Accessibility links

ახალი ამბები

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში წუხელ თავს

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში წუხელ თავს დაესხნენ ოპოზიციურ გაზეთ "ტასჟარგანის" კორესპონდენტს

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში წუხელ თავს დაესხნენ ოპოზიციურ გაზეთ "ტასჟარგანის" კორესპონდენტს
არტიომ მიუსოვს. "ინტერფაქსის" სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ახლა ის ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია. გაზეთის რედაქცია კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი

TI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI).

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, მოადგილეების პოზიცია გააუქმა იმ პირობით, რომ მათ ტოლფასს პოზიციას შესთავაზებდა.

„არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით, მენეჯმენტს ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორება სურდა, რაც მოახერხეს კიდეც. მაია მერკვილაძე სანაცვლოდ შემოთავაზებულ ტოკშოუს პროდიუსერობას ან/და რადიოს უფროსის მოადგილეობას დასთანხმდა. სადავო დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ. საუბარია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სხვა ზეწოლის ფაქტებზეც. მაგალითად, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. პარალელურად კი, ტელევიზიის პროფკავშირებმა, რომელიც 70-მდე თანამშრომელს აერთიანებს, საგაფიცვო პროცედურები დაიწყო“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

TI-ს მიაჩნია, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. „სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვწუხვარ, რომ ჩავარდა დაპირება პროპორციულ არჩევნებზე

ატილა მესტერჰაზი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ იგი ერთგულია იმ ფასეულობებისა, რომლებსაც ნატო ეფუძნება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წუხს, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით:

„ვწუხვარ, რომ დაპირება 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩავარდა გასული წლის ნოემბერში. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში. მასში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტ კითხვას აჩენს და შეშფოთებას იწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე. ატილა მესტერჰაზი შიშობს, რომ გიგი უგულავას განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას, დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს:

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების პირობები, რათა აღადგინოს ნდობა ქართველ ხალხში და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ასამბლეამ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს.

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“, რისთვისაც აუცილებელ პირობად დაასახელა დროებითი ზავის პირობების დაცვა.

„თუ ზავი წარმატებული იქნება, 29 თებერვალს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოეწერება ხელი შეთანხმებას თალიბებთან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე.

მან ფაქტობრივად გაიმეორა ორი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დელიში გამგზავრებამდე ნათქვამი სიტყვები.

„ვფიქრობთ, რომ მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, ამას დავინახავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 23 თებერვალს, ინდოეთში გამგზავრების წინ.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს „ძალადობის ნაწილობრივ შემცირებას“, რაც 22 თებერვალს ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე და ერთ კვირას გასტანს.

მაგრამ ავღანური მედიის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა რამდენიმე მცირე თავდასხმა სხვადასხვა პროვინციაში, ავღანეთის არმიისა და პოლიციის საგუშაგოებზე.

სულ მცირე, ექვსი კაცი დაიღუპა „ძალადობის შემცირების“ კვირეულში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ბალხის პროვინციაში. თავდასხმა 24 თებერვალს მოხდა მთავრობის მომხრე სახალხო ლაშქრის საგუშაგოზე. გარდა ამისა, სამანგანის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ადგილობრივი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი.

თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო გადაიდო

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 3 მარტისთვის გადაიდო.

როგორც პროცესის შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესი გადაიდო საქმეზე მოწმეთა და დაზარალებულთა გამოუცხადებლობის გამო. მისივე სიტყვებით, საქმეში რეალური მოწმეები და დაზარალებულები არც არსებობენ.

მეარაყიშვილის თქმით, ის აპირებს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართოს, იმ პირთა დასჯის მოთხოვნით, რომლებმაც „გამოგონილი ბრალდებები შეკერეს“.

2020 წლის იანვარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა და საქმის პირველ ინსტანციაში, ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას. კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.

თამარ მეარაყიშვილი საცხოვრებელ სახლთან 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ე.წ. სასამართლომ იგი სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ახალგორიდან იძულებით გაძევება ემუქრება.

სომხეთში ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სასამართლო პროცესი დაიწყო

სერჟ სარგსიანი

25 თებერვალს ერევანში დაიწყო სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული სომხეთის ექსპრეზიდენტის სერჟ სარგსიანის სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა განიხილოს, მიითვისა თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს, სომეხი ფერმერებისათვის დიზელის საწვავის შესაძენად განკუთვნილი 489 მილიონი დრამი (1 მილიონი ამერიკული დოლარი).

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს 8 წლით პატიმრობა ელოდება.

65 წლის სერჟ სარგსიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რაც გაიმეორა 25 თებერვალს, სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერების წინ. „სომხეთში ჯერ კიდევ არსებობენ მოსამართლეები, რომლებისთვისაც სამართალი ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა სარგსიანმა.

სასამართლოს სამართლიანი ვერდიქტისკენ მოუწოდა პროცესის დაწყებამდე სარგსიანის მომხრე „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომლის წევრები თავიანთი ლიდერის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს „შეთითხნილსა და აბსურდულს“ უწოდებენ.


სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სარგსიანს ბრალი წაუყენა მისი დიდი ხნის მეგობრის, ბიზნესმენ ბარსეგ ბეგლარიანის სასარგებლოდ საწვავის შესაძენად გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის გაყალბებაში, მაშინ როცა სხვა კომპანია მზად იყო, საწვავის იმპორტი განეხორციელებინა უფრო დაბალ ფასებში.

სამტრედიაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

სამტრედიაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა და მერსედესის მარკის მინივენი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მიყენებული ტრავმებისგან მინივენში მყოფი 5 მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 2 ან მეტი ადამიანი.

ხორვატიაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა

ანდრეი პლენკოვიჩი

ხორვატიაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა. იუწყებიან, რომ დაავადებულია ზაგრებელი ახალგაზრდა, რომელიც 10-დან 21 თებერვლამდე მილანში იმყოფება. იტალიის ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსი მძვინვარებს.

ახალგაზრდა, რომელსაც ვირუსი იოლ ფორმაში აქვს, უკვე გადაყვანილი და იზოლირებულია ზაგრების საავადმყოფოში.

„იტალიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა კომპეტენტური სამსახურის სათანადო მომზადებას, რომ შევძლოთ ამ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება“, - განაცხადა პლენკოვიჩმა.

ევროპის ქვეყნებიდან იტალიაში ყველზე ფართოდ არის გავრცელებული კორონავირუსი. იქ დაავადებულია 231 კაცი. შვიდი - გარდაიცვალა.

25 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ ავსტრიიდანაც გავრცელდა ცნობები.

ნათია კაპანაძე: იმპიჩმენტიდან დღემდე ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა 

ნათია კაპანაძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში სასმენი აპარატი მოიხსნა და განაცხადა, რომ მედიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს მიმდინარე პროცესები ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ:

„სამწუხაროდ, ახლა მე თქვენი ხმა არ მესმის, - განაცხადა მან სასმენი აპარატის მოხსნის შემდეგ, - მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა მთელი ის პროცესი, რომელიც მიდიოდა. მე კარგად ვიცოდი, რომ მთელ იმ პროცესებში, რომელზედაც აჭარის მაუწყებელში ვიყავი, ვკარგავდი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანს, სამყაროს აღქმის უნარს“, - აღნიშნა ნათია კაპანაძემ. მან ტვ „პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ხელისუფლებასთან ერთად „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:

„ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან დღემდე კიდევ უფრო განახევრდა, მაგრამ მე იმ პროცესებში ვიცოდი, რომ შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ, რომელმაც ტვ „პირველის“ ეთერში სტუმრობისას ამავე კონტექსტში ისაუბრა ტელეკომპანიის მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 2019 წლის აპრილში გამოუცხადა. 22 ნოემბერს მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

დავით ზალკალიანი: ხვალ გაირკვევა, სად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტერიალი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხვალ, 26 თებერვალს გახდება ცნობილი, სად ჩატარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე:

„ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას“, - უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანმა თავი შეიკავა, პასუხი გაეცა კითხვაზე, გაკეთდება თუ არა არჩევანი სტრასბურგსა და თბილისს შორის.

„ხვალ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში იუნკრებს მიმართა

საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გვირგვინით შეამკო გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და იუნკრებს მიმართა.

„25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო. ომი გაგრძელდა ქვეყნის გარეთაც, რადგან კაპიტულაციაზე ხელი არავის მოუწერია. დამოუკიდებლობის სული იმ ქართულ ემიგრაციაშიც გაგრძელდა, სადაც გენერალი კვინიტაძე, ამ აკადემიის სულისჩამდგმელი და ქართული ჯარის ღირსეული წარმომადგენელი დამოუკიდებლობის სულს ქადაგებდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტმა თქვა, რომ 25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება - 1991 წელი, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის: „გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენს წინაშე როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ. ისინი დღეს თქვენით, საქართველო კი, მათი გმირობით ცოცხლობს და მისი დამოუკიდებლობა უკვდავია. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გახსნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო-საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. პრეზიდენტმა აკადემიას გადასცა გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 6 კაცი დაიღუპა

ავღანელი ჯარისკაცები ქაბულში, თავდასხმის შემდეგ 2019 წელს

სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა „ძალადობის შემცირების“ კვირეულში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ბალხის პროვინციაში. თავდასხმა 24 თებერვალს მოხდა მთავრობის მომხრე სახალხო ლაშქრის საგუშაგოზე. გარდა ამისა, სამანგანის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ადგილობრივი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს „ძალადობის ნაწილობრივ შემცირებას“, რაც 22 თებერვალს ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე.

