Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი თბილისში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი თბილისში დაბრუნდა გერმანიაში მკურნალობის შემდეგ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი თბილისში დაბრუნდა გერმანიაში მკურნალობის შემდეგ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

ყველა ახალი ამბავი

ირანის მოქალაქემ ბოქსირებული პალატის კარი გატეხა და ისე გამოვიდა - მარინე ენდელაძე

ირანის მოქალაქე, რომელმაც 26 თებერვალს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება თვითნებურად დატოვა, ამჟამად აბასთუმანში, კარანტინში იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინე ენდელაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, არ ჰქონდა ბოქსის დატოვების უფლება:

„ემოციურად იყო დატვირთული. გატეხა კარადა, რომელსაც ამოაძრო პატარა ნაწილი, იმ ნაწილით გააღო კარი და გამოვიდა. მართალია, ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან არის ჯანმრთელი, თუმცა, მისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა. ეს ადამიანი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით. მას ჰქონდა მსუბუქი ხველა, გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად გადაყვანილია აბასთუმანში, კარანტინში“.

26 თებერვალს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატა ირანის მოქალაქემ თვითნებურად დატოვა. ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, როდესაც საავადმყოფოდან გამოვიდა სამედიცინო პერსონალი და ის კვლავ უკან შეაბრუნეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინის მიუხედავად ენგურის ხიდით მიმოსვლა ჯერ არ შეწყვეტილა

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოსკენ მიმავალი მოქალაქეები ენგურის ხიდზე. 2020 წლის 27 თებერვალი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა ჯერჯერობით არ შეწყვეტილა მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა და მიმოსვლის აკრძალვა გადაწყვიტა.

დღეს დილიდან ე.წ. საზღვარი გადაკვეთა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ. ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ენგურის ხიდის გავლით მიმავალმა რამდენიმე მოქალაქემ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ ე.წ. საზღვარი სავარაუდოდ, საღამოს 5 საათიდან დაიკეტება. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე საუბარია მიმოსვლის აკრძალვაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოსკენ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ აფხაზეთის მცხოვრებთ კი, უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 26 თებერვალს, საღამოს განაცხადა, რომ კარანტინი აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ბგანბას თქმით, აიკრძალა აფხაზეთში ყველა უცხოელის შესვლა და გასვლა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთ მიმართა, თავი შეიკავონ გამგზავრებისგან იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევებია.

ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ახალი კორონავირუსის(COVID-19) ეპიდემიის საფრთხე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს, ღამით. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია იზოლირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მოვახდინოთ მათი კარანტინში მოთავსება. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაფერისი პირობები“, - განაცხადა ტიკარაძემ 27 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მობილიზებულნი არიან საავადმყოფოები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში: „მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“.

ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობას აგრძელებს.

ამ ეტაპზე მაღალი რისკის ზონებად ითვლებიან ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. საქართველოს მიმოსვლა შეჩერებული აქვს ჩინეთთან და ირანთან.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამჟამად 10 პაციენტს აკვირდებიან

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი აქვს, მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

დღეს, 27 თებერვალს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ 13 პაციენტი, რომლებიც ინფიცირებული არ არიან, გასულ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს.

დილის მდგომარეობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აკვირდებიან 10 პაციენტს. მათგან 5 იტალიიდან, 5 კი ირანიდან ჩამოვიდა. ერთი იტალიის მოქალაქეა, ოთხი აზერბაიჯანის და დანარჩენი საქართველოსი.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელების კორონავირუსით დაავადების რისკი დაბალია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამმა განაცხადა, რომ ამერიკელების კორონავირუსით დაავადების რისკი ძალიან დაბალია, უკვე მიღებული ზომების წყალობით.

თეთრ სახლში 26 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ ამჟამად შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებულია 15 ადამიანი და თითქმის ყველა გამოჯანმრთელების სტადიაზეა.

