Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


დავით ზურაბიშვილი დღეს თავის დღიურებს გაგვაცნობს მწერალი

და პარლამენტის დეპუტატი დავით ზურაბიშვილი.

28 იანვარი, კვირა
ჩემთვის ყოველი დილა ერთნაირად იწყება, გინდ კვირა იყოს, გინდ ხუთშაბათი.
ვიღვიძებ მძიმედ, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ერთ ფინჯან ყავას არ დავლევ და ლუკმას არ გადავყლაპავ, ჯობია, არავინ შემაწუხოს ოჯახის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანგარიშით ("ესაა მოსატანი", "ისაა გადასახდელი" და ა.შ.), თუ სხვა აქტუალური საკითხებით. საუკეთესო შემთხვევაში ხეირიანად ვერც გავიგებ, რას მეუბნებიან, უფრო კი ნერვები ამეშლება და მერე მთელი დღე უხიაგო გუნებაზე ვარ. არაფრის ხალისი აღარ მაქვს ხოლმე.
ჩემნაირი გამოუწორებელი ოპტიმისტისთვის ცუდ ხასიათზე ყოფნა ერთგვარად არაბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ დღის ბოლოს, როგორც წესი, ვეღარ ვუძლებ ამაოების განცდას და "მკურნალობის" მიზნით რომელიმე მეგობარს ვსტუმრობ, სადაც გვიანობამდე ვიქცევთ თავს შოტლანდიური ვისკის, ამერიკული ბურბონის ან მექსიკური ტეკილას თანხლებით. ამგვარი სტიმულატორების გამო ვიძინებ ძალიან გვიან და შემდეგი დილა კიდევ უფრო მძიმე გაღვიძებით იწყება. ყველაფერი მეორდება (იხ. ზემოთ).
"რა არის ეს, რა სისულელეს წერ? ვიღაცას მანიაკი ლოთი ეგონები. ეგღა გაკლიათ ოპოზიციას სრული ბედნიერებისთვის!.."
ეს ხათუნაა, ჩემი მეუღლე. ამ წუთას თავზე მადგას და კომპიუტერის ეკრანიდან ამოკითხულის კომენტირებითაა დაკავებული. "თავისუფლების დღიურების" 2006 წლის ვერსიას უკვე გაეცნო და ძალიან უნდა, რომ რაღაც საინტერესო დავწერო.
ცოტა რთული ამოცანაა, რადგან თითქმის მთელი დღე შინიდან არ გავსულვარ, ვსვამდი არანორმალური ოდენობით ყავას, ვკითხულობდი აკუნინს, ვუყურებდი ტელევიზორს, ვუსმენდი Pink Floyd-ს და ДДT-ს, დავბორიალობდი ინტერნეტში და ვთამაშობში Quake 4-ს (ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები, შეიძლება ითქვას, ჩემი ასაკის შეუფერებლად მიყვარს, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ბევრი სროლაა და ათასი ჯურის მონსტრები დაგდევენ).
ხათუნა: "ახლა კიდევ ინფანტილური უსაქმურის პორტრეტი დახატე. სულ გაგიჟდი? წაშალე ყველაფერი და დაიწყე თავიდან!.."
რა ვქნა, ფაქტი ჯიუტია. მართლაც ასეთი მდორე და არადინამიური დღე მქონდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საღამოს საზოგადოებრივ არხზე დამიძახეს გადაცემა "არგუმენტში". ამ გადაცემაში ხშირად მიწვევენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, მგონი, ოპოზიციონერის შტატში ვყავართ აყვანილი და შემიძლია ანაზღაურებაც მოვითხოვო...
"არგუმენტი" საკმაოდ ორიგინალური ტოკ-შოუა. იგი სამ ბლოკადაა დაყოფილი. ერთი ბლოკი ეთმობა ოპოზიციონერებს, მეორე ბლოკში კი გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპონირებას უწევენ ოპოზიციას. ელემენტარული ლოგიკით, პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ამას ვინ ჩივის? მესამე ბლოკიც ხელისუფლებისაა, ოღონდ ამჯერად ექსპერტების ჰიპოსტატით წარმოდგენილი...
ამიტომაც, ყველა გადაცემა ერთი სცენარით მიდის. რაც უნდა ითქვას პირველ ბლოკში, მეორეში აუცილებლად გვეტყვიან, რომ ყველაფერი არის კარგად და იქნება კიდევ უკეთესად, ხოლო მესამე ბლოკში დაასკვნიან, რომ შესაძლოა ყველაფერი იდეალურად ვერ არის, მაგრამ ნამდვილად უკეთესობისკენ მივდივართ.
დღევანდელი გადაცემის თემა იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ოპოზიციიდან ჩემს გარდა ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი იყო მოწვეული - ეტყობა, პირველი ბლოკის სტუმრები გვაროვნული პრინციპით შეარჩიეს. პირადად ჩემთვის ეს თემა ძალიან უინტერესოა, რადგან აქ ყველაფერი ნათელია: კავკასია და, კერძოდ, საქართველო რუსეთს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიაჩნია და სანამ ჩვენ თვითონვე არ დავაყენებთ რუსეთს იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში არის სერიოზული წინსვლა ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მანამდე არაფერი გვეშველება. და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ხელისუფლების სათავეში. ასე იყო გამსახურდიას დროსაც, შევარდნაძის დროსაც და ახლაც ასეა.
ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას კი, როგორც მინიმუმი, თავისუფალი, წელგამართული ბიზნესი სჭირდება და კიდევ დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო... ეჰ...
ხათუნა: "რა ეჰ? ძლივს რაღაც საინტერესო თემაზე დაიწყე წერა და ამით გინდა დაამთავრო?"
რა ვქნა, აბა? გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქვას, ჩვენს სასამართლოზე მოკლედ "ეჰ"-ებით, "ოჰ"-ებით და "ვაი-უის" ტიპის შორისდებულებით თუ ილაპარაკებ, ბიზნესის თავისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ ჯობს, მართლა დავამთავრო. თანაც, ეს ყველაფერი ტელეგადაცემაში ვთქვი და ვეჭვობ, კიდევ არაერთხელ მომიწევს გამეორება.

29 იანვარი, ორშაბათი
პოლიტიკოსის ცხოვრება ძირითადად ოთხი ვერბალური ელემენტისგან შედგება: მოლაპარაკებები, თათბირები, სიტყვით გამოსვლები და ინტერვიუები. სხვანაირად რომ ვთქვათ, პოლიტიკოსის ყოველდღიური საქმე ლაპარაკია. ეს არც ისე ადვილი რამ არის, რადგან მუდმივად გიწევს ვიღაცის რაღაცაში დარწმუნება, თან სულ გაყვედრიან, ეს პოლიტიკოსები ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებენო.
მეც ამ ორშაბათ დილას კეთილსინდისიერად ვასრულებდი პოლიტიკოსის ფუნქციას, ანუ ვლაპარაკობდი. დღის პირველ ნახევარში დავურიგე ინტერვიუები "იმედს", "რუსთავი 2"-ს, საზოგადოებრივ არხს და "კავკასიას". ხოლო საღამოს შევხვდი დათო უსუფაშვილს და ერთობლივად შევეცადეთ, პასუხი გაგვეცა რუსული ინტელიგენციის მარადიულ კითხვაზე "რა ვაკეთოთ?". მეორე მარადიული შეკითხვის - "ვინაა დამნაშავე?" - პასუხი კარგა ხანია, გარკვეული გვაქვს.
სახლში გვიან ვბრუნდები. აქ მთავარი თემა ბავშვების მეცადინეობაა. უფროსი შვილი გიორგი გაისად სკოლას ამთავრებს და ოჯახში დიდი ვნებათაღელვის საწყისი ეტაპია. აქაურ უმაღლეს სასწავლებელში რომ აპირებდეს ჩაბარებას, სანერვიულო არც არაფერი იქნებოდა. ჩვენებური "რეფორმის" წყალობით ხომ სკოლაში როგორ სწავლობ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სტუდენტობისთვის მხოლოდ სამი რამ არის საჭირო: საყველპურო ინგლისური, ელემენტარული დონის მათემატიკა და მფრინავ ჟირაფებზე ტესტში (ზოგად უნარებს რომ ეძახიან) გაწაფვა. ეს არის და ეს. ადრე უვიცებს ქრთამით ღებულობდნენ, ახლა უქრთამოდაც მწვანე გზა აქვთ. დიდი მადლობა პარტიას და ხელისუფლებას...
მაგრამ რახან გიორგი ამერიკულ აკადემიაში ირიცხება, რომლის ატესტატსაც მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტებიც აღიარებენ, მას სერიოზული მომზადება სჭირდება. თუმცა, როგორც უნდა მოემზადოს და რა კარგი შეფასებებიც უნდა დაიმსახუროს, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადამხდელები ჩვენ მაინც ვერ ვართ. ამიტომ ღამღამობით გათავისუფლებულ კომპიუტერთან ვჯდები და ინტერნეტიდან ვკრეფ ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ფინანსურ შეღავათებზე. ეს ორმაგად სასარგებლო საქმეა, რადგან უმცროსი ქალიშვილი, ანასტასიაც, ამერიკულ აკადემიაში სწავლობს.

30 იანვარი, სამშაბათი
კაი გვიან გავედი სახლიდან. პარლამენტში ზამთრის არდადეგების პერიოდია და კომიტეტის სხდომებიც არა გვაქვს. წელიწადის ეს დრო პოლიტიკაში, როგორც წესი, მკვდარი სეზონია. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრები ძნელად ეგუებიან იმას, რომ პარლამენტის წევრს შეიძლება ათ საათამდე ეძინოს და მერე კიდევ ორი საათი დაბორიალობდეს სახლში უსაქმოდ.
ისე, მკვდარი სეზონი ეძახე შენ და ჩვენი მთავრობის ხელში ვინ დაგასვენებს? დღე არ გავა, რაღაც რომ არ აიტეხონ. ახლა შენობა-ნაგებობებს არიან მიმდგარი: ზოგს ანგრევენ, ზოგს ართმევენ და თან იძახიან, წესრიგს ვამყარებთ ქალაქშიო. კერძო საკუთრება, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, გაუქმებულია. არანაირი საბუთი არ ჭრის. მოვა მერიის ზედამხედველობის სამსახური და ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მოგაყენებს ბულდოზერს, ან ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზიით გაიგებ, რომ ბინა ჩამოგართვეს... წადი მერე და სადაც გინდა, იჩივლე. ვის შესჩივლებ, სასამართლო მკვდარია!..
იმ ქვეყანაში, სადაც პრეტენზია აქვთ არათუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე, არამედ, საერთოდ, სახელმწიფოებრიობაზე, ასეთი რამ თავშიც არ უნდა მოსდიოდეს არავის. ნამდვილად არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენი სახელისუფლებო ელიტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია, იმდენად იდიოტობის ზღვრამდე მისული უგუნურებაა, რომ არათუ პოლიტიკის, ყოველგვარი საღი აზრის ფარგლებს ცდება. როცა ქალაქის ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მან 1998 წელს დაარღვია 2000 წელს მიღებული კანონი და ამის საფუძველზე მერია მოქალაქეს ჩამოართმევს 1990 წელს კალინინის რაიონის აღმასკომის მიერ გაცემული ბინის ორდერს, ეს უკვე ისეთ მეტაფიზიკურ სივრცეებში გადადის, კაფკასაც რომ არ მოლანდებია.
ისე, საინტერესოა, რას დაწერდა ფრანც კაფკა, თანამედროვე საქართველოს რომ მოსწრებოდა - რევოლუციურს, რა თქმა უნდა, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს? ალბათ, ბევრს ვერაფერს, რადგან მისი მხატვრული სამყარო სისტემური ბიუროკრატიის განზოგადოებული მოდელია, ჩვენთან კი არანაირი სისტემა არ არსებობს. "რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ" და "რასაც გვინდა, იმას გიზამთ"-ის გარდა.
მოკლედ, ცუდ ფეხზე ავდექი: დილიდან აღშფოთებული ვიყავი ამ დანგრევა-წართმევის კამპანიის გამო. პირველ საათზე წავედი რადიო "უცნობში", სადაც ნახევარი საათი ვაფრქვევდი აღშფოთების ვულკანს და ცოტა გადამიარა. მერე გადავინაცვლე პარლამენტში. დავესწარი ფრაქციის სხდომას. გუნება-განწყობილება დიდად არ გამომიკეთდა და ამიტომ საღამოს ოჯახის წევრებს და ბავშვების მეცადინეობის პერიპეტიებს თავი მოვარიდე. ამის სანაცვლოდ გია ჭუმბურიძეს გავუარე, სადაც გვიანობამდე შევრჩი. საერთოდ, ძველ მეგობრებთან სტუმრობა მიყვარს. სხვა თუ არაფერი, ის მაინც მახსენდება, რომ პოლიტიკის გარდა, რაღაც სხვა ინტერესებიც მაქვს ცხოვრებაში.

31 იანვარი, ოთხშაბათი
სახლში გვესტუმრა ჟურნალისტი ჟურნალ "რეიტინგიდან". ჩემი ოჯახური პორტრეტი უნდა დახატონ. აუღეს ინტერვიუები ოჯახის წევრებისგან. გადაგვიღეს ფოტოები და წავიდნენ. ეს ფერადი ჟურნალები ერთმანეთს ჰგავს და საკმაოდ პოპულარულია უფროსი თაობის დიასახლისებში. ამის ცოცხალი მაგალითები არიან დედაჩემი და ჩემი სიდედრი. მართალია, ისინი ნაკლებად არჩევენ იმას, "სარკეს" კითხულობენ, "რეიტინგს" თუ "თბილისელებს", მაგრამ რომ კითხულობენ, ფაქტია. არაერთხელ ვყოფილვარ იმის მომსწრე, როგორ დაუციტატებიათ ამ ჟურნალებიდან ამოკრეფილი ჭორ-მართალი.
განსაკუთრებით სახალისოა ჟურნალების ტელერეკლამა. აქაც ყველა ჟურნალი ზუსტად ერთსა და იმავე ხერხს მიმართავს: ანონსებისთვის გამოყენებულია სკანდალურად დამაინტრიგებელი სათაურები, ვთქვათ: "როდის ღალატობს ცოლს პეტრე?", ან "რა საიდუმლო გაუმხილა პავლეს პრეზიდენტმა?" ან "როგორ ცდილობდა ანჯელინა ჯოლი ივანეს შებმას?". ამის მერე გადაშლი ჟურნალს და წაიკითხავ, რომ თურმე არც პეტრე ღალატობს ცოლს, არც პავლესთვის არანაირი საიდუმლო არ გაუმხელიათ და ივანესაც ანჯელინა ჯოლი მარტო ეკრანზე ჰყავს ნანახი... მაგრამ ჟურნალი ხომ უკვე ნაყიდი გაქვს?
ერთხელ ჟურნალ "სარკის" ტელერეკლამაში დააანონსეს, დავით ზურაბიშვილის სახლიდან წივილ-კივილი ისმისო, და სანამ გაარკვიეს, რომ ეს ფეხბურთის გულშემატკივრობას ეხებოდა, ათასმა ნაცნობ-მეგობარმა დარეკა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა თქვენს ოჯახშიო?
დღე დაიწყო მასმედიით და მასმედიითვე მთავრდება. ათიდან თორმეტამდე, ღამის ტოკ-შოუ "კავკასიაზე", რომელსაც სახელად ჰქვია "პოზიცია" და სადაც გამოდის მარტო ოპოზიცია. ხელისუფლება "კავკასიაში" არ დადის. ისინი დიდი ხანია, საერთოდ არ მონაწილეობენ არანაირ დებატებში. მოტივი: ჩვენ ლაყბობისთვის არ გვცალია, საქმე გვაქვს საკეთებელიო. ჰოდა, სწორედ მათ საქმეთა საგმირონზე ვმსჯელობდით ორი საათი. თემა იგივეა: კერძო საკუთრების დაუცველობა.
მართლაც გასაოცარია, რას უშვრება ადამიანს ძალაუფლება. ეს ძალიან მძიმე გამოცდაა ყველასთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე. შეიძლება, ვიღაც ვერ მოისყიდო და ვერ დააშინო, მაგრამ საკმარისია, ძალაუფლება მიიღოს, რომ აქეთ იწყებს სხვების მოსყიდვას და დაშინებას. მთავარი უფლებადამცველი მთავარი უფლებადამრღვევი ხდება, კორუფციასთან მებრძოლი - კორუფციის მფარველი და ა.შ. მერამდენედ ხდება მსგავსი რამ ისტორიაში, მერამდენედ ვარ ამის მომსწრე თავად და მაინც მძიმე გადასატანია. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩემს ძველ ნაცნობ-მეგობრებს ეხება და გარკვეულწილად მეც პასუხისმგებელი ვარ მათ საქციელზე.
გვიან ღამით რელაქსაციის მიზნით კომპიუტერი და Quake 4... ჩავები სისხლისმღვრელ ვირტუალურ ბატალიებში და მოვკალი მონსტრად ქცეული თანამებრძოლი. საკმაოდ სიმბოლურია. ოღონდ ცხოვრებაში, მგონი, პირიქით ხდება...

1 თებერვალი, ხუთშაბათი
პარლამენტში ერთი ძველი ნაცნობი მომადგა, ბოლო ოც წელიწადში სულ ორჯერ რომ მყავს ნანახი. უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, უსამსახუროდ დავრჩიო და აშკარად მიმანიშნა, იქნებ თავისუფლების ინსტიტუტთან მიშუამდგომლოო. რომ ნახა, ჩემგან ხეირი არ არის, დამემშვიდობა, წავალ, იქნებ ბოკერიას დაველაპარაკოო. ვერაა ეს ხალხი ჯანზე! კიდევ კარგადაა ჩვენი საქმე...
ასეთი ადამიანები ცოტანი რომ იყვნენ, რა გვიჭირს, მაგრამ სახელი მათი ლეგიონია. მნიშვნელობა აქვს მარტო იმას, რაც მათ პირადად ეხებათ და მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ახლა, ამ წუთას, მათ თავს ხდება. ვინა თქვა, ეს ხელისუფლება ეროვნული არ არისო?

2 თებერვალი, პარასკევი
წყნარი დღეა, საღამოს კი - ინგა გრიგოლიას "რეაქცია". კვლავ მესაკუთრეთა პრობლემები. ხელისუფლება ამჯერადაც არ მონაწილეობს. სამაგიეროდ, მათი მხარდამჭერები - სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია და რეჟისორი გია ჭანტურია - სხედან სტუდიაში. ცალუღელა ხარის ამბავია, მაგრამ უოპონენტობას მაინც ჯობია. მთლად მონოლოგის რეჟიმში მაინც არ ვიქნები.
თუმცა, ეს ისეთი თემაა, ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერა არანაირად არ გამოდის. ეტყობა, შენ თვითონ უნდა იყო სახელისუფლებო ელიტის გენერალი, რომ წარბშეუხრელად ამტკიცო: ორჯერ ორი ოთხი კი არ არის, ოცდაჩვიდმეტია და ამ აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებსო. ესენი კი აშკარად არ არიან გენერლები, უფრო რიგითებს მიეკუთვნებიან და ამიტომ მორიდებით გვიმტკიცებენ: კი, ორჯერ ორი ოცდაჩვიდმეტი არ არის, ნამდვილად ოთხია, ჰა-ჰა ხუთი და ხანდახან შეიძლება ექვსიც იყოსო.
კერძოდ, გიამ თქვა, თბილისში ბევრი უსახური ნაგებობაა და თუ ყველას დაანგრევენ, მე კმაყოფილი ვიქნებიო. ამ ლოგიკით, მთელი გლდანი, მუხიანი და ვარკეთილი უნდა აღგავო პირისაგან მიწისა და ცენტრალური უბნების დიდი ნაწილიც მიაყოლო. ემზარმა კიდევ - ეს არის კონფლიქტი საზოგადოებრივ ინტერესებსა და კერძო საკუთრების პრინციპს შორისო. ამაზე ისე გავბრაზდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ რაღაც საშინელებები არ მეთქვა. ისე, ბევრიც არ დავაკელი. ვითომ არ იცის, რა ხდება! ერთი, მაგას უნდა მიუნგრიონ სახლი ბულდოზერით და მერე ილაპარაკოს Public Good-ზე და მსგავს ამაღლებულ მატერიებზე.
არადა, რომელიმეს რომ ეთქვა, მე სულ არ მესიმპათიურება ეს ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლების ქმედებას ამ შემთხვევაში გამართლება არა აქვსო, იმწუთსვე იქცეოდნენ გმირებად. თუმცა, აქ მარტივი ალტერნატივაა: ან სიმართლე, ან ურთიერთობის გართულება ხელისუფლებასთან. ეს კი არანაირად არ უნდათ არანაირი სიმართლის ფასად. აი, პირადად თუ შეეხებიან, მაშინ სხვა საქმეა.
ისე, კონფორმიზმი ჰქვია ამას. არახალია, მაგრამ მაინც გვიკვირს. ხანდახან.

3 თებერვალი, შაბათი
დღეს საღამოს დღიურის პრეზენტაცია უნდა მოვახდინო რადიო "თავისუფლებაში". კვლავ კომპიუტერი. დაწერილს ვარედაქტირებ. თავს კვლავ სახალხო კონტროლი მადგას ჩემი მეუღლის სახით. ცოტა ზედმეტად პოლიტიკური ჟღერადობის გამომივიდა, მაგრამ გულწრფელად შევეცადე, გადმომეცა ის, რასაც ამ კვირაში განვიცდიდი. წმინდა ქრონიკალური აღწერით რომ შემოვფარგლულიყავი, ალბათ, სულ ჟურნალისტებთან ინტერვიუების შესახებ უნდა მელაპარაკა.
ხათუნა: "თორემ ცოტა ილაპარაკე! მეტი არც არაფერი გიწერია: წავედი ამ გადაცემაში, იმას ეს ვუთხარი, ამას - ის... ესაა, საინტერესოდ დავწერო?"
აბა, რა ვთქვა? რაც არის, ეს არის. პოლიტიკოსის ცხოვრება მაინც განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანის ყოველდღიურობისგან. თუნდაც იმიტომ, რომ თავად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაა ზედმეტად პოლიტიზებული. ამ დროს არის უამრავი ადამიანი, ჩვენზე ჭკვიანიც და ჩვენზე სულელიც. ადამიანები, რომელთაც არ ართმევენ ინტერვიუებს, არ ეძახიან ტოკ-შოუებში, მაგრამ ისინი ცხოვრობენ. ხელისუფლებები იცვლებიან, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება კი თითქოს არც იცვლება. პოლიტიკოსებსაც, ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველდღიურობა შთანთქავთ და ასი წლის მერე ისინიც სხვა უბრალო მოკვდავებივით დავიწყებას მიეცემიან. გახდებიან ერთ-ერთი მრავალთაგანნი, რომლის მსგავსი მილიონობით ყოფილა და კიდევ მილიონობით იქნება.
ხათუნა: "რა ფილოსოფია აგიტყდა ამ ბოლოსიტყვაობაში? აწი მაინც ვერ უშველი ამ დღიურს ვერაფერს..."
აწი მართლა რას ვუშველი? უბრალოდ, ახლა დღიურის რედაქტორება ДДТ-ის სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს და იური შევჩუკის სიტყვები, რომელიც არა მარტო რუსული როკ-პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშია, ჩემი ერთკვირიანი ჩანაწერების ერთგვარ პოსტკრიპტუმად ჩამესმის...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG