Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრესაში საქართველოსადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობამ ყველა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრესაში საქართველოსადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა. ყველა რუსული გაზეთი

აუცილებლად მიიჩნევს, გამოეხმაუროს რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობას და მკითხველს ვითარების გამოსწორების საკუთარი სცენარი შესთავაზოს. ვითარების გამოსწორების რეცეპტები კი სხვადასხვაგვარია - საქართველოს დასჯით დაწყებული, ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე სერიოზული დიალოგის აუცილებლობით დამთავრებული.

სანამ თავად რუსეთის მედიის პუბლიკაციებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რამდენიმე სიტყვით იმ გამოკითხვების შედეგებს შევეხები, რომლებიც რუსეთის საზოგადოებრივი აზრის დადგენას ისახავს მიზნად. ამ ორიოდე დღის წინ გაზეთმა ”იზვესტიამ” ინტერნეტგამოკითხვა მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. გამოკითხვაში 2163 ადამიანი მონაწილეობდა. გაზეთის კითხვა ასე ჟღერდა: რა წინაპირობა უნდა წაუყენოს რუსეთმა სააკაშვილის რეჟიმს? გამოკითხულთა 29 პროცენტის აზრით, რუსეთმა უნდა ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა; 12 პროცენტის მოსაზრებით, საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს რუს ოფიცრებს. 12 პროცენტი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს პროამერიკული ორიენტაციის შეცვლას. ”მათთან მოსალაპარაკებელი არაფერი გვაქვს,” - მიაჩნია გამოკითხვაში მონაწილეთა 45 პროცენტს.
ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, თითქმის ყველა რუსული გაზეთი ავრცელებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისათვის მზადყოფნის თაობაზე. უნდა შეხვდეს თუ არა ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს? - ეს კითხვა 10 ოქტომბრის ”კომსომოლსკაია პრავდას” დღის კითხვად იქცა. ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებით, შეხვედრა აუცილებელია, მაგრამ 5 წლის შემდეგ: “რუსეთმა უნდა დაისვენოს საქართველოსგან; სააკაშვილი კი უნდა დაფიქრდეს - თავი გაანებოს ჩვენს არმიაზე ზეწოლას, უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრის სურვილზე.” პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის პროდუქტიულობის არ სჯერა არც მემარჯვენე ძალთა კავშირის პოლიტსაბჭოს წევრს ბორის ნემცოვს, რომლის აზრითაც, სანამ რუსეთში არ შეწყდება ანტიქართული ისტერია, პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ ურთიერთობის არაცივილიზებული გარჩევის ფორმას მიიღებს. პრეზიდენტების შეხვედრას აუცილებლად მიიჩნევს კომპოზიტორი ვლადიმირ შაინსკი, რომლის აზრითაც, თუ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას ითხოვს, შეხვედრა უნდა შედგეს. ”ჩვენ ეშმაკურად უნდა მოვიქცეთ, პოლიტიკურ ლაბირინთებში დაკარგულს გამოსასვლელი გზის მოძებნაში უნდა დავეხმაროთ,” - უთხრა გაზეთს რუსმა კომპოზიტორმა. გაცილებით რადიკალურია მომღერალი ვიაჩესლავ მალეჟიკი, რომლის განცხადებითაც, პუტინი უნდა შეხვდეს იმ პოლიტიკოსს, რომელიც სააკაშვილის შემდეგ მივა საქართველოს ხელისუფლებაში.

”როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?” - ამ თემას ეხება 9 ოქტობრის გაზეთი ”რუსკი კურიერი”, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკასაც არაშორსმჭვრეტელურს უწოდებს. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ 1994 წელს ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას. “ეს ხელშეკრულება, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, რუსეთის დუმას არ დაუმტკიცებია,” - წერს ”რუსკი კურიერი”, რომელმაც მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი კავკასიის საკითხებში ექსპერტს, პროფესორ ალა იაზიკოვას სთხოვა. იაზიკოვას აზრით, უახლოეს ხანში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოსალოდნელი არ არის - პრობლემის სიმწვავე ნელ-ნელა შემცირდება. ბუნებრივია, რომ მხარეების დაახლოება ავტომატურად არ მოხდება, - ამბობს პროფესორი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებს ნებისმიერი სახის კონტაქტების აღდგენას. მაგალითად, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ორივე მხარისთვის ავტორიტეტები არიან. ასეთთა შორის რუსი ექსპერტი ასახელებს ქირურგ ლეო ბოკერიას, რეჟისორ გიორგი დანელიას, პოლიტიკოს ვლადიმირ ლუკინს. დასკვნა კი ასე ჟღერს: ნორმალური კონტაქტების აღდგენა აუცილებელია არა მხოლოდ ურთიერთობათა მოსაგვარებლად, არამედ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG