Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


რატი სამყურაშვილი როგორი იყო განვლილი კვირა საპარლამენტო უმრავლესობის

წევრისთვის, რატი სამყურაშვილისთვის?

4 ნოემბერი, კვირა
ცხოვრებაში არაფერი დამიწერია საკუთარი ნება-სურვილით! ყოველთვის, როცა კალამს ხელს ვკიდებდი, ვალდებულება მამოძრავებდა... საშინაო დავალება, წერითი გამოცდა, საკურსო, სამაგისტრო და ა.შ. დაახლოებით ასეთია წერასთან ჩემი შეხების ისტორია. ამ მხრივ ჩემი მოღვაწეობა ყველაზე აქტიური, ალბათ, მოქალაქეთა ახალგაზრდულ კავშირში იყო, სადაც ერთხანს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამსახურს ვხელმძღვანელობდი და ჩემს ფუნქციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების აღწერა-შეჯამება და ანალიზი წარმოადგენდა.
ახლაც უნდა დავწერო – პირობა მაქვს დადებული. ვინ იცის, რადიო "თავისუფლების" პროექტი რომ არა, ჩემი ცხოვრების ვერც ერთი დღე ვერ მოხვდებოდა ფურცელზე (ყოველ შემთხვევაში ჩემს მიერ აღწერილი)...
"'თავისუფლების' დღიურების" იდეა ზოგადად მომწონს, ამიტომაც ვთანხმდები გამოწვევას და - ამ ჟანრში გამოუცდელი -ვიწყებ სარისკო საქმეს: დღიურის წერას, რომელიც მრავალი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი...
მეექვსე თვეა, ჩემი დილა თითქმის ერთნაირად იწყება. მაღვიძარა კარგა ხანია, აღარ მჭირდება. უკეთეს შემთხვევაში ბავშვის ღუღუნი, უარესში კი მისი ტირილი მაღვიძებს. არ ვბრაზდები, უფრო ზუსტად - ვერ ვბრაზდები! გაბრაზების ადრესატი ერთ წამში ცვლის უკმაყოფილო განწყობას.
აუზზე წასასვლელად ვემზადები. პროცესი სავარჯიშო დარბაზში მისვლამდე ხანდახან უსიამოვნოა, შედეგი კი -ყოველთვის ერთნაირად დადებითი.
სპორტულ ტანსაცმელს ჩანთაში ვალაგებ. ვდებ ყურსასმენსაც, რადგან სარბენ ტრენაჟორზე განლაგებული მონიტორი ტელევიზორის ყურებისა და ახალი ამბების შეტყობის საშუალებასაც იძლევა. თანაც, დღეს 4 ნოემბერია, მოვლენებისგან იზოლირებულად ყოფნის უფლებას თავს ორი საათითაც ვერ მივცემ.
6 კილომეტრი 45 წუთში – ასეთია დღევანდელი მაჩვენებელი. ამასობაში 12 სრულდება. მონიტორზე საინფორმაციო გამოშვება მოვძებნე...
რა თქმა უნდა, აქციაა ყველა გამოშვების მთავარი თემა. აქციის ძირითადი შინაარსი კი ხელისუფლების პირდაპირი შეურაცხყოფა, იშვიათად - კრიტიკა! ასეთების სმენის პროცესში კიდევ ერთი კილომეტრი გავიარე და ცოტა ხნის წინ დაწყებულ ვარჯიშში დღევანდელი მაჩვენებელი რეკორდად იქცა.
სახლში სადილად მოსულს, სტუმრად ეკას მეგობარი დამხვდა. ბავშვს ფაფას სიმღერით აჭმევდნენ. სადილის უფრო მარტივი და ბავშვით გადაღლილი დიასახლისისთვის მისაღები ვარიანტი ავარჩიეთ – კაფეში წასვლა. ჩემი მეგობარიც შემოგვიერთდა. ასე აღმოვჩნდით შარდენის ქუჩაზე მაროკოულ რესტორანში.
ჩვენი აპოლიტიკური მეგობრები საერთოდ არ საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე. ეკას კლასელი ნატა 5 წელი იაპონიაში ცხოვრობდა. ჩემთვის საინტერესოა იაპონურ ცხოვრების წესზე ამბების მოსმენა. თურმე არსებობს უცნაური პროფესიის ხალხი, რომელთა ფუნქციას, ხალხმრავალ ადგილებში მოძრაობის შეუფერხებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ნელა მოსიარულე ადამიანების აჩქარება წარმოადგენს. ეს ფიზიკური შეხების გზით ხდება, ნელა მოსიარულეებს თეთრხელთათმნიანები პირდაპირ ზურგზე აწვებიან! მეღიმება, რადგან წარმოვიდგინე, თბილისში რა ბედი ეწეოდათ ასეთ "ამჩქარებლებს"!..
ნახევრად ჩაბნელებულ გარემოში თავს ყველაფრისგან მოწყვეტილად ვგრძნობდი. ეს შეგრძნება გარეთ გამოსვლისთანავე გაქრა. ლესელიძის ქუჩაზე უკვე ვიგრძენი არაორდინარული ვითარებისთვის დამახასიათებელი "სურნელი". რამდენიმე წუთში პარლამენტში ავედი.
მაია ნადირაძის კაბინეტში შევდივარ, სადაც რამდენიმე კოლეგა მხვდება. ჩემი გამოჩენა ოვაციებს იწვევს, უფრო ზუსტად კი ჩემი შავი კაშნე, რომელშიც დეპუტატები თეთრყელსახვევიან მომიტინგეებთან სიმბოლურ დაპირისპირებას ხედავენ. სახუმარო განწყობას მალე საქმიანი ცვლის. იწყება საუბარი, მოვლენების ანალიზი. კართან დადარაჯებულ ჟურნალისტებთან დროდადრო გადიან მაია, გიგა, გივი, პალიკო...
ტელევიზიით ვუყურებთ ერთ-ერთ გამომსვლელს. უცნობი ორატორი პრეზიდენტს ხალხთან მისვლისკენ მოუწოდებს და ყვირის "მიშა, მოდი!" ტელეფონი მირეკავს, რამდენიმე წამით ყურადღება მეფანტება. ისევ ეკრანს ვუბრუნდები: იგივე ორატორი ახლა უკვე სკანდირებს: "მიშა, წადი!" გონებაში მექანიკურად ვაკავშირებ ტელეფონის ზარამდე ნათქვამ "მოდის" და ახლანდელ "წადის". მახსენდება "ჭრელო პეპელა"...
ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხაჭაპური და შემწვარი კარტოფილი მოიტანა. დიდი ვერაფერი ნაერთია, მაგრამ მაინც მადიანად მივირთმევთ. იტალიიდან კახა კალაძე მირეკავს, გულწრფელად შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით და მეუბნება, რომ სურვილი აქვს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ტელევიზიით. მე რამდენიმე არგუმენტს ვაწვდი, თუმცა ისედაც საკმაოდ საღად აფასებს მოვლენებს და მისი შეხედულება სრულად ემთხვევა ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციას. შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში მივდივარ, იქაც ბევრი კოლეგა მხვდება, სიტუაცია – იდენტური. ტელევიზორის კოლექტიურად ყურება და შეფასება, ანალიზი. ცოტა ხანს ვრჩები, შემდეგ ყველას ვემშვიდობები და სახლში ვბრუნდები. გლდანი-ნაძალადევის გამგებელი მირეკავს. მეუბნება, რომ ხვალ დილას სკვერის გახსნაა დაგეგმილი იმ ეზოში, სადაც მე გავიზარდე და ახლა ჩემი მშობლები ცხოვრობენ.

5 ნოემბერი, ორშაბათი
დილას ჩემი მშობლები გვესტუმრნენ. ვემზადები და სკვერის გახსნაზე მივდივარ. უამრავი ხალხია შეკრებილი. განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ. ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრა... ზოგიერთ ჩემს მეგობარს ეტყობა ტელეკომპანია "იმედის" ხელი. შეშფოთებულები არიან. ვუხსნი პროცესების მიმდინარეობის რეალურ მიზეზებს და მიზნებს, ვცდილობ დეზინფორმაციის გავლენიდან გამოვიყვანო და მოვლენები ისე დავანახო, როგორც მე ვხედავ. გულწრფელად იზიარებენ არგუმენტებს და რადიკალურად ეცვლებათ შეხედულება. ჩემი "მინი-მიტინგი", სადაც მსმენელებს ძირითადად ჩემი მეგობრები წარმოადგენენ, ამართლებს... პარტიის ოფისში მივდივარ, იქიდან – პარლამენტში, სადაც ფრაქციის სხდომაა დანიშნული. პარლამენტის ავტოსადგომზე შემთხვევით მხვდება დავით უსუფაშვილი. ერთმანეთს ვესალმებით.
- რას აპირებთ? – მეკითხება.
- ვაგრძელებთ ცხოვრებას – ვპასუხობ.
ეკა მირეკავს. ამბავს კითხულობს ჩემსას და ქვეყნისას. დეტალები – სახლში, ტელეფონში კი მოკლედ ვსაუბრობთ. მამხნევებს, ვამშვიდებ...
ფრაქციის სხდომაზე რაიმე განსაკუთრებული საკითხი არ გვაქვს. ზოგადად განვიხილავთ შექმნილ ვითარებას. დღეს ჩვენმა თანაფრაქციელმა ლადო პაპავამ გააკეთა განცხადება და მხარი დაუჭირა ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების თაობაზე. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია და არა იმიტომ, რომ მის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს არ ვეთანხმები, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ირკვევა, წინა დღით თავის კოლეგებთან, თანამებრძოლებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ ასეთ რამეს არ აპირებდა. დღეს კი მოულოდნელად ყველამ ტელეეთერით შეიტყო მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ვფიქრობ, ყველგან და, განსაკუთრებით, პოლიტიკაში ადამიანური ურთიერთობების როლი დიდია. მაშინაც კი, თუ შენი შეხედულება პრინციპულ საკითხებში არ ემთხვევა შენი პოლიტიკური გუნდის შეხედულებას და შენი პოზიცია თავსებადი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის წევრობასთან, ყველაზე მართებულია, პირველ რიგში ამის შესახებ იმ ადამიანებს უთხრა, ვისთან ერთადაც მრავალი წელი გამოიარე, როგორც კოლეგამ, თანამებრძოლმა და მეგობარმა. ეს ღირსეულად წასვლის ერთადერთ სწორ ფორმად მიმაჩნია. სხდომის მერე შინ მივდივარ. ტელევიზიით ისევ მესმის; ჩემი და ჩემი თანამოაზრეების პირადი შეურაცხყოფა, რაშიც ერთმანეთს ტოლს არ უდებენ ოპოზიციის "გაწონასწორებული" ლიდერები. გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთია პოლიტიკური კულტურის დონე.

6 ნოემბერი, სამშაბათი
დილას პარლამენტის სხდომაა. ჩვეულ რიტმში ვაპირებთ მუშაობას, თუმცა რამდენიმე მწვავე პოლიტიკური განცხადება მაინც გაკეთდა. ეს გარემოება წინა დღით ეთერში ოქრუაშვილის ხელახალმა გამოჩენამ განაპირობა.
"ოქრუაშვილი პოლიტიკურ მჭიდეში უკანასკნელი ტყვია იყო, რომელიც პატარკაციშვილმა გაისროლა. მაგრამ ეს ტყვია ისეთივე მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა, როგორც მის მიერ თავდაცვის მინისტრობისას შეძენილი ტყვიები" - ასე ვაფასებ ამ ვითარებას ჟურნალისტებთან კომენტარისას. დეპუტატთა ოთახში ვიკრიბებით, ისევ დისკუსია...
მძღოლს ვთხოვ, ჩინური რესტორნიდან სადილი მომიტანოს. მენიუ იცის და აღარ ვუმეორებ. მერე კი ეკასთან უნდა წავიდეს, ბავშვს კუს ტბაზე აიყვანენ. ცოტა ხანში ჩემს ოთახში ჩავდივარ. გიორგი მხვდება, ჩემი თანაშემწე, პრესასა და საინფორმაციო საიტებიდან მიღებულ ინფორმაციას მაწვდის. ბუნებრივია, სადილზე ვპატიჟებ. ის კი, როგორც ყოველთვის, თავაზიანად მეუბნება უარს.
ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში კენჭისყრას ვუერთდები. რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტს დავუჭირეთ მხარი.
საღამოს ტელევიზიით გავრცელდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი პრემიერად დანიშვნას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, ამ ტყუილ-მართლის მორევში ჩაძირული ჩვენი საზოგადოებისთვის მოვლენების საღად შეფასება სულ უფრო რთული ხდება. თუმცა, მტკიცედ მჯერა, რომ სიმართლე თავის გზას არ დაკარგავს და მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელისუფლებასაც საკმაოდ აქვს ძალა იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

7 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილას აუზზე ჩვეულებრივზე ადრე მივდივარ, დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, ვითარება საკმაოდ იძაბება. რუსთაველის პროსპექტი გაწმენდილია, მოძრაობა საავტომობილო გზაზე აღდგენილია და ამით უკმაყოფილო ოპოზიცია ხალხს შეკრებისაკენ მოუწოდებს. პარლამენტისკენ მივდივარ. ეს ის დროა, როდესაც მომიტინგეებმა ფიზიკური ძალით აჯობეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და ისევ მოახერხეს რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა. ვითარება კრიტიკულია, ვინაიდან ზუსტად ვიცი, ასეთ მოქმედებებს ადეკვატური პასუხი მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პოლიციაზე ნებისმიერი სახის ძალადობა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში უმკაცრესად ისჯება. ჩვენ კი სწორედ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამიტომაც არ გამკვირვებია რუსთაველზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენა, თუმცა ადამიანურად ეს საკმაოდ უსიამოვნო იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პარლამენტში ნინო ბურჯანაძის ოთახში შევდივარ. ვგრძნობ, როგორ ამეწვა თვალები. ეს იმას ნიშნავს, რომ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ეკა მირეკავს...
დაცვა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ცდილობს პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, სადაც მომიტინგეები არიან შემოჭრილნი, წესრიგი დაამყაროს. პარლამენტის თავმჯდომარესთან რამდენიმე დეპუტატია. შემოდის ზურაბ ტყემალაძე, მრეწველთა ფრაქციის თავმჯდომარე. ძალიან შეშფოთებულია და გვსაყვედურობს მომხდარის გამო. მე, გიგა და პალიკო აგრესიულად ვიცავთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივია, რადგან გრძნობები გამძაფრებულია და ყველა -აღელვებული. ამას ბატონი ზურაბიც გრძნობს და ოთახიდან გადის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ უტევენ ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები პარლამენტის თავმჯომარის დაცვის წევრებს, კაბინეტში შემოღწევისა და ქალბატონ ნინოსთან შეხვედრის მიზნით. ამ ვითარებაში ნინო ბურჯანაძე იღებს თამამ გადაწყვეტილებას: გადის ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მომხრეებთან პარლამენტის დერეფანში, სადაც ბევრი უკონტროლო ადამიანი ირევა. ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ ჯობდა, ეს ყველაფერი პარლამენტის შენობაში წესრიგის აღდგენის შემდეგ მომხდარიყო. შეთანხმება ასეთია: რამდენიმე წუთში შეხვედრა დაინიშნა. თუმცა, შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვალა და თავიანთ მომხრეებს რიყეზე შეკრებისაკენ მოუწოდა... მიტინგზე დაუფარავად გაისმის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მოწოდებები. ვითარება უკიდურესად იძაბება. პრეზიდენტი იძულებული ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ.

8 ნოემბერი, ხუთშაბათი
ვითარება შედარებით განმუხტულია. ხელისუფლებამ გაავრცელა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის სატელეფონო საუბრები, რომელთა მიხედვითაც აშკარად ჩანს, ვინ არიან მოვლენების რეალური ორგანიზატორები და ვინ არიან მათი მოკავშირენი პოლიტიკურ ოპოზიციაში. ცოტნე და კოკო გამსახურდიები ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. დიდი კონსტანტინე გამსახურდიასა და ზვიად გამსახურდიას შთამომავლები... ლევან სანიკიძის არ იყოს, "ისტორიას უყვარს ასეთი ლაზღანდარობა".
კანცელარიაში პრეზიდენტთან უმრავლესობის სხდომა დაინიშნა, რომელზეც ცნობილი გახდა პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება! ჩატარდება, ასევე, პლებისციტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღს განსაზღვრავს. ეს გადაწყვეტილება მოსახლეობამ სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტის ტელემიმართვიდან შეიტყო.
ეკას ეს ამბავი მანამდე გავაგებინე. აღფრთოვანებულია!

9 ნოემბერი, პარასკევი
პარლამენტის სხდომა 16 საათზეა დანიშნული. სხდომამდე დროს სახლში ვატარებ. ბავშვთან ვთამაშობ. მასთან ურთიერთობა ჩემთვის განმუხტვის და ახალი ენერგიით დამუხტვის საშუალებაც არის.
ინფორმაციას ვიღებ ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით. პატრიარქთან ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. საპატრიარქოში ყველა დამშვიდებული და მოკრძალებული ჩანს, თითქოს გარემოს ზემოქმედების ქვეშ არიან. პატრიარქი, როგორც ყოველთვის, მშვიდი და დამაჯერებელია...
16 საათისთვის პარლამენტის სხდომაზე მივდივარ. ერთადერთი საკითხი გვაქვს - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის მხარდაჭერა. პარლამენტი გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის მალე გაუქმება. გადაწყვეტილება განსაკუთრებული აუცილებლობით არის ნაკარნახევი. სხდომის დასრულების შემდეგ ბავშვობის მეგობრებმა გამომიარეს, ერთად ვივახშმეთ. ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა და მიმდინარე მოვლენებია. შინ გვიან ვბრუნდები. ეკა ტელევიზორს უყურებს და მელოდება.

10 ნოემბერი, შაბათი
დღეს სახლიდან გასვლას არ ვაპირებ. დილიდან წიგნების დალაგებას მივყავი ხელი. ამ პროცესში ლადო ასათიანის ლექსები, წერილები და ჩანაწერებიც გადავიკითხე. "ხომ გენიალურია კლდიაშვილის არისტო, რომ ბოხოხს დაანარცხებს მიწაზე?!"–კითხულობს ლადო ასათიანი. ნამდვილად არის გენიალური!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG