Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო-პოლიტიკური მატჩი


"ზოგჯერ პატარა შემთხვევებს დიდ მოვლენებამდე მივყავართო", უთქვამს თურქეთის პრეზიდენტს, აბდულა გიულს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სომხეთში ისტორიული ვიზიტისას ახლდნენ მას თან.

როცა ნოემბერში კენჭისყრამ თურქეთის და სომხეთის საფეხბურთო გუნდები ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოაქცია, მაშინ ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ბედის ეს პატარა ოინი შესაძლოა დიდი მნიშვნელობის პროცესის დასაწყისი გამხდარიყო. როგორც გიულის უახლოესი მრჩევლები ამბობენ, როცა სომხეთის პრეზიდენტის მიპატიჟება მიიღო, მისი პირველი რეაქცია დადებითი იყო.

6 სექტემბერს ერევანში გამართული საფეხბურთო მატჩი დარსულდა ანგარიშით 2:0 თურქეთის გუნდის სასარგებლოდ. მაგრამ, როგორც მრავალი პოლიტიკური მიმომხილველი მიიჩნევს, ამ მატჩის მნიშვნელობა მხოლოდ ორი გატანილი გოლით არ განიზომება.

[თამრაზიანის ხმა] "ჩემის აზრით, ეს თამაში უფრო მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო მატჩი. ეს იყო დიპლომატიური თამაში, რომელშიც ფეხბურთისგან გასხვავებით გაიმარჯვა ორივე გუნდმა - თურქეთმაც და სომხეთმაც. მოგეხსენებათ, ამ ორი ხალხის მთელი ისტორიის მანძილზე თურქეთის ლიდერი სომხეთში არასოდეს ჩასულა სტუმრის როლში. ამიტომ ამ ფაქტს ბევრი მიიჩნევს ისტორიულ მოვლენად. ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ მას სომხებიც," ამბობს ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი.

სომხეთსა და თურქეთს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის საზღვარი ჩაკეტილია. სომხეთი თურქეთისგან ითხოვს, აღიაროს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდი იყო. თურქეთი კი აცხადებს, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სომხების ხოცვა არ ყოფილა დაგეგმილი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას მთელი რიგი ფაქტორები უშლის ხელს. ერთ-ერთი მათგანია რუსეთი, რომელიც სულაც არ არის დაინტერესებული თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნით, რასაც საბოლოოდ შესაძლოა დასავლეთისკენ სომხეთის გახსნა მოჰყვეს. ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მტკივნეული იქნებოდა აზრებაიჯანისთვისაც. მეზობლებს შორის პოლიტიკურ დათბობას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს თავად თურქეთშიც.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთს კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონის დანარჩენ ორ ქვეყანასთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, და ამის ხარჯზე მეთოდურად აფართოებს თავის გავლენას სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სომხეთს უფრო სჭირდებოდა თურქეთთან ურთიერთობების მოგვარება, ვიდრე თურქეთს.

ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობა ადრეც ყოფილა, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლია. ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას მერე, რაც 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსეთმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და სერიოზული დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ მის სამხედრო ძალებს, არამედ ეკონომიკას და ინფრასტრუქტურასაც.

ამან კი საგონებელში ჩააგდო თურქეთის ხელისუფლება, ვინაიდან საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და, რაც მთავარია, კასპიის ზღვის აუზიდან თურქეთისკენ მიმავალი ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყანაა. საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნით რუსეთმა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუქმნა პრობლემა.

შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ სომხეთის იზოლაციის შეწყვეტით შესაძლებელი იქნებოდა ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შექმნა და კრიზისულ ვითარებებში მარშრუტების უფრო მეტად დივერსიფიკაცია.

კონკრეტულად გიულის ერევანში ვიზიტის შემდეგ რა ნაბიჯებია მოსალოდნელი ვითარების ნორმალიზების გზაზე? კვლავ ჰრაირ თამრაზიანს მოუსმინეთ:

[თამრაზიანის ხმა] "მე ვფიქრობ, ეს პირველი იყო ნაბიჯი, სიმბოლური ნაბიჯი. მაგრამ ამას მოჰყვება უფრო კონკრეტული ნაბიჯები. ორივე მხარემ განაცხადა, რომ შეხვედრების გაგრძელებას აპირებენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა ისიც კი თქვა, რომ თურქეთი მზად არის, განიხილოს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი. მხარეები შეხვედრას უკვე სექტემბრის ბოლოს გამართავენ ნიუ იორკში და იქ ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ დაიწყონ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი."

ურთიერთობების ერთ ღამეში შეცვლას არავინ მოელის. მაგრამ, როგორც აბდულა გიულმა თქვა ერევანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამ ვიზიტმა ძველთაძველი ფსიქოლოგიური ბარიერი მოშალა. გიული შეიძლება იმაშიც სწორი იყოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღარასოდეს იქნება ის, რაც აქამდე იყო.
XS
SM
MD
LG