Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყრის თუ არა პუტინი კენჭს მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის


ვლადიმირ პუტინის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას ამომრჩეველთა 77-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

რუსეთის პრეზიდენტი დღესაც სარგებლობს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით და, როგორც ჩანს, არც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეყოლებოდა სერიოზული კონკურენტი. მაგრამ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია კრძალავს ერთი და იმავე ადამიანის პრეზიდენტობას ზედიზედ ორზე მეტი ვადით. თუმცა, ბევრის აზრით, პუტინი მაინც შეეცდება ამ წინაღობის დაძლევას და თავისი საპრეზიდენტო კარიერის გახანგრძლივებას.


ფაქტობრივად, 2004 წელს მეორე ვადით პუტინის ინაუგურაციის მომენტიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, იყრის თუ არა იგი კენჭს მესამე ვადით.

ქვეყანაში, სადაც უყვართ ძლიერი მმართველობა, ასეთი შეკითხვა სავსებით გამართლებულია.

მაგრამ თავად პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ორ ვადას დასჯერდება, ვინაიდან კონსტიტუცია არ იძლევა ზედიზედ მესამე ვადით არჩევის უფლებას.

[პუტინის ხმა] "იქნებ კიდეც მსურდეს, მაგრამ ქვეყნის კონსტიტუცია არ იძლევა ამის უფლებას. ჩემის აზრით, ჩვენთვის რუსეთში ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომლის მიღეწვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეა შესაძლებელი."

მიუხედავად ამისა, მესამე ვადის იდეა არ გამქრალა. პირიქით, უკანასკნელ ხანებში მის თაობაზე სპეკულაცია გაძლიერდა. ახლახან გაკეთებულმა გამოკითხვამ ნათელყო, რომ რუსეთში ბევრი უჭერს მხარს კონსტიტუციის შეცვლას, რათა პუტინმა 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს.

[სედოვის ხმა] "მაისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამას ეთანხმება 59 პროცენტი, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 44 პროცენტს შეადგენდა."

ეს გახლდათ იური ლევადას სახელობის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი ლეონიდ სედოვი.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭიროა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატისა და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების თანხმობა. პუტინის პოზიციები იმდენად ძლიერია, რომ მოსალოდნელია, მან შეძლოს ამ მხარდაჭერის მოპოვება.

უფრო ძნელი იქნებოდა ამ ნაბიჯის გამართლება დასავლეთის თვალში. მით უმეტეს, ყველას კარგად ახსოვს, რომ მსგავსი რამ გააკეთა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მარტში მის მესამე ვადით არჩევას დასავლეთი ერთობ კრიტიკულად შეხვდა.

კონსტიტუციის შეცვლის პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ იქ ცვლილებები ვრცელდება ხოლმე არა მოქმედ პრეზიდენტზე, არამედ მის მემკვიდრეზე.

ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ პუტინი შეეცდება თავი აარიდოს ლუკაშენკოს გზას და სხვაგვარად ეცადოს პრეზიდენტობის გახანგრძლივებას.

რუსეთის კონსტიტუციის მიხედით, იკრძალება სამჯერ ზედიზედ პრეზიდენტობა. ამიტომ პუტინისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი იქნებოდა ოთხწლიანი პაუზა და შემდეგ კვლავ დაბრუნება 2012 წელს. მით უმეტეს, 2008 წელს მის მემკვიდრეებს შორის უპირველეს ყოვლისა მისსავე ხალხს, ვიცეპრემიერ დმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვს ასახელებენ. ანუ მას კვლავაც ექნება შესაძლებლობა აკონტროლოს ვითარება.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. პუტინი შეიძლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გადადგეს და ჩაითვალოს, რომ მას გაუწყდა საპრეზიდენტო ვადა. პუტინის ერთგულმა სასამართლო ხელისუფლებამ შემდეგ შეიძლება დაადგინოს, რომ 2008 წელს არჩევნებში მონაწილეობით იგი უკვე აღარ დაარღვევს კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG