Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამჯერად შევეცდები გასული კვირის ქართულ პრესაში იმ პუბლიკაციებსა თუ


დავით პაიჭაძე, თბილისი ამჯერად შევეცდები გასული კვირის ქართულ პრესაში იმ პუბლიკაციებსა თუ თემებზე შევჩერდე, რომელთაც ინფორმაციის სხვა საშუალებათა ყურადღება მოაკლდათ.

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - წერდა, მაგალითად, გაზეთი “24 საათი” და გულისხმობდა კერძო არბიტრაჟის აღდგენის პერსპექტივას საქართველოში. გაზეთი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება ბიზნესმენებს თამაშის ახალი წესებს სთავაზობს. თავის დროზე, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებისას, კერძო არბიტრაჟს ჩამოართვეს უფლება განეხილა საგადასახადო დავები, რასაც ქართული ბიზნესი უარყოფითად შეხვდა. ”გვჭირდება არბიტრაჟი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ერთი წლის წინათ ჩამოვაყალიბეთ. მზად ვართ, წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან მოვიწვიოთ არბიტრები,მაღალი ხელფასები გადავუხადოთ და სამეწარმეო დავები, ქართველ არბიტრებთან ერთად, ნამდვილი არბიტრაჟის პირობებში, დადგენილი საერთაშორისო ნორმებით გადავაწყვეტინოთ,” - იმოწმებს ”24 საათი” საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს.

გაზეთი ”რეზონანსი” გასულ კვირაში არკვევდა, რამდენად უსაფრთხოა ახალაშენებული კორპუსები. ”ახალი სტანდარტების მიხედვით, შენობა 8-9 ბალზე უნდა იყოს გათვლილი, თუმცა სამშენებლო კომპანიათა ნაწილი ამ ნორმებს გვერდს უვლის. გაზეთი გამოყოფს სხვა პრობლემებსაც და მოჰყავს მშენებლობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მალხაზ ბედიაშვილის სიტყვები, რომ ზოგჯერ მაღალსართულიან შენობებს წყლით ნაჯერ გრუნტზე აგებენ, რაც შემდგომ მათ დეფორმაციას იწვევს. მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიანი სამშენებლო მასალით აშენებენ სახლებს. სამშენებლო მასალათა უმეტესობა თურქეთიდან შემოდის. არიან ფირმები, რომლებიც სამამულო წარმოებას არჩევენ. ძალიან ცოტაა სამშენებლო კომპანია, რომელიც სამშენებლო მასალებს ლაბორატორიულად ამოწმებს. ბევრს ლაბორატორიული კვლევის აუცილებლობაზე წარმოდგენაც არა აქვს. ამის შედეგია, რომ შენობა ექსპლუატაციაში არ შესულა და უკვე ავარიულია,” - წაიკითხავდით “რეზონანსის” ვრცელ წერილში, რომლის ქვესათაური გვაუწყებდა, რომ თბილისში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ეკოლოგიურადაც არ არის გამართლებული.

გაზეთი ”ახალი ვერსია” კი წერდა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქართველოში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე. გამოკითხვა შეეხო კორუფციასაც. გამოკითხულთა 37%-მა მიიჩნია, რომ საქართველოში ყველაზე კორუმპირებულია ჯანდაცვის სფერო. შემდეგ მოდის კერძო სექტორი, საბაჟო, საგადასახადო სამსახური და კომუნალური მომსახურების სფერო. პოლიციას კორუმპირებულად მიიჩნევს გამოკითხულთა 4,6%, ხოლო სასამართლოს - 2%-ზე ოდნავ მეტი. რესპონდენტები პოლიციის იმიჯსა და საქმიანობას დადებითად აფასებენ, თუმცა პოლიციაში გაცხადებული დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაზარალებულები პოლიციას არ მიმართავენ ნაკლებად სერიოზული დანაშაულის დროს ან სამხილის არარსებობისას. დაზარალებულთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აზრი არა აქვს, მიმართო პოლიციას - მაინც არაფერს გააკეთებს, ეწერა ”ახალ ვერსიაში”.

გადავიდეთ შაბათის, 12 აგვისტოს, ქართულ გაზეთებზეც. უნდა ითქვას, ბევრი მათგანი აგვისტოში ისვენებს და არჩევანი შეზღუდულია. ”ახალი თაობა” წერს, რომ ჩქაროსნული გზატკეცილი 47 მილიონი ლარი ჯდება. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ახლა 16 კილომეტრიან მონაკვეთს აგებენ, ნატახტარიდან აღაიანამდე. ამიერკავკასიაში პირველად კეთდება ე.წ.ცემენტო-ბეტონის საფარიანი გზა, რომელიც გამძლეობით 2-3-ჯერ აღემატება აქამდე დაგებულ ასფალტო-ბეტონის საფარს. გზის დასაგებად საჭირო ნედლეული მოიპოვება საქართველოში, ასფალტო-ბეტონზე მუშაობისას კი ნედლეულს ყიდულობდნენ ირანსა და აზერბაიჯანში. ცემენტო-ბეტონის საფარიანი გზის დაგებამდე საქართველოში ჩამოიტანეს გერმანული წარმოების ქარხანა, რომელიც ამ მასალას გადაამუშავებს, - ვკითხულობთ ”ახალ თაობაში”.

11 აგვისტოს ”რეზონანსი” ეხმიანება აფხაზეთში კაზაკების შესაძლო გააქტიურებას და პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის, გენერალ ტროშევის, შეფარულ მოწოდებას, თუ აფხაზეთში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რუსეთში მყოფი კაზაკები დაეხმარონ იქ მცხოვრებ კაზაკებს. “რეზონანსში” ვკითხულობთ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ კაზაკებზე ლაპარაკი დემაგოგიაა, რადგან იქ 1-2 კაზაკი თუ ცხოვრობს. პარლამენტის წევრი კოტე გაბაშვილი გაზეთს ეუბნება, რომ პრეზიდენტის მრჩევლის მოწოდება ”გვაძლევს ღია არგუმენტს იმის დოკუმენტურად დასადასტურებლად და სათქმელად, რომ შეუძლებელია რუსები იყვნენ მშვიდობისმყოფელები. ეს არის აგრესიული ძალა. კაზაკებით ჩვენს იდეოლოგიურ შეშინებას ცდილობენ და ეს მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ პროვოკაციებზე წამოგვიკიდებენ. მაგრამ კარგად დაწერილი და გაანგარიშებული რუსული სცენარები გათვლილია საქართველოშიც,” - არწმუნებს ”რეზონანსს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
XS
SM
MD
LG