Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში 2 ნოემბრის შემდეგ, იყო თუ არა ზუგდიდის ინციდენტი თავისუბური რეპეტიცია

თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, რა ხარისხისაა ქართული დემოკრატია - ეს კითხვები რუსეთის მედიაშიც გაისმის, სადაც საქართველოს თემატიკა ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რას წერს რუსეთის პრესა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?

” 2 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”კომერსანტი” თავისი სპეციალური კორესპონდენტის ოლგა ალიონოვას რეპორტაჟს საქართველოდან. გაზეთის თხოვნით, ზუგდიდში გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის კომენტარს აკეთებს პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი, რომლის განცხადებითაც, ”სააკაშვილი საკუთარი ხელისუფლების მძევლად იქცა. ის ისევე იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე 4 წლის წინ. ხელისუფლების წარმომადგენლები ისევე არბევენ და სცემენ პარლამენტარებს, როგორც მაშინ. თუ სააკაშვილი არ შეჩერდება, მასაც ასლან აბაშიძის ბედი ელის, ოღონდ ის მოსკოვში კი არა, დასავლეთის რომელიმე სახელმწიფოში მიიღებს თავშესაფარს”. ”კომერსანტის” ცნობით, გაერთიანებული ოპოზიცია იმედოვნებს, რომ 2 ნოემბერს თბილისის საპროტესტო აქციაში 100 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან. ეს ციფრი შემთხვევითი არ არის - ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამდენი ადამიანი მონაწილეობდა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში. შესაბამისად, ოპოზიცია მიანიშნებს, რომ 2 ნოემბრის აქციები, შესაძლოა, კვლავ ახალ რევოლუციაში გადაიზარდოს, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს, - წერს დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი”.
იგივე გამოცემა კიდევ ერთ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელიც ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას შეეხება - როგორც იცით, ლონდონში მყოფმა პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მზად არის დააფინანსოს გაერთიანებული ოპოზიცია. ”კომერსანტის” აზრით, პატარკაციშვილის გადაწყვეტილება იძულებითი ნაბიჯია: ირაკლი ოქრუაშვილის მონანიების შემდეგ, ოპოზიციაში არ დარჩა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან კონკურენციას შეძლებდა.”მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობიდან გადააყენეს, ოლიგარქი ოპოზიციასთან ასოცირდება”, - წერს კომერსანტი და განაგრძობს, - ”თუმცა ახლა პატარკაციშვილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკურ ემიგრაციაში ვერ იქნება - ასეთ შემთხვევაში ის ეფექტურობას დაკარგავს. სამშობლოში დაბრუნება კი მისთვის რისკის შემცველია - ჯერ ერთი, შესაძლოა, აქტივები დაკარგოს ან სულაც ციხის საკანში აღმოჩნდეს, როგორც ეს მიხეილ ხოდორკოვსკის შემთხვევაში მოხდა.”
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომლის ავტორიც პოლიტიკის და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორის ურთიერთობათა პრობლემების ხელმძღვანელი სერგეი მარკედონოვია - სტატიას ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” აქვეყნებს. ავტორის აზრით, დღეს რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები საქართველოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრიზმით განიხილავენ - არადა, ფაქტია, რომ, ანტირუსული პოლიტიკის პარალელურად, საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება საქართველოს შიდაპოლიტიკური მოვლენები: დღეს საქართველოში რუსეთის ფაქტორი აღარ აღიქმება დისკუსიის ერთადერთ პრობლემად. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ერთიანობის პირობებში, პოლიტიკოსები ერთმანეთს თავისუფლად ეკამათებიან და აღარ შიშობენ, რომ მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდებენ ბრალს. თავისუფალი დისკუსია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს ამაღლებს, რისი დაუნახაობაც წარმოუდგენელია.”
XS
SM
MD
LG