Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 755-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს შემოგთავაზებთ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანთან, კახა ლომაიასთან; ვისაუბრებთ იმაზე, უნდა ეშინოდეს თუ არა მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის; შევეხებით ომბუდსმენსა და პარლამენტს შორის ურთიერთობებს; მოგითხრობთ ბრიტანული ფილმების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში გაიმართა.
ამ და სხვა თემებზეა დღეს მეათე სტუდია, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.

ინტერვიუ კახა ლომაიასთან

ბიძინა რამიშვილი:
განვლილი კვირა მოვლენებით აღსავსე და დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თბილისში ვიზიტისას მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და რუსეთს მოუწოდა, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების მოგვარებას შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად რუსეთმა სწორედ რაისის ვიზიტის დროს სამხედრო თვითმფრინავებით დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და შემდეგ, ასეთი ინციდენტების სიტორიაში პირველად, აღიარა ეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.
რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებს ეხება ინტერვიუ, რომელიც ჩვენს გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე აიღო ეკა წამალაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, კახა ლომაიასთან.

იხ. აუდიოვერსია.


უნდა ეშინოდეს თუ არა მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის?

ბიძინა რამიშვილი:
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2006 წლის პირველ დეკემბრამდე, უნდა მიეღო, თუმცა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების წყალობით, საქართველოში მოქმედი სამაუწყებლო კომპანიები კვლავაც კოდექსის გარეშე აგრძელებენ მუშაობას. უნდა ითქვას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში აზრი არ შეუცვლიათ კოდექსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს. ჟურნალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის სახით მიღებული ქცევის კოდექსი შეამცირებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხს, კოდექსის ავტორები კი ჟურნალისტთა ამ შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
ჯიმშერ რეხვიაშვილი შეეცადა გაერკვია, უნდა ეშინოდეს თუ არა მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ავ-კარგზე მსჯელობა ორი წლის წინ დაიწყო, როცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები პარლამენტის კინოდარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და დაინტერესებულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

[ლევან რამიშვილის ხმა] „საერთოდ, ასეთი კოდექსები დამახასიათებელია მთელი რიგი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. საქართველოშიც ეს მოდელი იქნა არჩეული, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ითხოვს სამართლიან, ობიექტურ, მიუკერძოებელ მაუწყებლობას. პატივს უნდა სცემდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და მთელ რიგ ლეგიტიმურ ინტერესებს. და სასურველია, რომ ყოველივე ეს უფრო ნათლად და დაწვრილებით იყოს გაწერილი.“ (სტილი დაცულია)

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა ლევან რამიშვილმა უსაფუძვლო შიში - ფობია უწოდა ზოგიერთი ოპონენტის იმ ვარაუდს, რომლის თანახმადაც, კოდექსი მედიის წარმომადგენლებისათვის სანქციების შემოღების საშუალებას იძლევა, თუმცა ლევან რამიშვილის პასუხად „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა დავით საგანელიძემ ასეთი განცხადება გააკეთა:

[დავით საგანელიძის ხმა] „მაგალითს მოვიყვან. ყველა ვყოფილვართ ბავშვობაში სტომატოლოგთან. კბილის ამოღების წინ არასოდეს გეტყვის ექიმი, აბა, პირი გააღე, კბილი უნდა ამოგიღოო. გეტყვის, უნდა დავათვალიერო, აბა, როგორაა, უნდა შევხედოო და ამ შეპარვით საუბარში უცბად ამოგიღებენ კბილს.“

დავით საგანელიძის ამ ვარაუდს ლოგიკური ახსნა მოუძებნა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. იურისტი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, ქცევის კოდექსს, მიღების შემთხვევაში, ექნება მკაფიოდ განსაზღვრული სტატუსი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ქცევის კოდექსის შესახებ წერია მაუწყებელთა კანონში, რომ ის უნდა იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმატიული აქტი.“

კანონის მე-14 მუხლში ასევე წერია, რომ მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ლევან რამიშვილი ორი წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომლის უმეტესი ნაწილი ეთმობა სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, ვერანაირად ვერ ხელყოფს მედიისა და სიტყვის თავისუფლებას:

[ლევან რამიშვილის ხმა] „კოდექსის მოთხოვნების დარღვევას თუ ექნება ადგილი, ასეთ შემთხვევაში შესაბამისმა დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს მაუწყებელს, სადაც ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს და დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი გაეცეს მომჩივანს გონივრულ ვადებში. არანაირი ჯარიმები და სხვა უხეში სანქციები გათვალისწინებული არ არის. ეს კანონშიც ძალიან ცხადად წერია და, ბუნებრივია, კოდექსითაც ისეთი ვერაფერი დადგინდება, რაც კანონს ეწინააღმდეგება.“

კანონის მოთხოვნებზე ლაპარაკობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარეც. გიორგი ჩხეიძის თქმით, კანონი არ ითვალისწინებს მაუწყებლის საქმიანობაში გარედან ჩარევას:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „მთავარი ამოსავალი ამ კოდექსისა უნდა იყოს თვითრეგულირებაზე ორიენტაცია, იმიტომ რომ კანონი, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული და დღესაც მოქმედებს, მოითხოვს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვას თვითრეგულირების მექანიზმზე დაფუძნებით.“

„კანონს მაუწყებლობის შესახებ“ ასევე კარგად იცნობს ტელეკომპანია ”კავკასიის” დირექტორი, თუმცა ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ მაუწყებელთა კოდექსი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა და ამის გამო მედიისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს იქნება თვითრეგულირების დოკუმენტი, მაგრამ იქნება ნორმატიული აქტი. ნორმატიულ აქტს, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის სამინისტრო, თუ დაარღვევ, ამას აუცილებლად მოჰყვება სანქციები, მაგრამ ავტორები გვეუბნებიან, ასე არ იქნებაო. ჩვენ ზუსტად ეს გვაშინებს, რომ ამ კოდექსში არის ჩამოწერილი, როგორ უნდა იქცეოდეს წამყვანი, როგორ უნდა იქცეოდნენ ჟურნალისტები მასობრივი არეულობების დროს, რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს. ეს კოდექსი ამ ფორმით თუ მიიღეს, დამერწმუნეთ, რაც ხელისუფლებამ 7 ნოემბერს გააკეთა კანონის დარღვევით მასმედიის მიმართ, ეს კოდექსი დააკანონებს მსგავს ქმედებებს და ამის მერე თუ გააკეთებს ამას, კანონიერი იქნება.“

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ორი წლის წინაც აცხადებდნენ და ახლაც იმეორებენ, რომ არ აპირებენ ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევას:

[გიგა ბოკერიას ხმა] „თვითონ მაუწყებლის მიერ დაწესდება სტანდარტი, რაც, ვთვლით, რომ საჭიროა. მხოლოდ ეს არის გზა. სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ,ჩვენი ტელევიზიების შემხედვარე, ვთვლი, რომ ეს აუცილებელია.“

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ორი წლის წინ, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ ზეობის დროს, გააკეთა. თუმცა, როგორც ჩანს, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ტრანსფორმაციის შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღებას აღარ ჩქარობს. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულმა კომისიამ ორიოდე დღის წინ, ხელახალი გადამუშავების მომიზეზებით, კიდევ ერთხელ გადადო პროექტის განხილვა.


ბიძინა რამიშვილი:
ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის ტრადიციულ მოხსენებას ერთწინდადებიანი დადგენილებით უპასუხა. მასში ნათქვამი იყო, რომ ,,2006 წელს, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.” ამ დრომდე პარლამენტს ცნობადაც არ მიუღია ომბუდსმენის შემდეგი მოხსენება, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ, 2007 წელს არსებულ ვითარებას ასახავს. ამ ანგარიშის მოსმენა წინა მოწვევის პარლამენტმა მემკვიდრეობად მის ამჟამინდელ შემადგენლობას დაუტოვა. ახალი მოწვევის პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახალხო დამცველის მოსმენა ამ კვირაში გადაწყვიტა, თუმცა, შეხვედრა კონკრეტული მიზეზით გადაიდო. თემას ნინო როდონაია განაგრძობს.

იხ. აუდიოვერსია.


ბრიტანული ფილმების ფესტივალი თბილისში

ბიძინა რამიშვილი:
11 ივლისს თბილისში, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში, დასრულდა ბრიტანული ფილმების ფესტივალი ”ბრიდფესტი 2008”, რომლის ორგანიზატორია ქართულ-ბრიტანული კულტურული პლატფორმა და ბრიტანეთის საბჭო. ”ბრიდფესტის” დღეებში ნაჩვენები ფილმების შესახებ ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია გიამბობთ.

გიორგი გვახარია:
”ბრიდფესტი” ბრიტანული კინოს ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც საქართველოში პირველად 2006 წელს გაიმართა. სწორედ მაშინ შეიტყვეს ბრიტანული კულტურის ქართველმა მოყვარულებმა ახალი ორგანიზაციის, ”ქართულ-ბრიტანული კულტურული პლატფორმის”, არსებობის შესახებ. პლატფორმას საქართველოში სოფო თორთლაძე ხელმძღვანელობს, საპატიო თავმჯდომარე კი რობერტ სტურუაა. ორგანიზატორების თქმით, ”ბრიდფესტი” სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით, კინოჩვენებები რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში გამართოს - ასე ხდება თეატრისა და კინოს შეხვედრა ერთ დარბაზში და, რასაც ორგანიზატორები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, იმის ხაზგასმა, რომ ”ქართულ-ბრიტანული კულტურული პლატფორმა” ექსპერიმენტს, სიახლეს უჭერს მხარს.

არსებითად ”ბრიდფესტის” ეს იდეა მეტ-ნაკლებად ფესტივალის პროგრამაშიც წარმოჩნდა. ორგანიზატორებმა შეარჩიეს ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანული ფილმები - ოღონდ სურათები, რომელთა ავტორები ძიებას, ექსპერიმენტს უჭერენ მხარს და ამიტომ რისკავენ კიდეც. რისკი ზოგჯერ წარუმატებლად მთავრდება. კატასტროფული მარცხი განიცადა, მაგალითად, კანის შარშანწინდელ ფესტივალზე ანდრეა არნოლდის კონკურსში ჩართულმა ფილმმა ”წითელი გზები” - ისტორიამ პოლიციელ ქალზე, რომელიც სათვალთვალო კამერით ცდილობს დამნაშავეებთან ბრძოლას. მაგრამ მთელი ამ ფესტივალის მთავარი გზავნილი ხომ ეს იყო - თანამედროვე ბრიტანელი რეჟისორები აგრძელებენ ძიებას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სოციალურ თემატიკას, როგორც, მაგალითად, პოლ გრინგრასი ფესტივალის პროგრამაში ჩართულ ფილმში „იუნაითიდ 93“ (ასე ითარგმნა ფილმის სათაური) - 11 სექტემბრის ტრაგედიაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო სურათში, რომლის ავტორი თავიდანვე აღნიშნავდა, რომ არ სურს ისტორიული ფაქტის ცალსახად წარმოჩენა:


[პოლ გრინგრასის ხმა] ”მრავალჯერ ვცადეთ ისე გადაგვეღო, რომ მსახიობთა ჯგუფი ერთ მხარეს ყოფილიყო, ჩვენ კი - მეორე მხარეს და ისე აგვესახა რეალობა, თითქოს მეორე მხარემ ჩვენი იქ ყოფნა არ იცოდა. ეს თამაშს ჰგავდა, გვინდოდა აღგვებეჭდა ყველა წვრილმანი ეკრანზე.”

ბრიტანულ კინოს სოციალური პრობლემების ასახვის დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ ბრიტანელებს, იმავე იტალიელი ნეორეალისტებისგან განსხვავებით, უფრო მეტად აინტერესებთ არა სოციალური ჯგუფები, არამედ კონკრეტული დაუცველი ადამიანები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, არც ერთ სოციალურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ნილ ჯორდანის „საუზმე პლუტონზე“, სურათი ეგრეთ წოდებულ „ტრანსგენდერული ბუნების“ ბიჭზე, რომელიც ცდილობს გაეცალოს დიდ ქალაქს, სადაც ვერავინ უგებს.


[ნილ ჯორდანის ხმა] ”სცენარი საკმაოდ ჩახლართული იყო. ნათელი გახდა, რომ ფილმის შექმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუკი სათანადო მსახიობი გვეყოლებოდა. ყველაფერი არტისტზე იყო დამოკიდებული. სილიანი, ამ მხრივ, ნამდვილი მონაპოვარი აღმოჩნდა. მიზნის მისაღწევად იგი მზად იყო რამდენიმე წელი გაეწირა.”

ნილ ჯორდანი სილიან მერფიზე საუბრობს - მსახიობზე, რომელმაც, კრიტიკოსების თქმით, ბრიტანული თეატრისა და კინოს საუკეთესო ტრადიციები გააერთიანა. ამ თვალსაზრისით, 2005 წელს გადაღებული ფილმის ჩართვა „ბრიდფესტის“ პროგრამაში ლოგიკური და კანონზომიერი იყო - ფილმების ჩვენება ხომ თეატრში მიმდინარეობდა და „ბრიდფესტმა“ ხომ ქართველ თეატრალებსა და კინემატოგრაფისტებს მოუყარა თავი, რაც, სხვათა შორის, რატომღაც იშვიათად ხდება ქართულ კულტურულ სივრცეში. აღარაფერს ვამბობ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე - მათთვის „ბრიდფესტი“ განსაკუთრებით საინტერესო უნდა ყოფილიყო: ბრიტანელები ხომ თავიანთ ფილმებში ისეთ პრობლემებს ეხებიან, როგორიცაა ემიგრაცია, უცხოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, მილიტარიზაცია... ეს უკანასკნელი შეინ მიდოუსის ფილმის, ”მკვდარი კაცის ფეხსაცმელის“, პრობლემაა... მიდოუსი თავის ფილმზე ისე საუბრობს, თითქოს არა ბრიტანული, არამედ ქართული საზოგადოება ჰყავდეს მხედველობაში:


[შეინ მიდოუსის ხმა[ ”პირადი გამოცდილებიდან ვიცი: ახალგაზრდები, რომლებიც ჯარში მიდიან, რამდენიმე წლის შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში ბრუნდებიან, როგორც წესი, საკუთარ თავს ”მაგარ ბიჭებად” ასაღებენ ხოლმე, მაგრამ არაფერს ჰყვებიან ჯარსა და იმ ადამიანებზე, ვისთანაც ერთად მსახურობდნენ.”

„ბრიდფესტი 2008“ წარმატებით დასრულდა. მომავალ ფესტივალზე, შესაძლოა, ფილმებთან ერთად მათი ავტორებიც ვიხილოთ და მათთან ერთად ვიმსჯელოთ არა მარტო ბრიტანული, არამედ ქართული კინოსა და თეატრის განვითარების პერსპექტივებზე.



თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG