Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთის დედაქალაქის "ვნუკოვოს" აეროპორტში დაეშვა

რუსეთის დედაქალაქის "ვნუკოვოს" აეროპორტში დაეშვა სოჭიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავი,

რუსეთის დედაქალაქის "ვნუკოვოს" აეროპორტში დაეშვა სოჭიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავი,
რომლის გატაცება სცადა ერთ-ერთმა მგზავრმა. მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვის ნაცვლად მგზავრი ვენაში გაფრენას ითხოვდა და თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა. "ვნუკოვოში" დაშვების შემდეგ მოხერხდა მგზავრთა ევაკუაცია, მათგან არავინ დაშავებულა. მოგვიანებით გამტაცებელიც დააკავეს. დადგენილ იქნა მისი ვინაობა. ეს არის 33 წლის ფსიქიურად დაავადებული პირი, რომელიც ნასამართლები იყო საკუთარი დედის მკვლელობისთვის.

ყველა ახალი ამბავი

ირანმა და გერმანიამ პატიმრები გაცვალეს

გოლამჰოსიენ ესმაილი

ირანი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი გერმანიის მოქალაქე გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა აშშ-ის სანქციების დარღვევისათვის მსჯავრდებული ირანელი მოქალაქე.

გერმანიის მოქალაქეს ირანში სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ შენობებთან ფოტოების გადაღებისთვის.

18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის სასამართლოს წარმომადგენელს, გოლამჰოსიენ ესმაილის, სხვა დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიაში დაპატიმრებული ირანის მოქალაქე, აჰმად ხალილი, სამშობლოში დაბრუნდა საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯავაფ ზარაფთან ერთად, რომელიც მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა.

ხალილი გერმანიაში დააკავეს აშშ-ის თხოვნის საფუძველზე და ექვემდებარებოდა აშშ-ში ექსტრადიციას.

გერმანიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ტყვეების სავარაუდო გაცვლის შესახებ.

დააბულობის მიუხედავად, გასულ დეკემბერში პატიმრები გაცვალეს ირანმა და აშშ-მა. ირანის საპატიმროდან გათავისუფლდა ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აშშ-ის მოქალაქე, ხოლო ვაშინგტონმა სამშობლოში დააბრუნა პატიმრობაში მყოფი ღეროვანი უჯრედის ირანელი სპეციალისტი.

სალომე ზურაბიშვილი: საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება პარლამენტში კანონდარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს.

„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. განცხადების თანახმად, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი „თავისუფლების ქარტიის“ მიზნებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

2011 წლიდან მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

ჩინეთში გაემგზავრა უკრაინის საევაკუაციო რეისი

უკრაინის მთავრობის ჩარტერული რეისი სამი საათით გვიან გაემგზავრა ჩინეთში, სადაც მოხდება უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ჯგუფის ევაკუაცია უჰანიდან - ქალაქიდან, რომელიც წარმოადგენს ახლახან გავრცელებული, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიცენტრს.

რეისს ახორციელებს კომპანია SkyUp airlines-ი. მისი ბოინგი 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 2.50 საათზე აფრინდა კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან, დაგეგმილ დროზე სამი საათით გვიან.

პეკინი იუწყება, რომ ახალი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მიაღწია 2,004 ადამიანს. სულ აღრიცხულია დაავადების 74,185 შემთხვევა, აქედან 700-მდე - სხვა ქვეყნებში მსოფლიოს გარშემო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თვითმფრინავი კიევში დაბრუნდება 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 8:05 საათზე. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე გამოაცხადა, რომ მოხდება 25 ადამიანის ევაკუაცია, მათ შორის ისრაელის, ნორვეგიის, მონტენეგროს, არტენტინის, პანამის, კოსტა რიკას, ესპანეთისა და ეკუადორის მოქალაქეები არიან. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ მათ 14 დღით მოათავსებენ კარანტინში.

მერიამ მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმები ჩამოაწერა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს „სითი პარკისგან“ დავალიანება ჩამოეწერებათ. ეს ის ჯარიმებია, რომელიც მერიამ გამოისყიდა.

კახა კალაძის განცხადებით, მათ შეძლეს კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკება და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც საარბიტაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია „თბილისი პარკინგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ აღსრულების ბიუროსთვის გადაცემული ჯარიმებიც.

„მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა 18 წლიან ვადით. 2018 წლის 10 აპრილს მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მერიას 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს გადახდა ეკისრებოდა, თუმცა მერიამ კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არშესრულების საფუძვლით, პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადა.

მერიის თანახმად, 14 თებერვალს „სითი პარკთან“ სასამართლო დავა შეწყდა. მერიამ კომპანიას 4 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მისი კუთვნილი მატერიალური აქტივები, ევაკუატორები და სამკერდე კამერები მიიღო.

მაიამიში დააპატიმრეს რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მექსიკელი კაცი

მიამიში, ფლორიდის შტატში დააპატიმრეს მექსიკელი კაცი, რომლის შესახებაც ეჭვობენ, რომ მუშაობდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლისთვის და ცდილობდა ინფორმაცია მოეპოვებინა "აშშ-ის სამთავრობო წყაროს" მანქანის გადაადგილების შესახებ.

განცხადება, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 18 თებერვალს გაავრცელა ჰექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესის დაპატიმრების შესახებ, არ აკონკრეტებს, რატომ სურდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს, სცოდნოდა მანქანის ადგილმდებარეობა და მისი ნომერი. არც აშშ-ის მთავრობის წყაროს ვინაობაა დასახელებული.

ფუენტესი 2019 გადაიბირეს და ის ორჯერ ჩავიდა მოსკოვში, ბოლოს მიმდინარე თვეში, რათა მთავრობის ამ წარმომადგენელს შეხვედროდა, - ამბობს იუსტიციის სამინისტრო. მას დაავალეს მაიამიში სხვა სახელით დაექირავებინა საკუთრება. აპრილში ან მაისში მას რუსეთის ამ წარმომადგენისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მანქანის გადაადგილების და ადგილმდებარეობის შესახებ.

ფუენტესმა და მისმა მეუღლემ 14 თებერვალს აღძრეს ეჭვები დაცვის წევრში, რომელიც მუშაობდა აშშ-ის მთავრობის წყაროს საცხოვრებელ ადგილას - მას შემდეგ, რაც წყვილი ნაქირავები მანქანით შევიდა ობიექტზე და სხვა მანქანას აედევნა. ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო ფოტო გადაეღო იმ მანქანისთვის, რომელსაც აკვირდებოდნენ. აშშ-ის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებამ მოგვიანებით ეს ფოტო, ისევე, როგორც მანქანის ნომრის ფოტო, იპოვა ფუენტესის ტელეფონში, გამოგზავნილი მისი პარტნიორის მიერ დახურული მესიჯების სისტემით.

ზურაბ ჯაფარიძე: "ოცნებას" ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო

ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიასა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.

„ოცნებას ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო. ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა. რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკის გვერდზე.

ხვიჩიას და თალაკვაძის შეხვედრის შესახებ 18 თებერვალს, „TV პირველის“ ეთერში ილაპარაკა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია განიმუხტოს. რასაც საჯაროდ ვლაპარაკობთ, იგივე საუბარი იყო თალაკვაძესთან. შეხვედრაზე, რომელზეც იაგო ხვიჩია იყო, ვუთხარით, რომ პირველი, რაც ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებისთვის არის კრიტიკული, ეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა".

მეგრელიშვილის თქმით, სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს პროპორციული არჩევნების დაპირების შინაარსობრივი შესრულებაც.

საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკება ამჟამად შეწყვეტილია. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება 10 თებერვალს მიიღო, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო.

კახა კალაძე უსამართლოს უწოდებს დასუფთავების გადასახადის არსებულ სისტემას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირებზე მეტ გადასახადს იხდიან. მისი სიტყვებით, ჯამური სხვაობა დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს. ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, დაგეგმილია ასევე თბილისში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა. მან ისაუბრა ასევე ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნების განთავსებაზე, რომლის დასათვალიერებლად ოპოზიციის წარმომადგენლების მიყვანას გეგმავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ.

„ეს არის სიახლე, რომელიც პირველად ჭავჭავაძის გამზირზე ხორციელდება და ოპოზიცია ვერ გაერკვა, ჩვენი ოპონენტები ვერ გაერკვნენ საერთოდ, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ. თუმცა, როდესაც პროექტს დავასრულებთ და განხორციელდება, მივიყვანთ ადგილზე და ვაჩვენებთ რა გაკეთდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეტაპობრივად, სხვა უბნებშიც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ექნებათ.

სახალხო დამცველი: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს

სახალხო დამცველის და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების შეხვედრა. 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენების გამო.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

„გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას მოჰყავს რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ახლად არჩეული დირექტორის მიერ არხის კრიტიკული ტონის დაწუნება, ტელევიზიის თანამშრომლების მიკერძოებაში დადანაშაულება და პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად შეცვლა: „განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გაუგზავნა წერილები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვის და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ „მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. განსაკუთრებით პენსიონერები და ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ“.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ჯანმრთელობის უფლება, სიცოცხლის უფლება და გადაადგილების თავისუფლება.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრებს მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

2020 წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვარი დაახლოებით ორი კვირით გაუხსნეს ახალგორელ პენსიონერებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის დაკეტვის გამო, ახალგორის რაიონში სხვადასხვა პროდუქციის დეფიციტიცაა.

რაც შეეხება ქართული წარმოების მედიკამენტებს, ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში აფთიაქებს ასეთი სამედიცინო პრეპარატები ჩამოართვეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მაუწყებლის თანამშრომლების მიერ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლების მცდელობას, აზრი გამოეთქვათ ტელევიზიაში ბოლო ხანს მიმდინარე პროცესებსა და საფრთხეებზე. მათ გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია საშტატო განრიგის ცვლილება, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ითხოვს. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატის გაუქმებაზე. მათ შორის, ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს და პოლიტიკური ტოქშოუების შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი მურვანიძეს. მათ ჩამოშორებას ჟურნალისტები აფასებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად და მიიჩნევენ, რომ დირექტორი და ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

თავის მხრივ, მაუწყებლის დირექტორი, რომლის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული, ირწმუნება, რომ ახალ მოადგილეს ექნება სწორედ ის მოვალეობები, რომლებიც ამჟამად აქვთ სამსახურების უფროსების მოადგილეებს. გიორგი კოხრეიძის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სამსახურების უფროსებს მოადგილეები არცერთ სხვა მაუწყებელში არ ჰყავთ.

დირექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხარვეზიანს უწოდებს ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი: „ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ დღეს საშტატო განრიგის ცვლილება არ უნდა იყოს დღის წესრიგში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დოკუმენტი არის ხარვეზიანი, არ არის ახსნილი, რა შტატები უქმდება, რა ფუნქციები დუბლირდებოდა, სად იყო პასუხისმგებლობები აბნეული, ახალ შტატს რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და აუცილებელია კომუნიკაცია, მათ შორის, პროფკავშირის ჩართულობით“.

მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, დღემდე ამ შეკითხვებზე მხოლოდ შაბლონურ პასუხებს იღებენ: „ერთი არგუმენტი მაინც თქვან, გარდა იმისა, რომ ევროპაში ასეა“.

პროფკავშირის წარმომადგენლისთვის გამოსვლაზე უარი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა, იმით ახსნა, რომ სხდომას სხვა მოქალაქეებიც ესწრებიან და გამონაკლისს ვერავისთვის დაუშვებს.

საბჭოს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიასთან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას“, „მოაშორე ბიძინა ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს მდივნადაც დაინიშნა

ვახტანგ გომელაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით დღეს ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

ვახტანგ გომელაურამდე უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იზორიამ თანამდებობა დატოვა და გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომლის მანდატია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. 2019 წლის მაისში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოს პირველ მდივნად დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნამდე არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო.

საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით გამოწვეული კარანტინი დასრულდა

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გამო გამოცხადებული ორკვირიანი კარანტინი დასრულდა საკრუიზო ლაინერზე Diamond Princess-ზე. BBC-ის ინფორმაციით, გემი უკვე დატოვა 500-მდე მგზავრმა. ისინი იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამის ნაპირზე გადავიდნენ.

საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსთ(COVID19) დაავადდა 542 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. გემზე იმყოფებოდა 50-ზე მეტი ქვეყნის საერთო ჯამში 3700 მოქალაქე, ძირითადად, იაპონელები.

Diamond Princess-ი იოკოჰამის პორტიდან 20 იანვარს გავიდა ჰონ კონგი-ოკინავას მიმართულებით და უკან 3 თებერვალს დაბრუნდა, თუმცა, პორტში შესვლის უფლება არ მისცეს იმის გამო, რომ რამდენიმე დღით ადრე გემის ბორტიდან ჰონ-კონგში ჩასულ 80 წლის მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 5 თებერვალს გემზე ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

გამყოფი ხაზი ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოესთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავთ ზალკალიანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოესთან, უკრაინის არმიის საყრდენ პუნქტებზე რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის გამო. 18 თებერვალს, საღამოს ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამხედრო ესკალაცია ანგრევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევას და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს.

ტვიტერით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილი წერს, რიმ უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლება არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებულია უკან გადადგმული ნაბიჯით, მწუხარებას გამოთქვამს მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო და უკრაინელი ხალხის გრძნობებს იზიარებს.

18 თებერვალს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოესთან უკრაინის არმიის სამხედროების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შეტაკებებისას დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი და ოთხი დაიჭრა. ლუგანსკელი მეამბოხეების ინფორმაციით, მოკლულია მათი ოთხი თანამებროძოლი და ოთხი დაიჭრა.

მხარეები შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ეუთომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა

უკრაინელი სამხედრო ზოლოტოესთან მდებარე გამყოფ ხაზთან

ეუთო შეშფოთებულია უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ეუთოს თავმჯდომარემ, ედი რამამ და გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა მსხვერპლის გამო მწუხარება გამოთქვეს და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ედი რამას განცხადებით, მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყოველდღიურად ირღვევა. ტომას გრემინგერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს კონფლიქტის დეესკალაციისკენ ბოლო თვეებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები.

18 თებერვალს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოესთან უკრაინის არმიის სამხედროების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შეტაკებებისას დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი და ოთხი დაიჭრა. ლუგანსკელი მეამბოხეების ინფორმაციით, მოკლულია მათი ოთხი თანამებროძოლი და ოთხი დაიჭრა.

მხარეები შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

არჩილ თალაკვაძე იაგო ხვიჩიას შეხვდა

პარტია „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა თალაკვაძემ მისწერა ხვიჩიას და შეხვედრა შესთავაზა. „იაგოს მანამდე მასთან ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე „გადაგვაგდებდნენ“ ჩვენ ყველას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მეგრელიშვილმა შეხვედრის თემატიკის შესახებ ილაპარაკა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია განიმუხტოს. რასაც საჯაროდ ვლაპარაკობთ, იგივე საუბარი იყო თალაკვაძესთან. შეხვედრაზე, რომელზეც იაგო ხვიჩია იყო, ვუთხარით, რომ პირველი, რაც ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებისთვის არის კრიტიკული, ეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. შეუძლებელია ნებისმიერ თემაზე საუბრის გაგრძელება, მაშინ, როდესაც მეორე მხარე ფიზიკურად გირტყამს. გიგი უგულავას დაჭერა ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც ოპოზიცია მსჯელობდა, რა წინადადებით მისულიყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე“, - თქვა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ წევრის თქმით, სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს იმ დაპირების [პროპორციული არჩევნების] შინაარსობრივი შესრულება, რომელიც გაიცა.

„ეს შეიძლება არ იყოს იმ ფორმით, როგორიც არის პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, მაგრამ აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ თავისი შინაარსით არჩევნები, რომელიც ჩატარდება, უნდა იყოს პროპორციული. სისტემა, რომელიც გულისხმობს 130 პროპორციულ მანდატს და 20 მაჟორიტარულს, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული ნარჩუნდება, თავისი შინაარსით არის პროპორციული არჩევნების ანალოგია“, - თქვა მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ აირჩია ხელისუფლებამ კომუნიკაციისთვის „გირჩი“, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში სულ რამდენიმე პარტიაა, რომელსაც „სერიოზულობის შეტანის შესაძლებლობა აქვს“.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ილუზია, რომ პატარა პარტიებს ისეთ რაღაცას შესთავაზებს, რომ ეს მათთვის პრაგმატულად მომგებიანი იქნება და ეს დაშლის ოპოზიციურ ერთობას, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება. ასეთი ეჭვი, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდება, მათ შორის ჩვენც“, - თქვა მეგრელიშვილმა.

არჩილ თალაკვაძემ 18 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან - 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას ვიდრე დღევანდელი სისტემაა“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კი 18 თებერვალს შემდეგი რამ განაცხადა: „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და იმსჯელოს მომავალ საარჩევნო სისტემაზე. შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

ჟურნალისტი მიკოლა სემენა არ აპირებს ანექსირებულ ყირიმში დაბრუნებას

რადიო თავისუფლების პროექტ „Крым.Реалии“-ის უშტატო თანამშრომელმა, მიკოლა სემენამ 18 თებერვალს დატოვა ყირიმი და აცხადებს, რომ აღარ აპირებს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე დაბრუნებას.

„ვიდრე უკრაინის ტერიტორიის ეს ნაწილი ოკუპირებულია, მას ვერ ჩავთვლი საკუთარ სახლად. ასევე მიიჩნევს ჩემი ოჯახი. ვფიქრობ, რომ თუ ანექსია დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინ მოგვიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა“, - აღნიშნა ნიკოლაი სემენამ.

მანამდე სემენამ ჩვენ რადიოს უთხრა, რომ განზრახული აქვს სამედიცინო შემოწმების ჩატარება კიევში, სამომავლოდ კი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

69 წლის ჟურნალისტს ბოლო წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ჯერ კიდევ სასამართლო განხილვების დროს მას აღმოაჩნდა სერიოზული პრობლემები გულსა და თირკმელებზე.

2017 წლის 22 სექტემბერს, სიმფეროპოლის სასამართლომ მიკოლა სემენა სეპარატიზმში დამნაშავედ ცნო რადიო თავისუფლების პროექტის, Крым.Реалии-ს ვებსაიტზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც ჟურნალისტმა დადებითად შეაფასა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული, ყირიმის ენერგობლოკადა. სასამართლომ სემენას შეუფარდა ორნახევარი წლით პირობითი სასჯელი და პროფესიული საქმიანობა აუკრძალა.

2020 წლის იანვარს სიმფეროპოლის სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და ვადამდე შეწყვიტა მიკოლა სემენას მიმართ პირობითი სასჯელი და მოუხსნა ნასამართლეობა.

ამ გადაწყვეტილებას მიესალმა რდიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენი, ჯეიმი ფლაი.

„ჟურნალისტური საქმიანობა დანაშაული არ არის. მიკოლას დაპატიმრება ანექსიის შესახებ პუბლიკაციებისათვის იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის თავისუფალია და მის ჟურნალისტურ ხმას კვლავ გაიგონებენ“, - აღნიშნა ჯეიმი ფლაიმ.

მოელიან, რომ სემენა კიევში 19 თებერვალს ჩავა.

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს ხოშტარიამ და ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ პარლამენტის წევრის მანდატები დატოვონ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა.

„დატოვონ მანდატი საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გამჟღერებლებმა“, - წერს „ფეისბუკზე" „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".

ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ზელენსკის შეუძლია „ქვეყნის გაერთიანება“

ვიქტორ იანუკოვიჩი

„მაიდნის“ მოვლენების მეექსვე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის დევნილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუძლია ქვეყნის გაერთიანება“ .

„ზელენსკის პირველი ნაბიჯები მშვიდობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის დამყარების იმედს იძლევა... მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას ეს იმედი და რომ ამ მიწას მშვიდობა ეღირსოს“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

ამასთან ვიქტორ იანუკვიჩი კვლავ სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს 2014 წლის თებერვლის მოვლენებს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს, ადანაშაულებს დონბასში „კონფლიქტის გაღვივებაში“.

2014 წლის 18 თებერვალს კიევში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და სამთავრობო უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კიევის დამოუკიდებლობის მოედნის, „ევრომაიდნის“, მახლობლად. თვითმხილველთა თანახმად, გამოყენებულ იქნა საბრძოლო ტყვიები. თებერვლის მოვლენების დროს დაიღუპა ასზე მეტი აქტივისტი, „ზეციური ასეული“, როგორც მათ ხალხმა უწოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთში გაიქცა. უკრაინის სასამართლომ 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯა 13-წლიანი პატიმრობა უმძიმესი ბრალდებებით, როგორიცა: სახელმწიფოს ღალატი, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობა და ომის წარმოებისა და, აგრეთვე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელის შეწყობა.

აშშ-მა სანქციები დაუწესა Rosneft Trading-ს ვენესუელის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის

ნიკოლას მადუროსა და "როსნეფტის" პრეზიდენტის, იგორ სეჩინის შეხვედრა 2017 წელს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა 18 თებერვალს სანქციები დაუწესა შვეიცარიულ კომპანია Rosneft Trading-ს (კომპანია „როსნეფტის“ სატრეიდინგო კომპანიას) და „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტ, დიდიე კასიმიროს. ისინი სანქციათა სიაში აღმოჩნდნენ ვენესუელის ხელიუსფლებასთან კავშირის გამო.

"Rosneft Trading-ი გამოდიოდა შუამავლად ვენესუელის ნედლი ნავთობი გაყიდვისა და ტრანსპორტირების საქმეში. „ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავიდან აიცილოს მადუროს კორუმპირებული რეჟიმის მიერ ვენესუელის ნავთობის მარაგების შემდგომი განადგურება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე ამ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა ჟურნალისტებს, სანქციების დაწესების განკარგულება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

ჯერ კიდევ 7 თებერვლას სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ მიმართ სანქციების რეჟიმის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს ამ კომპანიის თანამშრომლობა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PDVSA-სთან და ვენესუელის ხელისუფლებასთან, რომელსაც ვაშინგტონი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვლადისლავ სურკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თანადებობიდან გაათავისუფლა მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შესაბამისი განკარგულება, რომელიც გამოქვეყნებულია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ორი კვირის წინ ვლადიმირ პუტინის გავლენიანი თანაშემწის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა. სურკოვის მრჩეველმა და მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა 25 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ სურკოვი გადადგება "უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამოო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი კოზაკი იქნება ახლა უკრაინის საკითხებში ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი.

ირანში 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ის ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულ ორ აქტივისტს

ირანის სასამართლომ საპატიმრო სანქცია დაუწესა 8 გარემოსდამცველ აქტივისტს, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ირანელს, აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშუობისა და ირანის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისათვის.

იუსტიციის წარმომადგენლის გოლამჰოსეინ ესმაილის თანახმად, ირანის სააპელაციო სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი 18 თებერვალს გამოიტანა

ორ ბრალდებულს, მორად ტაჰბაზს და ნილოუფარ ბაიანის, ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათვე მიუსაჯეს აშშ-ისაგან მათი გაწეული საქმიანობისათვის მიღებული თანხის ირანისათვის დაბრუნება.

კიდევ ორ განსასჯელს რვა-რვა წლით, სამს - ექვს-ექვსი წლით და მხოლოდ ერთ აქტივისტს შეუფარდა სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა.

ყველა აქტივისტი ირანში 2018 წლის დასაწყისში დააკავეს.

მეცნიერებათა აკადემიამ „ფეისბუკის“ გვერდიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის მითითებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მეცნიერებათა აკადემიის „ფეისბუკის“ გვერდიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა.

„უამრავი გინება იყო. 200 კომენტარი იყო უკანასკნელი დედის გინებით. მილოცვა წავშალეთ, აბა რა გვექნა?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მეცნიერებათა აკადემიის სახელით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ მიულოცეს.

„ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ, თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - ეწერა მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც რაგბის მეცენატს, უკვე მიულოცა რაგბის კავშირმა.

მოძრაობა 20/30-ის წევრებმა კი რუსთაველის თეატრის წინ "ვარსკვლავი გაუხსნეს".

18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სსრკ-ის ჰიმნის ჩართვის გამო ხოშტარიას შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა „ფეისბუკზე“ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალი კოლეგები“ და „საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის აქცია ირაკლი კობახიძემ „საბჭოურ ინტერვენციად“ შეაფასა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".

რაც შეეხება რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ის აქამდეც გამოირჩეოდა შეურაცხმყოფელი ტექსტების გამოქვეყნებით. 2019 წლის ივლისში რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მის გადაყენებას ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო მოითხოვდა, თუმცა „ქართულმა ოცნება“ ოპოზიციის წინადადებას არ დაეთანხმა.

11 ივლისს „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 20-21 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებების შემდეგ, ლევან ონიანმა წამყვანის მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასება გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ლევან ონიანმა ამისთვის ბოდიში მოიხადა.

პაკისტანში 14 კაცი დაიღუპა ტოქსიკური აირის გაჟონვის შედეგად

სულ მცირე 14 კაცი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ კარაჩში სავარაუდოდ ტოქსიკური აირის გაჟონვის შედეგად.

ოფიციალური ცნობით, ასობით ადამიანია საავადმყოფოში მოთავსებული სუნთქვის პრობლემებითა და თვალების დამწვრობით. ტოქსიკური აირის გაჟონვა 16 თებერვალს სანაპირო ქალაქ კამარის პორტში მყოფი ერთ-ერთი გემიდან დაიწყო.

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში მრავალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, იქვეა განლაგებული ქვეყნი მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა.

კიევი და დონბასელი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში

ვოლოდიმირ ზელენსკი და გენერალი რუსლან ხომჩაკი

უკრაინა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნასა და შეტაკებაში, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, 18 თებერვალს მათი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა მოწინააღმდეგის მხრიდან უკრაინელთა პოზიციების საარტილერიო დაბომბვის შედეგად ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ზოლოტოეს მახლობლად.

ამ ინციდენტის შესახებ მიღებული ცნობის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სასწრაფოდ შეხვედრა გამართა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობასთან.

ლუგანსკის რაიონის სეპარატისტული დაჯგუფების მეთაურმა, იაკობ ოსადჩიმ, თავის მხრივ განაცხადა, რომ მათი ოთხი მებრძოლი დაიღუპა უკრაინის სამხედრო რაზმთან შეტაკების დროს. ამასთან, სეპარატისტული მხარე აცხადებს, რომ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინული ჯგუფი, რომელიც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, დანაღმულ ველზე აღმოჩნდა.

18 თებერვლის შეტაკება ბოლოა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც 2014 წლიდან უკრაინის თავდაცვით ძალებსა და დონეცკელ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 ათას კაცზე მეტი დაიღუპა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG