Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკაში ზოგჯერ ვლაპარაკობთ წიგნებზე, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდა ან უახლოეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში ზოგჯერ ვლაპარაკობთ წიგნებზე, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდა ან უახლოეს მომავალში გამოვა. ამჯერადაც ასე მოვიქცევით,

მაგრამ გავიხსენებთ კიდევ ერთ წიგნს: ის 24 წლის წინათ დაისტამბა და ეხება იმას, რასაც ბოლო ერთი თვის მანძილზე საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება ეპყრა. არადა, თავის დროზე დიდად პოპულარული გახლდათ და დღემდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ: გვინდა გითხრათ, რომ ბიბლიოთეკის მეორე ნაწილში გურამ ფანჯიკიძის ”ფორცა იტალიას” გადავფურცლავთ. მანამდე ერთი ქართული გამომცემლობის ახალ პროდუქციას გაგაცნობთ. დასაწყისში კი ”ბიბლიოთეკის” წამყვანი დავით პაიჭაძე მოკლედ გიამბობთ იმ საერთო საქმეზე, რითაც არიან დღეს ძირითადად დაკავებული ქართული გამომცემლობები.

ახალი წიგნების გამოშვებას საქართველოში თავისი კანონზომიერებები ახლავს. ცხადია, წიგნებს მთელი წლის განმავლობაში ბეჭდავენ, მაგრამ დიდი ოდენობით ისინი ჩნდებიან ორი თარიღის მოახლოებისას. ესაა ახალი წელი და წიგნის ფესტივალი თბილისში. წიგნის ფესტივალის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და მკვეთრი სიახლეები ქართული წიგნის ბაზარზე ჯერ არ ჩანს. თან, მართალია, სასწავლო წელი სულ ახლახან დასრულდა, სწავლის განახლებამდე დრო თითქოს საკმაოდ რჩება, მაგრამ გამომცემლობები ახლავე იჭერენ თადარიგს და სახელმძღვანელოთა ბეჭდვაზე ერთვებიან. მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოთა პილოტირებამ გაამწვავა კონკურენცია მათ შორის. ამასთან, სახელმძღვანელო აღარ არის მხოლოდ ერთი, მოსწავლეთათვის განკუთვნილი, წიგნი. ყველა საგანში მომავალი წლიდან მასწავლებლის წიგნიც იარსებებს. დაიბეჭდება როგორც პილოტირებული, ისე ის სახელმძღვანელოები, რომელთაც გამოსაცდელი პერიოდი სკოლებში არ გაუვლიათ. სასკოლო წიგნების ავტორებს წარმოუდგენლად ინტენსიურმა მუშაობამ მოუწიათ, რადგან მთელი წლის მანძილზე წიგნებს თან წერდნენ, თან სკოლაში მიღებული შენიშვნების კვალად ასწორებდნენ, თან ყოველ 6 კვირაში ერთხელ სახელმძღვანელოს ახალ მონაკვეთს სთავაზობდნენ სკოლებს. ავტორთა ეს მძიმე შრომა ახლაღა სრულდება და ჯერი გამომცემლობებზეა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე მათ ათობით ახალი სახელმძღვანელო უნდა დაბეჭდონ. ამიტომაც ზოგიერთი გამომცემლობის წარმომადგენელს გაუჭირდა ჩემთან ლაპარაკი სხვა ახალი გამოცემების შესახებ: ახლა გამომცემელთა დრო უპირატესად სასკოლო წიგნებს მიაქვთ. და მაინც, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორმა თინა მამულაშვილმა აღნიშნა ერთი გამოცემა, რომელმაც დღის სინათლე წიგნის ფესტივალის შემდეგ იხილა: ესაა მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიის ერთტომეული:

[მამულაშვილის ხმა] ”ეს არის მსოფლიოს ისტორია - უძველესი, წინაისტორიული დროიდან, ფაქტობრივად, დღემდე. ამ წიგნში შედის ახალი ათასწლეულის დაწყება. განკუთვნილია ბავშვებისათვის. აქვს ინტერნეტკავშირები, აქვს ძალიან ბევრი ილუსტრაცია და ბავშვებისათვის გასაგები ტექსტით არის გადმოცემული. არის ბევრი ინფორმაცია ისტორიულ პიროვნებათა შესახებ, რომლებიც ქმნიან ისტორიას.”

