Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაწყებული შემოწმებები მოსკოვის ''ჰელსინკის ჯგუფის'' ხელმძღვანელს ფაშისტურ გერმანიას აგონებს


მაქსიმ იაროშევსკი, მოსკოვი მოსკოვის მილიციამ რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართველების მასობრივი შემოწმება დაიწყო. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები

სრულიად უმიზეზოდ იძახებენ მილიციის განყოფილებებში - დოკუმენტების შემოწმების მიზნით - სასურსათო ბაზრების თანამშრომლებს, აკავებენ ქართული რესტორნების მუშაკებს. მოსკოვის გარეუბან იუჟნოე მედვედკოვოში რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრებაში ეჭვმიტანილია აფხაზეთიდან ლტოლვილი ათი ოჯახი. ადამიანის უფლებათა დამცველები ასეთ შემოწმებებს ადარებენ მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტების მიერ წარმოებულ "წმენდებს". გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის მოსკოველმა კორესპონდენტმა, მაქსიმ იაროშევსკიმ მოამზადა.

14 წელიწადზე მეტია, აფხაზეთიდან ლტოლვილ ათ ქართულ ოჯახს ბინა ედო მოსკოვის სამკერვალო გაერთიანება "სმენის" საუწყებო საერთო საცხოვრებელში, რომელიც იუჟნოე მედვედკოვოში მდებარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ხალხს აღარც აფხაზეთში დაედგომებათ და არც დანარჩენ საქართველოში. 92 წელს ისინი ზემოხსენებულ შენობაში შეასახლეს - ამას ითვალისწინებდა "ძმური ინტერნაციონალური დახმარების" პროგრამა.

ამ წელიწადნახევრის წინათ სახლი - თითქოს იგი ცარიელი ყოფილიყო - უკანონოდ გადასცეს სასჯელაღსრულების სამმართველოს, თავისი თანამშრომლების ბინებით დასაკმაყოფილებლად. საბინაო საკითხის მოგვარება მხოლოდ სასამართლოს ჩარევით გახდა შესაძლებელი. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ბაბუშკინოს რაიონული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება ლტოლვილთა გამოსახლების შესახებ. დღეს დილით აფხაზეთიდან ლტოლვილი ყველა ოჯახი მოინახულა იუჟნოე მედვედკოვოს შინაგან საქმეთა განყოფილების უბნის ინსპექტორმა ალექსეი გოლოვინმა და ლტოლვილთა საპასპორტო მონაცემები ჩაიწერა. მილიციონერს არ დაუმალავს, რომ ასრულებდა უფროსობის ბრძანებას, საქართველოს ყველა მკვიდრი განყოფილებაში წაეყვანა. სახლის ბინადართა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ბერგალიევას აზრით, სასჯელაღსრულების სამმართველოს სურს, ისარგებლოს ორ ქვეყანას შორის შექმნილი პოლიტიკური კრიზისით და შენობას დაეპატრონოს.

[ირინა ბერგალიევას ხმა] "ვშიშობთ - და საამისო საფუძველი ნამდვილად გვაქვს - რომ ამ ხალხს, უბრალოდ, საბუთებს ჩამოართმევენ, რადგან ამის მაგალითები მრავლად მოგვეპოვება. და რაკი სასჯელაღსრულების უწყებამ ვერ მოახერხა, შენობა კანონიერი გზით ჩაეგდო ხელში, მან შექმნილი ვითარებით ისარგებლა. მისმა წარმომადგენლებმა დარეკეს იუჟნოე მედვედკოვოს შინაგან საქმეთა განყოფილებაში და შეატყობინეს მას, რომ სახლში ქართველები ცხოვრობენ. არადა, განყოფილებამ ეს ამბავი ისედაც მშვენივრად იცის, ყოველ ცალკეულ ბინადარსაც კი პირადად იცნობს. მოკლედ, ამ ხალხს, როგორც ჩანს, საბუთებს ჩამოართმევენ და უკვე, როგორც უსაბუთო და არალეგალურ იმიგრანტებს, საქართველოში გაამგზავრებენ."

მილიციის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა მოსკოვის ბაზრები. იმავე იუჟნოე მედვედკოვოში დღეს სამუშაოდ არ გამოცხადდნენ რაიონის ბაზრებში ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე ქართველები. გუშინ პირდაპირ დახლიდან, მყიდველთა თვალწინ, განყოფილებაში წაიყვანეს 65 წლის ქართველი ქალი. ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს უამბო ბაზრის თანამშრომელმა მანანამ.

[მანანას ხმა] "პირდაპირ სამუშაო ადგილიდან წაიყვანეს. გუშინდელი დილიდან განყოფილებაში აკავებენ და, როგორც ამბობენ, დეპორტაციას გაუკეთებენ. საქართველოს პასპორტის გარდა მას არაფერი აქვს და განყოფილებაშიც სწორედ ამიტომ აკავებენ ამდენ ხანს. აქ ქართველს თითქმის ვეღარ ნახავთ. თავისი დახლები ყველამ დახურა. მილიცია დილიდან საღამომდე აქ არის."

ქართული ღვინისა და ბორჯომის აკრძალვას, საქართველოსთან სატრასპორტო და საფოსტო კავშირის შეწყვეტას მოჰყვა ღონისძიებები სამორინეების წინააღმდეგ. მოსკოვში უკვე დაიხურა კაზინოები "კრისტალი" და "გოლდენ პალასი" (მოსკოველ მილიციონერთა მტკიცებით, ამ კაზინოებს ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა). პოლიტიკური კრიზისის ფონზე არასასურველი ხდება ქართული რესტორნების საქმიანობა. თუ უწინ საქართველოს მხარდამჭერი მიტინგების მონაწილეები ხუმრობდნენ, მალე მწვადსაც აკრძალავენო, ახლა ეს რეალობად იქცევა. კომსომოლსკი პროსპექტზე დააკავეს რესტორან "გურიის" თანამშრომლები.

[მამაკაცის ხმა] "რესტორან გურიაში მილიციის თანამშრომლები მივიდნენ, საქართველოს ყველა მოქალაქე დააპატიმრეს და განყოფილებაში წაიყვანეს. ზოგმა სარდაფში დამალვა მოასწრო. ყველა მათგანს საბუთები წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც იმალებიან, რადგან ეშინიათ. მათ სცემენ. სცემენ ყველას, ვისაც განყოფილებაში მიიყვანენ."

ადამიანის უფლებათა დამცველები განგაშს ტეხავენ. მოულოდნელად დაწყებული შემოწმებები მოსკოვის "ჰელსინკის ჯგუფის" ხელმძღვანელს, ლუდმილა ალექსეევას, ფაშისტურ გერმანიას ახსენებს.

[ლუდმილა ალექსეევას ხმა] "ძალიან შეშფოთებული ვარ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ბრძანება გაცემულია მოსკოვის მილიციის მისამართით, და იქნებ არა მარტო მისი მისამართით. საერთოდ, განყოფილებაში ხალხის წაყვანა ეროვნული ნიშნით გვახსენებს ფაშისტურ გერმანიას, სადაც ამგვარად ებრაელებს არჩევდნენ. სულ არ მაინტერესებს, როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან - რა შუაში არიან აფხაზეთიდან დევნილი ქართველები, რომლებიც უკვე 15 წელია, აქ ცხოვრობენ?! ნუთუ მათი ბრალი ის არის, რომ ქართველები არიან?! ამ სირცხვილს ჩვენ არ დავუშვებთ! მე, მაგალითად, საერთაშორისო სკანდალს მოვაწყობ!"
XS
SM
MD
LG