ადგილზე ღონისძიებებს ახორციელებდნენ, დღეს უკვე ყველაფერი ეს მოდის ცენტრში და მხოლოდ ტრანსფერის იმედზე არიან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.” (სტილი დაცულია)

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს, ეს ადგილობრივი ბიზნესგარემოს წასახალისებლად საკმარისი არ არის, რის გამოც რეგიონის მოსახლეობა ცდილობს საარსებო წყარო ისევ დედაქალაქში ეძიოს.
XS
SM
MD
LG