Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია კაჩინსკა: "მე გავაკეთე არჩევანი და ამით მეუღლესაც ხელი შევუწყე მის საქმიანობაში". ინტერვიუ პოლონეთის პირველ ლედისთან


ლეხ და მარია კაჩინსკები
ლეხ და მარია კაჩინსკები

15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველოს მისი მეუღლე – მარია კაჩინსკაც ეწვევა. სტუდენტობის დროინდელ ერთ-ერთ სახალისო ამბად პოლონეთის პირველ ლედის თბილისში მოგზაურობა ახსენდება. ახსოვს, როგორ შესთავაზეს მაშინ სასმელი ყანწით - სასმისით, რომლის დადგმაც შეუძლებელი იყო, იხსენებს ფუნიკულიორს, მასპინძელ ქართულ ოჯახებს...

პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე მარია კაჩინსკას ბიოგრაფიის ბოლოს წერია, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მას ძალიან ეხმარება ურთიერთობის სასიამოვნო მანერა და მსუბუქი იუმორი, რაშიც გასულ კვირაში ჩვენი კორესპონდენტი ნინო გელაშვილი რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად მარია კაჩინსკასთან შეხვედრისასაც დარწმუნდა: პირველი ლედი, თურმე, დარბაზში შესვლისთანავე შეუდგა საქართველოში მოგზაურობის გახსენებას, ბოლო ერთი კვირის მანძილზე განხორციელებულ ვიზიტებზეც ისაუბრა და ვიდრე შეკითხვების დასმის დრო დადგებოდა გამოაცხადა – “მორჩა! ინტერვიუ უკვე მოგეცით და ახლა უნდა დაგტოვოთო”, ხელით სასაცილო (ერთი შეხედვით, პირველი ლედისთვის შეუფერებლად სასაცილო) ჟესტი გააკეთა და კარისკენ გაეშურა.

გადმოწერა

თავის დროზე უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საზღვაო ტრანსპორტის ფაკულტეტი დაამთავრა. ოჯახი ლეხ კაჩინსკისთან 29 წლის წინ შექმნა. ჰყავთ ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი, რომელიც, როგორც მარია კაჩინსკა ამბობს, ძალიან ჰგავს ბებიას. ნინო გელაშვილს მიეცა საშუალება რამდენიმე კითხვა დაესვა პოლონეთის პირველი ლედისთვის. საუბარი მისი ოჯახური ცხოვრების ადრინდელ ეტაპზე საუბრით დაიწყო:

რადიო თავისუფლება: ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენ გადაწყვიტეთ, თავი დაგენებებინათ სამსახურისთვის და საკუთარი დრო დაგეთმოთ ბავშვისა და მეუღლისთვის, რომელიც მაშინ მეტად რისკიან მოღვაწეობას ეწეოდა. შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ის ეტაპი?

მარია კაჩინსკა: მაშინდელი ვითარება სრულიად განსაკუთრებული იყო. აგვისტოს მოვლენებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, 1980 წლის ივნისში, გოგო შემეძინა. ზუსტად მაშინ დაიწყო გაფიცვები და იწყებოდა “სოლიდარნოშჩის” ჩამოყალიბება. მეუღლე აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში და შინ, პრაქტიკულად, ვერ ნახავდით. მაშინ მე დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი. მერე გაფიცვები დასრულდა და ხელი მოეწერა “სოლიდარნოშჩის” შეთანხმებებს. ამ პროფკავშირის შექმნაში მეუღლე აქტიურად მონაწილეობდა. ამის შემდეგ შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა.

რადიო თავისუფლება: და თქვენი მეუღლეც დააპატიმრეს...

