Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია


დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა.

პუტინმა, რომლის საპრეზიდენტო ვადა იწურება, ათობით შეკითხვას გასცა პასუხი. მათ შორის კოსოვოს დამოუკიდებლობასთან და ცენტრალურ ევროპაში ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით.

ვლადიმირ პუტინი დღეს 1330 რუსი და უცხოელი ჟურნალისტის წინაშე გამოვიდა. მარათონული მედიაბრიფინგი უკანასკნელია პუტინის საპრეზიდენტო ვადის პერიოდში. მარტში რუსეთში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. პუტინმა დღევანდელი ღონისძიება თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის შესაჯამებლად გამოიყენა.

შეკითხვაზე, თუ რა მიაჩნია პრეზიდენტის თანამდებობაზე თავის უდიდეს წარმატებად, პუტინმა უპასუხა, ის, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რუსეთმა ეროვნული მთლიანობის გრძნობა დაიბრუნა და საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ძლიერი ეკონომიკა განავითარა.

ამავე დროს პრეზიდენტმა აღიარა რამდენიმე უარყოფითი მხარეც. მათ შორის მაღალი ინფლაცია და სიღატაკე. მაგრამ მთლიანობაში პუტინმა ერთობ დადებითი შეფასება მისცა საკუთარ თავს:

[პუტინის ხმა] "მე არ მრცხვენია მოქალაქეების, რომელთაც ორჯერ ამირჩიეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად. მთელი ამ რვა წლის მანძილზე ვშრომობდი, როგორც მონა გალერებზე, დილიდან ღამემდე, ისე, რომ ძალას არ ვიშურებდი. მე კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით."

როგორც მოსალოდნელი იყო, მრავალი შეკითხვა ეხებოდა მისი მემკვიდრეობის თემას.

რუსეთის კონსტიტუცია კრძალავს ზედიზედ ორ ვადაზე მეტ ხანს პრეზიდენტობას. პუტინის თქმით, ის არ არის ძალაუფლების შეპყრობილი და არასოდეს დაჰყოლია ცდუნებას, მესამე ვადითაც გამხდარიყო პრეზიდენტი.

მან კვლავაც გაიმეორა, რომ პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, დმიტრი მედვედევს უჭერს მხარს 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. პუტინმა მას ძლიერი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული შესანიშნავი მენეჯერი უწოდა. "არ მრცხვენია და არ მეშინია მისთვის ქვეყნის სადავეების გადაცემაო", თქვა მან და დასძინა, რომ მედვედევი ძირითადად მის პოლიტიკას გააგრძელებს.

თავის მხრივ მედვედევს, მის დიდი ხნის მოკავშირეს, ნათქვამი აქვს, რომ ბედნიერი იქნება, თუკი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პუტინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

როგორც წესი, ყოველწლიურ პრესკონფერენციებზე საშინაო საქმეებს უკავია უმთავრესი ადგილი, თუმცა პუტინმა ხელიდან არ გაუშვა ეს საშუალება და რამდენიმე საგარეო პოლიტიკურ საკითხსაც შეეხო.

ერთ-ერთი მათგანია შეერთებული შტატების გეგმა, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ეს სისტემა გამიზნულია სახიფათო ქვეყნების - ირანისა და ჩრდილო კორეის - მხრიდან შესაძლო იერიშების მოსაგერიებლად. რუსეთი კი ამბობს, რომ სისტემის განთავსება დაარღვევდა რეგიონში ძალთა წონასწორობას.

პუტინმა გაიმეორა თავისი მუქარა იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც დათანხმდებიან, თავიანთ ტერიტორიაზე განათავსონ ამერიკის სარაკეტო ფარი:

[პუტინის ხმა] "ჩვენი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს სისტემა ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. და თუკი ის გაჩნდება, ჩვენ იძულებული შევიქნებით, ადეკვატური რეაგირება გავაკეთოთ. აი, მაშინ ალბათ იძულებული გავხდებით, ჩვენი სარაკეტო სისტემების ნაწილი დავუმიზნოთ ამ ობიექტებს, რომლებიც ჩვენ გვემუქრება. ჩვენ ხომ არ ვქმნით მათ? ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ არავინ გვისმენს."

კოსოვოს თემასთან დაკავშირებით პუტინმა ევროპას ბრალი დასდო, რომ ის ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს სერბიის ამ პროვინციის მიმართ. მისი თქმით, სერბიისგან კოსოვოს დამოუკიდებლობა ამორალური და უკანონო იქნება. ამასთან, მან დასძინა, რომ კოსოვოს სტატუსი არ არის იმისგან განსხვავებული, რაც აქვთ სეპარატისტულ რეგიონებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე:

[პუტინის ხმა] "აი, მაგალითად, აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან - კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის."

ამავე დროს პუტინმა გააკრიტიკა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმისთვის, რომ ის უარს ამბობს, რუსეთში 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურეები გაგზავნოს. მან უკუაგდო ეუთოს ბრალდება, რომ რუსეთის ხელისუფლება მეთვალყურეთა საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს. "არავის მივცემ უფლებას, რუსეთს ასწავლოს, როგორ მოიქცეს. ჯობია, საკუთარ ცოლებს ასწავლონ, როგორ მოამზადონ წვნიანიო", დასძინა ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG