Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების პროგნოზით, ამერიკის

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების პროგნოზით, ამერიკის გავლენა მსოფლიოში, სავარაუდოდ, იკლებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების პროგნოზით, ამერიკის გავლენა მსოფლიოში, სავარაუდოდ, იკლებს
მომდევნო 20 წლის მანძილზე. ეს პროგნოზი გამოთქმულია ანგარიშში სახელწოდებით “გლობალური ტენდენციები 2025: გარდაქმნილი მსოფლიო”. აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებული ამ ანგარიშის გათვალისწინება მოუწევს პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას ადმინისტრაციას.

ყველა ახალი ამბავი

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა „პარაზიტისთვის“ „ოსკარის“ მინიჭების გამო

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომხრეების წინაშე გამოსვლისას კოლორადოში, ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა იმის გამო, რომ საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ მიანიჭა სამხრეთკორეულ მხატვრულ სურათ „პარაზიტს“.

წელს საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ პირველად მოიპოვა არაამერიკულმა ფილმმა.

„ჩვენ საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან. და ამის მერე, ისინი მას აძლევენ პრემიას საუკეთესო ფილმისთვის“, - აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაა, დააბრუნონ ეკრანზე ჰოლივუდის ისეთი ფილმები, როგორიცაა „ქარწაღებულნი“ და „სანსეტის ბულვარი“.

სამხრეთკორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტები“ „ოსკარის“ 92-ე პრემიის ლაურეატი გახდა. მან ჯილდოები მიიღო კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო სცენარი.

„ფონდი ქართუ“: განულებული ვალების პროგრამაზე არასწორი  ინფორმაცია ვრცელდება

საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ვალების განულების პროგრამის შესახებ „ფეისბუკში“ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში“, - ნათქვამია „ფონდი ქართუს“ განცხადებაში.

ფონდი აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

შესაბამისად, „ფონდი ქართუ“ მიიჩნევს, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას. „ფონდი ქართუ“ აღნიშნავს, რომ მან სრულად შეიძინა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, როგორც ფონდი მიუთითებს, ის მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა.

ადვოკატმა მარიკა არევაძემ „ვალების განულების“ პროგრამის შესახებ „ფეისბუკზე“ დაწერა.

„ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე, რომელიც წესით „ქართუ ფონდმა" გაანულა vali.ge -ს საიტით!!!

ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ „ქართუ ფონდის“ მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა“, - წერს ადვოკატი. ამასთან, არევაძემ აღნიშნა, რომ vali.ge-ს ვებგვერდი არ მუშაობს და არავის აქვს „განულების“ ცნობა.

„ფონდმა ქართუმ“ ვებგვერდ vali.ge-ს გათიშვის საკითხიც განმარტა.

„როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“, - აცხადებს „ფონდი ქართუ“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ „ვალების განულების“ დაპირება გასცა.

შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოაქვეყნა, „ვალების განულების“ პროგრამა უარყოფითად არის შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, ODIHR-ის რესპონდენტებმა შეაფასეს საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა

ვახო ხუზმიაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. „ბათუმელების“ თანახმად, გადაწყვეტილება 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ დახურულ გასაუბრებაზე მიიღო.

კონკურსში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „მეცხრე არხის“ და „იმედის“ პროდიუსერად, იყო ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2 თებერვლიდანაა ვაკანტური. ამ დღეს თანამდებობა პროტესტის ნიშნად ნათია ზოიძემ დატოვა იმის გამო, რომ მისი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას არ იძლეოდა. კერძოდ, ახალი ხელშეკრულებით, ნათია ზოიძემხოლოდ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა-წარდგენა ევალებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 19 თებერვალს სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება ძალაში შევა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდება ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი.

თავად დირექტორი გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან ხდებოდა მოვალეობების დუბლირება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოზე კიბერშეტევის გამო

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველო იყო კიბერშეტევის ობიექტი, რასაც მოჰყვა მისი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენება, წერია 21 თებერვლის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს, რომელშიც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გმობენ კიბერშეტევას და გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას კიბერმედეგობის განმტკიცების საქმეში.

ევროკავშირი და მისი წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ამ კიბერთავდასხმის გამო, რამაც აჩვენა კიბერსივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ უპატივცემულობა, და რომელიც „ძირს უთხრის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებლობას, რაც მოაქვს ინტერნეტსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას“.

დღეს, წერია ევროკავშირს განცხადებაში, ბლოკი და მისი წევრები გმობენ კიბერთავდასხმას და გააგრძელებენ საქართველოსთვის დახმარების გაწევას კიბერმედეგობის გამყარებაში. „ჩვენ შეშფოთებული ვართ უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი მოქცევის გამო კიბერსივრცეში და კვლავაც ყურადღებას დავუთმობთ გამოწვევებს, რომლებსაც კიბერსივრცე აწყდება საშინაო და ასევე საგარეო და უშიშროების მიმართულებით“, აცხადებს ევროკავშირი და თავის წევრებთან ერთად გამოდის მოწოდებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, გააგრძელოს თანამშრომლობა გლობალური, ღია, მყარი, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა.

ტედი რინერი თბილისის გრან პრის განაცხადში ჩაეწერა

საფრანგეთის ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელობამ თბილისის გრან პრიზე დასაყენებელი წინასწარი შემადგენლობა დაასახელა და განაცხადში თანამედროვე ძიუდოს სუპერვარსკვლავი ტედი რინერიც შეიყვანა. მსოფლიოს ათგზის, ევროპის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება და წლეულს გაცილებით მეტ შეჯიბრებაზე გამოსვლას გეგმავს, ვიდრე წინა წლებში.

მიმდინარე სეზონი ფრანგმა მძიმეწონოსანმა წარუმატებლად დაიწყო - 9 თებერვალს მშობლიურ კედლებში პარიზის გრან პრის მერვედფინალში დამარცხდა იაპონელ კოკორო კაგეურასთან და 2008 წლის შემდეგ პირველად დარჩა უმედლოდ. ამასთან, რინერის ათწლიანი წაუგებელი სერიაც შეწყდა.

თბილისის გრან პრი 27-29 მარტს გაიმართება და, წინასწარი ინფორმაციით, კონკურენციაში 54 ქვეყნის 256 ძიუდოისტი ჩაებმება. საქართველოს ნაკრებს, როგორც მასპინძელს, თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი მონაწილე ეყოლება.

არასრულწლოვანმა საჩხერეში მამა მოკლა

შსს-ს თანახმად, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში 17 წლის არასრულწლოვანმა მამა მოკლა. სამინისტროს ცნობით, შვილმა მამა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

მიყენებული ჭრილობებისგან 1969 წელს დაბადებული გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2002 წელს დაბადებულმა ჯ.კ-მ კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

შსს-ს თანახმად, კონფლიქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა, პოლიციის ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლშივე დააკავა, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გახარიას თქმით, „ოცნების ქალაქში“ ექვს თვეში აშენდება 582 ბინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

„ზუსტად დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა ოცნების ქალაქი, ზუსტად ასე გპირდებით, რომ წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების, რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველდღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა ამ ბავშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია და აქ აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთ ანგარიშში მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა პრობლემის შესწავლისკენ. ამ საკითხს სპეციალური ანგარიშიც მიუძღვნა და აღნიშნა, რომ „ოცნების ქალაქში“ უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ ბავშვები და ხანდაზმულები. რეკომენდაციით მიმართა ხელისუფლებას, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანი სტრატეგია შეიმუშაოს.

EMC: 2019 წელს ხელისუფლებამ მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, მთავრობა ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. როგორც EMC აცხადებს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. ორგანიზაციის ცნობით, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56% პროცენტი მუსლიმია.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, აცხადებს, რომ კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა.

ბოკერია: სოფიო ქაცარავა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე და არანაირი შეხედულებები არ აქვს

„ეს დანიშვნები არის კომბინაცია პირადი, პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილის, მაგალითად, ქალბატონი ქაცარავასი, რომელიც თითქოს პოლიტიკური პროტესტის გამო გადადგა და მერე დაინიშნა ამ ტიპის თანამდებობაზე“, - თქვა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავას დანიშვნის შესახებ.

ბოკერიას შეფასებით, სოფიო ქაცარავა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე და არანაირი შეხედულებები არ აქვს, გარდა რაღაც მეგობრული დისკომფორტისა იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც იყო პარლამენტში.

„სირცხვილია, მაგალითია იმისი, რა ტიპის ფიგურებს და ბიუროკრატებს ახალისებს ეს რეჟიმი“, - დასძენს ბოკერია.

რაც შეეხება ლევან იზორიას დანიშვნას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, როგორც ბოკერია ამბობს, იზორიას შემთხვევა განსაკუთრებული პრობლემაა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„ამ ტიპის სკანდალებში გახვეული, ნულოვანი ხედვის მქონე დისკრედიტებული ადამიანის საკვანძო ქვეყანაში დანიშვნა არის ხელწერა ივანიშვილის რეჟიმის, რომელსაც აინტერესებს შიდა ნეპოტისტური დალაგებები: იქიდან გაწიეს, აქ რაღაც უნდა მისცენ, ვინ არის ერთგული... არ ხელმძღვანელობენ იმით, ქვეყნის ინტერესებს გრძელვადიანად ვინ წაწევს წინ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ეს კიდევ ერთი სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო მავნებლური მაგალითია“, - აღნიშნავს ბოკერია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა.

სოფიო ქაცარავამ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ქაცარავას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ელჩის დანიშვნის შესახებ იტყობინება. საბერძნეთის რესპუბლიკაში - დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

საერთაშორისო ინსტიტუტები - საქართველოს სახელმწიფო ხელს უშლის ომბუდსმენის საქმიანობას

„ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპის ქსელი“ (ENNHRI) „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსთან“, „ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტთან“, „თანასწორობის უწყებათა ევროპის ქსელსა“ და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან, მიშელ ფორსტთან ერთად აქვეყნებს საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის ციხეებში ვიზიტების კონფიდენციურობის დარღვევასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე შემდგომ თავდასხმებს:

„გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სახელმწიფოს ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საშინაო, რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სტანდარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები და მისი თანამშრომლები არ უნდა აღმოჩნდნენ რაიმე სახის საპასუხო მოქმედების ან დაშინების წინაშე თავიანთი მანდატით განხორციელებული აქტივობების გამო.

საქართველოს მთავრობის მოქმედებები ქმნის საქართველოს სახალხო დამცველის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის გარემოს გაუარესების საფრთხეს. კონფიდენციური ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახალხო დამცველის საქმიანობას და საფრთხე შეუქმნას მის თანამშრომლებს. ამას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს უარყოფითი შედეგები იმ პატიმრებისთვის, ვისაც სახალხო დამცველი შეხვდა და შეიძლება შეარყიოს მათ შორის ნდობა.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, დაიცვან ეს საერთაშორისო პრინციპები და სწრაფად და გულდასმით, სახალხო დამცველთან თანამშრომლობით გამოიძიონ მსგავსი შემთხვევები.

საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ძალიან პატივცემული უწყება და მას ხელმეორედ მიენიჭა სტატუსი „A“, რაც მიუთითებს მის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებთან“.

ბოკუჩავა "ოცნებასთან“ დიალოგის შესაძლებლობაზე: მოლაპარაკებების მაგიდა ივანიშვილმა ააყირავა

თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა ბიძინა ივანიშვილმა „ააყირავა“:

„ბიძინა ივანიშვილმა ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა, როდესაც მან ერთი ხელით თითქოსდა მიგვიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან და მეორე ხელით დააპატიმრა გიგი უგულავა და დააანონსა სხვა დაჭერები. ასეთი რამ დიპლომატიის არც თეორიაში და არც პრაქტიკაში არ არსებობს, რომ ადამიანი თან გიჭერდეს და თან მოლაპარაკების მაგიდასთან გეპატიჟებოდეს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლება „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურ დათმობაზე წავა.

„მათ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა რაიმე დათმობა და სურთ თუ არა, სიტუაცია გამოიყვანონ კრიზისიდან“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მორიგი შეკრების დაწყების წინ. მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება შეთანხმება თბილისის საარჩევნო ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების წარდგენის პრინციპის შესახებ:

„ოპოზიციის ამოცანაა, რომ 22 ოლქში იყოს სრული შეთანხმება, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კანდიდატებს არ დაუყენებენ და ამით არ წაართმევენ ერთმანეთს ოპოზიციურ ხმებს. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ერთი საერთო ფრონტი არსებობდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემდეგ არჩევნებში, როცა არ უნდა იყოს ეს - იქნება ეს ვადამდელი თუ დაგეგმილი არჩევნები შემოდგომაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება და გავრცელდება არა მხოლოდ თბილისის ოლქებზე, არამედ რეგიონებშიც.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით "ლეიბორისტულ პარტიაში" გაკეთდა განცხადება, მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

პომპეო: აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას 29 თებერვლისთვის მოელიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მოელიან, რომ სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-სა და ავღანეთის თალიბანს შორის ხელს მოაწერენ 29 თებერვალს იმ პირობით, რომ „ძალადობის შემცირება“, რომელიც ძალაში შევა შუაღამისას, არ აღმოჩნდება ნაჩქარევი.

21 თებერვალს უფრო ადრე, ავღანეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და თალიბანმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით, შუაღამიდან ამოქმედდება ერთკვირიანი „ძალადობის შემცირება“.

აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის 2018 წლის შემდეგ გრძელდება მოლაპარაკება, რომლის მიზანია დასრულდეს 18-წლიანი ომი ავღანეთში.

აშშ და თალიბანი ჩართული იყვნენ მოლაპარაკებაში, რათა მიეღწიათ ავღანეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით დასრულებისა და რეგიონში აშშ-ის ყოფნის შემცირებისთვის.

გასულ კვირებში, „ეროვნული ერთიანობის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში, დოჰაში, თალიბანთან მივიდნენ ურთიერთგაგებამდე, რომ მთელ ქვეყანაში შემცირდეს ძალადობა“, განაცხადა პომპეომ, რომელმაც დასძინა, რომ შიდაავღანური მოლაპარაკება დაიწყება ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საბოლოო მიზანია „განვავითაროთ მრავალმხრივი და მტკიცე ზავი და შევქმნათ ავღანეთის პოლიტიკური გზამკვლევი“.

წერილობით განცხადებაში თალიბანმა დაადასტურა, რომ დაიგეგმა შეთანხმებაზე ხელმოწერა 29 თებერვლისთვის საერთაშორისო მეთვალყურეების თანდასწრებით. თალიბანს არ სურდა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკება, რადგან მას დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევს. ახლა თალიბანმა განაცხადა, რომ მზადდება შიდაავღანური მოლაპარაკება, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, როდის მოხდება ეს.


ავღანეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯავად ფაიზალმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის ჯარები გააგრძელებენ ბრძოლას ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძალადობის შემცირების“ პერიოდში.

დოჰაში თალიბანის ერთმა ლიდერმა როიტერსს უთხრა, რომ „ძალადობის შემცირება“ არ ნიშნავს ზავს. მისი თქმით, თავდაცვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ერთმანეთის ძალებს შვიდი დღის განმავლობაში თავს არ დაესხმებიან.

გიორგი გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ

მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავის დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს - განათლება, მედიცინა ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობა გადაეცემოდა შსს-ს, რომელიც იქ დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.

პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გომელაურისთვის არასერიოზულია მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების დამხობის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზული უწოდა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობის შესახებ.

მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე მედიის მიერ, ბათუმში დასმული შეკითხვის პასუხად, გომელაურმა თქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ მიუსაჯა: „და გამოვიდა. მეტი მე არ დავიწყებ საუბარს ვანო მერაბიშვილზე, რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც აღმასრულებლის, ასევე საკანონმდებლო წარმომადგენლების მხრიდანაც“.

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ მისცეს „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე პასუხისგებაში ვანო მერაბიშვილის გარდა სხვა პირები, მაგალითად, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ე.წ. ორი გვამის ვიდეოკადრებში ჩანს და ამჟამად სუს-ში, თანამდებობაზე მუშაობს, გომელაურმა უპასუხა: „და ხოჯევანიშვილმა რა გააკეთა?! იქ ძალიან ბევრი ადამიანი დგას, სპეცდანიშნულების რაზმის ოპერატიული თანამშრომლები. იქ რაც ხდებოდა, გვახსოვს, მაგრამ ვინ რა ბრძანება გასცა, ეს სხვა თემაა. მე რომ ბრძანებას გავცემ, ვთქვათ, უკანონოს, მე უნდა დავისაჯო და არა თქვენ ყველა, ვინც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა?!“

შეკითხვაზე, დაზუსტებით იცის თუ არა, რომ ხოჯევანიშვილმა ბრძანება არ შეასრულა, გომელაურმა განაცხადა: „დაზუსტებით ვიცით, რა თქმა უნდა. რომ არ ვიცოდეთ, მე მგონი, ეხლა უშიშროებაში არ იმუშავებდა ხოჯევანიშვილი“.

2009 წელს, ხელისუფლების მიერ „მუხროვანის ამბოხების“ აღკვეთილად გამოცხადების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი სჭირდება.

2020 წლის 20 თებერვალს, საპატიმროდან გათავისუფებულმა მერაბიშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ „ორი გვამის ამბავი, რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული“.

ერთი რუმინელი მოქალაქე აღმოჩნდა გერმანიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის

კლაუს იოჰანისი

გერმანიის ქალაქ ჰანაუში რასისტ ტობიას რ.-ს მიერ დახოცილ 9 ადამიანს შორის ერთი რუმინელი აღმოჩნდა. ცნობა ამის შესახებ ტვიტერში გამოაქვეყნა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა.

რუმინული მედიის ცნობით, მოკლული ახალგაზრდა, 23 წლის ვიორელ პაულნი, წარმოშობით რუმინეთის ქალაქ ჯურჯუდანაა.

გერმანიის პროკურატურის თანახმად, 43 წლის გერმანიის მოქალაქემ 19 თებერვალს ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი და 9 კაცი დახოცა - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ. ცნობილია, რომ დაღუპულთაგან ხუთი თურქეთის მოქალაქე იყო. ექვსი ადამიანი დაიჭრა.

ბოროტმოქმედი ტობიას რ., პოლიციის წინასწარი დასკვნის თანახმად, ულტრამემარჯვენე შეხედულებებისა იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა.

გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის თქმით, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ბოროტმოქმედმა ინტერნეტში განათავსა რასისტული ვიდეო და „მანიფესტი“ ქსენოფობიური შეხედულებებით. გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის მუხლით.

თავად თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა და მანამდე კი თავისი 72 წლის დედა მოკლა. მათი გვამები ჰანაუში, მათ ბინაში იპოვეს. ამგვარად, მთლიანობაში 11 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ საგარეო უწყება მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის გამოაშკარავებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გუშინვე, 20 თებერვალსვე გააკეთა და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის აქტი:

„ჩვენი განცხადების შესაბამისად, როდესაც მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასებები გაკეთებულიყო, ამას მოჰყვა დაუყოვნებლივი, მკაცრი და ადეკვატური რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გუშინვე, მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები და დაგმო გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელებული სახიფათო აქტი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო მარტო არ არის ამ მძიმე გამოწვევებთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად არამხოლოდ ეროვნულ დონეზე. მისი განმარტებით, ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება სულ უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული და აშკარად დადგმული უწოდა.

შს მინისტრს ჯერ არ აქვს პასუხი, დაიწყება თუ არა გამოძიება რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, დაიწყება თუ არა სამართლებრივი დავა და გამოძიება რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

„მაგას გადავწყვიტავთ. ეხლა ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს, დავიწყებთ გამოძიებას, თუ არ დავიწყებთ“, - უთხრა ბათუმში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს, რუსეთთან სამართლებრივი დავის და გამოძიების დაწყების შესახებ.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

28 ოქტომბერს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

მედიის დღევანდელ შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია ახალი კიბერშეტევა წინასაარჩევნო პერიოდში და აფასებს თუ არა უკვე განხორციელებულ თავდასხმას ჰიბრიდულ ომად, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ოცდამეერთე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია სამწუხაროდ, მსოფლიოში. არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ბრიტანეთია, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ტექნოლოგიები ვითარდება. ის, რომ არ მოხდება, ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად და საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მოვიტყუები, ეს რომ ვთქვა“.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მეტი კონტროლი იყოს კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად, ან თუ მოხდება, „მოხდეს იქვე ჩაკეტვა და სივრცეში არ შემოვიდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის შეკითხვებს უპასუხა ბათუმში, სადაც დღეს, 21 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი ბინები გადაცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2018 წელს დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს და 2019 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ორ პოლიციელს.

აბდულა აბდულა ევროკავშირს აკრიტიკებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ცნობისათვის

აბდულა აბდულა

ავღანეთის უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, ევროკავშირს აკრიტიკებს გასულ სექტემბერში ჩატარებული, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების ცნობისათვის, რომლის თანახმად პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული მოქმედი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი.

საჩივრის წერილში, რომელიც აბდულა აბდულამ ტვიტერით გამოქვეყნა, იგი „უკანონოს და ბევრი ავღანელისათვის მოულოდნელს“ უწოდებს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომელიც 18 თებერვალს გამოცხადა ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

აბდულა აბდულა მეტოქის ბანაკის წარმომადგენლების მხრიდან „გაყალბებულს უწოდებს“ შემოდგომაზე გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „დარჩნენ მიუკერძოებელი და პრინციპულები" და პატივი სცენ ავღანეთში „სამართლიან და კანონიერ საარჩევნო პროცესებსა და შედეგებს“.

ავღანეთის უმაღესი აღმასრულებლის, აბდულა აბდულას, წერილის ერთ-ერთი ადრესატია ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი, რომელმაც 19 თებერვალს ტელეფონით მიულოცა აშრაფ ღანს, 2019 წლის 28 სექტემბრის არჩევნებში, ავღანეთის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა.

რუსეთი კიბერშეტევაზე: საქართველოში არ სურთ რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის „გრუ“ დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო უწყება გავრცელებულ ცნობას დაუსაბუთებელს, პოლიტიკურად მოტივირებულსა და აშკარა დადგმულს უწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი ევროპული ქვეყნების რუსეთის მისამართით ბრალდებებთან დაკავშირებით, „ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების“ შესახებ ქართულ ინტერნეტგვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე, გვსურს შემდეგი განვაცხადოთ: სახეზეა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დადგმული ინფორმაციის გავრცელება. არავითარი მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ელექტრონულ ქსელებში დამაზიანებელი მონაწილეობის შესახებ არ არსებობს და არ შეიძლება იყოს.

ყურადღებას იქცევს სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვათა მიერ. ოთხი თვე დასჭირდა რუსეთის ინციდენტში მონაწილეობის დადგენას, რომელიც, თითქოსდა, გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება კვლავაც წამოსულია „highly likely“-ის ფარგლებში.

სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმა, შარშანდელი კრიზისიდან დასკვნის გამოტანა. ეს ყველაფერი დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც არცთუ მარტივ ურთიერთობებს. კვლავაც დარწმუნებულები ვართ, არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის ძირეულ ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ეს სრულიად არ აძლევთ ხელს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა.

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს ზომიერი კანდიდატების გარეშე

არჩევნების პროცესი ირანში

პარასკევს დილიდან ირანში მიმდინარეობის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ მკაცრი კურსის სასულიერო პირებისგან მხარდაჭერილი კანდიდატები, ხოლო ათასობით რეფორმისტსა და ზომიერ კანდიდატებს, ჯამში 9000-ს კაცს, უარი ეთქვა. მათ შორის - წინა პარლამენტის 90 წევრს.

საბოლოო ჯამში, რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება მისცა 7148 კაცს, რომლებიც პარლამენტის 290 მანდატისათვის იბრძვიან.

ირანში არჩევნების დაწყებამდე აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭოს ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ევალებოდათ რეჟიმის სასურველი კანდიდატების შერჩევა და მოსახლეობისათვის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების შეზღუდვა“, - განაცხადა ბრაიან ჰუკმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირანის საკითხებში.

ირანაში ხმის მიცემის პროცესი 18 საათზე დასრულდება.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაძაბულია და ის ბოლო დროს თითქმის სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აშშ გაიყვანა ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს დაიდო ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ვაშინგტონა ამის შემდეგ სანქციები დაუწესა ირანს, რაც დიდ დარტყმას აყენებს მის ეკონომიკას.

ქართველ მეზღვაურებთან ერთად მეკობრეთა ტყვეობაში უკრაინელები და ფილიპინელები არიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შეხვდა ნიგერიის სანაპიროდან გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა იმ ზომების შესახებ, რასაც გემთმფლობელ კომპანიასთან ერთად სახელმწიფო მიმართავს მეზღვაურების გასათავისუფლებლად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოთხი ქართველი მეზღვაურის ვინაობას და სხვა დეტალებს მათივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს.

თამარ იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურები არიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან. ბათუმში, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მდებარეობს, თამარ იოსელიანი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა, დანარჩენებს კი ტელეფონით ესაუბრა.

ბერძნული კომპანიის კუთვნილ, ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები თავს 20 თებერვალს დაესხნენ ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან და 10 მეზღვაური გაიტაცეს. 4 ქართველის გარდა, ტყვეობაში არიან უკრაინელები და ფილიპინელები. ტანკერს ტვირთი ნიდერლანდიდან ნიგერიაში მიჰქონდა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურების გასათავისუფლებლად, პირველ ყოვლისა, მუშაობს ტანკერის მფლობელი ბერძნული კომპანია და მასთან კომუნიკაციით პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საკონსულო საბერძნეთში. მათ კონტაქტი აქვთ დროშის მფლობელ ქვეყანასთანაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განმარტებით, მეზღვაურების გასათავისუფლებლად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გემის მფლობელი კარგი რეპუტაციის და პასუხისმგებლიანი კომპანიაა და ყველა ზომას მიმართავს მეზღვაურების უვნებლად დასაბრუნებლად.

თამარ იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ, რათა ზიანი არ მიადგეს პროცესს და თავად მეზღვაურებს. სააგენტოს დირექტორი მედიასაშუალებებსაც სთხოვს, თავი შეიკავონ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელებისგან.

თამარ იოსელიანმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ 2019 წლამდე, დასავლეთ აფრიკაში მეკობრეები, ძირითადად, ტვირთზე ნადირობდნენ და მეზღვაურებს თითქმის არასოდეს იტაცებდნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, 20 თებერვლამდე, ამ რეგიონში ქართველი მეზღვაურის გატაცების ბოლო შემთხვევა ჰქონდათ 2019 წლის ნოემბერში. შეიარაღებულმა პირებმა მაშინ გაიტაცეს 4 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე. მის გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას 40 დღე დასჭირდა.

მდინარაძე: არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება, თუ ოპოზიცია თვის ბოლომდე არ დაუბრუნდება დიალოგს

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების ბოლო ვადას შეახსენებს და ამბობს, რომ თუ ოპოზიცია თებერვლის ბოლომდე არ დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, შეუძლებელი გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება:

„მათი ლუსტრაცია მოხდება, თუ პასუხი არ იქნება, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი, დასავლელი, ზოგადად პარტნიორები.

და ეს ეგრეთ წოდებული დედლაინი, ბოლო დრო გამოწვეულია იმით, რომ მერე შეუძლებელია საარჩევნო სისტემის ცვლილება, შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებები და, აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას“, - უთხრა მედიას მამუკა მდინარაძემ. მისი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო ცვლილებები არ აინტერესებს და რევოლუციური სცენარი აქვს, რასაც ვერ განახორციელებს.

„ჩვენი წინადადება მათ იციან, ეს არის 100/50 ზე და ბევრად სჯობია 77/ 73-ს პროპორციულობის თვალსაზრისით, თორე ცალკე აღებული ესეც ლეგიტიმურია და სულ ასე ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება, არჩევნები 77/73-ზე მოდელით ჩატარდება და, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც პარტიას არაფერში სჭირდება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

კარასინი: შესაძლოა თბილისში მინისტერიალზე სერგეი ლავროვი არ ჩავიდეს

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სავარაუდოდ არ დაესწრება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც, მაისში თბილისშია დაგეგმილი - აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში საზოგადოება და ოპოზიცია აღელვებულია:

გრიგორი კარასინმა ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ რუსეთის დელეგაცია მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებეს, თუმცა ვინ შევა დელეგაციის შემადგენლობაში ჯერ უცნობია. იგი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში.

„დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

14-15 მაისს, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ.

მინისტერიალში ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სავარაუდო ვიზიტს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

„საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი, და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება“, - აღნიშნა, თავის მხრივ, 29 იანვარს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლად რჩება

თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რჩება. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად 2015 წელს დაინიშნა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში წარმომადგენლის პოსტს ითავსებდა. საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს.

ბერუჩაშვილი 2014-2015 წლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2013-2014 წლებში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალი ელჩი სოფიო ქაცარავა იქნება.

სოფიო ქაცარავამ 2019 წლის 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

უკრაინამ დაგმო საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა

უკრაინა შეუერთდა საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოზე რუსეთის კიბერთავდასხმის დაგმობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს.

უკრაინა რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ განახორციელა არაერთი ძლიერი კიბერთავდასხმა. კიევში განსაკუთრებით ცინიკურს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო არენაზე გაიტანოს კიბერსივრცის მშვიდობიანი გამოყენების ინიციატივები. უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ყველა ზომა გამოიყენოს გლობალურ კიბერსივრცეში უკანონო საქმიანობის კოორდინატორი და დამფინანსებელი პირების და სახლმწიფოების გამოსავლენად და დასასჯელად.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

რუსეთმა ამ ბრალდებას უწოდა სინქრონული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG