Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები რუსეთის მედიას ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია.

თუ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მომავალ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად იქცეს, სხვების აზრით, ოქრუაშვილი პოლიტიკას აღარ დაუბრუნდება. ”მარტოხელა კოვბოი” - ასე ეწოდება სტატიას, რომელსაც 20 ნოემბრის ჟურნალი ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს და რომელიც მინდა ამჯერად გაგაცნოთ.

ჟურნალი ”ვრემია ნოვოსტეი” მკითხველს შეახსენებს, რომ საქართველოს რევოლუციურ მთავრობაში მესამე ხმაურიანი გადადგომა მოხდა: 2005 წელს თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, წელს - სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავამ. თუმცა, როგორც საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს გამოცემას, ოქრუაშვილის გავლენიდან გამომდინარე, მისმა წასვლამ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო ნათელი გახადა.
”ვრემია ნოვოსტეის” ვარაუდით, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომა ვაშინგტონის რეკომენდაციით მოხდა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად გამოცემა წერს, რომ როგორც კი ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ სოხუმში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ”საქართველოს ხელისუფლებას ახალი მიდგომა აქვს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. თბილისში უკეთ ესმით ძალის გამოყენების დაუშვებლობის.” რაც შეეხება სოხუმის რეაქციას ოქრუაშვილის მთავრობიდან წასვლაზე, სერგეი შამბას თქმით, საბედნიეროდ, სააკაშვილს ჭკვიანი მრჩევლები აღმოაჩნდნენ, რომლებმაც ოქრუაშვილის გადაყენების რჩევა მისცეს. ამავე დროს, ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ისტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის წინ კარგად მოფიქრებული ჟესტი იყო. ”ასეა თუ ისე, სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების განახლების პირობად კვლავ კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას აყენებს,” - წერს 20 ნოემბრის ჟურნალი ”ვრემია ნოვოსტეი”.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ამერიკის სენატის მიერ მიღებული კანონპროექტია, რომელიც ნატოში ალბანეთის, ხორვატიის, მაკედონიისა და საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას ითვალისწინებს. 20 ნოემბრის ჟურნალ ”კომერსანტის” ცნობით, ამ მიზნით ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი 20 მილიონი დოლარიდან ყველაზე მეტ დახმარებას - 10 მილიონ დოლარს -საქართველო მიიღებს. როგორც ”კომერსანტი” წერს, საქართველოს ოთხ კანდიდატს შორის მოხვედრა, ერთი შეხედვით, მოულოდნელია, რადგან, ალბანეთის, მაკედონიისა და ხორვატიისგან განსხვავებით, საქართველო ნატოს წევრი-კანდიდატიც კი არ არის. საქართველოზე, როგორც ნატოს წევრობის რეალურ კანდიდატზე, საუბარი მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო. თუმცა, ”კომერსანტის” აზრით, მოვლენების ასე განვითარება მარტივად შეიძლება აიხსნას, კერძოდ: ” როგორც ჩანს, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან ნატოს პირველი წევრი საქართველო გახდეს - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე გადის ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. ამ თეზისს ადასტურებს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კოორდინირებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.” ”საქართველოში სენატის მიერ მიღებულმა კანონმა ოპტიმიზმი გამოიწვია,” - წერს “კომერსანტი” და დაასკვნის: ”მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს რიგაში დაგეგმილ სამიტზე საქართველო ნატოში მიწვევას არ მიიღებს, ასე ვთქვათ, ”პოზიტიური სიგნალი” ოფიციალურ თბილისს გარანტირებული აქვს.”
XS
SM
MD
LG