Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრთა სხვადასხვაობა ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკის გარშემო


შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატმა უკან წაიღო მის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული შენიშვნა,

რომ შეერთებული შტატები ერაყში "ქედმაღლურად" და "ბრიყვულად" იქცეოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის განყოფილების დირექტორმა ალბერტო ფერნანდესმა ეს განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში. ფერნანდესის გარშემო ატეხილი სკანდალი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობას.

ფერნანდესმა ავადსახსენებელი ინტერვიუ "ალ-ჯაზირას" შაბათს მისცა.

[ფერნანდესის ხმა] "ერაყში ვცადეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ჩემის აზრით, ბევრი რამაა გაკრიტიკების ღირსი. ვინაიდან, ეჭგვარეშეა - ერაყში შეერთებულმა შტატებმა ქედმაღლობა და სიბრიყვე გამოავლინა."

ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, რამ აიძულა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი, საჯაროდ გაეკრიტიკებინა თავისი მთავრობის პოლიტიკა.

სახელმწიფო დეპარტამენტი უმალ გაემიჯნა ფერნანდესის განცხადებას. მოგვიანებით თავად ფერნანდესმაც თქვა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა ინტერვიუს დროს, რომელიც, მისი თქმით, არც მის საკუთარ და არც სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას არ გამოხატავს.

სულ ერთია, რა ამოძრავებდა ფერნანდესს, იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და მმართველი რესპუბლიკური პარტიის შიგნით მიმდინარე კამათს ერაყში წარმოებული პოლიტიკის თაობაზე.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა, რომ ერაყში იმატა ძალადობამ. მართლაც, ეს თვე ჯერ არ ჩამთავრებულა და გასული წლის ნოემბრიდან მოკიდებული იგი უკვე სარეკორდოა ამერიკის დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვით. ოქტომბერში ერაყში ამერიკის 83 სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული.

და ეს ხდება შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნების წინ, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი ერთობ უკმაყოფილოა ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკით. საბოლოო ჯამში ამან შესაძლოა რესპუბლიკელებს უმრავლესობა დააკარგვინოთ კონგრესის ერთ-ერთ ან ორივე პალატაშიც კი.

კვირას ერთ-ერთი ვეტერანი რესპუბლიკელი კანონმდებელი, რიჩარდ ლუგარი შეუერთდა იმათ რიგებს, ვინც ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს. ლუგარი სენატის შეიარაღებული ძალების გავლენიან კომიტეტს უდგას სათავეში.

[ლუგარის ხმა] "ერაყში უმუშევრობა 40-დან 60 პროცენტამდეა. ნავთობის წარმოება მცირდება. კორუფცია მძვინვარებს. ფაქტობრივად, სამხედრო გზით გადაწყვეტისა და სტაბილიზაციის შემთხვევაშიც კი არ არის ნათელი, როგორ დააფინანსებს ხალხი თავის მთავრობას, ფიზიკურად როგორ განაგრძობს არსებობას. ამიტომ დაგეგმვისას ხელახლა უნდა გავაანალიზოთ ქვეყნის აღგენაის საკითხი, რაც ადრე არ გაგვიკეთებია."

ერაყის გამო მზარდ ზეწოლას განიცდის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც. სულ ახლახან ერთ-ერთმა ბრიტანელმა გენერალმა, რიჩარდ დანატმა პოლიტიკურ ქარიშხალს მისცა დასაბამი როცა თქვა, რომ ბრიტანეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ერაყი, ვინაიდან იქ ყოფნით ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან.
XS
SM
MD
LG