პრეზიდენტმა ამ ეტაპის უპირველეს პრიორიტეტად დაასახელა ამერიკელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ტრამპის თქმით, აშშ სრულ მზადყოფნაშია და ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს დაავადების გავრცელების შემთხვევაშიც. მან არ გამორიცხა, რომ აშშ სატრანსპორტო მიმოსვლას შეწყვეტს იტალიასა და სამხრეთ კორეასთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ დონეზე კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინირება დაავალა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.

დონალდ ტრამპმა ასევე, თქვა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფად და კარგად მიმდინარეობს. ვაქცინაზე ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna მუშაობს.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 81 ათასს გადააჭარბა

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი

ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.

აზრიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.

26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაადასტურეს საქართველომ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

"ლუგარის ლაბორატორია" ირანიდან დაბრუნებული კიდევ ორი მოქალაქის სინჯებს გამოიკვლევს

„ლუგარის ლაბორატორია“ დღეს დაადგენს, ხომ არ აქვთ კორონავირუსი COVID-19 საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც 26 თებერვალს, ღამით მოათავსეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ორივე მათგანი ირანში იმყოფებოდა და საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში დაბრუნდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველომ ირანთან სახმელეთო გზით მიმოსვლაც შეზღუდა. მანამდე აკრძალვა ეხებოდა საჰაერო მიმოსვლას.

ჩინეთის გარდა, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, ამ დროისთვის ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია, სადაც დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის შემთხვევებია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ბოლო ორ თვეში ვირუსით დაავადდა დაახლოებით 82 000 ადამიანი და 2800-ზე მეტი გარდაიცვალა. დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის.

თავს დაესხნენ ჩეჩენ ბლოგერს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს

თუმსო აბდურახმანოვი

როგორც "კავკაზ რეალიი" იუწყება, 26 თებერვალს, უცხო პირები თავს დაესხნენ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურახმანოვს. თავდასხმის ამსახველი ვიდეო, რომელიც თავად ბლოგერმა გადაიღო, WhatsApp-ის მეშვეობით გავრცელდა.

უფლებადამცელი ორგანიზაცია „ვაიფონდის“ ცნობით აბდურახმანოვი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა აბდურახმანოვის ბინაში შეაღწია და ცდილობდა მძინარე ბლოგერისთვის ჩაქუჩი ჩარტყმას, თუმცა აბდურახმანოვმა გამოღვიძება და მოგერიება მოასწრო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

ვიდეოში ჩანს იატაკზე გართხმული მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ ის მოსკოველია და ბლოგერის „დაშინება“ მას ვინმე აბდურახმანმა დაავალა, გროზნოდან.

თუმსო აბდურახმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობასა და სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს. ბლოგერი ამტკიცებდა, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

თავდაპირველად, თუმსო აბდურახმანოვი საქართველოში ეცადა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას, თუმცა 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო. გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა და სანამ საჩივრის განხილვა დასრულდებოდა, 2017 წლის ივლისში გავრცელდა ცნობები რომ თბილისში დააკავეს. ამის შესახებ მაშინ აბდურახმანოვმა აუდიო მესიჯით შეატყობინა რადიო თავისუფლებას. დაკავების მიზეზი ცნობილი არ იყო. ამის შემდეგ მან საქართველო დატოვა და რამდენიმე თვით პოლონეთში ცხოვრობდა. 2018 წელს პოლონეთის დატოვებაც მოუწია.

აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი ვი­დე­ობ­ლო­გებ­ში კადიროვის ჩეჩნეთში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმის ჩახ­შო­ბა­სა და ზო­გა­დად სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ობ­ზე სა­უბ­რობს.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჟიჟილაშვილი გახდა

საკადრო ცვლილების შესახებ იტყობიენება „ტვ პირველი. ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ნინო ჟიჟილაშვილმა დაიკავა. ის ამავე დროს ორი ტოკშოუს - „პოლიტმეტრისა“ და „პირველების“ წამყვანად დარჩება.

„დღეიდან „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი, რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე. P.S. ჟიჟი რჩება „პოლიტიმეტრზე“ ყოველ ოთხშაბათს, ასევე „პირველებში“ პარასკევს ვახო სანაიასთან ერთად“, - წერს „ფეისბუკზე“ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი.

აქამდე „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურს მათე კირვალიძე ხელმძღვანელობდა.

გამოიკვლევენ საქართველოს ორ მოქალაქესაც, რომლებმაც ირანი 11-12 თებერვალს დატოვეს

„2 პაციენტი შემოვიდა ახლახანს და მათ გამოკვლევა ჯერ ჩატარებული არ აქვთ, გამოკვლევისთვის მასალას აუღებენ ხვალ დილით და ხვალ დღის მეორე ნახევარში იქნება პასუხი“, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ცერცვაძე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წინასწარ ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მათ არ აქვთ ახალი კორონავირუსი, რადგან ირანი 11-12 თებერვალს დატოვეს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, აღნიშნული ორი ადამიანის გარდა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტი იმყოფება. ახალი კორონავირუსის ინფექცია ერთ მათგანს დაუდასტურდა [ამ თემაზე საზოგადოებას ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა], ხოლო 16-ს - არა.

„16-დან 3-ს, ვინც არაკორონავირუსის გამო, მაგრამ საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი და მათი მდგომარეობა კარგია, არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება ან რესპირაციული ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში“, - ამბობს ცერცვაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

„საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“, - იტყობინება ადმინისტრაცია.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

გამყრელიძემ ილაპარაკა ინფიცირებული მოქალაქის მარშრუტსა და თანმხლები პირების შესახებ

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მარშრუტის შესახებ.

„მოქალაქე საქართველოში ტრანსპორტით არ შემოსულა. ის ირანიდან მგზავრობდა საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით. როდესაც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეშვეობითა და შესაბამისი ეკიპირებით გადმოყვანილ იქნა შესაბამის ცენტრალურ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

შეკითხვაზე, სხვა ადამიანები, რომლებიც იგივე მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები? ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია, მაგრამ ყველა დეტალის დაზუსტებამდე ამის შესახებ ღია ეთერში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება აღნიშნული პირების მდგომარეობას, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანი, ვინც ინფიცირებულ პირთან ერთად მგზავრობდა, აზერბაიჯანში კარანტინში იმყოფება. მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი კი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია, მაგრამ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია აქვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მუშაობის მთავარი სიმძიმე გადადის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის გუნდებზე, რომლებიც შეისწავლიან უფრო დეტალურად ამ ადამიანის ეპიდანამნეზს, ირანიდან დაწყებული, ვისთან ჰქონდა კონტაქტი და მიიღება შესაბამისი ზომები.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ინფექციის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სამსახურებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო მუშაობა კონტაქტების გამოსავლენად. მისი თქმით, ეს კონტაქტები იწყება ირანიდან, რომელ ქალაქებშიც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ. ამასთან, აზერბაიჯანის შესაბამის სამსახურებს ცენტრი ინფორმაციას დღეს ღამით მიაწვდის.

„გარდა ამისა, ხელმომწერები ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების, რომელიც გულისხმობს, რომ პირველი ინფექციის დადასტურების შემდეგ მალევე უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი ადამიანების მდგომარეობას, ამირან გამყრელიძის თქმით, 12-ის შემთხვევაში კორონავირუსზე იყო უარყოფითი რეაქცია, ორ შემთხვევაში დაფიქსირდა B ტიპის გრიპი, ორ ადამიანს კი რენოვირუსული ინფექცია აქვს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 თებერვალს

რა ვიცით პაციენტის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა?

დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ერთი პაციენტი კორონავირუსის მატარებელია. ამ დროისთვის ცნობილია შემდეგი:

  • პაციენტი 50 წლის მამაკაცია
  • ის საქართველოს მოქალაქეა
  • პაციენტი თავს კარგად გრძნობს
  • ის ირანში მოგზაურობდა და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით, აზერბაიჯანიდან შემოვიდა
  • საბაჟოზე ის ორმა მებაჟემ შეამოწმა, რომლებიც სრულად იყვნენ ეკიპირებულები, თუმცა ისინი კარანტინს მაინც გაივლიან

ამჟამად კარანტინში იმყოფება კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა, თუმცა მას არ დაუდასტურდა ვირუსი. ასევე არ უდასტურდება კორონავირუსი დანარჩენ 13 პაციენტს, რომლებიც 26 თებერვალს შეამოწმეს.

ორი კვირით შეიზღუდება ირანის მოქალაქეების მიმოსვლა საქართველოში, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ირანში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. არც სასწავლო პროცესის შეჩერება იგეგმება.

ნახე ბრიფინგის ვიდეო ან წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც EMC-ს იურისტმა, თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესში მონაწილეობას თავად მსჯავრდებული დეკანოზიც აპირებს. თუ ეს ვერ მოხერხდება, სხდომა გადაიდება და მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში შედგება.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

წაიკითხე მეტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი - არანაირი დიალოგი საქართველოსთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგია, მან ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, როგორი ძლიერი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. ისინი დღედაღამ აძლიერებენ თავიანთ ჯარს. საქართველოსთან არანაირი დიალოგი არ უნდა იყოს. ის ჩვენი მტერია. ამაზე ფიქრიც დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის საკითხები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ვისთან უნდა გვქონდეს დიალოგი? იმ ადამიანებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე სწავლებებს გადიან და წარმოუდგენიათ, თუ როგორ გადმოსხდებიან სოხუმში? აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა, ისაუბრონ იმ ზარალზე, რაც ჩვენს ეკონომიკას მიაყენეს. შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა არძინბამ.

წაიკითხე მეტი

როგორ ხვდება საქართველოს ჯანდაცვა კორონავირუსს?

კორონავირუსმა საქართველოში უკვე შემოაღწია. როგორც უსაფრთხო ზონა, ქვეყანა აქამდე "ა გეგმით" მუშაობდა, ახლა კი მასთან ერთად "ბ გეგმაც" ამოქმედდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული ეპიდემიური მდგომარეობისა და ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში ვერ განვითარდება იმგვარი სიტუაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას საწოლების, მედპერსონალის, მედიკამენტების დეფიციტის პრობლემა.

ნინო თარხნიშვილმა კი გადაამოწმა რამდენად მომზადებული ხვდება საქართველო კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას. მან დაითვალა ექიმების რაოდენობა, ინფექციური საავადმყოფოს საწოლები, ბოქსირებული პალატები, პირბადეები და მოკლედ, ყველაფერი რაც იმ შემთხვევისთვის არის საჭირო, თუ ქვეყანაში ვირუსი გავრცელებას დაიწყებს.

წაიკითხე მეტი

ინფექციური საავადმყოფოდან, სადაც 14 პაციენტი კორონავირუსზე მოწმდებოდა, მოულოდნელად ჟურნალისტებთან ირანელი მამაკაცი გამოვიდა. მან მოკლე განცხადება გააკეთა ინგლისურ ენაზე, რის შემდეგაც ექიმებმა ის ძალით შეაბრუნეს საავადმყოფოში.

ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეეზღუდებათ, საქართველოს მოქალაქეებს კი - ირანში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, ორი კვირით შეიზღუდება ირანის მოქალაქეების მიმოსვლა საქართველოში, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ირანში.

მინისტრის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. ამ ეტაპისთვის არ იგეგმება სწავლის შეწყვეტა. „არ არსებობს არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, პირი გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არ ემუქრება არანაირი საფრთხე.

„საბაჟო ზოლზე შემოწმებუბლ იქნა საქართველოს მოქალაქე მებაჟეების მიერ, რომლებიც იყვნენ სრულიად ეკიპირებულები. ეს ამცირებს მათი დასნებოვნების რისკს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლს და ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის პანიკის საფუძველი.

„ჩვენი ქვეყანა ახოცრიელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა დასრულდა, სადაც მიღებულია დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის საქართველოს აქვს საკმარისი საკარანტინო სივრცეები, ისევე, როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოები“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მარშრუტის შესახებ.

„მოქალაქე საქართველოში ტრანსპორტით არ შემოსულა. ის ირანიდან მგზავრობდა საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით. მას, როდესაც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეშვეობითა და შესაბამისი ეკიპირებით გადმოყვანილ იქნა შესაბამის ცენტრალურ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

შეკითხვაზე, სხვა ადამიანები, რომლებიც იგივე მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები? ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია, მაგრამ ყველა დეტალის დაზუსტებამდე ამის შესახებ ღია ეთერში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება აღნიშნული პირების მდგომარეობას, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანი, ვინც ინფიცირებულ პირთან ერთად მგზავრობდა, აზერბაიჯანში კარანტინში იმყოფება. მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი კი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია, მაგრამ მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია აქვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მუშაობის მთავარი სიმძიმე გადადის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის გუნდებზე, რომლებიც შეისწავლიან უფრო დეტალურად ამ ადამიანის ეპიდანამნეზს, ირანიდან დაწყებული, ვისთან ჰქონდა კონტაქტი და მიიღება შესაბამისი ზომები.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ინფექციის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სამსახურებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო მუშაობა კონტაქტების გამოსავლენად. მისი თქმით, ეს კონტაქტები იწყება უკვე ირანიდან, რომელ ქალაქებშიც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანის შესაბამის სამსახურებს ცენტრი ინფორმაციას დღეს ღამით მიაწვდის.

„გარდა ამისა, ხელმომწერები ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების, რომელიც გულისხმობს, რომ პირველი ინფექციის დადასტურების შემდეგ მალევე უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი 13 ადამიანიდან მდგომარეობას, ამირან გამყრელიძის თქმით, 12-ის შემთხვევაში კორონავირუსზე იყო უარყოფითი რეაქცია, ორ შემთხვევაში დაფიქსირდა B ტიპის გრიპი, ორ ადამიანს კი რენოვირუსული ინფექცია აქვს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, ორი კვირით შეიზღუდება ირანის მოქალაქეების მიმოსვლა საქართველოში, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ირანში.

ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 26 თებერვალს ოფიციალურად აღნიშნავენ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას. რუსეთმა ყირიმი 2014 წლის მარტში ჩაიგდო ხელში მას შემდეგ, რაც ჯარები გაგზავნა ნახევარკუნძულზე და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც უკანონოდ ცნო ასზე მეტმა ქვეყანამ. იმავე წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში. იქ მიმდინარე ბრძოლებმა დღემდე 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

26 თებერვალი შეირჩა როგორც „ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღე“, ვინაიდან ამ დღეს, 2014 წელს, უკრაინელებმა ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გამართეს სიმფეროპოლში, მას მერე, რაც პრომოსკოვური ორიენტაციის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა ყირიმი ჩაიგდო ხელში, ნათქვამია ზელენსკის კანცელარიის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება არის მისი არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიზანი, არამედ როგორც უკრაინის მოქალაქის პირადი შეხედულებაც.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არ შეესაბამება ყირიმის გარშემო რეალურ ვითარებას“. მისი თქმით, ის „კატეგორიულად“ ეწინააღმდეგება ზელენსკის ბრძანებულების ტექსტს.

ინფექციური საავადმყოფო: არ დასრულებულა 14 პაციენტის ტესტების შემოწმება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია პაციენტების მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„დილით პაციენტებს კორონავირუსის კვლევაზე ტესტი აუღეს. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების ერთდროულად შეგროვება. თითოეულ პირზე ტესტის აღებას აქვს გარკვეული პროტოკოლური შევსება და დრო. ამიტომ ძალიან გაიწელა ამ 14 პაციენტზე ტესტის აღება“, - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განმარტა კორონავირუსზე აღებული ტესტის შედეგების დაგვიანების მიზეზები. მისი თქმით, დაახლოებით დღის 2-3 საათზე დასრულდა 14 პაციენტის ტესტების შეგროვება, რამაც შედეგების დადგენის გაჭიანურება გამოიწვია. ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოსთვის ტესტის შედეგების მიწოდებას დაახლოებით ერთი-ორი საათი დასჭირდება.

„ძალიან გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: ტემპერატურა ნორმალურია; რენტგენოლოგიურად ანთების მაჩვენებელი არ არის; გამორიცხულია პნევმონია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნება არცერთ პაციენტს; დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა არის სტაბილური; სუბიექტურად - ჩივილები არ აქვთ; ობიექტურად - ნიშნები არ აქვთ. დიდი ალბათობით ამ 14 შემთხვევაზეც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო ხვალ, 27 თებერვალს იმსჯელებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 27 თებერვალს იმსჯელებს. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა.

როგორც ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომა 27 თებერვალს 13 საათზე დაინიშნა და მასში მონაწილეობას თავად მსჯავრდებული დეკანოზიც აპირებს:

„თავად დასწრების სურვილიც აქვს და ღიაობის სურვილიც აქვს, - განაცხადა თამთა მიქელაძემ - ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თავადაც იყოს. თუ ხვალ მისი ეტაპირება არ მოხდა, მაშინ სხდომა გადაიდება“, - ფიქრობს იგი. თამთა მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში მომდევნო სხდომა მამალაძის მონაწილეობით უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. „ჩვენ არ გვინდა ჩატარდეს დაწესებულებაში იმიტომ, რომ მაშინ სხდომა დახურული იქნება“, - აღნიშნა მან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზ მამალაძის სრულ გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადების მოთხოვნით 11 თებერვალს მიმართა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

EMC-ის თანახმად, ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

მაჭავარიანის თქმით, საქართველო ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს ყოფილა - გაყოფილია რიკოთის უღელტეხილით

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში გამართული ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020“-ის პანელურ დისკუსიაზე ილაპარაკა რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ავტომაგისტრალის მნიშვნელობის შესახებ.

„რიკოთის [ავტობანი] რომ დამთავრდება, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ჩვენ პრაქტიკულად ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს არ გვქონია. ასე რომ იფიქროთ. როცა გაყოფილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს არ გვქონია. ამ ავტობანის შემთხვევაში თვისებრივად სხვა სიტუაციაში მოვხვდებით“, - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მეორე ვადით ინაუგურაცია 9 მარტამდე გადადო

აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მეორე ვადით ინაუგურაცია 9 მარტამდე გადადო არჩევნებში თავის მთავარ კონკურენტთან მწვავე დავის გამო. შეფერხება მოხდა კორონავირუსის გავრცელების თაობაზე „ჭორების“ და ცერემონიაზე დასასწრებად მსოფლიოს ლიდერებისთვის შეტყობინებისთვის საჭირო დროის სიმოკლის გამო, - ნათქვამია ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის განცხადებაში, რომელიც 26 თებერვალს გამოქვეყნდა, თავდაპირველად დანიშნულ ცერემონიამდე ერთი დღით ადრე.

გასულ კვირაში ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ ღანი გამარჯვებულად ცნო 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულა აბდულამ უკუაგდო შედეგები, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ საკუთარ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

ავღანეთის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი, მიესალმა ღანის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ინაუგურაციის გადადება აუცილებელი კონსულტაციებისთვის საჭირო დროს გამოათავისუფლებს. მისი თქმით, „საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ღანიმ, როგორც გამარჯვებულად გამოცხადებულმა, და სხვა ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახალი მთავრობა ინკლუზიური იყოს და ყველა ავღანელის მისწრაფებას ასახავდეს“.

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თაღლითობის ბრალდებებმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ღანისა და აბდულას შორის. კრიზისი აშშ-ის შუამავლობით გადაიჭრა ხელისუფლების დანაწილების გზით.

NDI-ს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შესახებ ფართო კონსენსუსი

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა“, - თქვა აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას. მისი თქმით, როგორც 2020, ასევე 2021 წელს NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას.

დერეკ მიტჩელის თქმით, საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა ჰქონდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსენსუსის მიღწევა; კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა; პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს“, - დერეკ მიტჩელის განცხადების ტექსტს NDI-ის საქართველოს ოფისი ავრცელებს. მიტჩელი 24-26 თებერვალს საქართველოს პირველად სტუმრობდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიტჩელი შეხვდა: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, პოლიტიკოს ქალებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს.

სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია

სააფთიაქო ქსელების ნაწილში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია შექმნილი, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე; „PSP“-ს ქსელში თბილისის მასშტაბით არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე. გარკვეული მარაგია დარჩენილი რეგიონებში.

ამ ეტაპზე, ნიღბების შეძენა შესაძლებელია „ჯიპისის“ ქსელში.

ნიღბების მარაგი აქვს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელსაც.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი არაერთ ქვეყანას შეექმნა, თუმცა მთავრობა პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გულნარა ქარიმოვა მზადაა, 700 მილიონამდე დოლარი დათმოს თავისუფლების სანაცვლოდ

გულნარა ქარიმოვა. მარტინს უპიტისის ნახატი.

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსმა ქალიშვილმა, გულნარა ქარიმოვამ, ამჟამინდელ პრეზიდენტს, შავქათ მირზიოევს სთხოვა, დაეხმაროს ციხიდან გამოსვლაში. ქარიმოვა აღნიშნავს, რომ თუკი მისი პატიმრობის ვადის ათვლა მოხდება იმ მომენტიდან, როცა ის დააკავეს 2014 წელს, მაშინ უკვე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა. უფრო მეტიც - აგვისტოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.

უზბეკეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ქალიშვილმა წამოაყენა წინადადება, დაიხუროს მისი საქმე. სანაცვლოდ ის მზადაა, უარი თქვას ნებისმიერ პრეტენზიაზე შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გაყინულ 700 მილიონამდე დოლარზე.

გულნარა ქარიმოვა ორჯერ გაასამართლეს კორუფციასა და გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული ბრალდებებით. პირველი განაჩენი მას 2015 წელს გამოუტანეს.

მაია ცქიტიშვილი: ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ ქართული სუფრით

მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ქართული სუფრისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭება არის პრაქტიკა, რომელსაც ბევრი ქვეყანა მიმართავს თავისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით. იგი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ მედიაში ეს საკითხი ქილიკისა და ხუმრობის საგანი გახდა.

ქართული სუფრა ქეიფი არ არის, ეს ტრადიციაა, - უთხრა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს:

„ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. პირველ რიგში ის ტრადიცია, რომ ქართველებს გვყავს თამადა, გვაქვს სადღეგრძელოები, რომლებსაც იცით, რომ თავისი თანმიმდევბრობაც კი აქვს. და გარდა ამისა, ქართული სუფრა არის ქართული პოლიფონია, ქართული სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, შემდგომში ხდება იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ისევე როგორც ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია გახდა, როგორც ქართული პოლიფონია და ანბანი გახდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, - ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 19 თებერვალს გაავრცელა. სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

ტიკარაძე კორონავირუსის შესახებ: პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია.

„ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრი პასუხობს შეკითხვას, იგეგმება თუ არა ახალი კორონავირუსის გამო დამატებითი რეგულაციების შემოღება:

„თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასაზღვრო ზოლის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG