Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორი მთავარი თემა მსჭვალავდა გასული კვირის ქართულ პრესას: ადგილობრივი არჩევნები და ქართულ-რუსული ურთიერთობები.


ამ ურთიერთობებზე კვირის დასაწყისში გაზეთი ”24 საათი” წერდა: ”საქართველო ერთ-ერთი აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაც თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა შეინარჩუნა. თუ მოლდოვა და უკრაინა დღეს რუსეთისთვის პრობლემას აღარ ქმნიან, საქართველოს პოზიციები არაფერში დაუთმია. ეს ზუსტად ის ერთადერთი პოლიტიკაა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში ჭრის. სააკაშვილმა ეს იცის საკუთარი გამოცდილებიდან. პრეზიდენტობის დასაწყისში პუტინისათვის მეგობრულად გაწვდილმა ხელმა, ბაზების საკითხის უკანა პლანზე გადატანამ და რუსეთისთვის ”სახის შენარჩუნების” პოლიტიკამ არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოიტანა. მოსკოვთან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი ტაქტიკა და სტრატეგია ამართლებს - კრემლს უნდა დაუმტკიცო, რომ მისი არ გეშინია, არც არასოდეს შეგეშინდება და შენი მომავლის განსაზღვრაში ის ვერასოდეს ჩაერევა.”

რუსეთის პოლიტიკას ამასობაში გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” განმარტავდა: ”ამ ქვეყნის საგარეო უწყება ამუშავებს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ცნობის სამართლებრივ ბაზას. განიხილება სავარაუდო სახელმწიფოები, რომელთაც, შესაძლებელია, ცნონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სიაში პირველია ბელარუსი. სავარაუდო მხარდამჭერებად ეგულებათ რიგი აფრიკული და აზიის სახელმწიფოები. მათთან კონსულტაციებს რუსეთი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყებს. მუშავდება იურიდიული ასპექტები, რომელიც გაამყარებს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობოების ყოფნის სამართლებრივ გარანტიებს.”

ქართული პრესის მცირე ნაწილი გასულ კვირაში, არჩევნების დღემდე, დეტალურად განმარტავდა საარჩევნო პროცედურებს. დიდი ნაწილი წერდა წინასაარჩევნო პროცესის ხარვეზებზე. ძირითადი ხარვეზი გაუმართავი საარჩევნო სიები იყო. ერთი ფრაგმენტი გაზეთ ”რეზონანსიდან”: ”გლდანის ოლქში 1223 ამომრჩეველია მისამართის გარეშე, ხოლო ნაძალადევში - 3117 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ირწმუნება, რომ ეს ყველაზე დახვეწილი სიებია ბოლო წლების განმავლობაში. ცდომილება შეადგენს 3%-ს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სიების უზუსტობაზე ლაპარაკი უხერხულია, რადგან ისინი არ გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის ინიციატივას სიების დახვეწის შესახებ,” - წაიკითხავდით ”რეზონანსში”.

არჩევნების შემდეგ კი ბევრგან გამოჩნდა რეპორტაჟები საარჩევნო უბნიდან. გაზეთი ”ახალი თაობა”, მაგალითად, ჩუღურეთში აკვირდებოდა არჩევნებს და წერდა: “ხმის მიცემის პროცედურა ექსცესების გარეშე, დუნედაც კი მიმდინარეობდა. სულ არ მრცხვენია, არ მერიდება, რომ პასუხი გაგცეთ. ხმა ნაციონალებსა და გიგი უგულავას მივეცი, - უპასუხა ინტერვიუერს 60 წლის ენერგიულმა ქალბატონმა. გამოკითხულთა უმრავლესობაც ამ აზრზე იყო. სხვათა შორის, ეს უბანი ლეიბორისტული პარტიის ცენტრალური ოფისის გვერდით მდებარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ამომრჩეველს ლეიბორისტების სასარგებლოდ არ განაწყობს,” - წერდა ”ახალი თაობა”.

შაბათს, 7 ოქტომბერს, გაზეთი ”რეზონანსი” უკვე არჩევნების შედეგებს ეხმიანება და მკითხველს პოლიტიკური სუბიექტების კომენტარებს აცნობს. ”საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. რეპუბლიკელებისა და კონსერვატორების გარდა, ყველა უკმაყოფილოა” - ასე ჰქვია სტატიას, რომელშიც საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ცენტრის” წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს: ჩვენ საარჩევნო პროცესი, ფაქტობრივად, დავიწყეთ მინუს ათიდან და ახლა ხომ ხედავთ, რა შედეგი გვაქვს? თანაც იმ პირობებში, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა. შედეგი ძალიან კარგია და იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადება ამ ნიშნიდან მოგვიწევს. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და თუ არ ჩავთვლით წინასაარჩევნო დარღვევებს, რაც ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში გამოიხატებოდა, არჩევნების დღეს დარღვევები არ დაფიქსირებულა. ჩემი აზრით, ეს სურათი რეალობასთან ძალიან ახლოს არის. არც ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომ რაიმე განგაშის ატეხა ღირდეს. მგონი, პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები,” - ამთავრებს დეპუტატის ციტირებას ”რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG