Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა


გასულ კვირაში მსოფლიო პრესის ყურადღება უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო თეირანისკენ, რომელსაც 1 სექტემბრამდე უნდა გაეცა პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნებისთვის, შეეწყვიტა ბირთვული საწვავის გამდიდრება.



ირანმა უარი თქვა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
დანიაში გამომავალ გაზეთ "კრისტელიგ დაგბლადის" აზრით, ახლა დიპლომატების მაგიდებზე მოვლენათა განვითარების სამი მოდელი დევს. ესენია "სანქციები, მოლაპარაკებები ანდა შეიარაღებული კონფლიქტი. შეერთებული შტატები არც სანქციებზე ამბობს უარს და არც მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვაშინგტონში არც სამხედრო კონფრონტაციის ვარიანტია ჩამოწერილი. თუკი მასზე ამჯერად ცოტას მსჯელობენ საჯაროდ, ამის მიზეზი ისაა, რომ უმეტეს სახელმწიფოს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, მიაჩნია, რომ ირანს კიდევ ხუთიდან რვა წლამდე სჭირდება ატომური ბომბის შესაქმნელად. მხოლოდ ამიტომ არ განიხილება სამხედრო ვარიანტი ჯერჯერობით სერიოზულად."
დანიის კიდევ ერთი გაზეთი "ბერლინგსკე ტიდენდე" მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები შემოდგომაზე ალბათ შეეცდება შექმნას მოხალისეთა კოალიცია და გაეროს ფარგლებს გარეთ იმოქმედოს. ამგვარ კოალიციას ევროპელები ძნელად შეაქცევენ ზურგს, რაც უნდა დაუშვებელი იყოს ირანის მიერ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნათა უგულებელყოფა.
"შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები აკავშრიებთ ირანთან და წინ აღუდგებიან ძალიან მკაცრ ზომებს. თანაც ლიბანში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ევროპელთა ხელმძღვანელობით მოქმედებს, ჰიზბოლაჰის მხრიდან მასირებული თავდასხმების სამიზნე შეიძლება გახდეს, თუკი ირანთან ურთიერთობება საერთოდ გაიყინება. როგორც ჩანს, დღეისთვის ირანს მართლაც ყველაზე კარგი კარტები აქვს ხელთ", დაასკვნის "ბერლინგსკე ტიდენდე".

რაც შეეხება თავად ლიბანის კრიზისს, ვნახოთ, რას წერდა 30 აგვისტოს ავსტრიაში გამომავალი "შტანდარდი":
"ზავი მხოლოდ ორ კვირას ითვლის და იქნებ მხოლოდ ისტორიკოსებმა შეძლონ იმის შეფასება, 2006 წლის ზაფხულის ომმა ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დატოვა, თუ ლიბანში ახალ წესრიგს მიეცემა დასაბამი. მრავალი ისრაელი ფიქრობს, რომ დიდი ძალისხმევისა და მძიმე მსხვერპლის მიუხედავად ცოტა იქნა მიღწეული. უცებ ჰიზბოლაჰის ლიდერი ნასრალაც აღიარებს, რომ ომის პროვოცირება შეცდომა იყო. მაგრამ გაეროს ჯარი ალბათ უფრო განზე გაიხედავს, ვიდრე ძალას გამოიყენებს, როცა სირიიდან მომავალი იარაღის მარაგისთვის გზის გადაკეტვა იქნება საჭირო. ომის შედეგივით გაურკვეველია ოლმერტის პოლიტიკური მომავალიც."

სამშვიდობო ძალებს რომ მართლაც იოლი საქმე არ ელით ლიბანში, ამაზე ბრიტანეთის გაზეთი "გარდიანიც" მიუთითებს პირველი სექტემბრის ნომერში:
"ჰიზბოლაჰს იმდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვის ლიბანის საზოგადოებაში, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია ქვეყნის დიდი ნაწილის დაუნგრევლად. ამაზე მიუთითებს ისრაელის იერიშის დროს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული დიდი ზარალი და დიდი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. ისრაელის აგრესიული მოქმედება ჰიზბოლაჰს მხარდაჭერას უზრდის არა მხოლოდ არაბულ და მუსულმანურ სამყაროში, არამედ ლიბანშიც. იქ და პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე ისრაელის გამუდმებულმა და მწვავე იერიშებმა ის გამოიწვია, რომ ჩამოყალიბდა პარალელური ან ალტერნატიული ხელმძღვანელობა, რომელიც იცავს საზოგადოებას." გაზეთის აზრით, ეს ძალები უფრო მეტად გაძლიერდებიან, თუკი შეერთებული შტატები და ისრაელი განაგრძობენ ლიბანისა და პალესტინელთა დესტაბილიზაციას.
გასულ კვირაში, 29 აგვისტოს გრიგალ "კატრინას" მიერ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთისთვის, განსაკუთრებით ახალი ორლეანისთვის მიყენებული ზარალის ერთი წლისთავი აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ესპანეთის გაზეთ "პაისიდან":
"გამანადგურებელი გრიგალიდან ერთი წლის შემდეგ შეერთებული შტატების სამხრეთი ჯერ არ მოსულა გონს. ჯერ საკმარისი არ გაკეთებულა საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი ტრაგედიის განმეორება. მაშინ თითქმის 2000 ადამიანი დაიღუპა, 800 ათასმა სახლ-კარი მიატოვა. მსხვერპლი ძირითადად ქალაქის ღატაკი შავკანიანი მოსახლეობა იყო. ამგვარად, გრიგალმა გამოავლინა ზესახელმწიფო შეერთებული შტატების მრავალრიცხოვანი სისუსტეებიც: სიღატაკე, რასიზმი და საზოგადოებრივი სამსახურების უფუნქციობა, რაც წლების მანძილზე დაფინანსების შეკვეცის შედეგია," ასკვნის ესპანეთის "პაისი".
XS
SM
MD
LG