Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 687-ე გამოშვება


წამყვანი:
“მეათე სტუდიაში” გიამბობთ რადიო “თავისუფლების” ერთ-ერთი მსმენელისა და ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის ერთობლივ ძალისხმევაზე, რომლის შედეგადად დადგენილია თბილისში 1920-21 წლებში ერთი არც თუ უმნიშვნელო დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა; გიამბობთ სპექტაკლზე, რომელიც, როგორც ჩანს, ყველა ეპოქისთვის, ყველა ხალხისთვის აქტუალურ კონფლიქტს ასახავს: “ანტიგონეზე”; დღეისთვის შევეცადეთ ასევე გაგვერკვია, რა იციან რიგითმა მოქალაქეებმა ნატოს შესახებ; გიამბობთ მიკროკრედიტებზეც - ვის აძლევენ მათ, ან რა მოტივი ამოძრავებს ადამიანეს, რომელიც მიკროკრედიტებს გასცემს. გადაცემას დღეს მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]

რა იციან საქართველოს მოქალაქეებმა ,,გრძელი და დაკლაკნილი გზის” შესახებ...

წამყვანი:
რამდენიმე თვის წინათ ლიტვის საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის კომპანიის Bალტიც შურვეყ -სა და ორგანიზაცია “გელაპის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი გამოკითხულთა 83-მა პროცენტმა დაუჭირა. თბილისის ქუჩებში სახელდახელოდ ჩატარებული გამოკითხვითაც დარწმუნდებით, რომ ეს შედეგი სავსებით რეალისტურია. მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს. მაგრამ დამატებით კითხვაზე ,,რატომ?” ან უბრალოდ, ,,რა არის ნატო?” ადამიანები ძირითადად პასუხს თავს არიდებენ და ამბობენ, რომ ამ საკითხებში ღრმად არ არინ ჩახედული.

რა იცის და რა უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ ნატოს შესახებ, რას ფიქრობენ ექსპერტები, უფრო მეტს ამის შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხ. აუდიოვერსია

[მუსიკა]

სად იყო საბჭოთა რუსეთის საელჩო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში?

წამყვანი:
რადიო ”თავისუფლებისა” და მსმენელების ერთობლივი მიგნება - 1920-21 წლებში საქართველოს პირველ რესპუბლიკაში საბჭოთა რუსეთის საელჩოს შენობა მიკვლეულია. იაშვილის ქუჩის 4 ნომერში ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური მდებარეობს, 87 წლის წინ კი აქ ბოლშევიკური რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო სერგეი კიროვის ხელძღვანელობით და ძირითადად დიპლომატიურ სტატუსს ამოფარებული ჩეკისტებით. როგორ დაეხმარა ამ წარმომადგენლობის შენობის დადგენაში რადიო ”თავისუფლებას” ერთ-ერთი მსმენელი ჯამლეთ ბაჟუნაიშვილი ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
სად იყო დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა? ცნობილია, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს აღიარა, რის შემდეგაც ვლადიმირ ლენინმა თბილისში ელჩად სერგეი კიროვი გამოგზავნა. ისიც ცნობილია, რომ ამხანაგ კიროვს თან ჩამოჰყვა თანამშრომელთა უზარმაზარი ამალა. საქართველოს მენშევიკურ ხელისუფლებას არ გამოჰპარვია, რომ რუსეთის საელჩოს 400 თანამშრომლის უმეტესობას არა დიპლომატები, არამედ ჩეკისტები შეადგენდნენ. სწორედ ამიტომაც სულ მალე, 7 მაისის ხელშეკრულების მიუხედავად, შს მინისტრის ნოე რამიშვილის მითითებით, ქართულმა ”განსაკუთრებულმა რაზმმა” ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული ბოლშევიკების დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე, ახალგაზრდა ჩეკისტი ლავრენტი ბერია და სხვები. ისიც ცნობილია, რომ საბჭოთა საელჩოს სხვენს რამდენიმე თვის მანძილზე თავს აფარებდა მამია ორახელაშვილი და მისი რედაქტორობით სხვენში იბეჭდებოდა გაზეთები ”კომუნისტი” და ”ახალგაზრდა კომუნისტი”. მაგრამ სად იყო საელჩოს ეს შენობა? ამ კითხვაზე ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა არც ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რადიო ”თავისუფლების” დილის პროგრამას სტუმრობდა. თუმცა ეთერში ამ შეკითხვის მოსმენის შემდეგ ერთ-ერთმა მსმენელმა, ჯამლეთ ბაჟუნაიშვილმა, არ დაიზარა, დაგვიკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ღირებული ფაქტი გვაცნობა:

[ჯამლეთ ბაჟუნაიშვილის ხმა] “ერთი პიკანტური მომენტია. ბიძაჩემთან ხანდახან, სტუდენტები რომ ვიყავით, პატარა ფული რომ შემომაკლდებოდა, შევდიოდით და 10 მანეთს მაძლევდა. იქ რომ შევდიოდი, ვნახე გამოკრულია მემორიალური დაფა, სადაც წერია, რომ აქ 1920-21 წლებში მუშაობდა საბჭოთა სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის გამოჩენილი მოღვაწე სერგეი მირონის ძე კიროვი - ორ ენაზე, ქართულად და რუსულად. მე, რადგანაც ვიცოდი წინაისტორია, ეგრევე მივხვდი, რომ აქ იყო რუსეთის საელჩო. იქ, რა თქმა უნდა, მაგაზე მინიშნებაც არ იყო. “

ის შენობა, სადაც სტუდენტობისას ბატონი ჯამლეთი ბიძას აკითხავდა ხოლმე, ყოფილი ჯაფარიძის, ახლანდელი იაშვილის, ქუჩაზე, 4 ნომერში, მდებარეობს. დღეს ამ შენობაში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურია განთავსებული, ადრე კი საბჭოთა საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო ფუნქციონირებდა. ჩვენ ჯამლეთ ბაჟუნაიშვილს ვკითხეთ, ბოლო პერიოდში ხომ არ შეუმოწმებია მემორიალური დაფის მდგომარეობა:

[ჯამლეთ ბაჟუნაიშვილის ხმა] “სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, ალბათ; 88-89 წლებში -შეიძლება. მერე ჩვენმა ეროვნული მოძრაობის აღტკინებულმა... ჩამოგლიჯეს და გათელეს ფეხქვეშ. შეიძლება ჩამოხსნეს მერე. ფაქტია, რომ ეს იყო დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ იქ იყო საბჭოთა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.”(სტილიდაცულია)

ბუნებრივია, ჯამლეთ ბაჟუნაიშვილთან საუბრის შემდეგ საგადასახადო სამსახურის შენობისაკენ გავემართეთ. სოლოლაკ-მთაწმინდის გასაყარზე მდებარე იაშვილის ქუჩისაკენ აღმართს თავისუფლების მოედნიდან, ლეონიძის ქუჩით ავუყევით და გზად დავაფიქსირეთ, თუ რატომ ერქვა ერთ დროს სოლოლაკის, ახლა კი ლეონიძის ქუჩას მაინცადამაინც სერგეი კიროვის სახელი. შენობა, რომელშიც ამხანაგი კიროვი საქმიანობდა, სწორედ იაშვილისა და ლეონიძის ქუჩების შესაყარზე დგას. საგადასახადო სამსახურში, პრესსამსახურის ერთობ თავაზიანმა და გულმოდგინე ხელმძღვანელმა ერთ-ერთ თანამშრომელს, გურამ ესაძეს, დაგვაკავშირა. ბატონი გურამი ამ საგადასახადო სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანია და, შესაბასამისად, მას უნდა სცოდნოდა, თუ რა უწყებები იყო ამ შენობაში განლაგებული. ჩვენც გურამ ესაძეს შესაბამისი შეკითხვით მივმართეთ:

[გურამ ესაძის ხმა] “ამ შენობაში, მე რაც მახსოვს, იყო ვაჭრობის სამინისტრო. მანამდე იყო, თუ არ ვცდები, სპორტკომიტეტი, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტი. უფრო ადრე რა იყო, არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც ბატონ გურამს ვუთხარით ჩვენი აღმოჩენისა და სერგეი კიროვის შესახებ, მას ვესტიბიულში დაკიდებული კიროვის გრაფიკული ნახატი გაახსენდა:

[გურამ ესაძის ხმა] “86 წელში ისევ კომუნისტების პერიოდი იყო და სურათი ეკიდა კიროვის, ფანქრით შესრულებული, ეს მახსოვს. მემორიალური დაფა არ მახსოვს.”

დღეს საგადასახადო სამსახურის შენობის ვესტიბიულში ვერც მემორიალურ დაფას აღმოაჩენთ და ვერც სერგეი კიროვის პორტრეტს. ძნელი სათქმელია მოინდომებს თუ არა ვინმე იაშვილის 4 ნომერში მდებარე შენობის ფასადს მიამაგროს ახალი მემორიალური დაფა, სადაც წარწერილი იქნება, რომ აქ 1920-21 წლებში ფუნქციონირებდა საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ის კი ფაქტია, რომ, რადიო ”თავისუფლებისა” და მსმენელების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში საბჭოთა საელჩოს ადგილსამყოფელი ნამდვილად დადგენილია.

[მუსიკა]

რა არის და როგორ ფუნქციონირებს მიკროკრედიტების სისტემა?

წამყვანი:
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიღატაკესა და წარმატებას შორის სხვაობა რამდენიმე ასეული დოლარით განიზომება. ორმა ახალგაზრდა ამერიკელმა აფრიკის სოფლებში მუშაობისას შექმნა ინტერნეტის მეშვეობით მოქმედი ბიზნესი, რომელიც მცირე ინვესტორებს მცირე ბიზნესთან აკავშირებს. კომპიუტერის თაგვის რამდენიმე დაწკაპუნება და ნებისმეირ ადამიანს შეუძლია 25-დოლარიანი სესხის აღება. ეს უზარმაზარი თანხაა მთელ რიგ ღატაკ ქვეყნებში და ხშირად ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში ეხმარება ენთუზიასტებს.
მიკროკრედიტების სისტემაზე ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ბიძინა რამიშვილი:
“კივა” - ასე ეწოდება სან ფრაცისკოში დაფუძნებულ კომპანიას, რომლის შესახებაც მოგითხრობთ დღეს - 2005 წელს დააარსა ახალდაქორწინებრულ ამერიკელთა წყვილმა. მატ და ჯესიკა ფლანერები მანამდე აღმოსავლეთ აფრიკაში მუშაობდნენ და კონტაქტი ჰქონდათ მრავალ ადამიანთან, რომლებიც სიღატაკისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ბანკისგან სესხის აღება არ შეეძლოთ.

ჯესიკა ეკონომისტია, მატი - კომპიუტერის სპეციალისტი. მათ გააცნობიერეს, რომ ამერიკაში მრავალი მათი მეგობარი თუ ნათესავი შეიძლებოდა ქცეულიყო ღატაკი ადამიანების კრედიტორად. მცირე ინვესტორთა და სესხის მოსურნეთა დასაკავშირებლად შექმნეს კომპანია “კივა”, რომელიც სუაჰილის ენაზე “ერთობას” ნიშნავს.

დღეისთვის "კივას" ინვესტორების მთელი ქსელი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. პრემალ შაჰი ერთ-ერთი ასეთი ინვესტორია აზერბაიჯანში. პირადად მან 42 მეწარმეს ასესხა ფული. მათგან ზოგს პირუტყვის მოსაშენებლად სჭირდებოდა ფული, ზოგს სათევზაო ბიზნესის დასაწყებად, ზოგს კი - ხალიჩების საქსოვად.

[შაჰის ხმა] “საოცარი გრძნობაა, იყო კრედიტორი, ვიღაცის საქმიანი პარტნიორი იყო ცხრა მთას იქით. ეს ადმიანი გახლავთ მეწარმე, რომელსაც აქვს ესა თუ ის იდეა. მას ან კარაქის დღვება უნდა დაიწყოს, ან ხალიჩების ქსოვა. და საამისოდ თქვენს საწყის კაპიტალს გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.”

"კივას" ვებსაიტი www.kiva.org გახლავთ მონაცემთა საძიებო ბანკი, რომელიც შეიცავს ათასობით სურათსა და ინფორმაციას ღატაკი ადამიანების მიერ წარმოებული ბიზნესის შესახებ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსალეთ ევროპაში, ცენტრალურ ამერიკასა თუ ახლო აღმოსავლეთში.

სესხის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მოეპოვება საბანკო ანაგარიში, ანდა საკრედიტო ბარათი - მინიმუმ 25 დოლარი და მაქსიმუმ 1500. "კივას" დევიზი ასე ჟღერს: “სესხები, რომლებიც ცხოვრებას გეზს უცვლის”. ორ წელზე ნაკლებ დროში ამ ვებსაიტის მომხმარებლებმა მილიონ დოლარზე მეტი ისესხეს 2000-ზე მეტი ბიზნესის წამოსაწყებად.

მსურველთათვის ფულის მისაწოდებლად "კივას" ათობით ქვეყანაში ჰყავს მიკროკრედიტების სფეროში მომუშავე პარტნიორები. მაგალითად, მოლდავეთში, "კივას" პარტნიორია მიკროინვესტი, რომელიც დააფუძნეს მოლდავეთის სოროსის ფონდმა და საფრანგეთის ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

როგორც მიკროინვესტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იგორ გუდუმაკმა გვითხრა, მისი კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივას, გაზარდოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი და გააუმჯობესოს მოლდავეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე.

კომპანიას ცხრა ფილიალი აქვს ქვეყნის მასშტაბით. იგი უკვე 1600 ადამიანს დაეხმარა საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. სესხების გასაცემად კრიტერიუმი ის არის, რომ ბიზნესში დასაქმებული უნდა იყოს არაუმეტეს ცხრა ადამიანისა და მისი მოგება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში მილიონ ლეუს, ანუ 78 ათას დოლარს.

[გუდამაკის ხმა] “სესხი შეიძლება გამიზნული იყოს ვაჭრობისთვის, მრეწველობისთვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის - მაგალითად, ბაღ-ვენახების გაშენებისთვის, სათბურების მოწყობისთვის, ნებისმიერი სხვა სფეროს მომსახურებისთვის.”

სესხის თხოვნა ძალიან მარტივად ხდება. მიკროინვესტის თანამშრომლები ბევრს მოგზაურობენ და ადამიანებს ადგილებზე უხსნიან, როგორ შეუძლიათ მიიღონ სესხი.

აზერბაიჯანში "კივას" პარტნიორია ნომიკრო, ნორვეგიული მიკროსაფინანსო დაწესებულება. აღმასრულებელი დირექტორის, ბაჰმინოვ ასგაროვის თქმით, ნომიკრო 3 მილიონი დოლარის საერთო მოცულობის მცირე სესხებს გასცემს დაახლებით 4800 ადამიანს. ასგაროვის თქმით, როგორც წესი, ადამიანები სესხის მეორედ აღების შემდეგ ნახულობენ რეალურ მოგებას.

[ასგაროვის ხმა] “მეორე სესხის მიღების და ბიზნესის გაფართოების შემდეგ ისინი წარმატებით ახერხებენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ახერხებენ ბავშვების განათლების დაფინანსებას, სამედიცინო ხარჯების და ყველა სახის საოჯახო ხარჯების გაწევას.”

ინტერნეტის მეშვეობით ინვესტორებისა და მცირე მეწარმეების დაკავშირება იმდენად მარტივია, რომ ამ იდეას მრავალი მიმბაძველი გაუჩნდა. "კივას" ხელმძღვანელები ამის მოხარული არიან.

მცირე კრედიტორები ფულის უკან მიღების შემდეგ ხშირ შემთხვევაში ხელახლა გასცემენ მას სესხად.

მიკროკრედიტირების პრაქტიკა - ანუ ძალზე მცირე სესხების გაცემა ღარიბი ადამიანებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივი ბანკები რისკის გამო არ ენდობიან, უკანასკნელ წლებში გახდა განსაკუთრებით პოპულარული. არა და, ამ მიკროსესხბის დაბრუნების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული სესხებისა. მაგალითად, ფინკა ინტერნეიშნელი, რომელსაც საკუთარი მცირე ბანკები მოეპოვება სოფლებში, გაცემული სესხების 97 პროცენტს უკან იბრუნებს.

მცირე სესხები იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა და იმდენად დაეხმარა ადამიანებს სიღატაკისგან თავის დაღწევაში, რომ გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2005 წელი მიკროკრედიტების წლად გამოაცხადა.
2006 წელს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ამ სფეროს პიონერს, ბანგლადეშელ ეკონომისტ, მუჰამად იუნუსს, რომელმაც თავისი “გრემინ ბანკის” მეშვეობით დიდი სოციალური ცვლილება მოახდინა ბანგლადეშის სოფლებში დაახლოებით 9 დოლარის ოდენობის სესხების მეშვეობით.

[მუსიკა]

ანტიგონე

წამყვანი:
როგორც ჩანს, საქართველოში კვლავ არსებობს ინტერესი მარადიული პრობლემის მიმართ - სად თავდება პიროვნების თავისუფლება და როდის გამოდის წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესი. სწორედ ამ პრობლემას ეხება ჟან ანუის ”ანტიგონე”, რომლის პრემიერა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2000 წელს შედგა და რომელიც, აღდგენილი სახით, მაყურებლის წინაშე ამ ათიოდე დღის წინ წარდგა. სპექტაკლის აღსადგენად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, რომელიც, როგორც იცით, 1992 წლიდან სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია. თემურ ჩხეიძეს თამარ ჩიქოვანი შეხვდა:


[ თემურ ჩხეიძის ხმა] ” ის ფაქტი, რომ დღევანდელი მაყურებლისთვის ეს უფრო გასაგები ხდება, ხომ არ ნიშნავს, გარკვეულწილად, რომ ჩვენ ბევრი რამისადმი შეგვეცვალა ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენა, მაგალითად, აბსტრაქტული თავისუფლების მიმართ. უფრო ღრმად ხომ არ დავიწყეთ ამაზე აზროვნება და ფიქრი?”

თამარ ჩიქოვანი:
ასე ხსნის თემურ ჩხეიძე ”ანტიგონეს” ნახვისას მიღებულ ჩემს - და არამხოლოდ ჩემს - შთაბეჭდილებას, რომ თავისი სიმართლე აქვს არა მხოლოდ ანტიგონეს, არამედ კრეონსაც. უბრალოდ, ერთისთვის გადამწყვეტი პიროვნული თავისუფლებაა, მეორე თავის გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იღებს:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ” რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინება აუცილებელია. უბრალოდ, კამათი მიდის იმაზე, რა უფროა სახელმწიფოს ინტერესი; სად იწყება ჩემი თავისუფლება და სად თავდება, სად არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია, ვინაიდან ეს, შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესის საზიანო გახდეს? ასე რომ, როდესაც კრეონი ამბობს - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ხელებს დაიკაპიწებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ გვქონდეს ქვეყანა, რომ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერზე კი არ იტყვის უარს, არამედ თვითონ იტვირთებს ამ უზარმაზარ მისიას, ქვეყნის გადარჩენისას...”(სტილი დაცულია)
ეს კრეონის სიმართლეა - სიმართლე ხელისუფლისა, რომელიც ქვეყანას მართავს. სხვა სიმართლე აქვს ამ ქვეყნის არცთუ რიგით ადამიანს - ანტიგონეს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებით მოქმედებს და ამ მოქმედებაში თავისუფალია:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ”მეორე მხრივ, ჩემი თავისუფლება - იმავე ანტიგონეს მაგალითზე: არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური კონკლაობა, ეს იყო ჩემი ძმა და ჩემი ძმა გდია დაუმარხავი....განსხვავებით კლასიკური ანტიგონესგან, ანუის ანტიგონემ ერთი პირობა დათმო, გაიგო, კრეონი რას ეუბნება და თქვა: კარგი, წავალ ჩემს ოთახში. და, როგორც ყოველთვის ხდება, საბედისწერო ფრაზა თქვა კრეონმა: 20 წლის რომ ვიყო, მეც იმასვე გავაკეთებდიო. - ეს რომ არ ეთქვა, კრეონს მოგებული ჰქონდა.”(სტილი დაცულია)

იგებს კი ხელისუფალი, როცა სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით და სახელმწიფო ინტერესის შენიღბვით არაჰუმანურ გადაწყვეტილებას იღებს? არსებობს კი იმის საშუალება, მიხვდე, რომ მიღებული გადაწყვეტილება მართლა სახელმწიფო ინტერესით არის ნაკარნახევი?

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ” თვითონ ანუის ფილოსოფიაც ხომ ეს არის - ერთნიშნად არაფრის შეფასება არ შეიძლება. საერთოდ არ არსებობს ერთნიშნა შეფასებები. არ შეიძლება ერთს ერის მოღალატე უწოდო და მეორეს - გმირი. ნუ ვიჩქარებთ. ნურაფერზე ნუ ვჩქარობთ, ნუ ვფუსფუსებთ. დრო გამოაჩენს ყველაფერს.”

დრომ გამოაჩინა, როგორი აქტუალური ყოფილა თემურ ჩხეიძის მიერ 80-იან წლებში დადგმული მიხეილ ჯავახიშვილის ”ჯაყოს ხიზნები” ან ლეო ქიაჩელის ”ჰაკი აძბა”. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პირველი სპექტაკლი გახლდათ, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა, თეატრის მთავარი რეჟისორის რანგში:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ” ძალიან ცოტამ ნახა მაშინ აფხაზეთიდან ”ჰაკი აძბა”, მაგრამ უფრო მეტი იყო, ვისაც არ ენახა, მაგრამ არ მოსწონდა. ნაამბობის-ნაამბობის-ნაამბობი...ეს იყო ოდა აფხაზებზე - იქ თითოეული აფხაზი იყო მაღალი ზნეობის და მორალის მატარებელი. რა ეწყინათ - გულწრფელად გეტყვი, არ ვიცი. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რაღაც შეხვედრა იყო, სპექტაკლი ახალი გამოსული იყო - თქვენო რატომ დადგით “ჰაკი აძბაო”. აქაც ეწყინათ. ქართველი სტუდენტი ადგა, მშვენიერი გარეგნობის გოგონა და - არ ნანობთ, “ჰაკი აძბა” რომ დადგითო? ჩემს კითხვაზე - ნახეთ სპექტაკლი? - მითხრა - არც ვნახავო. რა არის ეს?! ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ორივეს როგორ ვაწყენინე...”(სტილი დაცულია)

ორივეს - ქართველის და აფხაზის - სიმართლის გაგების კიდევ ერთ მცდელობად უნდა ჩაითვალოს სამეფო უბნის თეატრის სცენაზე თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული გურამ ოდიშარიას პიესა ”ზღვა, რომელიც შორია”. სპექტაკლში ისევ ორი სიმართლეა: აფხაზეთის ომის შემდეგ ომამდე მეგობრები - ქართველი და აფხაზი - სიმართლის გარკვევას ცდილობენ:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ” უსაშველოდ უყვართ ერთმანეთი და სწორედ ამიტომ ხანდახან დაუნდობლებიც არიან ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ, როცა გიყვარს, მაშინ გაქვს პრეტენზია ადამიანთან, თორემ ზოგადსაკაცობრიო წყენა არ არსებობს. უყვართ, არ შეუძლიათ უერთმანეთოდ, მაგრამ იმიტომაც ვერ პატიობენ ერთმანეთს.”(სტილი დაცულია)

პატიების უნარი, დანაშაული და სასჯელი, პიროვნების კონფლიქტი სახელმწიფოსთან - ეს, ასე ვთქვათ, თეატრალურობის ნიშნით აღბეჭდილი პრობლემები არ არის. დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოველდღე გვიწევს, მათ შორის, თემურ ჩხეიძესაც:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ”მე არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა ბათიაშვილი. ვინც მომხრეა თუ მოწინააღმდეგე და მისმენს, ბოლომდე მომისმინოს: გამორიცხულია, ბათიაშვილი იყოს ერის მოღალატე. კი ბატონო, ედავეთ ბათიაშვილს, ედავეთ, ვისაც გინდათ, მაგრამ - არავითარი არგუმენტი არა მაქვს - არ შეიძლება ერის მოღალატე იყოს. მორჩა. არ ვიცი, რატომ. ვიღაცა ვიღაცის მომხრეა, ვიღაცის წინააღმდეგი - ეს ერის ღალატს არ ნიშნავს. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ტერმინოლოგიასთან.”(სტილი დაცულია)

ანტიგონე

სად თავდება პიროვნების თავისუფლება და როდის გამოდის წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესი - ეს ორი შეკითხვა რომ მარადიულ პრობლემას ასახავს, მსოფლიო ლიტერატურის ერთი გამორჩეული ნიმუშით სოფოკლეს ანტიგონეთიც შეიძლება დარწმუნება. სოფოკლემ - ბერძენმა დრამატურგმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შეთხზა ანტიგონეს ტრაგედია, რომელშიც პიროვნების არჩევანს და სახელმწიფო ინტერესს შორის კონფლიქტს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეთმობა. მეოცე საუკუნეში “ანტიგონეს” თემას ფრანგი დრამატურგი ჟან ანუი უბრუნდება: “ ანტიგონეს” სწორედ მისეული ვერსია დაიდგა 1968 წელს თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე. ამ დღეებში კი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ანტიგონეს მიმართ ინტერესი არ ნელდება: ამ ათიოდე დღის წინ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე აღდგენილი სახით წარდგა ჟან ანუის ანტიგონე, რომლის პრემიერაც ამ თეატრში 2000ს წელს შედგა. სპექტაკლის აღსადგენად თბილისში ეწვია დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, რომელიც 1992 წლიდან სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია. თემურ ჩხეიძეს ჩვენი კოლეგა, თამარ ჩიქოვანი შეხვდა:


პატიების უნარი, დანაშაული და სასჯელი, პიროვნების კონფლიქტი სახელწმიფოსთან - ეს ასე ვთქვათ ”თეატრალურობის ნიშნით აღბეჭდილი პრობლემები არ არის. დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოველდღე გვიწევს, მათ შორის, თემურ ჩხეიძესაც:

[ თემურ ჩხეიძის ხმა] ”მე არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა ბათიაშვილი. ვინც მომხრეა თუ მოწინააღმდეგე და მისმენს, ბოლომდე მომისმინოს: გამორიცხულია, ბათიაშვილი იყოს ერის მოღალატე. კი ბატონო, ედავეთ ბათიაშვილს, ედავეთ, ვისაც გინდათ, მაგრამ - არავითარი არგუმენტი არა მაქვს - არ შეიძლება ერის მოღალატე იყოს. მორჩა. არ ვიცი, რატომ. ვიღაცა ვიღაცის მომხრეა, ვიღაცის წინააღმდეგი - ეს ერის ღალატს არ ნიშნავს. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ტერმინოლოგიასთან.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG