Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილები ევროპის კავშირის განაპირა რეგიონებში


ამ დღეებში მსოფლიო მოიარა აფრიკელი ლტოლვილების სურათებმა, რომლებიც ნავებით აღწევენ კანარის კუნძულებსა და იტალიის კუნძულ ლამპედუზას.

ეს სურათები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მკაცრ რეალობას: საჰარის სამხრეთით მცხოვრებ აფრიკელთა ორმოც პროცენტს დღეში ერთ დოლარზე ნაკლები აქვს თავის სარჩენად და ეს მრავალ მათგანს აიძულებს, ბედი სხვა ქვეყანაში სცადოს. უმეტესობა ევროპას მიაშურებს, მაგრამ კონტინენტი არ არის მზად დახმარების ხელის გასაწვდენად.

წლევანდელ აგვისტოში კანარის კუნძულებზე პლაჟები გადავსებულია. მაგრამ ეს ხალხმრავლობა ტურიზმის ბუმით არ აიხსნება. ნაცვლად მზეზე მონებივრე დამსვენებლებისა, რომლებიც პლაჟზე ბარებში წრუპავენ კოქტეილებს, წელს კანარის კუნძულებზე სხვა სახის სტუმართა მოზღვავება შეინიშნება. ესენი გახლავან აფრიკელი ლტოლვილები, რომლებიც კუნძულებამდე ხის პატარა ნავებით აღწევენ.
მარტო უკანასკნელი ოთხი დღის მანძილზე 1500-მა ადამიანმა გაიარა სახიფათო გზა აფრიკის მატერიკიდან კანარის კუნძულებამდე.

ლტოლვილები მავრიტანიიდან ან სენეგალიდან მოდიან, გაურბიან სიღატაკეს და უმუშევრობას და იმედი აქვს, რომ უფრო მდიდარ სამყაროში შეღწევას შეძლებენ ევროკავშირის განაპირა რეგიონებიდან.

ამ წლის მანძილზე კანარის კუნძულებზე 17 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა აფრიკიდან. დღეში საშუალოდ ასი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უმკლავდება შექმნილ ვითარებას და დახმარებისთვის მადრიდს მიმართა, მადრიდმა კი, თავის მხრივ, ევროპის კავშირს. ირონიაა, მაგრამ ლტოლვილთა ამგვარი მომრავლების მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირი წარმატებით იცავს საზღვარს უფრო ჩრდილოეთით.მოუსმინეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, პიტერ შაცერს:

[შაცერის ხმა]: მაროკო, რომელიც ესპანეთში შესაღწევად უფრო იოლი იყო... ახლა ესპანეთთან თანამშრომლობს და ბევრად უფრო მკაცრად აკონტროლებს თავის საზღვრებს. ამიტომ მაროკოს მარშრუტი მეტ-ნაკლებად ჩაკეტილია. ეს ხალხს აიძულებს, ნავებით მიაშუროს კანარის კუნძულებს”.

მაგალითად, მავრიტანიის საპორტო ქალაქ ნუადჰიბუში მიგრაციის ახალი მარშრუტის გარშემო მთელი ინდუსტრია წარმოიშვა. ადამიანების კონტრაბანდაზე სპეციალიზებული ხალხი 1500 ევროს იღებს კანარის კუნძულებამდე თითო ადამიანის გადაყვანაზე სათევზაო ნავით. ბევრი მათგანი გზაში იღუპება. მაგრამ ეს არ აკავებს მიგრაციის მსურველებს.
წითელი ჯვრის თანახმად, ასი ათასამდე ადამიანია მზად ამ სახიფათო გზის გასავლელად მავრიტანიიდან და სენეგალიდან.

მათი უმრავლესობა ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაურბის და არა ომს ან პოლიტიკურ დევნას. ეს კი, ევროკავშირის კანონების თანახმად, არასაკმარისი საფუძველია ლტოლვილთა მისაღებად. თუმცა არსებობს შემოვლითი გზები. ესპანეთის კანონმდებლობით, არალეგალური მიგრანტების დაკავება მხოლოდ 30 დღით შეიძლება. თუ ამ ვადებში ვერ დადგინდება მათი წარმომავლობა, ან თუ ესპანეთს მიგრანტების მშობლიურ ქვეყანასთან არა აქვს რეპატრიაციის თაობაზე ხელშეკრულება, მათ აძლევენ წერილობით განკარგულებას ესპანეთის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ცხადია, ამ ბრძანებას ცოტანი თუ ასრულებენ. თავისუფალი საზღვრების პირობებში, როგორც წესი, ლტოლვილები იოლად გადადიან ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებში.

იტალიაში კი კანონით იკრძალება მცირეწლოვანთა დეპორტაცია. ამიტომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე კუნძულ ლამპედუზას განსაკუთრებით ეტანებიან მცირეწლოვანი მიგრანტები.

[მოსკარელის ხმა]: “მიგრანტების უმრავლესობა ლიბიიდან მოდის. ისინი ტოვებენ ლიბიას და თუ კარგი ამინდია, ლამპედუზამდე ერთ-ორ დღეში აღწევენ. თუ არა და - ხუთ-ექვს დღეში.”

ეს გახლდათ სიმონა მოსკარელი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იტალიაში. ამ შემთხვევაშიც მაროკოს სანაპირო დაცვის გაძლიერების გამო ლიბია იქცა ახალი მარშრუტის საწყის პუნქტად და, შესაბამისად, გაიზარდა ლამპედუზაზე მოხვედრის მსურველთა რიცხვი.

[მოსკარელის ხმა]: “ლამპედუზაზე მარტო ივლისში 3500 ადამიანი ჩავიდა. ასე რომ რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.”

ჩვენ კანარის კუნძულები და იტალიის კუნძული ლამპედუზა ვახსენეთ. მაგრამ აფრიკიდან მიგრაციის მსურველები სხვა მარშრუტებსაც იყენებენ. ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, აფრიკის რქიდან იემენისკენ მიმავალი გზა.

ჯერჯერობით “ევროპის ციხესიმაგრე” აქცენტს აკეთებს შეკავებაზე. ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის ახალი სააგენტო, ფროტექსი გემებით იცავს კავშირის საზღვაო საზღვრებს. აი, რა გვითხრა ფრონტექსის წარმომაგენელმა, დანიელა მუნცბეგოვამ:

[მუნცბერგოვას ხმა]: “ოპერაციის მთავარი ამოცანაა დასავლეთი აფრიკის სანაპიროდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი გემები უკან გააბრუნოს, რაც შეიძლება ახლოს დასავლეთ აფრიკასთან.”

მუნცბერგოვა აღიარებს, რომ ეს მეთოდი არაეფექტიანია, მაგრამ სააგენტოს სხვა საშუალებები არ მოეპოვება.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა გვიან დაიწყეს ფიქრი საინვესტიციო და საინიციატივო გეგმებზე, რომელთა მიზანია აფრიკელებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს შინ დარჩენა. ისინი მსჯელობენ ახალ, საერთო საიმიგრაციო კანონების მიღებაზე, რათა უკეთ გაართვან თავი მიგრანტთა მოზღვავებას. მაგრამ ჯერჯერობით კრიზისის მოგვარება ისევე რჩება ილუზიად, როგორც მიგრანტების ოცნება გამდიდრების შესახებ.
XS
SM
MD
LG