Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროვიცის მოსახლეობა კოსოვოს მომავლის საკითხშიც გაყოფილია


მესამე თვე სრულდება, რაც კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მისი მოქალაქეები კი დღითიდღე ეცნობიან ახალ-ახალ პრობლემებს,

რომლებიც სახელმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული. ჩვენი რადიო ესაუბრა ახალწარმოქმნილი სახელმწიფოს ორად გაყოფილ მოსახლეობას და შეეცადა გაერკვია, როგორ შეცვალა დამოუკიდებლობამ მათი ცხოვრება. ასევე გვაინტერესებდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სერბიის საპარლამენტო არჩევნებმა კოსოვოში სერბი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესზე.



რუჟიჩკა ბოჟოვიჩი ისევე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა ორად გაყოფილ ქალაქ მიტროვიცის ეთნიკური სერბებით დასახლებულ ნაწილში, სასტიკად ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას და დღემდე სერბიის ნაწილად მიიჩნევს მას:

[ბოჟოვიჩის ხმა] "ჩემთვის ძალიან მძიმეა, როცა მესმის, რომ არსებობს ახალი სახელმწიფო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან აქ არის ჩემი ფესვები და ჩემი კარიერა და, იმედი მაქვს, ჩემი შვილებისაც. ჩვენ აქ გავაგრძელებთ ცხოვრებას და აბსოლუტურად არ ვფიქრობთ მიტროვიცის დატოვებას."

ბოჟოვიჩი და სხვა სერბები კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე მიტროვიცაში, რომელიც მდინარე იბერით ორადაა გაყოფილი - სერბულ და ალბანულ ნაწილებად - მარტონი არ არიან, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება. კოსოვოს დამოუკიდებლობა 40-მდე ქვეყანამ აღიარა, მაგრამ მათ შორის არ არიან რუსეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო.

ცხადია, ყველაზე მეტად კოსოვოს დამოუკიდებლობას სერბია ეწინააღმდეგება. ბელგრადმა გამოაცხადა, რომ კოსოვოში, რომელსაც სერბიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მიტროვიცასა და სერბებით დასახლებულ სხვა რეგიონებს ბელგრადის კონტროლს დაუქვემდებარებს.

ასეთი პერსპექტივა უარყოფითად განაწყობს ეთნიკურ ალბანელებს. ერთ-ერთ მათგანს, მევიოლინე გეზიმ ლატიფის ჩვენი რადიო ესაუბრა. შეკითხვაზე, რას ეტყოდა ის იმათ, ვისაც კოსოვოს დღევანდელი, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი საზღვრების შეცვლა სურს, ლატიფიმ თქვა:

[ლატიფის ხმა] "მე მათ ვეტყვი, რომ მიტროვიცის გაყოფა შეუძლებელია. კოსოვოს საზღვრები უკვე დადგენილია და ევროკავშირის მისიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს კოსოვოს მთავრობასთან, ვინაიდან ახლა ჩვენ სახელმწიფო ვართ და ჩვენს სიტყვას წონა აქვს."

რაზეც ლატიფი საუბრობს, სწორედ ამგვარად გამოიყურება გაეროს გეგმა, რომელიც მარტი აჰტისაარის გეგმის სახელითაა ცნობილი. იგი კოსოვოს დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე მის საერთაშორისო ზედამხედველობას ითვალისწინებს. მაგრამ შეიძლება წლები გავიდეს, სანამ ეს გეგმა ნაყოფს გამოიღებდეს.

დღესდღეობით კოსოვოს სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო და მომსახურების სფერო განუწყვეტელ ცვლილებებს განიცდიან. ძალაუფლება გაეროდან ევროკავშირზე უნდა გადავიდეს.

კოსოვო მეტი კონტროლის მოპოვებას მოელის ივნისში, როცა ამოქმედდება მისი ახალი კონსტიტუცია. მაგრამ ჯერჯერობით ელიან, რას იტყვიან სერბები საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება.

სერბიის პარლამენტი დაიშალა და 11 მაისისთვის ახალი არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც მმართველმა კოალიციამ საერთო პოზიცია ვერ შეიმუშავა იმაზე, თუ როგორი პოლიტიკით უნდა ეპასუხა კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის. მკაცრი კურსის მომხრეებმა მოითხოვეს, სერბიამ შეწყვიტოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები, სანამ კავშირის წევრები უკან არ წაიღებდნენ მათ მიერ კოსოვოს აღიარებას.

მიმომხილველთა აზრით, ამომორჩეველმა, ფაქტობრივად, უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება სერბიის ორიენტაცია კოსოვოსთან მიმართებით. თუკი გაიმარჯვებენ ტომისლავ ნიკოლიჩის და მკაცრი კურსის მომხრე სერბიის რადიკალური პარტიის მომხრეები, ამან შესაძლოა შემდგომშიც დააბრკოლოს ევროკავშირის მიერ მიტროვიცის ზედამხედველობა. თუკი პროევროპულად განწყობილი პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის მომხრეები გაიმარჯვებენ, ვითარება შეიძლება უფრო გაიოლდეს.
XS
SM
MD
LG