Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობი და დემოკრატია (1-ლი ნაწილი)


როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, ნავთობი უცნაური რამაა. როცა დემოკრატიული სახელმწიფო პოულობს მას, ის მდიდრდება და დემოკრატიული რჩება.

როცა ავტოკრატიული სახელმწიფო პოულობს ნავთობს, ის მდიდრდება და ავტოკრატიული რჩება. ეს ფენომენი იმდენად გავრცელებულია, რომ მას თავისი სახელიც აქვს: ნავთობის წყევლა. როგორ მოქმედებს ნავთობის წყევლა და როგორ შეუძლიათ ქვეყნებს მისგან თავის დაღწევა? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ბიძინა რამიშვილი შეეცდება.

ვისაც ეჭვი ეპარება ზემოთქმულში, შეუძლია გადახედოს ნავთობის ათი უდიდესი ექსპორტიორის სიას. მათ შორის მხოლოდ ორი დემოკრატიული სახელმწიფოა: ნორვეგია და მექსიკა. ორივეგან დემოკრატიის ტრადიციები ნავთობის აღმოჩენამდე მოეპოვებოდათ.
დანარჩენ ქვეყნებში თვითმმართველობა ჰქონდათ ნავთობის აღმოჩენის მომენტისთვის. და მათ თვითმმართველობა დღემდე შეინარჩუნეს სხვადასხვა ხარისხით.
ბევრს უკვირს, რომ ასე ხდება. სიმდიდრეს თითქოს უფრო თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი.
მათი ლოგიკა ასე გამოიყურება: როცა ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა მდიდრდება, ნავთობიდან შემოსული მოგების ნაწილი მოსახლეობაზეც ვრცელდება. ეს იწვევს დამოუკიდებელ მეწარმეთა კლასის ჩამოყალიბებას. მას მერე, რაც მეწარმეები ხელისუფლებაში საკუთარი წილისთვის იწყებენ ბრძოლას, ისინი დემოკრატიის მამოძრავებელ ძალად იქცევიან.
მაგრამ რეალური ცხოვრება რატომღაც არ მისდევს ამ ქრესტომათიულ პრინციპებს.
მოუსმინეთ ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელს, მაიკლ როსს, რომელმაც ნავთობით მდიდარი ქვეყნების ისტორია შეისწავლა იმის დასადგენად, თუ რატომ ხდება ასე:
[როსის ხმა] "სტატისტიკურად შევისწავლე უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ამ მთავრობების ქცევა და დავადგინე, რომ როცა არადემოკრატიული მთავრობები ფულს იღებენ ნავთობიდან ან სხვა მინერალური რესურსიდან, ისინი ხელისუფლებაში უფრო დიდხანს რჩებიან და ეს მათ დემოკრატიული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ეხმარება. რამდენადაც ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ შეუძლიათ ხალხს მრავალგვარი მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ და შეინარჩუნონ დაბალი გადასახადები. და როცა ხალხი თავისი მთავრობისგან უამრავ დახმარებას იღებს, მაგრამ სანაცვლოდ დაბალი გადასახადების გადახდა უწევს, ის, როგორც წესი, უფრო ნაკლებ ანგარიშვალდებულებას ითხოვს საკუთარი ლიდერებისგან."

ასეთი სახელმწიფოების მთავრობები, რომლებშიც ხშირად სამეფო ოჯახების ან ოლიგარქების ვიწრო წრეების ხელშია, ნავთობიდან მიღებულ მთელ მოგებას თავად ისაკუთრებენ.
ამის შემდეგ მთავრობა კონტროლირებული წესით ანაწილებს ამ მოგებას მხარდამჭერთა ჯგუფებს შორის. ვინაიდან საქმე დიდ ფულს ეხება, ამ ფულისთვის - ფაქტობრივად, მმართველ ელიტასთან კავშირებისთვის - კონკურენცია ქვეყნის საქმიანი წრეების მთავარ საქმიანობად იქცევა.
ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, სპარსეთის ყურის პატარა ქვეყნებში, მთავრობიდან ფულის მიღება ერთადერთ სამეწარმეო საქმიანობად იქცევა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობა დაკმაყოფილდეს ასეთი ვითარებით, მთავრობა ყველას უხვად ასაჩუქრებს უფასო განათლებით, უფასო საცხოვრებლით, უფასო სამედიცინო მომსახურებით. ვინაიდან არავინ იხდის გადასახადებს, არ არსებობს არც ბერკეტები ხელისუფლებაში მონაწილეობის მოსათხოვად.
ენერგორესურსებით მდიდარ უფრო დიდ ქვეყნებში, ირანსა და რუსეთში, მოსახლეობა ძალზე დიდია და ეს ფორმულა იქ არ მუშაობს. მაგრამ იქაც მოქმედებს ნავთობის მაკონტროლებელი მთავრობის გულის მოსაგებად მეწარმეთა შორის კონკურენცია. ამდენად, მეწარმეთა ფენა, როგორც დემოკრატიული ცვლილებების პოტენციური მატარებელი, ნეიტრალიზებულია.
გარდა ამისა ნავთობით მოპოვებული სიმდიდრე ავტოკრატიულ რეჟიმებს ეხმარება მძლავრი უსაფრთხოების სტრუქტურების დაფინანსებაში, რაც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
როსის თქმით, სანამ ნავთობზე ფასები მაღალია, ამ რეჟიმებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ უფრო ღია საზოგადოებისკენ მიმართული ნებისმიერი ზეწოლა:
[როსის ხმა] "ვენესუელას, რუსეთს, ირანს უზარმაზარი მოულოდნელი მოგება ჰქონდათ დაახლოებით უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე და ამ მოულოდნელმა მოგებებებმა მათ მთავრობებს ძალზე შემატა პოპულარობა. ამ ქვეყნების ყველა ლიდერი დემოკრატიული პროცესის გზით იქნა არჩეული, მაგრამ ნავთობიდან ისეთი რაოდენობის სიმდიდრე დააგროვეს, - განსაკუთრებით ვენესუელასა და რუსეთში, - რომ ამან მათ საშუალება მისცა გაეუქმებინათ ანგარიშვალდებულების ზოგიერთი მექანიზმი, რითაც ჩვეულებრივ ხდება მათი კონტროლი, მაგალითად, თავისუფალი პრესა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები."
ნაკლები ანგარიშვალდებულების ეფექტი კი ისაა, რომ კიდევ უფრო ძნელია იმის კონტროლი, როგორ ხარჯავენ ეს რეჟიმები ნავთობიე მიღებულ მოგებას, რათა ძალაუფლების სათავეში დარჩნენ. შედეგად, ხალხი კიდევ უფრო მეტად არის მოკლებული დემოკრატიულ უფლებებს.
არის თუ არა ამ ვითარებიდან გამოსავალი? არის, თუ სრულდება გარკვეული პირობები. ჩვენს შემდეგ გადაცემებში გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს თავი დააღწიონ ნავთობის წყევლას.

XS
SM
MD
LG