Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გილაურმა ენერგოობიექტების პრივატიზაციაში ”რუსული კვალი” გამორიცხა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ენერგოობიექტების პრივატიზებიდან დაგეგმილზე გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს. გასაყიდად გამოტანილი ობიექტებიდან ყველაზე მომხიბლავი

გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა, რომლითაც ჩეხური კომპანია ”ენერგო-პროა” დაინტერესებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩეხური კომპანიის უკან რუსული ”რაო ეესი” დგას, რასაც ენერგეტიკის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს. მინდა პრივატიზაციის ახალი ტალღის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს მთავრობა გასაყიდად გამოტანილი სამი ენერგოგამანაწილებელი კომპანიისა და 6 მცირე ჰესის რეალიზებით დაგეგმილზე ორჯერ მეტ თანხას ელოდება. ენერგოობიექტების საწყისი ფასი, ჯამში, 119 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამ ეტაპზე კი ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, კონკურსის შედეგად, დაახლოებით 282 მილიონის მიღებას გეგმავს.

მთავრობამ კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა, მისი საბოლოო შედეგები კი ამ დღეებში გახდება ცნობილი. თუმცა უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მფლობელი გახდება ჩეხური კომპანია ”ენერგო-პრო”, რომელიც ქართულ მხარეს ობიექტში 85 მილიონ დოლარს სთავაზობს. საინტერესოა, რომ ენერგოკომპანიის საწყისი ფასი 30 მილიონს შეადგენდა. ამ კომპანიის მიმართ, რომელიც რეგიონებში 670 ათას ინდივიდუალურ და 24 ათას კომერციულ აბონენტს ემსახურება, 5 წლის წინ ინტერესს არავინ იჩენდა და იგი მაშინ სიმბოლურ ფასად, 1 ლარადაც კი, არ გაიყიდა. ”ენერგო-პრო” ამ ობიექტზე ერთადერთი პრეტენდენტია. შესაბამისად, გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მომავალი მფლობელის ვინაობა უკვე ეჭვს აღარ იწვევს და ამას არც ენერგეტიკის მინისტრი მალავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებაში ყველაზე მეტი ინტერესი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მომავალი მფლობელის მიმართ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე პრეტენდენტები გამოავლინა, ოპოზიციამ იმთავითვე გამოთქვა ეჭვი, რომ ჩეხური ”ენერგო-პროს” უკან რუსული ენერგოგიგანტი ”რაო ეესი” დგას, რომელიც ამ გზით ქართული ენერგეტიკის სრულ კონტროლს შეეცდება. საინტერესოა, რომ, სადისტრიბუციო კომპანიის გარდა, ჩეხები მთავრობას მსხვილ თანხებს სთავაზობენ აჭარის ენერგოკომპანიაში, ასევე ლაჯანურჰესში, რიონჰესსა და გუმათჰესში. ოპოზიციას მაშინვე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც "ენერგო-პრო"-ში რუსული კვალი გამორიცხა. მისი განცხადებით,
არსებობს ჩეხური "ექსპორტბანკის" წერილი, რომლის თანახმად, "ენერგო-პრო" 1994 წელს ჩეხური კაპიტალითაა შექმნილი, მისი შტაბბინა ბრნოში მდებარეობს და ჩეხეთში, ბულგარეთსა და თურქეთში მოღვაწეობს.

რუსული კვალის გარდა, ოპოზიცია იმასაც ვარაუდობდა, რომ ენერგოობიექტების შეძენით სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე და მისი გარემოცვა იყო დაინტერესებული. კობა დავითაშვილი მიიჩნევდა, რომ ბენდუქიძემ ენერგეტიკის ტარიფის ზრდას საგანგებოდ შეუწყო ხელი, რათა ამით ენერგოობიექტების მომგებიანობა გაეზარდა:

[კობა დავითაშვილის ხმა]„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაუზარდეს ენერგეტიკის ტარიფები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად - არა გაზის დანახარჯების ან სხვა რაიმე დანახარჯების გამო, არამედ იმიტომ, რომ სარფიანად გაეყიდათ ენერგეტიკული ობიექტები. დაიწყო პრივატიზაციის პროცესი და ამ პრივატიზაციაში აქტიურად მონაწილეობს ბატონი ბენდუქიძე, პირადად. მან საინტერესო სქემა შეიმუშავა: მთავრობაში ის უზრუნველყოფს, რომ ენერგეტიკული ობიექტების მომგებიანობა გაიზარდოს, ამის შემდეგ ის ეუფლება ამ ენერგეტიკულ ობიექტებს, თავისი ნათესავების ან მეგობრების მეშვეობით, და ამ გაზრდილ მოგებას იდებს ჯიბეში.“(სტილი დაცულია)

ამ ბრალდებას ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ აბსურდული უწოდა. პრივატიზაციაში მონაწილე კომპანიების პაკეტების გახსნის შემდეგ იქ ქართველი ჩინოვნიკების გვარი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა და ჯერჯერობით ვერც ოპოზიციამ დაადასტურა ეჭვები პრივატიზაციაში არსებული ”რუსული კვალის” შესახებ.
XS
SM
MD
LG