Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თემებზე ისაუბრებენ დღეს საღამოს ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს საღამოს სანკტ-პეტერბურგში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი. წინასწარი ცნობებით, არაფორმალურ ვითარებაში

ორი ქვეყნის პრეზიდენტები იმ თემებზე ისაუბრებენ, რომელთა განხილვის თავიდან ასაცილებლად რუსეთის მხარემ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ რომელთა იგნორირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. დღევანდელი გაზეთ ”კომერსანტის” ერთი პუბლიკაციის შინაარსს გაგაცნობთ.

ზუსტად ერთი კვირის წინ, დაბადების დღის აღნიშვნისას, ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინისთვის დემოკრატიის რაობის შესახებ საჯარო ლექციის წაკითხვას არ გეგმავს, თუმცა, უკვე გერმანიაში ყოფნისას, ამერიკის პრეზიდენტმა დააზუსტა - ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დემოკრატიის განვითარების პროცესში შექმნილ პრობლემებზე პუტინთან საუბარს არ ვაპირებო. ” ჩემი აზრით, აუცილებელია რუსეთს პერიოდულად შევახსენოთ, რომ თუ სურს ჩვენთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, საერთო ფასეულობებიც უნდა გაიზიაროს,” - განუცხადა წუხელ ბუშმა გერმანელ ჟურნალისტებს.
ოფიციალური მოლოდინის მიუხედავად, გაზეთ “კომერსანტის” ცნობით, “დიდი რვიანის” სამიტზე ის საკითხებიც იქნება განხილული, რომლებზე მსჯელობაც კრემლის ინტერესებში არ შედის. მეტიც, კრემლი გამომწვევად მიიღებს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ პუტინთან ვახშმობამდე რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდეს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რაზე ისაუბრებენ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას. შეხვედრაზე სხვებთან ერთად დაპატიჟებულია მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ფონდის, ” ღია რუსეთის”, ხელმძღვანელი ირინა იასინა.
რაც შეეხება ბუშის და პუტინის შეხვედრისას განსახილველ საკითხებს, ”კომერსანტის” ცნობით, კრემლის წინაააღმდეგობის მიუხედავად, განსახილველ თემებს შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში არსებული კონფლიქტებიც იქნება. ციტატა პუბლიკაციიდან: “პრეზიდენტ პუტინს თავდაპირველად ძალიან არ სურდა სანკტ-პეტერბურგში საქართველოზე საუბარი. თემის დასახურად, ის ამ ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზეც დათანხმდა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მეტიც, “დიდი რვიანის” შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ის თბილად მიიღეს. მაშინ მოსკოვმა მოქმედების სხვა ტაქტიკა აირჩია: სიმწვავის განეიტრალების ნაცვლად, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა -ჯერ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში სისხლიან პროვოკაციას გეგმავს.”

ასეა თუ ისე, “კომერსანტის” ცნობით, ბუში-პუტინის შეხვედრა საკმაოდ მწვავე აღმოჩნდება თუნდაც იმიტომ, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრის დღის წესრიგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც კრემლი ელოდა.
XS
SM
MD
LG