Accessibility links

ახალი ამბები

კანადამ გამოაცხადა, რომ არ დატოვებს

კანადამ გამოაცხადა, რომ არ დატოვებს თავის ჯარს ავღანეთში 2011 წლის შემდეგ,

კანადამ გამოაცხადა, რომ არ დატოვებს თავის ჯარს ავღანეთში 2011 წლის შემდეგ,
თუნდაც მას ამის შესახებ ბარაკ ობამამ სთხოვოს. კანადის მთავრობის თქმით, ის თავის ჯარს ავღანეთიდან 2011 წელს გაიყვანს, როგორც დაგეგმილია.

ყველა ახალი ამბავი

აგრარული ბაზრები თბილისშიც დაიკეტა

კორონავირუს COVID-19-ის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან დროებით დაიკეტა თბილისში არსებული აგრარული ბაზრები. რა ვადით, ჯერჯერობით უცნობია. თბილისის აგრარული ბაზრების დახურვა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია იყო.

მანამდე აგრარული ბაზრები დაიკეტა სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში.

7 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ქვეყანაში უკვე ფიქსირდება კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები.

ლევან რატიანი: დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს

ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ერთი ნათელია - დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს:

„ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალი, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალური:

„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური ... დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე - სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.მისი განმარტებით კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით იბფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

თბილისის მერიას ვაკისთვის სკამების შესაძენად 1,3 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი

თბილისის მერია განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის 155 ახალ სკამს ყიდულობს. თითო სკამისთვის, საშუალოდ, 8 464 ლარი აქვს გამოყოფილი, რაც ჯამში 1 311 870 ლარია.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია, გამარჯვებული კი თვის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, თავადვე დაამონტაჟოს სკამები ჭავჭავაძის გამზირზე.

განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის თბილისის მერიამ სკამების შესაძენად ტენდერი რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა. მაშინ თითო სკამში, საშუალოდ, 12 135 ლარის გადახდა იგეგმებოდა.

მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან 3 ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა, უკავშირდება სავარაუდოდ ე.წ. ფულის კლასტერს და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრები არიან.

„ახალი პაციენტებიდან ჩვენს კლინიკაში 3 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19. სულ დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 13 პაციენტი. 13 პაციენტიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 6. ექვსივეს მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, 1 პაციენტი რჩება შედარებით საყურადღებო“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაავადდა, ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 7 ახალი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დილით დადასტურდა, ერთი ბათუმში დაფიქსირდა. 60 წლის ქალი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების მოძიება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ მოქალაქის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. პაციენტს არც COVID-19-ის გამოკვეთილი სიმპტომები ჰქონდა.

„ეს ქალი გახლავთ ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელი, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას. მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცხელება და რესპირაციული ჩივილები. უჩიოდა მხოლოდ მუცლის ტკივილსა და დიარეას. მას სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გაეწია დახმარება. ეჭვის მიტანის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა“, - უთხრა მედიას ნინო ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებთანაც დაინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა, პერსონალი ძირითადად, ეკიპირებული იყო. ეკიპირების გარეშე მყოფი 2 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და 5 - კარანტინში.

ნინო ნიჟარაძის ცნობითვე, დაინფიცირებული ქალი არ ცხოვრობდა მრავალბინიან კორპუსში და არ აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია. ის ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

ამ ბოლო შემთხვევამდე აჭარის რეგიონში დადასტურებული იყო კორონავირუსით დაავადების 12 შემთხვევა. მათგან 4 გამოჯანმრთელდა.

7 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში მკურნალობის კურსს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გადის. მათგან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული:

„არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ასეთი პაციენტების რაოდენობა 6-ია. მისი თქმით, მათ გარდა 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს და პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გრძელდება ასევე პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების დასადგენად:

„გუშინ რამოდენიმესთან მიღებული იყო უარყოფითი პასუხი და დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება“, - უთხრა მედიას მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შვიდითაა გაზრდილი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი 7 შემთხვევიდან 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა. ექიმის თანახმად, მისი ინფიცირების წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია:

„ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით, ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

საქართველოში 195-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობამ იმატა

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა აშშ-სა და ევროპის ოთხ ქვეყანაში, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ხუთეულში არიან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები.

საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში 5 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 1165 შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 1255. აშშ-ში 5 აპრილს დაავადების 25 316 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს 30 331.

ესპანეთში 5478-დან 5029-მდე შემცირდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, გარდაცვალების კი მცირედით გაიზარდა. 5 აპრილს 694 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 აპრილს 700.

დაავადების ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო იტალიაშიც. 5 აპრილს დაფიქსირდა 4316 ახალი შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 3599. ამასთან, გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 5 აპრილს 525 ლეტალური შედეგი დადგა, ხოლო 6 აპრილს 636.

სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიმატა გერმანიაშიც, სადაც 5 აპრილს გარდაიცვალა 140 ადამიანი და 6-ში 226. შემცირებულია დაავადების ახალი შემთხვევები. 5 აპრილს დადასტურდა 4031, ხოლო 6 აპრილს 3253.

24 საათში ყველაზე დიდი მატებაა საფრანგეთში, სადაც 5 აპრილს დაავადების 2886 შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს - 5171. 5 აპრილს გარდაიცვალა 518 ადამიანი, ხოლო 6 აპრილს 833 ლეტალური შედეგი დადგა.

გასული კვირის ბოლო დღეებში ამ ქვეყნებში როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდებოდა.

ჩინეთი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში COVID-19-ით ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა

ჩინეთის ქალაქი უჰანი

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში არ ყოფილა კორონავირუს COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 32 ახალი ფაქტი და ყველა შემთხვევაში დაავადება აღმოაჩნდათ უცხოეთიდან ჩასულ პირებს.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ამ დროისთვის ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში სულ დაავადდა 81 740 ადამიანი. მათგან 77 167 უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 331.

ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. საერთო ჯამში უკვე დაავადდა 1 300 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 75 000-ს უახლოვდება.

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დაბრუნდებიან ათენიდან

დღეს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში საბერძნეთიდან დაბრუნდება. თბილისი-ათენი-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი;

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას, დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. 82 წლის დოლორეს სალას COVID-19-ის დიაგნოზი გასულ კვირაში ბარსელონაში დაუსვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს კი „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელა განცხადება.

გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წვლილი ორი კვირის წინ შეიტანა სოლიდური ფინანსური დახმარებით. ორმოცდაცხრა წლის კატალონიელმა სპეციალისტმა სწორედ კატალონიის ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა მილიონი ევრო.

კორონავირუსის სიმპტომების გაუარესების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, კორონავირუსის სიმპტომების გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს - იუწყება BBC დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, ჯონსონმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს სთხოვა მისი შემცვლელობა იტვირთოს "როცა საჭირო იქნება".

55 პრემიერს კორონავირუსი ათი დღის წინ აღმოაჩნდა. ის კვირას მოათავსეს ლონდონის წმინდა თომას საავადმყოფოში. დაუნინგ სტრიტის პრესმდივნის თქმით, ჯონსონი ინტენსიურ განყოფილებაში სიმპტომების გაუარესების გამო ექიმთა ჯგუფის რჩევით გადაიყვანეს და "საუკეთესო სამედიცინო ზრუნვის" ქვეშაა.

„მწვანე ალტერნატივამ“ და საიამ ნამახვანის ჰესების პროექტის შესახებ სარჩელი შეიტანეს

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე დაგეგმილი ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ „მწვანე ალტერნატივა“ და საია თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 აპრილს შეტანილი სარჩელით.

საია და “მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში დაიცავენ პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც პროექტის ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ჰესის მშენებელმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა“.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის #2-256 ბრძანების თანახმად, ონში, მდინარე რიონზე, სს „ონის კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი 122.4 მგვტ და ონი 2 ჰესი 83,7 მგვტ) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღეს.

აშშ რუსეთში დაფუძნებულ რასისტულ ჯგუფს და ლიდერებს ტერორისტებად ასახელებს

აშშ-მა რუსეთში დაფუძნებულ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფს, "იმპერიულ მოძრაობას" და მის სამ ლიდერს ტერორისტების კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც ამ ჯგუფს აქცევს თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მიმდევარ პირველ უცხოურ გაერთიანებად, რომელსაც ეს განსაზღვრება მიუსადაგეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული პროგრამის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა 6 აპრილს ამ ნაბიჯს "უპრეცედენტო" უწოდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას "უდანაშაულოთა სისხლით აქვს დასვრილი ხელები".

ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს "რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფის მიზნებში ასევე შედის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომელიც კონცენტრირებული იქნება, ჯგუფის აზრით რუსი ხალხის სამ განშტოებაზე - რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე. მოძრაობას წარმომადგენლობები აქვს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში და ნიჟნი ნოვგოროდში. ჯგუფის გასამხედროებული ფრთა, იმპერიული ლეგიონი, წევრებს წვრთნის საბრძოლო მეთოდებში.

მთავრობას მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩეროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება

„მწვანე ალტერნატივა“ და საია მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესთან დაკავშირებული საჯარო განხილვები გააუქმა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

განცხადების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა 20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის/ საქმიანობის „სკოპინგის“ დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს.

„იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები. მათივე განმარტებით, ამ უფლებების შეზღუდვა კი საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

განმცხადებელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა.

„ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ერთი თვით გამოაცხადეს.

მარინა ენდელაძე: თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად მათთან 60 წელს გადაცილებული პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე თავდაპირვლად იყო.

„თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით ზოგადად, ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა," - თქვა ენდელაძემ.

როგორც ექიმი ამბობს, ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს.

„38 შემთხვევაა ამჟამად ჩვენთან, 29 გაწერილი გვყავს. 38-დან ორი მესამედი მაინც არის ფილტვების ანთებით, პნევმონიით, ექვსი მძიმეა, ერთი კრიტიკული. საყურადღებო პაციენტები გვყავს“, - აღნიშნა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 188 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 056 ადამიანია, სტაციონარში - 386.

ქართველი ექიმები COVID 19-ის წინააღმდეგ - ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური გამოფენა

„სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე", ​- ამ სახელწოდების ვირტუალურ გამოფენას უძღვნის ეროვნული ბიბლიოთეკა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად სამედიცინო პერსონალს. გამოფენა7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს უკავშირდება.

ვირტუალური ფოტოგამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2020 წლის 7 აპრილს მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ექთნების და ბებიაქალების ღვაწლს ეძღვნება. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს".

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი COVID-19-მა თავად განსაზღვრა.

აშშ უარყოფს თალიბანის ბრალდებას, რომ ის სამშვიდობო შეთანხმებას არღვევს

აშშ-ის არმია უარყოფს ავღანეთის თალიბანის განცხადებას, რომ აშშ არღვევს ორ მხარეს შორის თებერვლის ბოლოს გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას.

აშშ-ის ძალები-ავღანეთი "იცავდა და კვლავაც იცავს აშშ-[თალიბანის] შეთანხმების სამხედრო პირობებს; სხვა შინაარსის ყველა განცხადება უსაფუძვლოა" - დაწერა ტვიტერზე 5 აპრილს აშშ-ის ძალების პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა სანი ლეგეტმა. ის აგრეთვე წერს, რომ ექსტრემისტულმა ჯგუფმა "უნდა შეამციროს ძალადობა" და გამოდის გაფრთხილებით, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ის არმია კვლავაც დაიცავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს, როგორც ეს შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

მანამდე გავრცელებულ განცხადებაში თალიბანი აშშ-ს და ავღანეთის ძალებს ადანაშაულებს მის წინააღმდეგ რეიდების და საჰაერო თავდასხმების მოწყობაში არასაბრძოლო ზონებში და ოპერაციების წარმოებაში სამოქალაქო არეალებში. ამასთან, ჯგუფი მწვავედ აკრიტიკებს ავღანეთის მთავრობას, რადგან ის აფერხებს თალიბანის წევრი ათასობით პატიმრის გათავისუფლებას, როგორც ეს შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.

შეთანხმება, რომელსაც აშშ-მა და თალბანმა 29 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოაწერეს ხელი, ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, როგორც ნდობის აღსადგენი ჟესტი ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებამდე, რომლითაც უნდა დასრულდეს ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს

worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში დღითი დღე იკლებს კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა.

თუკი 3 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის 101 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 აპრილს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 71 418 შეადგინა.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ანუ პირველი აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 5 აპრილს და მან 4737 ადამიანი შეადგინა. თითქმის 1000 გარდაცვლილით ნაკლები, ვიდრე 4 აპრილს.

რაც შეეხება ამერიკას, ესპანეთსა და იტალიას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით 208 ქვეყნისა და ტერიტორიისგან შემდგარ სიას სათავეში უდგანან, ბოლო დღეების განმავლობაში, სამივე ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები.

6 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 288 319 ადამიანი. გარდაცვლილია 70 567. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 272 024-ს მიაღწია.

აშშ აცხადებს, რომ ჩარტერული რეისებით წაიყვანს თავის მოქალაქეებს რუსეთიდან

აშშ აცხადებს, რომ ორგანიზება გაუკეთა ჩარტერულ რეისებს, რათა რუსეთში დარჩენილი თავისი მოქალაქეები შინ დააბრუნოს. 9 აპრილს დანიშნულ თვითმფრინავებში შესვლა შეეძლებათ კანონიერი ბინადრობის მოწმობის მქონეებსაც, თუკი ადგილები იქნება დარჩენილი, - წერს საელჩოს პრესმდივანი, რებეკა როსი 5 აპრილს ტვიტერით.

რუსეთის დატოვების მსურველებმა ინტერნეტით რეგისტრაცია უნდა გაიარონ და ბილეთები თავად იყიდონ. საელჩო გამოდის გაფრთხილებით, რომ ჩარტერული რეისების ბილეთები შესაძლოა "მნიშვნელოვნად ძვირი იყოს" რეგულარულ, კომერციულ ფრენებთან შედარებით. როსის თქმით, რეისები ტრანზიტული იქნება, ლონდონში გაივლის და იქიდან აშშ-ის ექვს ქალაქში გაფრინდება.

მსოფლიოს გარშემო ქვეყნებში სხვა სახელმწიფოების ათიათასობით მოქალაქეა დარჩენილი, მას შემდეგ, რაც ბევრმა მთავრობამ აკრძალა საერთაშორისო ფრენები, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. მონაცემები stopCoV.ge-ზე უკვე აისახა.

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ვირუსით 188 ადამიანია დაავადებული, ორი კი გარდაიცვალა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 5 056 ადამიანია, სტაციონარში კი - 386.

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვა. "ტვიტერში" გიორგი გახარიამ დაწერა, რომ დარწმუნებულია, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა გაუმკლავდება ახალ კორონავირუსს:

„საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ვუსურვებ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ყოველთვის ისტორიის მანძილზე, ბრიტანელი ხალხი და მთავრობა გაუმკლავდებიან COVID-19-ს და დაძლევენ ამ გამოწვევას“, - დაწერა "ტვიტერზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება 6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმაც უსურვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნებოდა ვირუსის სიმპტომები.

ჯონსონი 27 მარტიდან, მას შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რაც გამოცხადდა, რომ ინფიცირებულია. თავის ვიდეომიმართვაში მან მოუწოდა თანამემამულეებს, დარჩნენ შინ და დაიცვან კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის გამოცხადებული ზომები.

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს აჩერებს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს აჩერებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

"კორონავირუსის გამო მიკროავტობუსების ტენდერი შეჩერდება ისე, როგორც ბევრი სხვა პროექტი, რომელიც ჯერ დაწყებული არ იყო", - განმარტავენ მერიაში.

მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო საშუალებები თბილისის მიკროავტობუსისთვის უნდა გადაეცა, რომელსაც ქალაქში მგზავრები გადაჰყავს. ერთი მიკროავტობუსი დაახლოებით 97 ათასი ლარი ჯდებოდა, ჯამში კი 29 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.

ტენდერზე განაცხადების მიღება 9 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 14 აპრილს დასრულებულიყო. ამ ტრანსპორტს თბილისში მოძრავი "ყვითელი მიკროავტობუსები" უნდა ჩაენაცვლებინა.

ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული

დღევანდელი მონაცემებით, ეროვნული ბანკის კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 16-ს შეადგენს, - იტყობინება ბანკის ვებგვერდი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლები შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. განცხადების თანახმად, ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

16-დან 7 თანამშრომლის ინფიცირების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი.

6 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 36, გარდაცვლილი - 2. კარანტინის რეჟიმში 5 056 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG