Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვის გამოსვლა სახელმწიფო დუმაში


დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. იგი საქართველოსაც შეეხო.


თავის გამოსვლაში ლავროვმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო ცივი ომის დროინდელი მეთოდების გამოყენებაში. მისი თქმით, ვაშინგტონი აიძულებს ევროპელებს, მათ ტერიტორიაზე განალაგონ ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ეს სისტემა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ ინეტერსებს.

ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, კოლექტიურად იქნეს განხილული ანტისარაკეტო ფარის შექმნის საკითხი. "ჩვენ საერთო საფრხის წინაშე ვართ, მაგრამ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გაუგებარია, რატომ უნდა დავუპირისპიროთ ირანის მიერ რაკეტების შესაძლო სტარტს ანტისარაკეტო ფარიო," თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთის ექსპერტებს ამ საკითხზე ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა სურთ.

შეგახსნებთ, რომ იმ სავარაუდო ქვეყნებს შორის, სადაც ამერიკას ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსება სურს, საქართველოც არის. საქართველო ლავროვმა ახსენა, ოღონდ განსხვავებულ კონტექსტში, კოსოვოსთან დაკავშირებით. მანამდე კი მან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ისაუბრა და აქაც ვაშინგტონისა და, საერთოდ, დასავლეთის მიმართ კრიტიკა გამოთქვა.

[ლავროვის ხმა] "უკანასკნელ ხანებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში საგრძნობლად გაიზარდა არარეგიონული ძალების ყოფნა, მათი გააქტიურება. ვიღაც ცდილობს, ამ სივრცეში რუსეთს მეტოქეობა ანდა, საერთოდ, კონფრონტაცია მოახვიოს თავზე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციებს. თანამეგობრობის ქვეყნებთან ჩვენ ვაგებთ გამჭვირვალე, გასაგებ, ფხიზელ ეკონომიკურ გათვლაზე დამყარებულ ურთიერთობებს."

რაც შეეხება საქართველოს, ლავროვმა კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

[ლავროვის ხმა] "ჩვენ ხელებს არ ვიფშვნეტთ იმის მოლოდინში, რომ, აი, კოსოვოს ჩამოაშორებენ სერბიას და იმავეს გავაკეთებთ ამ რესპუბლიკების მიმართ. ეს სულაც არ არის ასე და ეს ალბათ არასწორი პოზიცია იქნებოდა. ჩვენი მიზანია ამ რესპუბლიკებთან ყოველმხრივი კავშირების განვითარება. იქ ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ მათ სოციალურ პრობლემებზე."

სერგეი ლავროვი შეეხო ირანის თემასაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს ირანის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაჭარბებულად მკაცრ ზომებს.
XS
SM
MD
LG