Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში შეძლებენ

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში შეძლებენ
რუსეთის დარწმუნებას, არ მოახდინოს საერთაშორისო მონიტორინგისგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის იზოლირება. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ საქართველო მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგითაა დაინტერესებული, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მილიტარისტულ პოლიტიკას აწარმოებს და ადამიანის უფლებებს არღვევს. რაც შეეხება მოსკოვთან დიალოგს, ჯალაღანიას განმარტებით, მისთვის თბილისი მზად არის, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვაა. წინასწარი ინფორმაციით, პროტესტი უკავშირდება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, გაუქმდეს ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახშირის მოსაპოვებლად ამ შახტს მაღაროელები მინდელის სახელობის შახტიდან უნდა დაუკავშირდნენ.

გაფიცულთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა, რადგან გადაადგილება მიწის ქვემოთ მდებარე სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

მდინარე ფარავანთან გადაადგილება კატეგორიულად აიკრძალა

ფარავანჰესი 2014 წლის 11 ოქტომბერს გაიხსნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ფარავანჰესის დაცლის გამო, კატეგორიულად აიკრძალა ნებისმიერ გადაადგილება მდინარე ფარავნის სიახლოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „24 თებერვალს, დილის 10 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ შეუქმნან საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით, ოთხი დღის განმავლობაში იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ იმატა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა

იტალიაში კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდა ვენეციის ცნობილი კარნავალი

ჩინეთში პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 150 ადამიანი. ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა 23 თებერვლის ოფიციალური მონაცემები დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია დაავადების 409 ახალი შემთხვევა. უმრავლესობა კვლავ ჰუბეის პროვინციაზე მოდის. საერთო ჯამში, დეკემბრის ბოლოდან ჩინეთში გარდაიცვალა 2592 და დაავადდა 77 150 ადამიანი.

გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. სამხრეთ კორეამ დაადასტურა კორონავირუსით გარდაცვალების მეშვიდე და ინფიცირების კიდევ 161 შემთხვევა. სულ სამხრეთ კორეაში დაავადდა 763 ადამიანი.

ირანში ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 და დაავადებულია 43 ადამიანი.

23 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში დადასტურებულია 3 ლეტალური შედეგი და დაავადების 152 შემთხვევა. მათი უმრავლესობა ლომბარდიის და ვენეტოს ოლქებშია. 11 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მუშაობა შეაჩერა ცნობილმა საოპერო თეატრმა „ლა სკალამ“. ვადაზე ადრე დასრულდა ვენეციის ცნობილი კარნავალი.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსით გარდაცვალების და დაავადების შემთხვევებია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში.

ირანთან საზღვარს დროებით სომხეთიც კეტავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სომხეთი ორი კვირით დაკეტავს მეზობელ ირანთან სახმელეთო საზღვარს და ავიამიმოსვლას შეაჩერებს. ამის შესახებ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისი ინფორმაციით, დღეს დილით გაიმართება სპეციალური კომისიის სხდომა, რომელიც იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებსა და შესაძლო სცენარებზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკური განწყობების გასავრცელებლად და მსგავს ქმედებებს მხოლოდ ზიანი მოაქვს.

ირანში პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი დაავადდა. ირანთან საზღვარი დაკეტეს თურქეთმა, პაკისტანმა და ავღანეთმა.

საქართველომ, რომელსაც ირანთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შეზღუდა ირანიდან და პირიქით ფიზიკური პირების გადაადგილება. მთავრობის მიერ 23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, შეჩერდა მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება. ჯერჯერობით ღიაა სახმელეთო საზღვრის გავლით გადაადგილება, თუმცა, მკაცრი შეზღუდვებით.

კორონავირუსის გამო საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს შეზღუდვა დაუწესეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს მოთხოვა, დროებით თავი შეიკავონ ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის ჩამოყვანაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა განაპირობა ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებულმა შეკითხვებმა. დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვა გაგრძელდება, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტს და რეკომენდაციას.

23 თებერვალს მუშაობა შეწყვიტეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქასრიასთან, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთის ათამდე მოქალაქე ობიექტზე შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. გზის მშენებლებმა ახლადჩამოყვანილი ჩინელების ობიექტიდან გაყვანა მოითხოვეს. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიამ განაცხადა, რომ სამშობლოდან დაბრუნებული შვიდი თანამშრომელი პრევენციის მიზნით მოათავსა სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში. კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რომელშიც ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი არ არის ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, ისინი საკარანტინო პერიოდს იზოლირებულ შენობაში გაივლიან.

