Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი რესპუბლიკელი ობამასთვის აპირებს ხმის მიცემას


როცა 4 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ამერიკელები საარჩევნო უბნებს მიაშურებენ, ათასობით მათგანი გააკეთებს იმას, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია: ხმას მისცემს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს.

თუკი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და ხალხში გავრცელებულ მოსაზრებებს ვენდობით, საკმაოდ ანგარიშგასაწევი რაოდენობის რესპუბლიკელი ამომრჩევლები ბარაკ ობამას მისცემენ ხმას ჯონ მაკკეინის ნაცვლად. ამ ამომორჩეველთაგან ბევრი იმედგაცრუებულია მაკკეინის საარჩევნო კამპანიით, სხვებს კი ობამას გაპრეზიდენტების პერსპექტივა ხიბლავს.

ობამას მხარდამჭერი რესპუბლიკელების ფენომენი რამდენიმე ხანია ძალას იკრებს. ზოგის აზრით, მას დასაბამი მისცა თებერვალში სიუზან აიზენჰაუერის, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დუაიტ აიზენჰაუერის შვილიშვილის საჯარო განცხადებამ, რომელშიც მან ობამას დაუჭირა მხარი.

მას მერე განუხრელად იზრდებოდა მაღალი რანგის რესპუბლიკელთა რიცხვი, რომლებიც ობამას გაპრეზიდენტებას ემხრობიან. ზოგჯერ მათ "ობამაკონებსაც" კი უწოდებენ რესპუბლიკელი ნოეკონების, ანუ ნეოკონსერვატორების ანალოგიით. მათ შორის არიან შეერთებული შტატების სენატორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. სულ ბოლოს მათ რიცხვს შეემატნენ ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და კენ ეიდელმენი, რომელიც წამყვან როლს თამაშობდა თავდაცვის სამინისტროში პრეზიდენტ ბუშის, რეიგანის, ფორდისა და ნიქსონის მმართველობის დროს.

კოლინ პაუელმა ობამას უწოდა ტრანსფორმაციული ფიგურა, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ეიდელმენის თანახმად კი, მაკკეინი უცნაურად იქცეოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების დღეებში და ამან დაარწმუნა, რომ ის ვერ იქნება კარგი პრეზიდენტი. ერთიც და მეორეც ერთობ კრიტიკულად აფასებენ მაკკეინის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ალასკის გუბერნატორ სარა პეილინის შერჩევას.

ჩვენი რადიო რიგით ამერიკელებს ესაუბრა იმის გასარკვევად, რატომ აპირებენ ისინი მაკკეინის ნაცვლად ობამასთვის ხმის მიცემას. ჩვენმა კორესპონდენტმა გამოკითხვა ჩაატარა ვირჯინიის შტატში, რომელიც ტრადიციულად რესპუბლიკელ კანდიდატებს უჭერდა ხოლმე მხარს, მაგრამ ამ არჩევნებში, შესაძლოა, ეს ტრადიცია დაირღვეს.

ამ ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრება ამოძრავებთ, მაგრამ ყველა მოხიბლულია იმით, რომ, როგორც ჩანს, ობამას უნარი შესწევს, გააერთიანოს ქვეყანა და გადალახოს პარტიული და რასობრივი ბარიერები. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა იმით, რომ მათი რესპუბლიკური პარტია მკვეთრად გადაიხარა კონსერვატიზმისკენ. გამოკითხულებმა სხვადასხვა ხარისხით გამოხატეს მაკკეინის საარჩევნო კამპანიისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად საკმაოდ გამოუცდელი სარა პეილინის შერჩევის გამო იმედგაცრუება. მიუხედავად ამისა, ყველა გამოკითხული თავს რესპუბლიკელად მიიჩნევს და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგაც დარჩება პარტიაში.

ჩვენს მიერ გამოკითხულთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს 71 წლის კარლოს კემპბელს. ის მფრინავი გახლდათ სამხედრო საზღვაო ფლოტში, იმავე წლებში, როცა ჯონ მაკკეინი იყო მფრინავი. მაკკეინი ვიეტნამში ასრულებდა საჰაერო ამოცანებს, კემპბელი კი 60-იან წლებში უკიდურესად გასაიდუმლოებული სადაზვერვო მისიით დაფრინავდა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრის პერიმეტრზე.

მაგრამ მომავალ კვირაში კემპბელი ჯონ მაკკეინს არ მისცემს ხმას, ის ბარაკ ობამას უჭერს მხარს. [კემპბელის ხმა] "ძნელია არ მოგწონდეს ვინმე, როცა საზღვაო მფრინავი ხარ, ეს ძალიან პატარა ჯგუფია. და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბევრი მეგობარი, რომელიც სენატორ მაკკეინს ჩემზე ბევრად უკეთ იცნობს, მისით ძალიან განხიბლულია. ერთგვარად მეცოდება ეს კაცი, ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, მისი კამპანია არ იყო კარგად მოწყობილი. ვფიქრობ საშინელი შეცდომები დაუშვა ზოგიერთი მოსაზრების გამოთქმისას."

კემპბელის აზრით, რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდა ქრისტიანი ევანგელისტების ხელში, რომელთა პოლიტიკური მოსაზრებები ხშირად ემყარება ბიბლიას. რამდენიმე წლის წინ თავად მაკკეინი ამ უკიდურეს კონსერვატორებს "არატოლერანტობის აგენტებს" უწოდებდა.

ამიტომ კემპბელის აზრით, როცა მაკკეინმა ამ ადამიანებისთვის კოჭის გორება დაიწყო, მან თავის ამომრჩევლებს უღალატა.

24 წლის გაბრიელ როუდსი მცირეწლოვანი ვაჟის დედაა. მისი მეუღლე შეერთებული შტატების არმიაში მსახურობს და ბაღდადში იმყოფება.

როუდსი რესპუბლიკური პარტიის წევრია, მაგრამ გაზაფხულზე გადაწყვიტა ობამას მისცეს ხმა. ეს მას მერე მოხდა, რაც შეიტყო, რომ მისი მეუღლე ერაყში უნდა გაეგზავნათ. როუდსს არ მოსწონს ის, რასაც მაკკეინისგან ისმენს ერაყში ომის თაობაზე.

[როუდსის ხმა] "ასე მგონია მაკკეინი ვერ გრძნობს ამერიკაში ზოგად ატმოსფეროს. მე ვფიქრობ, დღეს ამერიკელები ფიქრობენ, რომ ერაყში შესვლა შეცდომა იყო და რომ საკმარისად მამაკაცებმა და ქალებმა გაწირეს სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ახლა დარჩენილი ჯარები შინ დავაბრუნოთ. მაკკეინი კი ამას ვერ ხედავს. მას არ სურს ჯარების შინ დაბრუნება. მისი თქმით, შემდეგი ასი წლით დავტოვებთა იქ ჯარებს. ეს კი არავის არ არგებს. არ გვარგებს ჩვენ, არ არგებს ერაყელებს. ჩემის აზრით, მას სრულიად დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა."
XS
SM
MD
LG