Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩი" რუსეთს აკრიტიკებს ახალგორის რაიონში შეიარაღებული ოსების თარეშისთვის


ოთხშაბათს "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველი ეს საერთაშორისო ორგანიზაციამ სდებს ბრალს რუსეთს ახალგორის რაიონში შეიარაღებული ოსების თარეშისთვის.

ორგანიზაციას, რომელსაც შტაბ-ბინა ნიუ-იორკში აქვს, მოჰყავს იმის მაგალითები, თუ როგორ უსწორდებიან ოსი მებრძოლები ქართულ მოსახლეობას.

ახალგორის რაიონის გარშემო დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ომიდან მოყოლებული გრძელდება. საქართველოს ხელისფლების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ეთნიკური ქართველებით დასახლებული ეს რაიონი მას მერე რამდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა.

"სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფებები ველურად დათარეშობენ, თავს ესხმიან ეთნიკურ ქართველებს ახალგორში. დროა, რუსეთმა შეასრულოს თავისი, როგორც ოკუპანტი ძალის ვალდებულებები და ალაგმოს ისინი", ვკითხულობთ ანგარიშში.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ანგარიშის ავტორს, "ჰიუმან რაიტს უოჩის" მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილეს, ტატიანა ლოკშინას, რომელმაც ახალგორის რაიონში მუშაობის შედეგებზე მოგვითხრო:

[ლოკშინას ხმა] "სამხრეთ ოსეთში არსებულმა სიტუაციამ, სამწუხაროდ ვერაფრით გამახარა. მოდით, უშუალოდ ცხინვალით დავიწყოთ. როცა რეგიონში უკანასკნელად ვიყავი, კერძოდ, სექტემბრის დასაწყისში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღდგენა მეტად მაღალი ტემპით მიმდინაროებს და რომ სულ მალე ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგებოდა. მაგრამ ახლა, ნოემბრის თვეში, ცხადი ერთი რამ არის: შენდება სხვადასხვა სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, აქ არ შეინიშნება არავითარი პროგრესი და ამჟამად ცხინვალში - ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად - 500-მდე ადამიანი (86 ოჯახი) მოკლებულია ყოველგვარ საცხოვრებელს."

რაც შეეხება ქართულ სოფლებს, "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომლის თქმით, იქ ვითარება ერთობ მძიმეა:

[ლოკშინას ხმა] "ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვნახეთ, გახლავთ ეთნიკურ ქართველთა სოფლების პრობლემა. ისინი სრულიად გადამწვარია, სრულიად გაძარცულია და იქიდან წამოსულ ადამიანებს უბრალოდ აღარსად შეუძლიათ დაბრუნება. ზოგიერთ სოფელში რჩება სულ რაღაც ორი-სამი მოხუცებული, რომლებიც მთლიანად წითელ ჯვარზე არიან დამოკიდებული. უნდა ითქვას, რომ წითელი ჯვარი რეგიონში ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მიაქვთ მათთვის საკვები, წამლები. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი სახლების მიტოვება, სახლების, რომლებსაც მთელი ცხოვრება აშენებდნენ. არ შეუძლიათ მათი მიტოვება. და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ყველა ადამიანი, რომელსაც მე ვესაუბრე, ჩივის მაროდიორობაზე, რომელიც დღემდე გრძელდება."

მაგრამ ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა როდია. მაროდიორების მსხვერპლი ხშირად ოსებიც ხდებიან:

[ლოკშინას ხმა] "მაროდიორები განუწყვეტლივ სტუმრობენ იქაურობას. თანაც, მათი მსხვერპლი ხდებიან არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ შერეული ქართულ-ოსური ოჯახებიც და, ეთნიკური ოსებიც კი, რომლებიც ქართული სოფლების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად გუშინ ერთ პატარა მთიან ოსურ სოფელში, რომელშიც გახლდით, ვესაუბრე ოს ქალს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ მაროდიორებმა ყველაფერი წაართვეს და ცეცხლი წაუკიდეს მის სახლს. საბედნიეროდ, იმ ქალმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხა. ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები იმით აიხსნება, რომ ეს ერთი ბეწო ოსური სოფელი ქართული სოფლებით არის გარემოცული და მისი მცხოვრებნი მაროდიორების წინაშე ისევე დაუცველნი არიან, როგორც ეთნიკური ქართველები."

ლოკშინამ მოგვითხრო ქართველების მიმართ ძალადობის იმ ორ კონკრეტულ შემთხვევაზეც, რომლებსაც ანგარიშში გასაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

[ლოკშინას ხმა] "ნოემბრის თვეში ჩვენ მიერ დადასტრურებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, მოხუცების ცემის ორი შემთხვევა უშუალოდ შეიარაღებული ფორმირებების მიერ. ერთ შემხთვევაში ეს იყო სოფელი ყანჩავეთი. ცემიდან ორი კვირის შემდეგ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გარდაიცვალა უკვე საავადმყოფოში, თბილისში. ეს გახლდათ მოხუცი კაცი, რომელიც ცხვარს აძოვებდა. მასთან მივიდა რამდენიმე გასამხედროებული პირი. მათ სურდათ მისთვის ცხვრის წართმევა. ის შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას და მას მრავალი დარტყმა მიაყენეს. შემდეგ ის მიიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, საიდანაც მაშინვე თბილისში გადაიყვანეს, ვინაიდან ახალგორის საავადმყოფოს უბრალოდ არ ძალუძს ნორმალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მეორე შემთხვევაში ადამიანი, საბედნიეროდ, გადარჩა. ეს გახლდათ 83 წლის მოხუცი მამაკაცი, რომელიც სოფელ კორინთაში სცემეს იმისთვის, რომ მას კედელზე ეკიდა პატარა კალენდარი სააკაშვილის პორტრეტით. როცა შეიარაღებულმა პირებმა ჰკითხეს, ეს რა არის, სააკაშვილს ხომ არ მიიჩნევ შენს პრეზიდენტადო, მან უპასუხა, დიახო. ამის შემდეგ ცემა დაუწყეს, რასაც მოწმეები ადასტურებენ. მინდა დავაზუსტო, რომ ამ მეორე შემთხვევაში ოსური პოლიცია ჩაერია საქმეში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი თავდამსხმელი დააპატიმრა და ცხინვალში ჩაიყვანა".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG