Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის მიმოხილვას დღეს დავუთმობთ ქართულ გაზეთებში ერთი თემის გაშლას. ეს თემა გახლავთ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში.



სააკაშვილის განცხადებები იყო მიმართვა ქართველი ამომრჩევლისადმი, წერდა გაზეთი ”ახალი თაობა”. ის აზრს დაეკითხა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მათი კომენტარები გამოაქვეყნა. მემარჯვენეთა ლიდერის აზრით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მკვეთრი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის გულის მოსაგებად იყო გაკეთებული. შეხვედრამდე გამყრელიძე არ გამორიცხავდა, რომ სააკაშვილი მიუღებელ დათმობაზე და გარიგებაზე წავიდოდა. ახლა მას გარიგების შთაბეჭდილება არა აქვს. პრესკონფერენციაზე არ ჩანდა, რომ გარიგებასთან გვაქვს საქმე, - ასკვნის გამყრელიძე.

რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ”კანონიერი გზით” ემუქრება. ამერიკა რუსეთზე ზეწოლას ახორციელებს, მაგრამ კონფლიქტურ ზონებში პირველ ვიოლინოზე, ჯერჯერობით მაინც, მოსკოვი უკრავს. - ეს უკვე გაზეთ ”ხვალინდელი” დღის შეფასება გახლავთ. გაზეთი კომენტარისთვის მიმართავს სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორს ირაკლი მენაღარიშვილს: ”ამ შეხვედრის შედეგად, რაიმე მნიშვენლოვან საკითხზე ძვრა არ მომხდარა. ორი ქვეყნის ურთიერთობის რეალობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. დაფიქსირდა პოზიციათა სხვაობა განხილული პრობლემატიკის მიმართ, ძირითადი საკითხი კი კონფლიქტების თემა გახლდათ. პრეზიდენტ პუტინის მიერ გახმიანებული რეფერენდუმის თემა მეტად სახიფათოა, უპირველესად, თავად რუსეთისათვის. კოსოვოსა და ჩერნოგორიის მაგალითების კონფლიქტური, სეპარატისტული რეგიონების პრობლემათა მოგვარების უნივერსალურ მოდელად აღიარება, უპირველესად, სერიოზულ საფრთხეს თავად რუსეთს შეუქმნის. გაუგებარია, ისეთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთ კავკასიის მსგავსი რეგიონია, რატომ ამკვიდრებს ამ ტერმინს.” - შეგახსენებთ, ეს არის ციტატა გაზეთ ”ხვალინდელი დღიდან”.

აი, გაზეთი ”ალია” კი არჩევს, თავად მიმოიხილოს და შეაფასოს პრეზიდენტების შეხვედრა. გთავაზობთ ციტატას: ”პუტინმა თქვა, რომ ის მიირთმევს ქართულ ღვინოს, რომელსაც რუსული კაპიტალით ჩამოასხამენ. ამით რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მიანიშნა: რუსული კაპიტალი ღვინოში შეუშვით, ხელი არ შეუშალოთ და ყველაფერი რიგზე იქნებაო. ეს მაინც იყო შეხვედრა შეხვედრისათვის და არა შეხვედრა შედეგისათვის. სააკაშვილმა თქვა ის, რასაც მისგან დასავლეთიც ელოდა და რუსეთიც. დასავლეთი იმიტომ, რომ სწორედ მან აიძულა სააკაშვილი, პუტინისთვის ხელი ჩამოერთმია. როგორც ჩანს, ყველას უნდოდა, გაეგონა მისი ერთი ფრაზა: რუსეთი არის და დარჩება კავკასიაში მშვიდობის როლის მატარებელ ქვეყნადო. სააკაშვილმა ეს თქვა, მაგრამ ისიც თქვა, რომ მისთვის კონფლიქტების დარეგულირება არის მთავარი,” - წერდა გაზეთი ”ალია”.

”შეხვედრამ სანკტ-პეტერბურგში პატარა, ურჩი საქართველოს სტერეოტიპი დაამსხვრია”, წერდა გასულ კვირაში გაზეთი ”ახალი 7 დღე”, რომელიც კომენტარისთვის სიტყვას უთმობს რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს: ”სააკაშვილი გაცილებით მკაცრი და ომახიანი იყო ასტანაში, დსთ-ის სამიტზე, პუტინთან მიმართებაში. სანკტ-პეტერბურგის შეხვედრას არც რაიმე კატასტროფული მოჰყვა და არც არაფერი მოგვიგია. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო წავაგეთ. საქართველო აქამდე კრემლში მიჩნეული იყო როგორც ურჩი, რომელიც რუსებს არ ეპუებოდა. ამ ფორმატში პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრამ ეს სტერეოტიპი შებღალა.”

ერთი პუბლიკაცია შაბათის, 17 ივნისის, გაზეთებიდან: ”რეზონანსი” პირველივე გვერდიდან აუწყებს მკითხველს, რომ ცხინვალი ომის ზღვარზეა. ”ვითარება ცხინვალის რეგიონში ისე დინამიკურად იცვლება, რომ პირველი და საბედისწერო ტყვია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავარდეს. ცხინვალიდან მოსული ინფორმაციით, სეპარატისტთა ყველა შეიარაღებული ფორმირება სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ოსური მხარე ქართული სოფლების მახლობლად საგუშაგოებს ხსნის. კოკოითის ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა. შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა ამაზე არანაირად არ რეაგირებს, რადგან, როგორც სარდალი მარატ კულახმეტოვი აცხადებს, ამან, შესაძლოა, ოსური მხარე გააღიზიანოს.”
XS
SM
MD
LG