ავღანური მედიის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა რამდენიმე მცირე თავდასხმა ავღანეთის არმიისა და პოლიციის საგუშაგოებზე.

თალიბანის ოფიციალურმა წამომადგენელმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ თალიბები დათანხმდნენ შვიდდღიან ძალადობის შემცირებაზე, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმები არ მოხდება მთავარ ქალაქებზე, სამხედრო ნაწილებზე, გარნიზონებსა და საერთაშორისო ძალების კუთვნილ ბაზებზე.

ხოლო თალიბების სხვა თავდასხმები დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ, მუჯჰიდის თანახმად, შეთანხმების დარღვევად არ ჩაითვლება.

გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 52 ადამიანი დაშავდა, როცა მძღოლმა მანქანა დააჯახა ხალხს

სამშაბათს გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 24 თებერვალს 52 ადამიანი დაშავდა ქალაქ ფოლკმარსენში, როცა მძღოლმა განგებ დააჯახა მანქანა მოზეიმე ხალხს.

პოლიციის ცნობით, დაშავებულთა შორის 18 ბავშვია. ამ მომენტისთვის 35 ადამიანი რჩება საავადმყოფოში.

პროკურატურის თანახმად, დაზარალებულთა ასაკი ორიდან 85 წლამდეა.

ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებულია 29 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელიც მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

ხელისუფლებამ გამორიცხა ადრე გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ მძღოლი თითქოს ნასვამი იყო.

დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც, პოლიციის ცნობით, ინციდენტს ვიდეოზე იღებდა.

გარდაიცვალა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი

მუბარაქი საპატიმროში

91 წლის ასაკაში ქაიროს საავადმყოფოში გარდაიცვალა ჰოსნი მუბარაქი, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის დროს დაამხეს. იგი თითქმის 30 წელიწადი იმყოფებოდა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ 2011 წლის თებერვალში, სამხედროებმა არ აიძულეს ჩამოშორებოდა ძალაუფლებას.

2012 წელს სასამართლომ მუბარაქი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა „არაბული გაზაფხულის“ დროს დემონსტრანტების დახოცვისთვის.

მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის მარტში მუბარაქს ბრალდებები მოუხსნა და მსჯავრდებული გათავისუფლდა საპატიმროდან, სადაც თითქმის 6 წელიწადი დაჰყო.

ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავადმყოფები უწოდა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟენევაში, გაეროს ოფისში ცდილობდნენ მისგან პასუხის მიღებას, დაესწრება თუ არა თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას. „თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, - ასე მიმართა ლავროვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ქართველი ჟურნალისტი ქალები რუსეთის დელეგაციას მივარდნენ.

ზახაროვა ჟურნალისტებს მემებად მოიხსენიებს და წერს, რომ ისინი ყვირილით და ჯაჯგურით ცდილობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. ზახაროვას განცხადებით, იძულებული იყვნენ გვერდზე გაეწიათ ღირსებადაკარგული ქალები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებდათ, ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ზახაროვა წერს, რომ ეს იყო საცოდავი სანახაობა.

რუსეთის დელეგაცია ჟენევაში იმყოფება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაში მონაწილეობისთვის.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

კორონავირუსის გამო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ირანთან საჰაერო მიმოსვლა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი რიცხვია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე კვირაში გაიზარდა შიში კორონავირუსის ეპიდემიის პანდემიად ქცევის თაობაზე მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში. ამჟამად მსოფლიოში ვირუსით დაავადებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა დაახლოებით 2700, მათი უდიდესი ნაწილი - ჩინეთში.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სამშაბათს ირანის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი. სულ ირანში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 95 შემთხვევა.

ამასობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ, სულ მცირე, ერთი კვირით შეწყვიტა ყველა სამგზავრო და სატვირთო რეისი ირანში და ირანიდან, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას. საამიროებში აღრიცხულია 13 შემთხვევა, მათ შორის უკანასკნელი ორი - ირანელი ტურისტი და მისი ცოლი. არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურეში. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია, მთავარი სატრანზიტო პუნქტია ირანიდან და ირანის მიმართულებით მგზავრებისთვის.

სასამართლო: ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეიძლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი მეორე ინსტანციაში შეიძლება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდიას გაგამტყუნებელ განაჩენს მისი დაცვის მხარე, ოჯახთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ყაზახეთი: საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა ოპოზიციონერი აქტივისტი დულათ აგადილი

დულათ აგადილი

ყაზახეთში, ქალაქ ნურ-სულთანის საგამოძიებო იზოლატორში, გარდაიცვალა ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტი დულათ აგადილი. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს.

პოლიციის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო იზოლატორში აგადილი ორშაბათს მიიყვანეს. მოგვიანებით მისი სიკვდილი დაადასტურა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ოფიციალური მონაცემებით, მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შეენიშნება. დაწყებულია სასამართლო გამოძიება.

დულათ აგადილის სიკვდილის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ იზოლატორთან ათობით მისი მომხრე შეიკრიბა. მათ მოითხოვეს, ეჩვენებინათ ოპოზიციის მიტინგის დროს დაკავებულები. მიტინგი 22 თებერვალს გაიმართა ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით. ნაწილი მორგისკენ გაემართა, ნაწილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ.

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. 2020 წ. 25 თებერვალი.
საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. 2020 წ. 25 თებერვალი.

მას შემდეგ, რაც იქ შეკრებილებმა ქუჩის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რამდენიმე წუთში მათი უმრავლესობა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ისინი ავტომობილში ჩასვეს.

დულათ აგადილი, რომელიც აქტიურად გამოდიოდა სოციალური პრობლემების მოგვარების მოწოდებით და აცხადებდა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ, შარშან არაერთხელ მისცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. საერთო ჯამში, მან ადმინისტრაციულ პატიმრობაში 60 დღე გაატარა.

პროკურორი: სასამართლომ დაადასტურა მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა

ბესიკ ქვარცხავა, პროკურორი

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მიეწერება თუ არა დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა მიხეილ კალანდიას, პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა:

„აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს“. პროკურორის განმარტებით, დადასტურდა, რომ მიხეილ კალანდია იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის წევრთან ერთად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

ბესიკ ქვარცხავამ მიხეილ კალანდიასთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიასთან განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იყო მიხეილ კალანდიას მიერ დანაშაულის ჩადენის არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება და ბრალდების მხარე არ აპირებს მიხეილ კალანდიას ოჯახისა და დაცვის მხარის მიერ გაკეთებული პოლიტიკური სპეკულაციების სიღრმეში შესვლას, რადგან ეს სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

მიხეილ კალანდიას გაგამტყუნებელ განაჩენს მისი დაცვის მხარე, ოჯახთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

საია ფინანსთა მინისტრის იმპიჩმენტის საფუძვლებს ხედავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის კომიტეტზე მიუსვლელობით კონსტიტუცია დაარღვია, რაც მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველია.

იმპიჩმენტის დასაწყებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა.

საიას თანახმად, საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხევაში, პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 თებერვალს უარყო, რომ პარლამენტში მისვლას თავი აარიდა და განაცხადა, რომ მთავრობის იმ წევრებს შორისაა, ვინც პარლამენტში ყველაზე მეტჯერ იმყოფებოდა. მაჭავარიანმა მედიას განუმარტა, რატომ არ დაესწრო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას, რომელზეც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოსმენა სამ საკითხზე უნდა გამართულიყო:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები;

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია;

3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა რუსეთის მოქმედი დიპლომატი

ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი

ერთ-ერთი იმ სამი პირიდან, რომლებიც სავარაუდოდ არიან რუსეთის გრუ-ს თანამშრომლები, რომლებსაც ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, არის მოქმედი დიპლომატი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი ჟენევაში. ამის შესახებ ლაპარაკია გამოკვლევაში, რომლის შედეგები სამშაბათს გამოაქვეყნეს საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა, შვეიცარიულმა საიტმა Tamedia-მ და რუსულმა Insider-მა.
როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, მასზე ახლახან გამოცხადდა ძებნა გეორგი გორშკოვის სახელით. მაგრამ სინამდვილეში მისი ვინაობაა ეგორ გორდიენკო. როგორც იტყობინებიან, მისი დიპლომატიური რანგია მესამე მდივანი. გებრევის მოწამვლის მცდელობის გარდა ის მონაწილეობდა საზღვარგარეთ გრუ-ს სხვა ოპერაციებშიც, მათ შორის, თანამშრომლობდა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებთან.
ემელიან გებრევი 2015 წელს მოწამლეს - სავარაუდოდ, იმავე ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომლითაც მოგვიანებით სკრიპალები. როგორც ამტკიცებენ, ეგორ გორდიენკო (იგივე გეორგი გორშკოვი) იყო ერთ-ერთი იმ 8 ადამიანს შორის, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ ბოროტმოქმედებასთან. ამასთან, დიდი ალბათობით, მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ვინაიდან მოხვდა სამ ძებნილს შორის.

მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში რჩება

მაია მერკვილაძე

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მაია მერკვილაძემ ხელი მოაწერა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისგან შეთავაზებულ ორივე ხელშეკრულებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაია მერკვილაძეს 24 თებერვალს შესთავაზა სატელევიზიო პოლიტიკური ტოქშოუს რედაქტორობა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეობა.

დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ განაცხადა, რომ არცერთი შეთავაზება მისი ადრინდელი თანამდებობის ტოლფასი არ არის, თუმცა, დარჩენის გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებით მიიღო: „სულ ცოტა დრო მქონდა მოსაფიქრებლად. ვფიქრობ, სპეციალურად იყო ეს დრო ასეთი ცოტა, რომ მიმეღო ცხელ გულზე წასვლის გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ დავა ისედაც შემიძლია გავაგრძელო და ორივე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. სწორედ იმიტომ, რომ თვითონ ასეთი ფორსირებული რეჟიმით აპირებენ ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაია მერკვილაძის დარჩენის მიუხედავად, კვლავ ძალაშია ჟურნალისტების ნაწილის გადაწყვეტილება გაფიცვის შესახებ.

ალტერნატიული პროფკავშირის ლიდერის, მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, მენეჯმენტისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაიწყება მედიაციის პროცესი და თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან. ალტერნატიულ პროფკავშირში გაერთიანებული 80-მდე თანამშრომელი შრომითი უფლებების და მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის დაცვას მოითხოვს.

19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდა ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი. მათ შორის, ცვლილება შეეხო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს, რაც ჟურნალისტების ნაწილმა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად შეაფასა. თავად გიორგი კოხრეიძე ამტკიცებდა, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან მოვალეობების დუბლირება ხდებოდა.

ზაზა სარალიძემ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა.

ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდიას მამა: ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ

თენგიზ კალანდია

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებულ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ კალანდიას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, თენგიზ კალანდიამ მედიას უთხრა, რომ გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ხელი შეახოცეს კალანდიების ოჯახს.

„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააჟღერა, რომ მიხეილ კალანდიას 15 წელზე მეტს არ მიუსჯიან და ეს შეასრულეს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რას აპირებს, თენგიზ კალანდიამ უპასუხა: „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში“.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

ლუკა კალანდია: მიხეილ კალანდიას განაჩენით ხელისუფლებამ არჩევნებამდე სტაბილურობა შეინარჩუნა

ლუკა კალანდია

არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი ხელისუფლების კარნახით მიიღო, რათა ქვეყანამ არჩევნებამდე დარჩენილი 8 თვის განმავლობაში სტაბილურობა შეინარჩუნოს:

„დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, იმიტომ რომ თავიდან აერიდებინა ზაზა სარალიძის, ასე ვთქვათ, განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მაგრამ მე ამას ვამბობ მკაფიოდ, ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლუკა კალანდიამ. მისი თქმით, საბრძოლველადაა განწყობილი თავად მსჯავრდებული მიხეილ კალანდიაც, რომელმაც თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, მზადაა, ციხეში წავიდეს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება.

ლუკა კალანდიამ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს გაასაჩივრებენ:

„პროცესუალურად როგორც ხდება: აპელაციაში გავასაჩივრებთ, არანაირი შედეგი არ ექნება, გავასაჩივრებთ უზენაესში, კვლავ არანაირი შედეგი არ ექნება, იმიტომ რომ სულ კორუმპირებულია სისტემა და შემდეგ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც საქართველოს ხელები, ასე ვთქვათ, ვერ მიწვდება და სამართლიანობას აღვადგენთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას . .- სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან . .-, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.

მიხეილ კალანდია, რომელსაც "ხორავას ქუჩის საქმეზე" თავდაპირველად პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

გიორგი ჯანაშიას შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. ჯანაშიას მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით.

მანამდე საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის პროცესში, გიორგი ჯანაშიას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. გიორგი ჯანაშიას ორი წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 11 წლით და 3 თვით პატიმრობა უცვლელად დატოვა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG