Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გადადო

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გადადო თავისი პირველი მიმართვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გადადო თავისი პირველი მიმართვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.
ამის შესახებ რუსეთის მასმედია იუწყება. მედვედევი თავისი მიმართვით დღეს უნდა გამოსულიყო პარლამენტის ორივე პალატის წინაშე. გაზეთ “მოსკოუ ტაიმსის” ინფორმაციით, მედვედევის გამოსვლა მომავალი კვირისთვის გადაიდო. თვით კრემლის განცხადებით, მას არ გააჩნია ინფორმაცია გამოსვლის გადავადების მიზეზებზე. რუსეთის საფინანსო ბაზრები მძიმედ დაზარალდა გლობალური საფინანსო კრიზისით. მიმდინარე კვირაში მედვედევმა აშშ დაადანაშაულა კრიზისის გამო, მანვე იწინასწარმეტყველა ამერიკის ეკონომიკური ბატონობის დასასრული.

ყველა ახალი ამბავი

გარდაიცვალა დმიტრი იაზოვი - უკანასკნელი საბჭოთა მარშალი

მოსკოვში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, - ცნობას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დმიტრი იაზოვი დაიბადა 1924 წელს. წითელი არმიის რიგებში შევიდა მოხალისედ 1941 წელს, ომის დროს. მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვასა და ბალტიის იერიშში.

კომუნისტური პარტიის წევრია 1944 წლიდან. ორჯერ იყო დაჭრილი, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის საბრძოლო ორდენი.

ომის შემდეგ დაამთავრა სამხედრო აკადემია. მონაწილეობას იღებდა კარიბის კრიზისში. იაზოვის მოტომსროლელთა პოლკი გადასროლილი იქნა კუბაში, სადაც უნდა მოეგერიებინა აშშ-ის შესაძლო იერიში. სარდლობდა ჩეხოსლოვაკიაში განთავსებულ საბჭოთა ჯარებს, იყო შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების სარდალი.

1987 წლის მაისში, მარშალ სერგეი სოკოლოვის გადაგომის შემდეგ, დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად. სოკოლოვის გადადგომა გამოიწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის, მატიას რუსტის მიერ საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვრის დარღვევამ და საფრენი აპარატის წითელ მოედანზე დაშვებამ.

დმიტრი იაზოვი იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება. ის ასევე იყო იმ ქვეყნის უკანაკნელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა პარტიულმა ხელმძღვანელობამ იაზოვს დააკისრა პასუხისმგებლობა ჯარის საკავშირო რესპუბლიკებში გამოყენების გამო, მათ შორის ლიტვაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ლიტვაში, სამხედრო დანაშაულისათვის, დაუწრებლად მიესაჯა 10 წლით პატიმრობა.

1991 წლის აგვისტოში იყო ე.წ. ГКЧП (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) წევრი. იაზოვის ბრძანებით იქნა გამოყვანილი სამხედრო ტექნიკა. მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა მიხეილ გორბაჩოვთან ფოროსში, სადაც დააპატიმრეს. ტელევიზიით გავრცელდა გორბაჩოვისადმი მისი მიმართვა, რომელშიც მარშალი იაზოვი თავის თავს „ბებერ სულელს“ უწოდებდა. წლების შემდეგ მემუარებში დაწერა, რომ არ მიაჩნია 1991 წლის მაისის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად და, რომ ტელემიმართვა ჩაწერა ზეწოლის შედეგად.

1994 წელს შეეხო ამნისტია. სიცოცხლის ბოლო წლებში დიმიტრი იაზოვს ეკავა კონსულტანტის თანამდებობა რუსეთის თავდაცვის უწყებაში. ორჯერ აქვს მიღებული ლენინის ორდენი. უკანასკნელი ორდენი - სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის (III ხარისხი) მიღებული აქვს 2020 წელს.

WHO: კორონავირუსის გავრცელებას გლობალური პანდემიის სახე ჯერჯერობით არ მიუღია

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია(WHO) გლობალურ პანდემიად ჯერჯერობით არ აფასებს პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ პანდემიისთვის მზადება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა, პანდემია ნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითვე, ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ეპიდემიის პიკი უკვე გავლილია. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაავადების საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს. შედარებით რბილი სიმპტომების მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებას ორი კვირა სჭირდება, გართულების შემთხვევაში კი, 3-7 კვირა.

25 თებერვლის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს. მათგან 77 600-ზე მეტი ჩინეთში დაავადდა. მსოფლიოს კიდევ 36 ქვეყანაში დაავადების, საერთო ჯამში, 2400-ზე მეტი შემთხვევაა.

დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 2698 ადამიანი. მათგან 2600-ზე მეტი - ჩინეთში.

სამხრეთ კორეამ დაადასტურა კორონავირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევა. დაავადებულია 890-ზე მეტი ადამიანი.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი და დაავადებულია 220-ზე მეტი.

ირანი ოფიციალურად ადასტურებს გარდაცვალების 12 და დაავადების სულ მცირე 60 შემთხვევას.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ჟენევაში ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. მათი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.

საუბარი იყო ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ამ თემების და ზოგადად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლესი დონის დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა, ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით ეხმიანება

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოს და მის სიტყვებს აქვეყნებს.

„დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ”.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

თბილისში დააკავეს დედის და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული

პოლიციამ თბილისში დააკავა 19 წლის პირი, რომელსაც ბრალად ედება დედის და ბებიის მკვლელობა. ტრაგედია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ. თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა“.

შსს-ს განცხადებით, პოლიციელებმა ბრალდებული, 2001 წელს დაბადებული მ.ზ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მსგავსი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "ქართულ წამლებთან" ბრძოლას აგრძელებს

ოკუპირებულ ცხინვალში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმე აღძრეს 44 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელიც აფთიაქში ყიდდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილ სამედიცინო პრეპარატებს.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების წამლები ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეიდის შედეგად აღმოაჩინეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის შსს უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს ე.წ. რეიდებს ადგილობრივ აფთიაქებში „ქართული წამლების“ აღმოსაჩენად. 17 თებერვალს „რესი“ წერდა, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებული იყო სულ მცირე ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის - „კოლხური“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის, სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით.

ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალის რეგიონში სურსათის და სხვა პროდუქციის დეფიციტია, რადგან რუსეთმა გაამკაცრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი ტვირთის განბაჟების წესები.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებზე. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

კოალიციამ მედიაადვოკატირებისათვის აჭარის ტელევიზიაში განვითარებული პროცესები შეაფასა

„ჩვენ, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი, ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კვლავაც საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მივიჩნევთ, - ნათქვამია კოალიცია მედიაადვოკატირებისათვის განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.

ამ დროისათვის ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ:

1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - „24 თებერვალს გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის ტოკშოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით.

ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.

2. მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის ფუნქცია - „2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს".​

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - „დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო.

ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ“.

4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - „ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება“.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა რამდენიმესაათიანი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა - იტყობიდენა ბათუმიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

„ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მოთხოვნით.

ამ დოკუმენტს მოვამზადებთ და ხელმძღვანელობა მიიღებს ოფიციალური სახით. მანამდე ჩვენ ჩვენი საგაფიცვო სტრატეგიის შესახებ და კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, ბუნებრივია, მათ არ გავაგებინებთ, სანამ დოკუმენტი არ ჩაბარდებათ“, - აცხადებს მალხაზ რეხვიაშვილი.

პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

განახლდება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 თებერვალს

ხელისუფლება და ოპოზიცია შეწყვეტილი დიალოგის შემდეგ

მას მერე რაც გიგი უგულავა დააკავეს ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე დიალოგი შეწყვიტა. დღეს მისი განახლების რაიმე რეალური ნიშანი არ არსებობს. მხარეები დღეს მხოლოდ მედიის საშუალებით ესაუბრებიან ერთმანეთს საარჩევნო სისტემაზე, თუმცა როგორც ხელისუფლება ამბობს, თუ თებერვლის ბოლომდე პროცესი ისევ მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდა, დარჩება ისევ მოქმედი საარჩევნო სისტემა.

არადა, 10 თებერვალს, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას დააპატიმრებდნენ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ მოდელზე მსჯელობდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები და რა შანსები აქვს კომპრომისულ მოდელს - ამით ლელა კუნჭულია დაინტერესდა

წაიკითხე მეტი

კორონავირუსი: შეშინებული მოქალაქეები და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები

4 თებერვალს თბილისი-ბათუმის მატარებელი მგზავრებმა კორონავირუსის შიშით დაიცალეს, მას მერე რაც მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქე ავიდა. უკმაყოფილო მგზავრებმა სასწრაფოს ბრიგადა გამოიძახეს. ჩინეთის მოქალაქეები სამედიცინო შემოწმების მიზნით წაიყვანეს, მგზავრები კი ბათუმისკენნ სხვა მატარებლით წავიდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტს.” ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“, - აღნიშნავს იმნაძე.

საქართველოში არა, თუმცა მსოფლიოს 30 ქვეყანაში უკვე დადასტურებულია კორონავირუსის შემთხვევები. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი, საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაიფიცნენ

გუშინ ღამე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჟურნალისტების პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის გათავისუფლებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

ადევნე დღეს თვალი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რადიო თავისუფლების ვებ გვერდისა და ფეისბუკის საშუალებით. მანამდე კი წაიკითხე მეტი, გაფიცვის შესახებ.

პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში

საქალაქო სასამართლო დღეს რამდენიმე ამბის ეპიცენტრად იქცევა. იქ ცოტა ხანში დაიწყება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო მოსმენა. სასამართლოს ეზოში კი ტელეკომპანია “მთავარის” მფლობელის, გიორგი რურუას მხარდამჭერების აქცია გაიმართება.

დღეს ასევე საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულის მიხეილ კალანდიას მიმართ საბოლოო განაჩენს გამოაცხადებენ.

სასამართლოს განაჩენი - ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავეა

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ სცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ამ განაჩენს მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოძრაობა #meToo-სთვის, რომელმაც ქალები საჯაროდ აალაპარაკა სექსუალურ შევიწროებაზე მათ შორის ჰოლივუდში.

წაიკითხე მეტი

ყველა მოლოდინის რეჟიმში - ტურიზმი საქართველოში კორონავირუსის აფეთქების დროს

კორონავირუსი მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიას “ურტყამს”. საქართველომ უკვე შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთსა და ირანთან. ახლა საუბარია იტალიასთან ავია მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზეც, სადაც ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

სანდრო ჯუფალაკიანი შეეცადა გაერკვია დაზარალდება თუ არა საქართველო შეჩერებული ავიამიმოსვლებითა და სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვებით, ასევე შეცვალა თუ არა მოგზაურთა გეგმები კორონავირუსმა.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსი და სხვა ინფექციური დაავადებები

5 მითი 1921 წლის ომის შესახებ

პირველი რესპუბლიკის მთავრობა უნიათო და უგერგილო იყო, საქართველო უბრძოლველად დათმეს და გაიქცნენ და, საერთოდაც, ეგ საქართველოს კი არა, ბოლშევიკების და მენშევიკების ომი იყო. -

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, თანამოაზრეებთან ერთად, წლებია, რაც ამ მითებს ებრძვის. სხვა თუ არაფერი, ჩვენს სახელოვან წინაპრებს რომ სათანადო პატივი მივაგოთ!

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვის საკითხს განიხილავენ

რადიო თავისუფლლების კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი შეხვედრას მართავს და გაფიცვის საკითხს განიხილავს. რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 90-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, გადადიან რადიკალური პროტესტის ფორმაზე - გაფიცვაზე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

„ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები ისევ ნერგებს რგავენ

თბილისში, ვარკეთილის II მ/რ-ში მდებარე „ანას ბაღთან“ შეკრებილმა მოქალაქეებმა ნერგების დარგვა განაახლეს. მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდაპირველად სამშენებლო კომპანიის წირმომადგენლების წინაშე ადგილობრივები იმყოფებოდნენ. ერთმა მოქალაქემ არმატურის ბოძების ამოძრობა დაიწყო, რომლითაც კომპანიას ტერიტორია ჰქონდა მონიშნული, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივებს მალევე შეუერთდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

ვითარება შედარებით, მას შემდეგ განიმუხტა, რაც მხარეებმა კამათი შესაბამის ნახაზზე დაყრდნობით დაიწყეს. საბოლოოდ, აქტივისტებმა ნერგების დარგვა ისეთ ადგილზე განაახლეს, რომელზეც კომპანიის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

22 თებერვალს მშენებარე კორპუსთან პარტიზანული მებაღეობის წევრებმა და სხვა აქტივისტებმა ნერგები დარგეს და საქანელები მიიტანეს. მოგვიანებით, „პარტიზანმაა მებაღემ“ ნატა ფერაძემ მერიის მხრიდან ვანდალიზმის ფაქტი უწოდა, ნარგავების ამოთხრას.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

24 თებერვალს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC). ის მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ „ანას ბაღთან” მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ცალმხრივად, მხოლოდ კერძო პირის ბიზნესინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ მიიღო.

პაატა იმნაძის თქმით, ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმაურება თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტს.

„უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“, - აღნიშნავს იმნაძე.

თბილისი-ბათუმის მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ამ განაჩენს მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოძრაობა #meToo-სთვის, რომელმაც ქალები შთააგონა საჯაროდ ელაპარაკათ სექსუალურ შევიწროვებაზე ძალაუფლებრივ პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.

ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, 67 წლის ვაინშტაინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალურ ძალადობაში ასისტენტის, მიმი ჰეილის მიმართ 2006 წელს და ერთ დროს მსახიობობის მოსურნე ჯესიკა მანის გაუპატიურებაში 2013 წელს.

ვაინშტაინს მოეხსნა ყველაზე სერიოზული ბრალდებები, რომელთა გამოც მისთვის შეიძლებოდა სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოეტანათ - მათ შორის სექსუალური ხასიათის განზრახ თავდასხმის ორი ბრალდება. ახლა მას 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა.




ჩეჩნეთში აღნიშნეს ჩეჩენთა და ინგუშთა გადასახლების დაწყების ტრაგიკული თარიღი

რვა წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონ ჩეჩნეთში საჯაროდ მიაგეს პატივი 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთ, იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია დაიწყო.

23 თებერვალს დედაქალაქ გროზნოში თავი მოიყარა ასობით პირმა, მათ შორის ჩეჩნეთის ოფიციალურმა და სასულიერო პირებმა, რათა პატივი მიეგოთ დეპორტაციის ათასობით მსხვერპლის ხსოვნისთვის.

ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა 2012 წელს გლოვისა და ხსოვნის დღე 23 თებერვლიდან გადაიტანა 10 მაისს, მისი მამის, გროზნოში აფეთქების შედეგად 2004 წელს დაღუპული აჰმად კადიროვის დაკრძალვის დღეს. მაგრამ ჩეჩნეთის ბევრი მცხოვრები არაოფიციალურად განაგრძობდა პატივის მიგებას დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

1944 წელს, 23 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ 650,000-მდე ჩეჩენი და ინგუში გადაასახლა შუა აზიაში, საბაბით, რომ ისინი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. გადასახლებულთაგან ნახევარი ან გზაში დაიღუპა, ან იმ მძიმე პირობების გამო, რომელშიც ისინი აიძულეს ეცხოვრათ. გადარჩენილებს 1957 წელს მისცეს ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების უფლება.

თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფ ჩინელებს გამოკვლევა უტარდებათ - სხვები გაემგზავრნენ

„ახალი მატარებელი მოიყვანეს, დეზინფექციისთვის, მგზავრები გადაიყვანეს ამ მატარებელში, რომელიც უკვე გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

თბილისი-ბათუმის (შტანდლერის) მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

„მგზავრებმა გამოიძახეს მატარებლის უფროსი. შემდეგ - სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამჟამად ჩინეთის ორი მოქალაქე შემოწმების პროცედურას გადის.

შემთხვევის შესახებ „ფეისბუკზე" წერს ნინო ხითარიშვილი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო ხითარიშვილს. „როდესაც მივხვდი, რომ მატარებელი არ გადიოდა, გამოვედი ვაგონიდან და შევესწარი მგზავრების ხმამაღალ საუბარს. მათი თქმით, ვაგონში იყვნენ მგზავრები ჩინეთიდან, რომლებიც ცუდად იყვნენ. ამ ქალს ვკითხე, რატომ ფიქრობთ რომ ცუდად არიან? მითხრა, რომ მგზავრები აცემინებდნენ, ჰქონდათ სურდო და ითხოვდნენ მათთვის სიცხის შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებნენ გამგზავრებაზე. სხვა მგზავრებიც იგივეს ამბობდნენ. შემდგომ მოვიდა რკინიგზის ადმინისტრაცია, პატრულიც და გამოიძახა, სასწრაფოც. საათნახევრია შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჩვენ სხვა მატარებლით გავეშვით ბათუმში“, - გვითხრა ნინო ხითარიშვილმა

გუდაურში მდებარე რესტორნის მეპატრონე ქალი ამბობს, რომ მამაკაცმა ხელი დაარტყა

რესტორან „მთვრალი ალუბლის“ მეპატრონე მირანდა ესაკია მამაკაცს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„მოვიდა ერთ-ერთი ადგილობრივი (სავსე იყო რესტორანი ტურისტებით), ყვიროდა, ცდილობდა შიგნით შემოსვლას. გამოვედი, რომ ჩემი თანამშრომლები დამეცვა. ჩემს დაცვასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. მერე დაბრუნდა ეს ადამიანი, არ ველოდით, რომ დაბრუნდებოდა. შემოვიდა შუა რესტორანში, ყვიროდა, მირანდა, გამოდი გარეთ, ანუ იცოდა, ვინც ვიყავი. რა თქმა უნდა, გამოვედი გარეთ, მარტო. იყო ძალიან აგრესიული. ხელი დამარტყა“, - უთხრა „მთავარ არხს“ გუდაურში მდებარე რესტორნის მეპატრონემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

აზერბაიჯანი და სომხეთი ბრალდებებს ცვლიან საზღვარზე შეტაკებების გამო

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების დარღვევას საზღვრის გასწვრივ.

აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმა 24 თებერვალს გამოაცხადა, რომ სომხეთის ცეცხლს ემსხვერპლა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, გაზახის რაიონში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ამბობს, რომ შეტაკებებში მსუბუქად დაიჭრა სომეხი სამხედრო.

ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.


დავით ზალკალიანი გაეროს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები.

თავის გამოსვლაში მინისტრმა საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების - ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის - სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გამოჩენილი ძალისხმევისათვის.

გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების შეზღუდვას:

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ასევე რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმაზე.

პრაღის საბჭომ მხარი დაუჭირა ნემცოვის სახელის დარქმევას რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის

პრაღის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მოკლული ბორის ნემცოვის სახელის დარქმევას.

საბჭომ 24 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, ნემცოვის სახელი ეწოდოს მოედანს, რომელსაც აქამდე პოდ კაშტანი ერქვა. სახელი ოფიციალურად 27 თებერვალს შეიცვლება - ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე.

"ამ ჟესტით პრაღა შეუერთდება რამდენიმე მეტროპოლისს, რომლებიც ხაზს უსვამენ დღევანდელ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციის სირთულეებს", - გამოაცხადა საბჭომ. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა მსხვილმა პარტიამ, რომლებიც საბჭოშია წარმოდგენილი.

2018 წლის თებერვალში ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის საელჩოს წინ ვაშინგტონში, რასაც მოჰყვა ანალოგიური ნაბიჯი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში.

„ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა“ - ვაშაძე მერაბიშვილის ენმ-ის შესაძლო წევრობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პარტიაში გაწევრების საკითხზე პოზიცია ჯერ არ გამოუთქვამს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.

დამაზუსტებელ შეკითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილი მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიიღებენ თუ არა მას პარტიაში, ვაშაძე ასე პასუხობს: „იცით რა, ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება... როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა“.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

დაპირისპირება ქართულ რაგბიში - ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გადაიდო. დღეს, „ქორთიარდ მერიოტში“, ხმის უფლების მქონე დელეგატებს არჩევანი პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. მოქმედ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს კონკურენციას ვეტერანი მორაგბე და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ხურციძე უწევდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მთავარი ბრძოლა სვანიძესა და აბუსერიძეს შორის უნდა გამართულიყო. მესამე კანდიდატისგან განსხვავებით, ყრილობაზე ორივე მივიდა, მაგრამ უშუალოდ დარბაზში მხოლოდ კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები შევიდნენ. ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მომხრეებმა კი რეგისტრაცია არ გაიარეს და საბოლოოდ, არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი კვორუმი - დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა. 54 დელეგატის ნაცვლად, რეგისტრაცია 43-მა გაიარა.

ირაკლი აბუსერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დელეგატები მასთან შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ და მათ ეს გადაწყვეტილება რაგბის კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისადმი პროტესტის ნიშნად მიიღეს. პარლამენტარმა მორაგბემ ყურადღება იმ ფინანსურ დარღვევებზეც გაამახვილა, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ ამ დღეებში გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული.

გოჩა სვანიძის ფინანსურ დარღვევაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ვეტერანმა მორაგბემ, ამჟამად სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ, რომელსაც დელეგატის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა.

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისმა მომხრე დელეგატები დარბაზიდან ყრილობის ჩაშლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც აბუსერიძის მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს. ეს სტრატეგია რომ არა, ძალიან დიდი შანსი იყო, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულიყო.

გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოიკოტის მიზეზი იყო პარტიული კანდიდატის მხრიდან დელეგატებზე განხორციელებული ზეწოლა. რაგბის კავშირის პრეზიდენტისვე განცხადებით, აუდიტის სამსახურიც ჩართულია პროცესში, რაც დასკვნის გამოქვეყნებით დაადასტურა.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 30 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, 24 თებერვლისთვის გადაიდო. მაშინ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატის თხოვნა დააკმაყოფილა. ახლაც, საბოლოო სიტყვა გამგეობაზეა, სწორედ გამგეობა დაასახელებს ახალ თარიღს.

წინასწარი ინფორმაციით, მორიგი არჩევნები ათიდან ოცდაათ დღემდე ვადაში უნდა გაიმართოს და მასზე უკვე აუცილებელი აღარ იქნება ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედის შეკრება. არჩევნები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ რეგისტრაციას ნახევარზე მეტი - მინიმუმ 41 დელეგატი გაივლის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში ყოფნისას შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მათი საუბარი შეეხებოდა არა პოლიტიკას, არამედ მის პირად ტრაგედიას:

„ნაცნობებთან ჩავედი, მერე შევხვდი სააკაშვილსაც. პოლიტიკაზე რა უნდა ვისაუბროთ, საუბარი გვქონოდა ჩემს პირად ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა“, - უთხრა „იმედს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი განმარტებით, კიევში მეგობრების გარდა, შეხვდა მისთვის საჭირო ყველა ადამიანს, დიასპორას, მიწვეული იყო ტელევიზიაში. „იქ ჩასული მიხეილ სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, მე იქიდან არ წამოვიდოდი“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან „იმედს“ უთხრა, რომ ამ დროისათვის უკრაინაში აღარ იმყოფება. კიევში იგი 21 თებერვალს ჩავიდა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ არსებობს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რესურსი. მისი აზრით, რას უფრო ახლოვდება საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. „ეს ჭირვეულობა, ჩემი აზრით, დამთავრდება ოპოზიციის“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

„ეხლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იგი თავის მხრივაც მოუწოდებს ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ:

„სულ რამდენიმე დღე რჩება და მე ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ დავსხდებით. ფორმალურად ერთ მაგიდასთან ვისხდებით, თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების, დიპლომატების მეშვეობით ვერსიებს და სხვადასხვა წარმოდგენებს გავცვლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საქმეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, თებერვლის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აღარ იქნება და ამიტომ მოუწოდებს ოპოზიციას, დააფიქსიროს „ქართული ოცნების“ ვერსიაზე პასუხი და წარადგინოს თავისი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით "ლეიბორისტულ პარტიაში" გაკეთდა განცხადება, მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

24 თებერვალს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დიალოგის გაგრძელების პირობად კვლავ დაასახელეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოკუპაციით სპეკულირება ბინძური პოლიტიკური სვლაა

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში სპეკულაცია უწოდეს „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გასაფართოებლად და თავის დროზე, სია მიიღო მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად.

„თქვენ ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, იმ წუთას დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო. ჩვენი გუნდის განწყობა იყო, რომ ეს სია მიღებული ყოფილიყო, რაც გამოგვადგებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მიმართულებითაც გაძლიერებულიყო“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო დადგენილებაში წერია, რომ სიაში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები უნდა მოხვდნენ: „დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არაფერ შუაშია, არ ახსენებენ საერთოდ ამ სტატუსს და ვიღაც არ მოხვდა სიაში, უბრალოდ, იტყუებიან, სპეკულირებენ. მსჯავრდებას და ბრალდებას სჭირდება გარკვეული სტანდარტი და ამ სტანდარტის კონკრეტულ შემთხვევებში არარსებობის გამო, მხოლოდ პოლიტიკურად შეგვიძლია მივუთითოთ ვინ არის დამნაშავე - დამნაშავე ზოგადად, რუსეთია, დამნაშავე ზოგადად, ოკუპანტია“.

მდინარაძის შეფასებით, ოკუპაციისა და საზარელი დანაშაულის ფონზე, რაც ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ზოლთან ხდება, ამ თემით სპეკულირება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური სვლაა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის თემაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ და, თავის დროზე, ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG