Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუში ერაყის მიმართ პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას ახალ წლამდე არ ამიიღებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადადო ერაყის მიმართ ამერიკის ახალი სტრატეგიის გამოცხადება.

როგორც იტყობინებიან, ბუში იმდენად არის დაკავებული ერაყთან დაკავშირებით მიღებულ ურთიერთგამომრიცხავ რეკომენდაციებში გარკვევით, რომ თავის საბოლოო გადაწყვეტილებას ახალ წლამდე ვერ წარმოადგენს.

ზუსტად ერთი კვირის წინ ერაყის საკითხების შემსწავლელმა ორპარტიულმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ერაყში ვითარება მძიმეა და სულ უფრო უარესდება.

კომისიის რეკომენდაციებს შორისაა მოლაპარაკებების პროცესში ირანისა და სირიის ჩართვა და 2008 წლამდე ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანა. ყოველივე ეს პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის რადიკალურ ცვილებას ნიშნავს.

შეერთებულ შტატებში ბევრი მიესალმა კომიის რეკომენდაციებს. მაგრამ თავად ბუშს ჯერჯერობით უჭირს მყარი პოზიციის შერჩევა. იგი გაბმული აღმოჩნდა ადმინისტრაციის შიგნით არსებულ დაჯგუფებებსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სხვადასხვა მოკავშირის პოზიციებს შორის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სამშაბათს შეეცადა გაექარწყლებინა პრეზიდენტის გარშემო მზარდი დაძაბულობა.

[რაისის ხმა] "გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დრო გვჭირდება ახალი სტრატეგიის გადასახარშად, იმისთვის, რომჩვენს მრჩევლებთან მოვითათბიროთ და შემდეგ მოქმედების გეგმა წარმოვადგინოთ. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, ეს არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოხდება. მაგრამ აუცილებელია, პრეზიდენტმა იგრძნოს, რომ მას სრული კონსულტაცია გაუწიეს, რომ მას საუკეთესო რჩევა მისცეს."

სხვაგვარად ფიქრობენ ბუშის ოპონენტები. მათი აზრით, გაჭიანურება არავისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

ჯერჯერობით შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ. მაგრამ ამერიკის პრესა სავსეა ცნობებით იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ წამყვანი პოლიტიკოსები ერაყის მიმართ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

როგორც იტყობინებიან, კონდოლიზა რაისი და მისი მომხრეები მხარს უჭერენ ცენტრისტი სუნიტი ლიდერების შემოკრებას შიიტი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქის გარშემო. ამ კონცეფციის მთავარი აზრი ისაა, რომ შეიქმნას ცენტრისტული შიიტურ-სუნიტური კოალიცია, რომელიც ერაყში სტაბილურობას შეუწყობდა ხელს და იზოლაციაში მოაქცევდა გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

ასევე იუწყებიან, რომ გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინის აზრით, ეს გეგმა განუხორციელებელია. ჩეინი შიიტური უმრავლესობისთვის მხარდაჭერას ემხრობა.

ამგვარი პოლიტიკა აღიზიანებს საუდის არაბეთს - სუნიტური ისლამის ერთ-ერთ ფორპოსტს. როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" იტყობინება, ჩეინისთან შეხვედრაზე საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუკი ბუშის ადმინისტრაცია ერაყელ შიიტებს დაუჭერს მხარს და საკუთარ ჯარებს გაიყვანს, მაშინ საუდის არაბეთი იძულებული შეიქნება ფინანსური დახმარება გაუწიოს ერაყელ სუნიტებს.

ორშაბათს საუდის არაბეთის ცნობილმა სასულიერო პირებმა მთელი მსოფლიოს სუნიტებს მოუწოდეს ერაყელი შიიტების წინააღმდეგ მობილიზაციისკენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია შეერთებული შტატების ჯარების გადაჯგუფების საკითხიც. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტონი სნოუმ სამშაბათს განაცხადა:

[სნოუს ხმა] "ახალი სტრატეგიის გამოცხადება არ მოხდება ახალ წლამდე. ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ეს. ამიტომ ვერ დაგისახელებთ თარიღს, ვერ დაგისახელებთ დროს, ვერ დაგისახელებთ ადგილს, ვერ დაგისახელებთ, რა სახით მოხდება ეს. ასე რომ, მთელი ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზიდენტი განაგრძობს მრჩევლებთან თათბირს სამოქმედო გეგმის თაობაზე."

მომავალი თვიდან კონგრესს დემოკრატები გააკონტროლებენ. ასე რომ, ბუშს სულ ცოტა დრო რჩება გადაწყვეტილების მისაღებად.
XS
SM
MD
LG