Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სრულდება კრიზისი. ნარინჯისფერი რევოლუციის მემკვიდრეობის ბედი გაურკვეველია


ოთხშაბათს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მტკივნეული კომპრომისის საფასურად ბოლო მოუღო პოლიტიკურ კრიზისს.

მან პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა პრორუსული ძალის, რეგიონების პარტიის ლიდერი, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს იუშჩენკოს მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი. ახლო პერსპექტივით ეს გადაწყვეტილება ალბათ შვებას მოუტანს ხანრძლივი კრიზისით დაქანცულ ბევრ უკრაინელს. მაგრამ სხვათა აზრით, იგი ამავე დროს შესაძლოა სერიოზული დარტყმა იყოს რევოლუციის ღირებულებებისთვის.

პრეზიდენტი იუშჩენკო უკანასკნელ მომენტამდე დაძაბულ მოლოდინში ამყოფებდა ქვეყანას.

ორ აგვისტოს ამოიწურა კონსტიტუციით დადგენილი ვადა, როცა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი უნდა დაესახელებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პარლამენტი უნდა დაეთხოვა და ახალი არჩევნები დაენიშნა.

2 აგვისტოს პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ იუშჩენკომ განაცხადა:

[იუშჩენკოს ხმა] "უკრაინის ხუთმა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია შეთანხმებას უკრაინის კონსტიტუციის საკვანძო პრიორიტეტებზე, ქვეყნის განვითარების საკვანძო პრიორიტეტებზე. ყველაზე საგანგაშო ესაა. საგზაო რუკა, ეროვნული ერთობის დეკლარაცია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა ამ გამოწვევებისთვის, საუბედუროდ არ იქნა ხელმოწერილი.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამის შემდეგ იუშჩენკოს არაფერი დარჩენოდა პარლამენტის დაშლის გარდა. უშუალოდ სატელევიზიო გამოსვლის წინ მასთან მივიდნენ იანუკოვიჩი და სოციალისტური პარტიის ლიდერი და პარლამენტის სპიკერი ალექსანდრ მოროზი. საუბარი გვიანობამდე გაგრძელდა.

დადგენილი ვადის გასვლიდან ორი საათის შემდეგ კი იუშჩენკომ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი იანუკოვიჩი იქნება. მისი თქმით, მან, იანუკოვიჩმა, მოროზმა, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ეხანუროვმა და იუშჩენკოს პარტიის წევრმა რომან ბეზსმერტნიმ მიაღწიეს შეთანხმება ე.წ. ეროვნული ერთობის დეკლარაციის თაობაზე.

იუშჩენკოს მხარდამჭერ ჩვენს უკრაინას და იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას მთელ რიგ საკითხებში აქვთ უთანხმოება. მათგან უმთავრესია ოთხი: სახელმწიფო ენის საკითხი, ნატოსთან ურთიერთობები, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი.

მართალია ზემოხსენებული დეკლარაციის ტექსტი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ორი რამ უკვე ნათელია.

ჯერ ერთი, კომუნისტურმა პარტიამ, რომელმაც სოციალისტებთან ერთად წამოაყენა პრემიერ-მინისტრობაზე იანუკოვიჩის კანდიდატურა, უარი თქვა დეკლარაციის ხელმოწერაზე.

ეს ნიშნავს, რომ კომუნისტები დატოვებენ ანტიკრიზისულ კოალიციას, რომელიც გასულ თვეში შეიქმნა ჩვენი უკრაინის, იულია ტიმოშენკოს ბლოკისა და სოციალისტების მონაწილეობით.

მეორე მხრივ, იულია ტიმოშენკოს ბლოკს არაერთხელ განუცხადებია, რომ არასოდეს შევა კოალიციაში იანუკოვიჩის რეგიონების პარტიასთან. ასე რომ, ტიმოშენკოს ბლოკი ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

როგორც იტყობინებიან, ბეზსმერტნი და იანუკოვიჩი იყვნენ ინიციატორები ჩვენს უკრაინასა და რეგიონების პარტიას შორის კოალიციური ხელშეკრულებისა.

ნიშნავს თუ არა იანუკოვიჩის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნარინჯისფერი რევოლუციის სრულ დეზინტეგრაციას? შეიცვლება თუ არა ქვეყნის პოლიტიკური კურსი?

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ორივე ეს შიში გაზვიადებულია.

დღეისთვის უკვე თავად იანუკოვიჩი არის იძულებული აღიაროს რევოლუციის მონაპოვარი და რეალისტურად შეაფასოს პოლიტიკური ვითარება.

2 აგვიტოს კიევში მან ასე მიმართა თავის მომხრეებს:

xიანუკოვიჩის ხმაJ "დღეს უკვე გავიგეთ, რომ 2004-მა წელმა მთლიანობაში ყველას აგვიხილა თვალები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ, ვინ დგას ჩვენს გვერდზე, როგორია ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ამან ჩვენ ყველას მოგვიტანა სარგებელი და, რა თქმა უნდა, განწმენდა."

მართალია, იანუკოვიჩი ნატოში უკრაინის გაწევრიანების მოწინააღმდეგეა. მაგრამ ეს უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს ასახავს და აუცილებლად არ მიუთითებს იანუკოვიჩის პირად პოლიტიკურ პოზიციაზე.

ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2003 წელს, როცა იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტ კუჩმას პერიოდში, უკრაინამ ნატოსთან ფართო მასშტაბის თანამშრომლობის სწრაფვა გამოავლინა. ასე რომ, ნატოსთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისებისთვის თავისუფალი არე არსებობს.

იანუკოვიჩს ასევე არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. ორივე ამ მიზნისკენ ისწრაფვის პრეზიდენტი იუშჩენკოც.

მოსალოდნელია, რომ იანუკოვიჩი არ იქნება თავის ორ წინამორბედზე, იულია ტიმოშენკოსა და იური ეხანუროვზე უფრო ნაკლებად პროდასავლური პრემიერ-მინისტრი.

ასეა თუ ისე, უკრაინის საზოგადოება იმედგაცრუებულია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით და ქვეყნის ხელმძღვანელობამ სწრაფად უნდა შეძლოს რეფორმების გატარება ნდობის კვლავ მოსაპოვებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა კიდევ უფრო გაიხლიჩება და ვითარება უფრო დაიძაბება.
XS
SM
MD
LG