სერბეთმა საზენიტო კომპლექსი „პანცირ-ს1“ შეიძინა რუსეთისგან

სერბეთმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მოსკოვიდან მიიღო თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მიწისზედა ბაზირების "Панцирь-С1, რომელიც ბელგრადმა შეიძინა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის შეთავაზების შემდეგ.

ამის შესახებ ბელგრადში განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც გაიმეორა პუტინის სიტყვები, რომ საბრძოლო იარაღმა საუკეთესო ეფექტი აჩვენა სირიაში.

„ეს საზენიტო სისტემა ძალიან ეფექტიანად იღებს მიზანში უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თანამედროვე ომში“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთი, რომელსაც არ სურს ნატოში გაწევრიანება, არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, სერბეთმა ვუჩიჩის მმართველობის დრო განამტკიცა სამხედრო და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან.

ვაშინგტონი სანქციებით დაემუქრა სერბეთს მოსკოვიდან ისეთი შეიარაღების შეძენის შემთხვევაში, რასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებს.

ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯს არ მოჰყვება სანქციები, რადგან იგი ღიად საუბრობდა საზენიტო ქვემეხების შეძენის თაობაზე, რაც თავდაცვით შეიარაღებას განეკუთვნება და არა შეტევითს, როგორიც არის საზენიტო კომპლექსი ს-400

საპარლამენტო არჩევნებში ირანის დედაქალაქი მკაცრი კურსის კანდიდატებმა მოიგეს

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი

ირანის დედაქალაქ თეირანში, რომელსაც 30 მანდატი ერგება 290-კაციან პარლამენტში, ყველა საარჩევნო ოლქში მკაცრი კურსის მომხრე კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მათ შორის არის თეირანის ყოფილი მერი და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბაღერ ყალიბაფი, რომელსაც ახალი პარლამენტის სპიკერობას უწინასწარმეტყველებენ.

საპარლამენტო არჩევნები ირანში ჩატარდა 21 თებერვალს, ზომიერი კანდიდატების გარეშე. წინასაარჩევნო პროცესში ირანის გავლენიანმა რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება მისცა 7148 კაცს, რომლებიც პარლამენტის 290 მანდატისათვის იბრძოდნენ

არჩევნებში სარეკორდოდ მცირე რაოდენობამ, დაახლოებით 42,6%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით.

ამომრჩეველთა დაბალ აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება 23 თებერვალს თავის მიმართვაში ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ პასიურობის მიზეზად დაასახელა „მტრული პროპაგანდის“ მიერ კორონავირუსის საფრთხის გაზვიადება.

ირანში არჩევნების დაწყებამდე აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭოს ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ევალებოდათ რეჟიმის სასურველი კანდიდატების შერჩევა და მოსახლეობისათვის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების შეზღუდვა“, - განაცხადა ბრაიან ჰუკმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირანის საკითხებში.

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გრან სლემის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე ორი მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ფინალის გზაზე უზბეკი, ტაჯიკი, სამხრეთკორეელი და ბრაზილიელი მეტოქეები იპონებით დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი გერმანელ იოჰანეს ფრეის 46 წამში მოუგო და სამდღიანი შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაასრულა.

ბექა ღვინიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში წაგებით დაკარგა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა 115 ქვეყნის ნაკრებს შორის. გუშინწინ, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლს დაეუფლა, გუშინ კი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთის ნაკრებს ბელგრადში მოუგო

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგრადში დაუპირისპირდა სერბეთის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 94:90.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი, 33 ქულით. გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა და 11 მოხსნა.

კორონავირუსი მსოფლიოში და საქართველო - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 თებერვალს

კორონავირუსის გამო საქართველომ ირანთან ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა

ირანში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საქართველომ ირანთან ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა. დღეიდან მგზავრები ირანიდან საქართველოში ვეღარ შემოვლენ, თუმცა იფრენენ ცარიელი თვითმფრინავები, რათა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის კლინიკაში მყოფ ოთხ ირანელს კორონავირუსი არ აქვთ. ირანში კორონავირუსს უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთში კი მსხვერპლი 2300-ს აჭარბებს.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული ქართველი მოზარდი გაათავისუფლა

22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაათვისუფლა. მოზარდი სოფელ კირბალიდან, თანატოლებთან ერთად ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო წასული, როცა ის შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიჭის გატაცება მეორე დღეს, 23 თებერვალს დაადასტურა.

რა მექანიზმების დახმარებით მოხდა მოზარდის გათავისუფლება და სად გაატარა მან ტყვეობის თითქმის 24 საათი, დეტალები ქაიკითხე აქ.

ნინო ლომჯარია ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

24 თებერვალს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალ ანგარიშს წარადგენს სადაც ქვეყანაში თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა იქნება ასახული.

გასულ წელს ანალოგიურ ანგარიშში მოხვდა სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები, რომლებზეც ომბუდსმენმა რეკომენდაცია და ზოგადი წინადადებები გასცა. წინა წელს ყველაზე მეტი განაცხადი შრომით ურთიერთობას შეეხებოდა.

აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის კამპანიის გაჩაღებისთვის კორონავირუსის თემაზე

რუსეთს საზოგადოებრივი აზრის ბოტების საშუალებით მანიპულირებაში ისევ ადანაშაულებენ. აშშ-ის სახემწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ამჯერად რუსეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

აშშ-ის წყაროების თანახმად, რუსეთი სოციალურ ქსელში ავითარებს შეთქმულების თეორიას, რომ აშშ-ი დგას ჩინეთში COVID-19-ის ვირუსის აფეთქების უკან, რაც „ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული“ ვაშინგტონის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

წაიკითხე მეტი

როგორ გაწითლდა საქართველო - 5 ხმა წარსულიდან

ებერვლის მიწურულს, 1921 წელს რუსეთის მეირ საქართველოში ოკუპაციასა და მაშინ განვითარებულ სისხლიან მოვლენებს იხსენებენ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია. 23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა, რასაც მოსდევს 25 თებერვალი, რუსეთის წითელი არმიის მიერ თბილისის აღების დღე.

ხმები წარსულიდან, სადაც მოთხრობილია იუნკერების ბრძოლა და 99 წლის წინანდელ ვნებათარელვა, რადიო თავისუფლების არქივიდანაა. მოისმინეთ თვითმხილველების მიერ შემონახული ამბები იმაზე თუ როგორ გაწითლდა საქართველო.

მოისმინე ჩანაწერები აქ.

მერიის უჩუმრად გაკეთებული ბაღი

▪️ ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა და ადგილობრივებმა ერთ ღამეში კიდევ ერთი ბაღი მოაწყვეს. ჩარგეს ნაძვები, დაამონტაჟეს სკამები და საქანელები.
▪️ აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან „ანას ბაღთან“ წამოწყებულ მშენებლობას და სურთ, თავისუფალი ტერიტორია წინასწარ დაიკავონ, რათა მერიამ მისი გასხვისებაც ვერ შეძლოს.

რუსეთში დააკავეს ბლოგერი პუტინის კრიტიკოს, შამან გაბიშევის მსვლელობის გაშუქებისთვის

იაკუტიელი შამანი

იაკუტიის საქალაქო სასამართლომ 10 დღით პატომრობა შეუფარდა ბლოგერ სერგეი ტიხის, რომელიც შამან ალექსანდრ გაბიშევის მოსკოვისკენ ლაშქრობას აშუქებდა.

გავრცელებული ცნობით, სასამართლომ ტიხი დამნაშავედ სცნო პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობისთვის. ბლოგერი სახლში დააკვეს 21 თებერვალს, სადაც პოლიცია ტიხის ხულიგნური საქციელისა და ბავშვების მიმართ ცუდი მოპყრობის გამო აღმოჩნდა გამოძახებული.

ბლოგერი უარყოფს ბრალდებებს.

ტიხი ინტერნეტში დებდა ცნობილი იაკუტიელი შამანის მოსკოვზე ლაშქრობის რეპორტაჟებს. ალექსანდ გაბიშევი აცხადებდა, რომ მოსკოვში სურს ჩასვლა და მაგიური რიტუალით კრემლიდან ვლადიმირ პუტინის განდევნა.

გასული წლის სექტემბერში სპეცდანიშნულების მებრძოლებმა დააკავეს იაკუტიელი შამანი, რომელსაც ორი ათასი კილომეტრი ჰქონდა გავლილი და გზადაგზა უამრავი მომხრე შეიძინა.

ავღანეთში გასულ წელს 3,4 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა

ტადამინიჩი იამამოტო

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ავღანეთში მომხდარი ძალადობის შედეგად დაიღუპა 3,4 ათასი სამოქალაქო პირი, ხოლო 6989 დაიჭრა.

ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში მოქმედი გაეროს მისიის (UNAMA) 22 თებერვლის ანგარიშში, რომლის თანახმად, ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ომში ჩაფლულ ავღანეთში 10 ათასს ქვემოთ არ ჩამოდის დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობა.

მაგრამ ამ რიცხვმა, 2018 წელთან შედარებით, შარშან 5%-ით იკლო.

„თითქმის არ დარჩენილა ავღანეთში მოქალაქე, რომელსაც პირადად არ შეეხო მიმდინარე ძალადობა“, - ნათქვამია ავღანეთში მოქმედი გაეროს მისიის (UNAMA) ხელმძღვანელის, ტადიჩი იამამოტოს, კომენტარში. მისია მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, გამოიყენონ შანსი და შეწყვიტონ ძალადობა.

22 თებერვლიდან მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს „ძალადობის ნაწილობრივი შემცირების“ ერთკვირიანი შეთანხმება, რასაც აშშ-მა და თალიბებმა მიაღწიეს მოლაპარაკებების დროს. ერთკვირიანი პაუზა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რათა აშშ-მა და თალიბებმა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნიდან ამერიკული ქვედანაყოფის ნაწილის გაყვანის დაწყების თაობაზე.

კორონავირუსი: იტალიაში მოქმედი საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით „გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები - განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები“.

გაფრთხილება განსაკუთრებით შეეხება იტალიის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

საელჩო აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე - http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე - http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500 ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123.

თბილისის კლინიკაში მყოფ ოთხ ირანელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ.

"როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ", - განაცხადა ცერცვაძემ.

ირანიდან ჩამოსული ოთხი პირი (ერთი ქალი და სამი მამაკაცი) თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს შეიყვანეს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
  • ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგება, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი: ირანსა და საქართველოს შორის ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
  • ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგება, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანთან დაკავშირებულ შეზღუდვებს საქართველოს მთავრობა იმით ხსნის, რომ „ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში“.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ამ ჯგუფის ანალიზისა და გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება.

საქართველოს მთავრობამ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი).

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი.

სახელმწიფო ტელევიზიით საუბრის დროს, ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანპურმა, განაცხადა, რომ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში.

ჯამში 43 კაცი გადის მკურნალობას.

ჩინეთის შემდეგ ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.

შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება ირანიდან საქართველოში და პირიქით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით“.

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, გამოუვლინდება თუ არა კორონავირუსი ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. პარალელურად, ყურადღების ცენტრში არიან ასევე ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები. 34 პირი ამ დრომდე საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი. დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში. სულ 43 კაცი გადის მკურნალობას.

ორი კვირის წინ საქართველომ ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი.

ჩინეთის შემდეგ ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით.

საქართველოს მთავრობა ასევე აფრთხილებს ხალხს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში.

ამერიკის საელჩო: "აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან"

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. განცხადება გამოქვეყნდა 23 თებერვალს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი, კელი დეგნანი და NDI-ს პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვდა გაიმართა „საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ“. დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან.

„აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც. ივანიშვილის პრეტენზიები NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს უკავშირდებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამავე ინტერვიუში არ გამორიცხავდა, რომ წერილი მიეწერა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.

რობერტ ო’ბრაიენი: ჩემთვის უცნობია დაზვერვის ცნობა ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევაზე

რობერტ ო’ბრაიენი

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ ბრაიენი, აცხადებს, რომ მას არ უნახავს სადაზვერვო ინფორმაცია, დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის მიზნით რუსეთის მხრიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.

პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში საკმაოდ კარგად მიუწვდება ხელი ჩვენი დაზვერვის ინფორმაციებზე და „მე არ მინახავს არავითარი სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს რუსეთი მოქმედებდეს დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის მცდელობის მიმართულებით“, - განაცხადა რობერტ ო’ ბრაიენმა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის ამ განცხადების ფონია წინა დღით რამდენიმე წამყვან ამერიკულ გამოცემაში ანონიმურ სადაზვერვო წყაროებზე დაყდნობით გამოქვეყნებული ცნობები, რომელთა თანახმად რუსეთი ცდილობს ჩაერიოს არჩევნების პროცესში დემოკრატების ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის, ბერნი სანდერსისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ცნობას უწოდა დემოკრატების მიერ წამოწყებული დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანია.

ბერნი სანდერსმა დაგმო რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის სასარგებლოდ და „ბანდიტი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

„გულახდილად ითქვას, არ მადარდებს, თუ ვისი პრეზიდენტად გახდომა სურს [ვლადიმირ პუტინს]. ჩემი მესიჯი პუტინისადმი მკაფიოა: ხელები შორს აშშ-ის არჩევნებისგან და ამას მისგან მე მივაღწევ, როგორც პრეზიდენტი“, - განაცხადა ვერმონტში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს 78 წლის ბერნი სანდერსმა.

პრეზიდენტი: უნდა გამოვყოთ ადგილი, სადაც ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალი. ეს ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე გაახმაურა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა და დღემდე გრძელდება მათი ბრძოლა.

„დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი, (პარლამენტის შიდა ეზო), რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად.

ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.

1921 წლის თებერვალში იუნკრებმა - თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა, თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას. ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან (კერძოდ, ტაბახმელა-კოჯორში), სადაც სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა წითელ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ მაინც შეძლო დაეპყრო საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

გმირულად დაღუპული იუნკრები პატივით დაკრძალეს თბილისში, ეკლესიის ეზოში - იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი საქართველოში იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

ირანში 8-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი.

სახელმწიფო ტელევიზიით საუბრის დროს, ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანპურმა, განაცხადა, რომ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში.

ჯამში 43 კაცი გადის მკურნალობას.

ჩინეთის შემდეგ ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი მოზარდი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა 22 თებერვალს სოფელ კირბალის ტყეში დაკავებული მოზარდი, ალეკო შიუკაშვილი. რადიო თავისუფლებასთან მოზარდის გათავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

მოზარდი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს. მას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხავენ.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იყო წასული, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გაქცევა შეძლეს, შიუკაშვილი კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

გატაცებული მოზარდი ჯერ ოკუპირებული ღრომის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ გადაყვანილი, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

შიუკაშვილების ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული მოზარდის მამაც.

მოზარდის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი. საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულ არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს შედარებით სწრაფად, ჯარიმის გადახდის გარეშე ათავისუფლებს ხოლმე. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

პრემიერი სიტყვით გამოვიდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

გრძელდება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ საქართველოში მთავარ საფიქრალს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ.

„1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.

1921 წლის თებერვალში იუნკრებმა - თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა, თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას. ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან (კერძოდ, ტაბახმელა-კოჯორში), სადაც სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა წითელ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ მაინც შეძლო დაეპყრო საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

გმირულად დაღუპული იუნკრები პატივით დაკრძალეს თბილისში, ეკლესიის ეზოში - იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი საქართველოში იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

სესიაშვილი მოზარდის გატაცებაზე: რუსეთმა, მგონი, ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოზარდის, ალეკო შიუკაშვილის სწრაფად გათავისუფლების იმედს გამოთქვამს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, რუსეთს ესმის, რომ საქართველო მარტო არ არის.

„რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლის, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საქართველო არ არის მარტო, მას გვერდში უდგას დასავლეთი. მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ ყველა ასეთ მძიმე ფაქტზე ვმუშაობთ როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე - მაქსიმალურად ვრთავთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას. რუსეთმა, მე მგონი, ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ჩვენს გარშემო არიან ძალიან ძლიერი და ერთგული სახელმწიფოები და ლიდერები. მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ყმაწვილის გათავისუფლება მალე მოხდება“, - განაცხადა სესიაშვილმა 23 თებერვალს, იუნკრების ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

ქანთარია მოზარდის გატაცებაზე: ტანკით ვერ შევალთ, უარესს ვერ დავიმართებთ

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლება ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალის ტყიდან გატაცებულ მოზარდს.

„ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, და უარესს ვერ დავიმართებთ... მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ბუნებრივია, ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება“, - უთხრა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ, იუნკრების ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში არ უშვებენ. სამართალდამცავებმა სოფლის შესასვლელი პოლიციის მანქანებით გადაკეტეს და დავით ქაცარავას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელებმა ეს ქმედება უსაფრთხოების მიზნით ახსნეს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას მალავს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების თავისუფლებასაც ამიტომ უზღუდავს.

დავით ქაცარავა კირბალში არასრულწლოვნის, ალეკო შიუკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებდა. შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 22 თებერვალს, სოფლის მიმდებარე ტყეში.

დავით ქაცარავა კირბალის მცხოვრებლებთან შეხვედრას ასევე ე.წ. SOS ღილაკის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად აპირებდა. ეს არის მოწყობილობა, რომელსაც მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლია. ქაცარავას აზრით, თუკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი ტექნიკური მოწყობილობა ექნება, გატაცების შემთხვევაში, მათი მიგნება იოლად იქნება შესაძლებელი.

სოფელ კირბალში 2008 წლიდან დღემდე სტაციონარული საგუშაგო არ არსებობდა და იქ შესვლა პრობლემას აქამდე არავისთვის წარმოადგენდა. პოლიცია მხოლოდ მანქანებით პატრულირებდა საოკუპაციო ხაზთან. ახლა კი მათ სოფლის გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი. ჟურნალისტებმა კირბალში შესვლა და იქ მოსახლეობასთან გასაუბრება მოახერხეს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG