Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დოკუმენტი ხელმოსაწერად ღიაა და არასაპარლამენტო პარტიებსაც აქვთ საშუალება, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურონ საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში წევრობის მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რუსეთის მედიის განსჯის საგანი გახდება. რუსეთის პრესაში უკვე გამოქვეყნებული სტატიების მიმოხილვას კი საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს ინტერვიუთი დავიწყებ. როგორც ცნობილია, ამ ერთი თვის წინ ვიაჩესლავ კოვალენკომ გაახმაურა რუსეთის პოზიცია, კერძოდ, რომ რუსეთი მიესალმებოდა, თუკი საქართველო გადაწყვეტდა, ნეიტრალური ქვეყანა გამხდარიყო.


საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს ინტერვიუს 12 მარტის გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს. ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრისას, ვიაჩესლავ კოვალენკო კიდევ ერთხელ ეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და ამბობს: “თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების მოგვარებას, ღიად და ცალსახად ვიტყვი: ნატოს შესაძლო წევრობა მხოლოდ გაახანგრძლივებს და გაართულებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს. ცხინვალსა და სოხუმში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გაჩნდება საქართველოს ხელისუფლების იმ მეთოდების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.” საქართველოში რუსეთის ელჩი იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ არავითარი ტერიტორიული პრეტენზია არა აქვს და შენიშნავს, შესაძლოა, ნეიტრალიტეტის არჩევით, საქართველომ საკუთარი ინტერესებიც დაიცვას და რუსეთის ინტერესებიც გაითვალისწინოსო.
”ომი, როგორც პროვოკაცია”, ”საქართველო ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა”, ”სააკაშვილმა სროლის ბრძანება გასცა” - ეს იმ პუბლიკაციების სათაურებია, რომლებიც კვირა ღამით კოდორის ხეობის დაბომბვის თემას ეხემა. ვინ დაბომბა კოდორის ხეობა? - თუ ქართული მხარე ბრალს რუსეთს სდებს, მომხდარზე რუსეთის ვერსია ასეთია: არავითარი დაბომბვა არ ყოფილა, კოდორში მორიგი შეტაკება მოხდა იქ განლაგებულ საქართველოს საპოლიციო ნაწილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დღევანდელი გაზეთი ” კომერსანტი” აქვეყნებს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწის პოლკოვნიკ ალექსანდრ დრობიშევსკის განმარტებას, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილ ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს ამ რეგიონში ფრენები არ განუხორციელებიათ.

და კიდევ ერთი თემა, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს: ინტერნეტგამოცემა ”სტრანა” ეხება კავკასიაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარის გამოჩენის თემას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე მიხეილ ალექსანდროვი აცხადებს, რომ რადართან დაკავშირებულ ისტორიაში, შესაძლოა, საქართველო მახეში გაებას - ამერიკა რადარს კი განათავსებს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ კონფლიქტების მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს. მეორე მხრივ, რუსი ექსპერტის აზრით, თუ ამერიკელები ზედმეტად შეტოპავენ საქართველოს შიდა საქმეებში, საქართველო სულ უფრო აქტიურად ეცდება ვაშინგტონის ჩართვას შიდა პრობლემების მოგვარებაში. ასეთ შემხვევაში კი, მიხეილ ალექსანდროვის პროგნოზით, დიდია შანსი, ცივი ომი საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს, რომელშიც რუსეთიც აღმოჩნდება ჩართული.
XS
SM
MD
LG