Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Apple-ის ახალი პროდუქტი


კომპანია Apple Computer-მა საჯაროდ გამოაცხადა დიდი ხნის ნანატრი ახალი პროდუქტის, iPhone-ის შესახებ.

ეს გახლავთ ელექტროაპარატი, რომელშიც კომბინირებულია მობილური ტელეფონი, მუსიკის დამკვრელი iPod-ი, კამერა და ინტერნეტი. ახალი ტექნოლოგიის მოყვარულების ენთუზიაზმმა პირდაპირი ასახვა ჰპოვა კომპანიის აქციების კურსზეც, რომელმაც ახალ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.

სამშაბათს Apple-ის ხელმძღვანელის, სტივენ ჯობსის გამოსვლა სან ფრანცისკოში, მაკუორლდის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩამოჰგავდა მოძღვრის ქადაგებას მოწმუნეთა წინაშე.

[ჯობსის ხმა] "iPod-ი, ტელეფონი და ინტერნეტთან კავშირი. iPod-ი, ტელეფონი და ინტერნეტთან კავშირი. ხვდებით, რას გეუბნებით? სამი სხვადასხვა მოწყობილობა კი არა. ეს ერთი მოწყობილობაა და ჩვენ მას iPhone-ს ვუწოდებთ."

შემდეგ მოძღვარმა დამსწრეთ აჩვენა, როგორ უდა შეარჩიო სასურველი მუსიკა მუსიკალური კლიპების სიიდან.

[ჯობსის ხმა] "როგორ ჩავუყვები შემსრულებელთა სიას? როგორ ვაკეთებ ამას? უბრალოდ ვიღებ თითს და სიას ჩავუყვები."

Apple-ის გულშემატკივრები რამდენიმე თვეა სულმოიუთქმელად ელოდნენ ამ მომენტს, მას მერე, რაც iPhone-ის შესახებ მითქმა-მოთქმა გაჩნდა.

თუმცა გახარებული არიან არა მხოლოდ ტექნოლოგიის ფანები, არამედ ინვესტორებიც. ახალი მოწყობილობის გამოჩენის შედეგად Apple-ის აქციების კურსი 8 პროცენტით გაიზარდა.

კომპანია იმედოვნებს, რომ iPhone-ი გაიმეორებს კომპანიის სხვა რევოლუციური ტექნოლოგიის, iPod-ის წარმატებას. Apple-მა აქამდე 70 მილიონი iPod-ის გაყიდვა შეძლო.

მაგრამ მობილური ტელეფონების ბაზარი ბევრად უფრო ფართოა. მარტო გასულ წელს მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი მობილური ტელეფონი გაიყიდა.

ასე რომ, სპეციალისტების აზრით, iPhone-ის მეშვეობით Apple-ი უზარმაზარ მოგებას ნახავს. შეერთებულ შტატებში მისი გაყიდვის დაწყება ივნისში დაიწყება.

თუმცა ზოგნი ფრთხილობენ და ფიქრობენ, რომ მისი საწყისი ფასი - 500 დოლარი - ერთობ მაღალია, და ამიტომ იგი სწრაფად ვერ იქცევა მასობრივი მოხმარების პროდუქტად.

iPhone-ი არ ყოფილა ერთადერთი სიახლე, რომელიც სტივენ ჯობსმა გამოაცხადა სამშაბათს. სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში კომპანია Apple Computer-ის გავლენის ზრდის გამო ამიერიდან მას უბრალოდ Apple ეწოდება.
XS
SM
MD
LG