Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიზბოლაჰის წარსული და აწმყო


ლიბანის კრიზისში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ჰიზბოლაჰი - არაბულად "ღვთის პარტია".



ეს შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია 80-იანი წლების დამდეგს გაჩნდა. მაშინ მისი მთავარი მიზანი იყო ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჯარების განდევნა. ამ მიზანს ჰიზბოლაჰმა 2000 წელს მიაღწია, როცა ისრაელმა ჯარები გაიყვანა.

2000 წლის მაისში სამხრეთი ლიბანიდან ისრაელის ჯარების გასვლის შედეგად ჰიზბოლაჰმა მრავალი ლიბანელის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახურა.

მართალია, ორგანიზაცია 80-იანი წლების დამდეგს, ლიბანში მიმდინარე სისხლიანი სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა, მაგრამ მისი სულიერი და ინტელექტუალური ძირები ბევრად უფრო ადრეა საძიებელი.

მოუსმინეთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიბანის საკითხების ეკვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ნადიმ შეჰადის:

[შეჰადის ხმა] "ეს 80-იანი წლების დამდეგიდან არ იწყება. ამის ძირები დაკავშირებულია შიიტურ აღორძინებასთან. შიტური აღორძინება 50-იანი წლების ბოლოს, 60-იანი წლების დამდეგს დაიწყო. იგი დაკავშირებულია შიიტური ისტებლიშმენტის უზენაეს სასულიერო პირებთან და წამყვან იდეოლოგიასთან. ეს იდეოლოგია გამოიხატება ჩუმად ტანჯვასა და იმის მოლოდინში, რომ მეორედ მოვა მეთორმეტე იმამი, მაჰდი, და მსოფლიოში სამართალს დაამყარებს."

მოგვიანებით ჰიზბოლაჰმა ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მიიღო ინსპირაცია.

პარტია გამოდის მოწოდებით, განადგურდეს ისრაელის სახელმწიფო, რომელსაც არა აქვს უფლება პალესტინელთა ტერიტორიაზე იარსებოს.

1983 წელს ჰიზბოლასთან დაკავშირებულმა მოიერიშეებმა ლიბანში განთავსებული შეერთებული შტატების საზღვაო დესანტის ყაზარმებში აფეთქებები მოაწყვეს. დაიღუპა ამერიკის 241 ჯარისკაცი. ამ თავდასხმას რეგიონიდან შეერთებული შტატების ჯარების გაყვანა მოჰყა.

ჰიზბოლაჰი იდგა 1982 და 1992 წლებში 30 დასავლელის გატაცების უკანაც.

[შეჰადის ხმა] "შეერთებული შტატების საზღვაო დესანტის ყაზარმების აფეთქება და 80-იანი წლების მძევალთა კრიზისი გარკვეულწილად იყო ლიბანის ტერიტორიაზე ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირიბი დაპირისპირება. და რასაც დღეს ხედავთ, ეს ერთგვარად ამის გამეორებაა." ეს გახლდათ ნადიმ შეჰადი.

არსებობის საწყის პერიოდში ჰიზბოლაჰი მჭიდროდ თანამშრომლობდა ირანის რევოლუციურ გვარდიასთან ლიბანში მდებარე ბექაას ველზე.

გასულ კვირაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ირანს ბრალი დასდო, რომ ლიბანში ახლაც იმყოფებიან რევოლუციური გვარდიის ნაწილები. ირანი აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებას არ უწევს ჰიზბოლაჰს, მაგრამ მორალურად უჭერს მას მხარს.

ერთ დროს ჰიზბოლაჰი იმაზე ოცნებობდა, რომ ლიბანის მრავალსარწმუნოებრივი სახელმწიფო ირანის ტიპის შიიტურ ისლამურ სახელმწიფოთ გარდაექმნა. ეს იდეა განსაკუთრებით მოსწონდა სამხრეთი ლიბანის მოსახლეობას.

[შეჰადის ხმა] "ჰიზბოლაჰი სამხრეთი ლიბანის მოსახლეობის განუყოფელი ნაწილია. ესაა წინააღმდეგობის მოძრაობა. იგი აღმოცენდა სამხრეთი ლიბანის მოსახლეობის რადიკალიზაციიდან, რაც მოჰყვა 1982 წელს ისრაელის ჯარების ინტერვენციას და სამხრეთი ლიბანის დაკავებას."

მაგრამ საბოლოოდ ჰიზბოლაჰმა დათმო ისლამური სახელმწიფოს იდეა და ლიბანის დანარჩენი მოსახლეობის მიმართ უფრო გახსნილი დამოკიდებულება არჩია. ამან ორგანიზაციას წარმატება მოუტანა.

ჰიზბოლაჰი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი პარლამენტში. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი სოციალური და ჯანდაცვის სამსახურების წყალობით. აქვს გავლენიანი სატელევიზიო სადგური ალ-მანარი.

მაგრამ ჰიზბოლაჰის მთავარი დასაყრდენი მაინც არის მისი გასამხედროებული ფრთა, ისლამური წინააღმდეგობა.

ეს გასამხედროებული ფრთა არღვევს ტაიფას შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა ლიბანის სამოქალაქო ომი 1989 წელს. იგი არღვევს აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს 2004 წელს მიღებულ 1559-ე რეზოლუციასაც, რომელიც ლიბანში ყველა შეიარაღებული დაჯგუფების განიარაღებასა და დაშლას მოითხოვს. ამ რეზოლუციამ შესაძლებელი გახადა გასულ წელს ლიბანიდან სირიის ჯარების გასვლა.

ჰიზბოლაჰს ორი გარემოება უბიძგებს შეიარაღებული დაჯგუფების შენარჩუნებისკენ. იგი აცხადებს, რომ სანამ ისრაელის ციხეებში ლიბანელი პატიმრები იმყოფებიან, იგი შეეცდება საპასუხო რეიდებით და მძევალთა აყვანით აიძულოს ისრაელი, გაათავისუფლოს პატიმრები.

მეორე მოტივია შებაას ფერმებად წოდებული რეგიონი, რომელსაც იგი ლიბანის ტერიტორიად მიიჩნევს. ისრაელი და გაერო კი აცხადებენ, რომ ეს რეგიონი ეკუთვნის გოლანის მაღლობებს - სირიის ტერიტორიას, რომელიც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა.

XS
SM
MD
LG