Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა აფხაზეთში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე მსჯელობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მართალია, ამ ბოლო დღეებში რუსი ჟურნალისტების ყურადღება მიმართული იყო მიუნხენისკენ, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა

ზოგმა ახალი ცივი ომის დაწყებად მიიჩნია, ზოგმა კი - ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულის დასაწყისად, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე სტატია რუსეთის მედიაში მაინც დაიბეჭდა.

დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა” კვირას აფხაზეთში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას ეხება და წერს, რომ არჩევნებში მონაწილეობა გალის ქართულმა მოსახლეობამაც მიიღო. სხვა საკითხია, რომ საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრი სახელდება: როგორც ”ნეზავისიმაია გაზეტას” აცნობეს თვითაღიარებული აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გალის რაიონში არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 30-მა პროცენტმა მიიღო; ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ არჩევნები გალში ჩაიშალა, რადგან მონაწილეთა რაოდენობა 7-10 პროცენტს არ აღემატებოდა. გაზეთი შენიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში დაბრუნებული ქართული მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ არჩევნების დღეს გალში სოხუმის ხელისუფლების პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა.

თუმცა, როგორც ”ნეზავისიმაია გაზეტას” ქართველმა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუმარტა, არჩევნებში ქართული მოსახლეობის მონაწილეობისთვის მნიშვნელობის მინიჭება არასერიოზული იქნებოდა, რადგან თვითაღიარებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არავინ ცნობს.

აფხაზეთის კონფლიქტის თემას ეხება დღევანდელი გაზეთი ”ნოვიე იზვესტია”, რომლის ცნობითაც, საქართველოში ჩამოსული ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარი ტომას ჰამმარბერგი მხოლოდ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს კი არ შეხვდება, არამედ სოხუმსა და ცხინვალშიც გამართავს შეხვედრებს. როგორც გაზეთს კონფლიქტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა განუცხადა, ევროსაბჭოს კომისრის საქართველოში ჩამოსვლა დროულია: “აუცილებელია, რომ კონფლიქტის ზონის მოსახლეობამ რეალურად დააყენოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხები იმ მიზნით, რომ ამას შედეგად კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო საპოლიციო პატრულირება მოჰყვეს.” ამავე დროს, გიორგი ხუციშვილი მიესალმება ჟენევაში დაწყებულ კონსულტაციებს, კონფლიქტში მონაწილე მხარეების მონაწილეობით, და შენიშნავს, მხარეებს კარგად ესმით, დიალოგის განახლებას ალტერნატივა რომ არა აქვსო.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელსაც 9 თებერვლის გაზეთი ”ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე” აქვეყნებს და რომლის ავტორიც გახლავთ მარსელ დე ჰაასი - ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წარსულში ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალების პოდპოლკოვნიკი. ავტორის აზრით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატოს მშვიდობისმყოფელების გამოჩენის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება, რადგან ევროპისა და ამერიკის ინტერესი ამ რეგიონში საკმაოდ დიდია - კერძოდ, ინტერესს იწვევს რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ გამავალი დერეფნის; ყურადღებას იპყრობს ის ენერგეტიკული მარაგისა და აგრეთვე ტერორიზმთან ომის თვალსაზრისით. “სხვა საკითხია, რომ რეგიონში ამერიკის პოზიციების გამყარება დაარღვევს იმ ბალანსს, რეგიონში რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეს საკმაოდ რეალურია დღეს, როცა ირანი და რუსეთი საფრთხეს გრძნობენ. რუსეთი სამხრეთ კავკასიას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს და მაქსიმალურად ცდილობს დასავლეთის არდაშვებას რეგიონში.” თუმცა, განაგრძობს ავტორი, ევროკავშირი და ნატო სულ უფრო აქტიური ხდება სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, დიდია შანსი, რომ ნატომ თავად იტვირთოს სამხრეთ კავკასიაში გამავალი ნავთობსადენების უსაფრთხოება. მოსალოდნელია ევროკავშირის გააქტიურებაც, განსაკუთრებით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. შესაბამისად, დაასკვნის ნიდერლანდელი ექსპერტი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო და ევროკავშირი ხანგძლივი პერსპექტივით იკიდებენ ფეხს, რასაც, საბოლოოდ, ამ რეგიონის უსაფრთხოება და აყვავება მოჰყვება.
XS
SM
MD
LG