მარია კაჩინსკა: დიახ, თითქმის ერთი წლით - 10 თვით. ჩვენ გდანსკში, უფრო ზუსტად - სოპოტში ვცხოვრობდით, პატარა ბავშვით, შორს ოჯახის წევრებისგან, ახლო ნათესავებისგან. ბავშვის მოვლაში დახმარების იმედი არ უნდა გვქონოდა. თანაც, ჩემი ქმარი, როგორც გითხარით, აქტიურად იყო ჩაბმული იატაკქვეშა საქმიანობაში. რა თქმა უნდა, შემეძლო, სამსახურში მევლო. მაშინაც არსებობდა ბაგა-ბაღები, მაგრამ ვიფიქრე: “ღირს კი?”. მე უცხო ენებს ვფლობ და სახლში ვამეცადინებდი მოწაფეებს, ვიღებდი სათარგმნ მასალას. რა თქმა უნდა, შემეძლო ბავშვი ბაგა-ბაღში მიმეყვანა და სახლში საღამოს დავბრუნებულიყავი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში "სახლი" აღარ იარსებებდა. ვერ ვიტყვი, ჩემი მხრიდან ეს დიდი მსხვერპლი ყოფილიყო. ეს ჩემი არჩევანი იყო: ვმუშაობდი სახლში, ვაკეთებდი საყვარელ საქმეს და არავისზე დამოკიდებული არ ვიყავი. მით უმეტეს, რომ იმ დროს ძნელი იყო რაიმე განსაკუთრებულ კარიერაზე ფიქრი. მე გავაკეთე არჩევანი და ამით ჩემს მეუღლესაც ხელი შევუწყე მის საქმიანობაში. ამას გარდა, დიდ სიხარულს და კმაყოფილებას მგვრიდა დედობა, შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა.

მარია კაჩინსკა


რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგიმართლათ, ან არ გაგიმართლათ, რომ პოლონეთის ისტორიის ასეთ ცვალებად დროში მოგიწიათ ცხოვრება და შვილის აღზრდა?

მარია კაჩინსკა: დიახ, ეს მართლაც ძალიან მღელვარე დრო იყო პოლონეთის ისტორიაში, მაგრამ საინტერესო დროც იყო! გვყავდა ბევრი მეგობარი, ვისთანაც შეგვეძლო მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ხანდახან ადამიანს გული წყდებოდა იმის გამო, რომ რაღაც არ იშოვებოდა, რაღაცის საყიდლად რიგში უნდა ჩამდგარიყავი. ხალხი იატაკქვეშეთში საქმიანობდა, ბევრს დამალვა უხდებოდა. მაგრამ, თუ კაცმა არაფერი იცის ცუდ ცხოვრებაზე, ვერც კარგ დროებას დააფასებს სათანადოდ. რა თქმა უნდა, მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ, ამავე დროს, აღსავსე მოვლენებით, რომლებიც ადამიანს სულიერად ამდიდრებს.

რადიო თავისუფლება: და, ბოლო შეკითხვა, გაკმაყოფილებთ, თუ არა...

მარია კაჩინსკა: ვერტინსკის ჰქონდა ასეთი სიმღერა “ბოლოჯერ გნახეთ ასე ახლოს”...

რადიო თავისუფლება: ...გაკმაყოფილებთ, თუ არა ქალების პოლიტიკური აქტიურობა პოლონეთში? რამდენად კარგად არიან ისინი წარმოდგენილი ხელისუფლებაში და შეუძლიათ თუ არა ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე? ახლა, მაგალითად, აბორტის საკითხია ძალიან აქტუალური... მონაწილეობენ თუ არა ქალები ასეთი საკითხების გადაწყვეტაში?

მარია კაჩინსკა: იმის გამო, რომ პოლონეთის პრეზიდენტის მეუღლე ვარ, პოლიტიკურ მოღვაწეობაში არ ვერთვები. პოლონეთის პარლამენტში საკმაოდ ბევრი აქტიური ქალია, პარლამენტის გარეთაც არიან ჯგუფები ეგრეთ წოდებული ფემინისტებისა, კონსერვატული ძალების წარმომადგენლები. ასე რომ, სეიმშიც და მის გარეთაც საკმარისად მოიძებნებიან ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. პირადად მე ვცდილობ, არ გამოვთქვა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები, არ მინდა ვინმეს საქმე გავურთულო. საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას არ გამოვხატავ, რადგან არ ვარ არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი. თუმცა, რასაკვირველია, საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, ცხადია, მაქვს. პრეზიდენტი ქმარი რომ არ მყავდეს, ჩემს პოზიციას ალბათ, გამოვხატავდი კიდეც...

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG