Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი დაძაბულობა ცხინვალში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სრული ამოქმედება,

სახალხო დამცველის მოსალოდნელად სკანდალური მოხსენება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მედია-ბანაკებში გადანაწილება და ბოიკოტის გამოცხადება, კიდევ ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კაცი - შამილ ბასაევი ცოცხალი აღარაა. ამ ყველაფრით და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი, თუ ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენებით გასული კვირა გამოირჩეოდა.

მთელი კვირის მანძილზე რუსული საინფორმაციო საშუალებები ცხინვალში მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შესახებ იუწყებოდნენ. სახელდებოდა კონკრეტული თარიღიც - 15 ივლისი, სანქტ-პეტერბურგში "დიდი 8"-ის ლიდერების სამიტის შეხვედრის პერიოდი. მოგვიანებით მედიას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიც შეუერთდა და ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა ცნობა ცხინვალში ქართული მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. ამის გამო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

მშვიდობისმყოფელთა რეჟიმის გაძლიერების მიუხედავად ქალაქ ცხინვალში აფეთქება ისევ მოხდა. ამჯერად ტერაქტის ადრესატი - თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბალა ბესტაევი - დაღუპვას გადაურჩა, თუმცა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისაგან ორი შემთხვევითი გამვლელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

ქართული მხარე ცხინვალის ხელისუფლების ბრალდებას და ამ აფეთქებასთან კავშირს კატეგრიულად უარყოფს. ოფიციალური თბილისი ასევე უარყოფდა ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-იდან დაბრუნების შემდეგ და თურქეთში გამგზავრების წინ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ახლა ისევ არის ლაპარაკი:"აი, დგას ჯარი ორფოლოში, იქიდან მიდის ცხინვალში". მე მინდა ვთქვა, რომ იქიდან ჯარი ცხინვალში არ მიდის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველანაირ მცდელობას, საქართველოს შიგნით შეიქმნას პროვოკაციები, ჩვენ გავცემთ უფრო მაგარ პასუხს, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო გაცემა წარსულში".

კვირის მიწურულს 2,5 თვის ლოდინის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დაუთმეს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. იგი დეპუტატებს, როგორც 2005 წლის მეორე ნახევარში, ასევე ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ესაუბრა. მოსალოდნელად სკანდალური გამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი თემა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის გარშემო წარმოქმნილი ვითარება იყო. ამ ფაქტზე საუბრისას სოზარ სუბარმა ვალერი ჩეჩელაშვილის უწყებაში მომხდარი კორუფციული სკანდალი და ამ ფაქტისადმი პრეზიდენტის რეაქცია გაიხსენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ეჭვი არ შეიტანა ჩეჩელაშვილის პატიოსნებაში, მაგრამ უწყების სახელის შებღალვის გამო მისი მინისტრად დარჩენა მიზანშეუწონლად მიიჩნია:

[სოზარ სუბარის ხმა] "დანაშაული, რომელიც მოხდა შარდენის ბარში და შემდეგ გაგრძელდა ტყეში და რომელსაც მოჰყვა სანდრო გირგვლიანის სიკდილი, მე ვფიქრობ, გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე ქრთამის აღება, თუმცა ქრთამის აღებაც ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია და ამ შემთხვევაში პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა იყოს, თუ არა ორმაგი სტანდარტები. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ სტანდარტი, რომელიც არსებობს ერთი მინისტრის მიმართ, უნდა იყოს ყველას მიმართ თანაბარი და მინიმუმ, როცა დათა ახალაიას დროებით აქვს შეჩერებული უფლებამოსილება და ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალი თანამდებობის პირია, ეს ეწინააღმდეგება ბატონი პრეზიდენტის ზემოხსენებული სიტყვებს."

პარლამენტში მოხსენების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში გამოსვლისას სახალხო დამცველმა სანდრო გირგვლიანის მვკლელობის ფაქტის გამო შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა პირდაპირაც მოითხოვა. პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს კონიუნქტურულობაში დასდეს ბრალი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებამ კი შესაძლოა გეზი ოდნავ იცვალოს. კვირის დასაწყისში აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. მას გამომძიებლები ადვოკატების თანდასწრებით 8 საათის მანძილზე უსვამდნენ შეკითხვებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ოლეგ მელნიკოვის ამოცნობისა და ჩვენების შეცვლის გამო პროკურატურამ ბუხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ამის თაობაზე ბუხაიძის ადვოკატმა ლაშა ავალიანმა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

[ლაშა ავალიანის ხმა] ”მაინც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და, არ ვიცი, ველოდებით, რომ, ალბათ, მალე ეჭვმიტანილადაც გვცნობენ, შეიძლება მერე - ბრალდებულადაც, შეიძლება დააკავონ კიდევაც... და, მე მგონი, ყველას დაგვიჭერენ.” (სტილი დაცულია)

კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენა თურქეთის საპორტო ქალაქ ჯეიჰანში მოხდა. 13 ივლისს საზეიმოდ, სრულად ამოქმედდა საუკუნის პროექტად მიჩნეული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ამიერიდან ყოველწლიურად ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე 1768 კილომეტრი სიგრძის სადენით 50 მილიონი ბარელი ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდება. მილსადენის მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. ქალაქ ჯეიჰანში საზეიმო ცერემონიაში სამი ქვეყნის: თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები და 32 ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციები მონაწილეობდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ამ პროექტის განხორციელების ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “დღევანდელი ღონისძიება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური, ან თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური, ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი წარმატებებისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრის”.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი 248 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენი ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ სარგებელსა და ხეირს მოუტანს საქართველოს. ასე ფიქრობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”თვითონ ეს პროექტი, რომ გითხრათ, რომ ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია, ეს ასე არ არის. ჩვენ მომხმარებლებიც კი არ ვართ მასში გამავალი ნავთობის, იმისათვის რომ რაღაც რაოდენობა ნატურით დაგვეტოვებინა. თუმცა პოლიტიკური ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ქართულ სინამდვილეში.”(სტილი დაცულია)

გასული კვირის ქართულ სინამდვილეში კიდევ ერთხელ მოხდა პოლიტიკური ძალების სხვადასხვა მედიაბანაკებში გადანაწილება. ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ბოიკოტს, რის საპასუხოდაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ორგანიზებული იერიში მიიტანეს ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ. ამ მხრივ თანაგუნდელებისაგან გამოირჩეოდა დეპუტატი რატი სამყურაშვილი, რომელმაც ტელეკომპანია ”იმედის” დამფუძნებელსა და ერთ-ერთ მფლობელს ბადრი პატარკაციშვილს პარლამენტიდან რამდენიმე ”კრეატიული” ხასიათის რჩევა მისცა:

[რატი სამყურაშვილის ხმა] “ან თქვენს ტელეკომპანიას შეუცვალეთ სახელი და, “იმედის” ნაცვლად, უწოდეთ “უიმედობა”, მის საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკას”, “ქრონიკის” ნაცვლად - “კრიმინალური ქრონიკა”, ან ფართოდ გაახილეთ თვალები და შეამჩნიეთ, რომ, ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევების გარდა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას და წინ მიდის. ჩემ მიერ გამოთქმული განცხადება მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებაა და ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არის გარანტირებული.“

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის უგულვებელყოფას. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ამ მედია-ბოიკოტის შეწყვეტის წინაპირობებს ასახელებს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]“ ‘რუსთავი–2’–ის მიმართ ბოიკოტის ფორმა შეწყდება მაშინვე, ჩემი აზრით, როგორც კი შეწყდება “რუსთვი–2”–ის ტენდენციურობა ოპოზიციასთან მიმართებაში და, საერთოდ, დაუბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ამჟამად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მაინც ვანოს ტელევიზიაა, "ვანოვიზიაა". შეიძლება ეს შთაბეჭდილება ძალიან მცდარია, შეიძლება არ არის მცდარი. არავის არ უნდა ტელევიზიასთან ბოიკოტი, გარწმუნებთ. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი.“

გაითვალისწინებენ თუ არა ბადრი პატარკაციშილი და ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტის წევრების რჩევებსა და მოწოდებებს რთული სათქმელია. იმის თქმა კი შეიძლება, რომ ივლისის სიცხის პირობებში საქართველოში მომავალ კვირასაც, სავარაუდოდ, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG