Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს ე.წ. აჯანყებული რეგიონები კვლავ თავისებური დეტონატორის ფუნქციას ასრულებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

რუსეთის პრესის ვარაუდით, თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები ორი ქვეყნის ისედაც რთულ ურთიერთდამოკიდებულებას კიდევ უფრო დაძაბავს. რას წერს რუსეთის პრესა საქართველოზე? - ამის თაობაზე რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


სამშაბათს თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: რუსეთის საგარეო უწყება 29 აგვისტოს დაკავებული სამშვიდობო ძალების იმ ორი ოსი ეროვნების ადამიანის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებსაც ქართული მხარე ადამიანების მოტაცებაში სდებს ბრალსო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ქართულმა მხარემ დაარღვია კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების შესახებ დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სამშვიდობო ნაწილების წარმომადგენელთა მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში, ისინი თავისი მხარის იურისდიქციის ქვეშ ექცევიან.
ინტერნეტგამოცემა ”ლენტა” მკითხველს შეახსენებს, რომ დაკავებულ სამხედროებს ბრალად ედებათ 26 აგვისტოს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების - მათ შორის, საქართველოს ტელეკომპანიების ჟურნალისტების - მძევლად აყვანა. ამ ბრალდებით ქართულმა მხარემ სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი დააკავა და წინასწარი ორთვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. დაკავებულები თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. პარალელურად, მათ რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, სამხედრო სამსახურს კი ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონში გადიან.
1 სექტემბრის გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა დაკავებამ სიტუაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ძალიან გაართულა - ცხინვალმა გადაკეტა გზები და რუსეთს მის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა. როგორც ”კომერსანტს” განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების სფეროში დავით ბაქრაძემ, მას იმედი აქვს, რომ რუსეთი თავს შეიკავებს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებისგან: ” ამ სახის შეიარაღება მხოლოდ აღიარებულ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა, თუმცა ოფიციალური მოსკოვის ბოლოდროინდელი ქმედებები ოპტიმიზმის გრძნობას არ იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა და ჩვენს ტერიტორიაზე შეიარაღების განლაგება აგრესიის აქტად იქნება შეფასებული,” - განუცხადა დავით ბაქრაძემ გაზეთ ”კომერსანტს”.
რაც შეეხება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, ცხინვალის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის განცხადებით, საგანგებო სიტუაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნდება - საქმე ის გახლავთ, რომ 15 სექტემბერს ცხინვალი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-15 წლისთავს აღნიშნავს, 18 სექტემბერს კი ცხინვალში სრულიად ოსეთის მეექვსე ყრილობაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG