Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ


სამშაბათს ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, მოხსენებით გამოვიდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, პეტერ სემნები.

მისი თქმით, სამხრეთი კავკასია პრობლემური რეგიონია, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან დახმარება სჭირდება. მაგრამ, ამავე დროს, როგორც სემნებიმ განაცხადა, არ არის მოსალოდნელი, ევროკავშირმა თვალხილულ მომავალში გააფართოვოს რეგიონის დახმარების უკვე არსებული ფორმები.

სემნებიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, მიუხედავად საერთო ისტორიისა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ აერთიანებს საერთო ღირებულებები.

ევროკავშირის წარმომადგენლის თანახმად, მის ორგანიზაციას შეუძლია ამაში დახმარების გაწევა. თავის გამოსვლაში სემნებიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასა და მათ შიგნით არსებული დაპირისპირებების გადალახვასა და ახალი საერთო ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესზე.

მაგრამ სემნებიმ ამავე დროს დაუფარავად თქვა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი ვერაფერს ახალს ვერ შესთავაზებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

მისი თქმით, რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა საქართველო, რომელსაც ყველაზე დიდი ამბიცია აქვს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით. მაგრამ ამავე დროს მან საქართველო დაახასიათა როგორც ყველაზე უფრო მოწყვლადიც. ძირითადად იმის გამო, თუ რა გავლენა შეუძლია ითამაშოს რუსეთმა მის შინაურ საქმეებზე:

[სემნების ხმა] "მინდა ვახსენო რეგიონში ერთი კერძო დამაფიქრებელი გარემოება - მზარდი დაძაბულობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რაც გამოიხატება, მაგალითად, საქართველოს მიმართ რუსეთის სანქციებში და უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტების გახშირებაში აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტურ ზონებსა და მათ გარშემო."

სემნებიმ თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში წინსვლა არ შეინიშნება. რუსეთში მომავალი არჩევნები, ასევე კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები ხელს უწყობს ამ რეგიონებში ნერვიული ატმოსფეროს შექმნას.

მომხსენებელმა ასევე ცივი წყალი გადაასხა საქართველოს მცდელობას, გარიყოს სამხრეთი ოსეთის სეპარტისტული მთავრობა ცხინვალის რეგიონში თბილისის მხარდამჭერი დროებითი მთავრობის შექმნით. მისი თქმით, ევროკავშირი ურთიერთობას განაგრძობს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ვინაიდან ის მიაჩნია მნიშვნელოვან ადრესატად პრობლემის მოგვარების საქმეში.

პეტერ სემნების კიდევ ერთი განცხადება იწვევს საქართველოს ხელისუფლების იმედგაცრუებას. მისი თქმით, თვალხილულ მომავალში ევროკავშირი სამშვიდობო ძალებს არ გაგზავნის სამხრეთ ოსეთში. სემნებიმ ვერ შეძლო დაეკონკრეტებინა, როდის შეამსუბუქებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს, რათა გააწონასწოროს რუსეთის მიმართ გაკეთებული დათმობები. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეთაგან განსხვავებით შეუძლიათ ისარგებლონ სავიზო შეღავათებით.

სემნებიმ ამას გარდა ისაუბრა აზერბაჯიანსა და სომხეთზეც. მთავარ პრობლემად, როგორც მოსალოდნელი იყო, მან დაასახელა მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი და დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვი კვლავაც რჩება ძირითად მოთამაშედ.
XS
SM
MD
LG