Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულნი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამ ბოლო წლებში გახშირდა

სხვადასხვა გამოკითხვები და სპორტული სეზონის შედეგების შემაჯამებელი საღამოები. გამონაკლისი არც წლევანდელი დეკემბერი ყოფილა. ამ საქმის თაოსნებად სპორტული ჟურნალისტები ითვლებიან და ამჯერადაც წლის ლაურეატთა დაჯილდოების, ასე ვთქვათ, ფინალური ცერემონია სწორედ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოაწყო.

ჩვენი სპორტის ისტორიას არაერთი დიდი გამარჯვება ახსოვს და ეს ისტორია წლეულს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით შეივსო. რეფერენდუმები თუ გამოკითხვები კი იმისთვის ტარდება, რომ შეაჯამოს და შემოინახოს ყველა მეტნაკლებად ღირებული სპორტული შედეგი. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმს უკვე ორმოცდაორწლიანი ისტორია აქვს. ამჯერად საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების გამოვლენაში 40 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ანკეტებში სულ 38 სპორტსმენი დასახელდა, მათგან 10 უძლიერესი კი მიღებული ქულების ჯამით გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა და 200-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძე. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებამდე ზვიადაურმა წლის საუკეთესო სპორტსმენის თაობაზე ასეთი პროგნოზი კააკეთა.

[ზურაბ ზვიადაურის ხმა] "არა მარტო მე, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ზაზა კედელაშვილი_წლის საუკეთესო სპორტსმენი"

ამავე აზრისაა გიორგი ასანიძეც.

[გიორგი ასანიძის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ კედელაშვილი უნდა გახდეს საუკეთესო სპორტსმენი, ვინაიდან მან წელს შეძლო ყველა უმაღლესი რანგის შეჯიბრების მოგება, სადაც მას მოუწია გამოსვლა. ამას ემატება საკლუბო ტურნირები, გუნდური ჩემპიონატი. მას არ წაუგია არც ერთი შეხვედრა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კედელაშვილი გახდება პირველი."

ახლა ჩვენს კოლეგას, გაზეთ "სპორტის" ჟურნალისტს ირაკლი თავაძე მოვუსმინოთ.

[ირაკლი თავაძის ხმა] "კედელაშვილს მივეცი ხმა. ამას არც ვმალავ. ეს ბიჭი გახდა ევროპის ჩემპიონი და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს გუნდური პირველობა. ეს იყო მისთვის სადებიუტო სეზონი და ძალიან იშვიათად ხდება, რომ პირველივე წელს სპორტსმენი ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ბუნებრივია, ბევრს ჰქონდა წარმატებები, მაგრამ მე მაინც კედელაშვილი გამოვარჩიე."

ასევე კედელაშვილი გამოარჩიეს რეფერენდუმში მონაწილე სხვა ჟურნალისტებმაც. მან ჯამში 361 ქულა აიღო და საქართველოს 2006 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ზაზა კედელაშვილის კომენტარს გადაცემის ბოლოში მოისმენთ, მანამდე კი ათეულში დასახელებულ სხვა ლაურეატებს წარმოგიდგენთ. 270 ქულით მეორე ადგილი ერგო გიორგი გოგშელიძეს, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აიღო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე იყო. სპორტულმა ჟურნალისტებმა სათანადოდ შეაფასეს ქართული კალათბურთის ლიდერის ზაზა ფაჩულიას წლევანდელი სანაკრებო თავდადება და წარმატებული სეზონი ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ზაზა 242 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. წლის საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ აგრეთვე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, მოჭიდავეები_დავით ბედინაძე, რევაზ მინდორაშვილი, მინდია ბოდაველი და მანუჩარ კვირკველია, ფეხბურთელები_შოთა არველაძე და ლევან კობიაშვილი.

მერე წლის საუკეთესო გუნდების ჯერიც დადგა. წესით, ლაურეატად ერთი გუნდი უნდა დასახელებულიყო, მაგრამ რეფერენდუმის ორგანიზატორებმა, წლევანდელი შედეგების გათვალისწინებით, გამონაკლისი დაუშვეს და პოდიუმზე ერთბაშად უხმეს ძიუდოისტებს და მორაგბეებს. ჩვენმა მორაგბეებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვეს მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზური, მთავარი სათასო ტურნირი კი გაისად საფრანგეთში ჩატარდება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან საფრანგეთი, ირლანდია, არგენტინა და ნამიბია. ძიუდოისტებისთვის მთავარი ამბავი 17 სექტემბერს პარიზში მოხდა_საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ეს შეჯიბრება 1994 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი ტურნირი ფრანგებმა მოიგეს, მომდევნო ორი - იაპონელებმა. ქართველებმა პირველად 2002 წელს იჭიდავეს, ფინალში იაპონიასთან დამარცხდნენ და ვერცხლის ჯილდო მიიღეს. მეორე ცდა დიდი გამარჯვებით დასრულდა_საქართველო მსოფლიოში პირველია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი ფრიად კმაყოფილია სპორტული სეზონისა და ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგებით.

[შოთა ხაბარელის ხმა] "პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, იმისათვის რომ მართლა ორგანიზებულად კეთდება ყოველ წელიწადს. და, რაც მთავარია, კანონზომიერად არის გამოვლენილი ის საუკეთესო ათეული და საუკეთესო გუნდები. მე მგონი, რომ პრეტენზია არავის არ ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. დღევანდელი დღეც იმის დასტური იყო, რაც გავაკეთეთ. ასე შეგვიფასეს ჟურნალისტებმა.”

ბოლოს საქართველოს 2006 წლის საუკეთესო სპორტსმენს ზაზა კედელაშვილს მოვუსმინოთ.

[ზაზა კედელაშვილის ხმა] "ძალიან გახარებული ვარ. ეს ის ხალხია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხან გვაკრიტიკებენ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ხანაც გვათამამებენ თავიანთი სტატიებით. მართლაც დასაფასებელი ხალხია და ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მინდა მადლობა ვუთხრა ამ საღამოს ორგანიზატორებს და ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ბედნიერება, სიკეთე და სიხარული".
XS
SM
MD
LG