ამგვარი საყმაწვილო ენციკლოპედიები დაუსტამბავთ სხვა გამომცემლობებსაც. ხსენებული წიგნი ბაკურ სულაკაურის ადრინდელ გამოცემათა თავისებურ დაიჯესტს წარმოადგენს. ის უცხოური ენციკლოპედიის თარგმანია. თინა მამულაშვილი ამბობს, რომ აპირებდნენ ყმაწვილთათვის საქართველოს ისტორიის ენციკლოპედიის მომზადებასაც, მაგრამ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა და, უკეთეს შემთხვევაში, მომავალ წელს გამოსცემენ.

არსებობს საბჭოთა პერიოდის ერთი გამოთქმა-კლიშე: მკითხველის განებივრება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ჰყავს ავტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას, მკითხველს ანებივრებს იმდენად, რომ ამ უკანასკნელს მოლოდინი უჩნდება: წელიწადში ამ ავტორის ორი ახალი წიგნი მაინც უნდა წაიკითხოს. მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამომცემლობამ წარმოადგინა აკა მორჩილაძის ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”. მაგრამ ეს წიგნი მაინც გასული წლის პროდუქციად შეიძლება ჩაითვალოს. წელს რას უნდა ელოდეს მკითხველი მწერლისა და გამომცემლისაგან? თინა მამულაშვილი ამბობს, რომ ზაფხულში ახალი რომანის ან პროზაული კრებულის გამოცემა არ ღირს; თან, როგორც მოგახსენეთ, გამომცემლობის რესურსები ამჟამად სახელმძღვანელოებს ხმარდება.

[მამულაშვილის ხმა] ”მაგრამ აკა მორჩილაძის წიგნებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში ორი ან სამი წიგნი მზადდება გამოსაცემად. ასე რომ, აკა მორჩილაძის რომანების მოყვარულებს ძალიან დატვირთული შემოდგომა და ზამთარი ელოდებათ. ერთ წიგნში შევა ადრე ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული რომანი, ჩვენს ვარიანტში - ”ახმედ კაია”, აგრეთვე მოთხრობები ”კაი ბიჭის ცხოვრებიდან”, რომელიც ადრე ”არილში” დაიბეჭდა. არის ორი ახალი რომანი, რომელიც ლონდონში ყოფნისას დაწერა. ერთ-ერთზე მუშაობას უახლოეს ხანებში დაასრულებს.”

წელიწად-ნახევრის წინ გამოვიდა ლაშა ბუღაძის პირველი რომანი, ”ბოლო ზარი”. ლაშა ბუღაძე ცნობილია უფრო როგორც პიესებისა და მოთხრობების ავტორი. ”ბოლო ზარს” ქართული ლიტერატურული პრესა მოკრძალებულად - თუმცა მხოლოდ პოზიტიურად - გამოეხმაურა. თინა მამულაშვილისგან შევიტყვე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მალე ლაშა ბუღაძის მორიგ ტექსტს აქცევს წიგნად;

[მამულაშვილის ხმა] ”ლაშა ბუღაძემ დაწერა მეორე რომანი და, ალბათ, ისიც შემოდგომისთვის გამოვა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს უფრო სტუდენტებს ეხება. პირველი რომანი სკოლის მოწაფეებზე იყო, ეს მოზრდილთა ცხოვრებაზეა და, როგორც ავტორი გვპირდება, არანაკლებ სახალისო იქნება.”

თინა მამულაშვილმა კიდევ რამდენიმე მოსალოდნელი სიახლე ახსენა. ესენია: ილუსტრირებული ”არქეოლოგია”, წიგნები ძალიან პატარებისათვის, ჰარი პოტერის მეექვსე წიგნი და 8-10 წლის მკითხველზე გამიზნული საკითხავი სერია, რომელიც, სავარაუდოდ, არჩილ სულაკაურის ”სალამურას თავგადასავლით” დაიწყება. თუმცა ამ სერიაში, ძირითადად, თარგმნილი ტექსტები, საავტორო ზღაპრები შევა.

ახლა კი სულ სხვა თემას შევეხოთ. როცა ერთი კვირის წინ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, გამახსენდა, რომ 24 წლის წინათ ესპანეთში, ასევე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, თითქმის იგივე ოთხეული შემორჩა ბოლო ეტაპს. ოღონდ, პორტუგალიის ნაცვლად, 1982 წელს ნახევარფინალში პოლონეთი გავიდა. იმხანად ქართველი მაყურებელი მსოფლიო ჩემპიონატებს რუსული კომენტარებით ადევნებდა თვალს და რუსი სპორტული კომენტატორებისგან არ იყო ჩვეული ისეთ სიზუსტეს, როგორიც დღეს ქართველებისგან ესმის: მაგალითად, გერმანიის კანცლერი ანეტა მერკელი ან არგენტინული ენა. სამაგიეროდ, ქართულ ენაზე ჩვენ ვკითხულობდით წიგნებს, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ქართველი მწერლები და სპორტული ჟურნალისტები წერდნენ. ერთი ასეთი წიგნი გახლდათ გურამ ფანჯიკიძის ”ფორცა იტალია”. ის 1982 წელს გამოვიდა - მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აი, როგორ იხსენებს ამ წიგნს ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:

[ქორიძის ხმა] ”გურამ ფანჯიკიძის წიგნები ნაკლებად ინფორმაციული იყო ფეხბურთის მოყვარულთათვის. იქ საუბარი ყველაფერ დანარჩენზე უფრო მეტად იყო, ვიდრე ფეხბურთზე. თუმცა ვიცი, რომ ბატონი გურამი ფეხბურთის ტრფიალი იყო, დადიოდა თამაშებზე, მეგობრობდა ფეხბურთელებთან, მაგრამ ამ წიგნში ფეხბურთის ცოდნა ნაკლებად ჩანდა.”

მაშინდელ შთაბეჭდილებებს ახლა რომ ვაცოცხლებ, ჩანს, თითქოს გურამ ფანჯიკიძის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე საბჭოთა ნაკრების მსუბუქი კრიტიკა ირიბად საბჭოთა სისტემის კრიტიკასაც ნიშნავდა. ზვიად ქორიძე ამასაც არ გამორიცხავს და იხსენებს, რომ 1982 წელს კოტე მახარაძეს აუკრძალეს იმ თამაშების რეპორტაჟი, რომლებშიც საბჭოთა კავშირის ნაკრები მონაწილეობდა. და მაინც, ჩემი კოლეგა დოზირებულ კრიტიკაზე ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ იმავე საბჭოთა ნაკრებთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი მწერლის ყურადღების მიღმა დარჩა:

[ქორიძის ხმა] ”გამახსენებ, რა ხდებოდა 82 წელს საბჭოთა გუნდის ბანაკში, რა ურთიერთობები ჩამოყალიბდა? ფაქტია, რომ გუნდი შიგნიდან დაიშალა. თორემ საბჭოთა ნაკრები 82 წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ ეს არ იყო მოთხრობილი. ის, რაც ფეხბურთის მოედნებსა და მათ გარშემო ხდებოდა, ანუ რაზეც ხელი მიუწვდებოდა აკრედიტებულ მწერალსა და ჟურნალისტს, ის ნაკლებად იყო. შესაძლოა, მწერალს ეს არ მიაჩნდა აქტუალურად.”

მოკლედ, ფეხბურთის შესახებ გურამ ფანჯიკიძის მიერ დაწერილ წიგნებში, მათ შორის, ”ფორცა იტალიაში” მთავარია, ვთქვათ ასე, კულტურტრეგერული შემადგენელი. ექსპრესია თხრობაში უფრო მაშინ იგრძნობა, როცა მწერალი აცტეკების კულტურაზე, ”კალიგულასა” და ”ფრანკენშტეინზე” ლაპარაკობს. რაც შეეხება ფეხბურთს, 9 ივლისის საღამოს მაინც, მისი ყურება სჯობს ნებისმიერი საფეხბურთო ლიტერატურის კითხვას.
XS
SM
MD
LG